03:39 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-10 21:41:27, 658 ნახვა

სამხედრო
საქართველოს ოფიციალური ვიზიტით საფრანგეთის რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრი სტუმრობს

საქართველოს ოფიციალური ვიზიტით საფრანგეთის რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრი პირველად სტუმრობს. ჟან-ივ ლე დრიანს ქართველი კოლეგა ლევან იზორია მასპინძლობს. მიღების ოფიციალური ცერემონიალი თავდაცვის სამინისტროში, საფრანგეთისა და საქართველოს სახელმწიფო ჰიმნების ფონზე გაიმართა. 

თავდაცვის სამინისტროში ვიზიტი მინისტრების შეხვედრით გაგრძელდა, რომელსაც საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ლელა ჩიქოვანი, გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე და უწყების სხვა წარმომადგენლები დაესწრნენ. ფრანგულ მხარეს კი  საფრანგეთის ელჩი საქართველოში პასკალ მენიე და თავდაცვის ატაშე, ვიცე-პოლკოვნიკი ოლივიე მადიოტი წარმოადგენდნენ. 

ლევან იზორიამ ფრანგ კოლეგას საფრანგეთის მრავალწლიანი პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. მხარეებმა საფრანგეთსა და საქართველოს შორის თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. განსაკუთრებით აღინიშნა სამხედრო განათლების მიმართულება. ლევან იზორიამ ყურადღება გაამახვილა საფრანგეთის წვლილზე საჩხერის სამთო მომზადების სკოლის დაარსებასა და განვითარებაში. მან ფრანგ კოლეგას სკოლისთვის გაწეული მატერიალურ-ტექნიკური დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა.
შეხვედრაზე განხილვის ერთ-ერთი თემა იყო საქართველოსა და საფრანგეთს შორის სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობა. მხარეებმა საერთაშორისო მისიებში ერთობლივი მონაწილეობის საკითხებზეც იმსჯელეს. ხაზი გაესვა ქართული სამხედრო კონტინგენტის წვლილს ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში ევროკავშირის ეგიდით წარმოებულ სამშვიდობო ოპერაციაში, სადაც ქართველი სამხედროები ფრანგული სარდლობის დაქვემდებარებაში ასრულებდნენ მისიას. მინისტრებმა ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში ევროკავშირის საწვრთნელ მისიაში (EUTM RCA) ქართული ოცეულის მონაწილეობის საკითხებიც განიხილეს.  

თავდაცვის სამინისტროში გამართული შეხვედრის შემდეგ, ჟან-ივ ლე დრიანმა და ლევან იზორიამ გმირთა მოედანზე საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლებში დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს. 

საქართველოში სამდღიანი ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საფრანგეთის თავდაცვის მინისტრი საქართველოს პრემიერ მინისტრს გიორგი კვირიკაშვილს და საქართველოს პრეზიდენტს გიორგი მარგველაშვილს შეხვდება. დაგეგმილია ჟან-ივ ლე დრიანის ვიზიტი საჩხერის სამთო მომზადების სკოლაში. 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
თეთრ სახლში თქვეს, რომ ტრამპი რუტესთან შეხვედრაზე NATO-ს დატოვების შესაძლებლობასაც განიხილავს
ირანი აშშ-ს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების რამდენიმე პუნქტის დარღვევაში ადანაშაულებს
ირანული მედია: თეირანში აფეთქებების ხმა გაისმა
რუსეთის ნავთობიდან შემოსავალმა 2022 წლის შემდეგ მაქსიმუმს მიაღწია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics