|
2016-08-08 16:06:33, 1064 ნახვა
ეკონომიკა
ჩინეთის „ქართული ღვინის სახლებში“ 10 კონტეინერი ქართული ღვინო განთავსდება
თბილისის გაფორმების ეკონომიკურ ზონაში ქართული ღვინით დატვირთული 10 კონტეინერი გაფორმდა. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, პროდუქცია ჩინეთში ქართული ღვინის სახლებისთვისაა განკუთვნილი. უწყების ინფორმაციით, ღონისძიებას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე, საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ლევან დავითაშვილი, საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტი ნინო ჩიქოვანი, კომპანია „თბილინვესტ ჯგუფის“ გენერალური დირექტორი დავით ებრალიძე და ჩინური კომპანია „სუოლუნის“ გენერალური დირექტორი შიაოჯუნ იი დაესწრნენ. „ქართული ღვინის სახლი“ ქართული მხრიდან "თბილინვესტ ჯგუფის”, ჩინური მხრიდან კი კომპანია „სუოლუნის“ ერთობლივი პროექტია. პირველი „ქართული ღვინის სახლი“ 2015 წლის ივლისში ქალაქ იუში გაიხსნა. ქართულმა ღვინომ პოპულარობა მალე მოიხვეჭა და დღეს ჩინეთის სხვადასხვა ქალაქში 10 ასეთი სახლი ფუნქციონირებს. ქალაქ იუშია ასევე განთავსებული სპეციალური საბაჟო საწყობი, სადაც ქართული ღვინო შეინახება და არსებული ღვინის სახლები სწორედ ამ საწყობიდან მომარაგდება. იუს საბაჟო საწყობში განთავსება დამატებით კომფორტს უქმნის ქართული ღვინის მყიდველებს და ამასთან, პროდუქცია დაცულია ფალსიფიკაციისაგან. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის, გენადი არველაძის განცხადებით, 2016 წლის ბოლოს ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაზე მოლაპარაკების დასრულება რეალურია. „მხარეები შევთანხმდით, რომ მოლაპარაკების მესამე რაუნდი იქნება ბოლო, დარჩენილ რამდენიმე ღია საკითხზე კი მხარეები მოლაპარაკებას სამუშაო ჯგუფის ფარგლებში განვაგრძობთ, რომელიც მიმდინარე წლის სექტემბრის პირველ ნახევარშია დაგეგმილი“, - განაცხადა გენადი არველაძემ. აღნიშნული შეთანხმების ძალაში შესვლის შედეგად ჩვენი მოსახლეობა მიიღებს სარგებელს იმ კუთხით, რომ საქართველოში ნაწარმოები პროდუქცია, განსაკუთრებით კი ქართული ღვინო, მინერალური წყალი, უალკოჰოლო სასმელები, ლუდი და ბოსტნეულის დიდი ნაწილი ჩინეთში დაბალი საბაჟო ტარიფებით და, უმეტეს შემთხვევაში, ძირითად საექსპორტო პროდუქციაზე ნულოვანი ტარიფებით შევა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ექსპორტისა და საექსპორტო ბაზრების დივერსიფიკაციისთვის. „სიხარულით მინდა აღვნიშნო, რომ საქართველო რეგიონში პირველი ქვეყანა გახდება, რომელთანაც ჩინეთს გაფორმებული ექნება თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება. ეს ნიშნავს, რომ საქართველო მოექცა ჩინეთის ინტერესის არეალში. აღნიშნული შესაძლებლობას მისცემს ჩინეთს, რომელიც არის მსოფლიოს ერთ-ერთი უმსხვილესი ეკონომიკა და მსხვილი ბაზარი, ისარგებლოს არა მხოლოდ საქართველოს ბაზრით, არამედ მისი მეშვეობით გავიდეს რეგიონის სხვა ქვეყნების ბაზრებზეც," - განაცხადა გენადი არველაძემ. მისი თქმით, ბოლო წლებში ჩინეთში საქართველოს ექსპორტის მაჩვენებელი განუწყვეტლივ იზრდება და 2016 წლის 6 თვის მონაცემებით, 66-პროცენტიან ზრდას მიაღწია. შედეგად, საქართველოს უმსხვილეს პარტნიორ ქვეყნებს შორის ჩინეთმა, 9-პროცენტიანი წილით მთლიან ექსპორტში, მეორე ადგილი დაიკავა. „ჩვენთვის უაღრესად მნიშვნელოვანია ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ხელმძღვანელობის ძალისხმევა ამ მიმართულებით. ბოლო წლებში განხორციელდა არაერთი მაღალი დონის ვიზიტი. ქართული და ჩინური სამთავრობო დელეგაციები და კერძო კომპანიები სისტემატურად მონაწილეობენ სხვადასხვა დონის შეხვედრებში, კონფერენციებში, გამოფენებში. აღნიშნული თანამშრომლობის კონკრეტული შედეგები ქვეყნებს შორის ექსპორტ-იმპორტის მონაცემების მკვეთრ ზრდაში უკვე აისახა,“ - აღნიშნა გენადი არველაძემ. მისი თქმით, ივლისის ბოლოს ჩინეთში განხორციელდა საქართველოს წარმომადგენლობითი სამთავრობო დელეგაციის ვიზიტი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში, რომლის დროსაც ხელმოწერილი ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმები მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ქართული ღვინის ექსპორტის ზრდას ჩინეთში. კერძოდ, „სინჰუა ნეტის“ და „Silk Road Chamber of International Commerce“-ის პარტნიორობით ჩინეთში ონლაინ-პლატფორმა “E-SilkRoad” არსებობს, სადაც ქართული ღვინო ონლაინ რეჟიმში იყიდება. შესაბამის დოკუმენტს ხელი საქართველოს პირველმა ვიცე–პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა მოაწერა. ამავე ვიზიტის ფარგლებში შედგა მემორანდუმზე ხელმოწერა საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ ღვინის ეროვნული სააგენტოს, ჩინური „Silk Road Chamber of International Commerce“-ის და „Xinhua Net“-ის (სინჰუა ნეტი) ერთობლივი ორგანიზებით გამართულ ღონისძიებაზე სახელწოდებით „ქართული ღვინის ზაფხული.“ “ქართული ღვინის კონკურენტუნარიან კატეგორიად ჩამოსაყალიბებლად მნიშვნელოვანია საექსპორტო ბაზრების დივერსიფიკაცია. ანალიზისა და წინასწარი მონაცემების განხილვის საფუძველზე ჩინეთი საქართველოსთვის ერთ-ერთ პრიორიტეტულ ბაზრად გამოიკვეთა, სადაც ქართული ღვინის პოპულარიზაციის მიზნით, სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ მრავალი აქტივობებია განხორციელებული და დაგეგმილი. 5 წლიან პერსპექტივაში ჩვენ, ექსპერტებთან ერთად განვიხილავდით ჩინეთში იმპორტის 1%-ის დაკავებას, თუმცა 4 წლის აქტივობის შედეგად უკვე 1,5%-ია. 2016 წლის პირველი შვიდი თვის მონაცემით, ჩინეთში ექსპორტირებულია 2,5 მლნ ბოთლი ღვინო. საქართველოსთვის მნიშვნელოვანია ჩინეთთან სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავება. გამომდინარე იქიდან, რომ ღვინო ქართული კულტურის და ისტორიის ნაწილია, მნიშვნელოვანია ჩინეთის ბაზარზე ღირსეულად იყოს წარმოდგენილი,” - აცხადებს სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ლევან დავითაშვილი. „თბილინვესტ ჯგუფის“ გენერალური დირექტორის, დავით ებრალიძის განცხადებით, ერთი წლის განმავლობაში ჩინეთში 50 „ქართული ღვინის სახლის“ გახსნა და 2 მილიონი ბოთლი ქართული ღვინის გატანა იგეგმება. „ამ ეტაპზე ჩვენს ჯგუფში შემავალი კომპანია “მადლობა” კონტრაქტული წარმოების პრინციპით ღვინოს 4 ქარხანაში ამზადებს - „მეღვინეობა ხარება“, „კახური ტრადიციული მეღვინეობა“, „გიუაანი“ და „დუგლაძეების ღვინის კომპანია,“ - აცხადებს დავით ებრალიძე. კომპანია „სუოლუნს“ საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის წარმომადგენელი ჩინეთში შიაოჯუნ იი ხელმძღვანელობს. ის აქტიურად მუშაობს ჩინეთში ქართული ღვინის პოპულარიზაციისათვის. “ქართული ღვინის სახლი” ამ პროცესის მხოლოდ ნაწილია.შიაოჯუნ იი აცხადებს, რომ მნიშვნელოვანია ჩინელი ტურისტების ნაკადის ზრდა, რომ რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა მოინახულოს საქართველო და გაეცნოს 8000 წლიან ღვინის კულტურას. მისი თქმით, უახლოეს ხანში იგეგმება საქართველოში მხატვრული ფილმის გადაღება, რომელშიც ჩინეთის ყველაზე ცნობილი მსახიობები მიიღებენ მონაწილეობას. პროექტი “გადაიღე საქართველოში” პროგრამით ისარგებლებს და მისი ბიუჯეტი 12 მილიონი აშშ დოლარია. (NS)
უნგრეთში არჩევნებზე მაღალი აქტივობა შენარჩუნებულია: ამომრჩეველთა თითქმის 42%-მა უკვე მისცა ხმა.
მეუფე ნიკოლოზი: მგონი არასწორია ადამიანს უთხრა, პატრიარქობა არ შეიძლება, რადგან 70 წლის ხარ
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
აშშ-მ და ირანმა ომის დასრულების შესახებ შეთანხმებას ვერ მიაღწიეს
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
არა მხოლოდ აღდგომისთვის: უკრაინამ რუსეთს შესთავაზა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გახანგრძლივება
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)