|
2016-07-28 15:42:15, 1107 ნახვა
ეკონომიკა
ჩინეთში ქართული ღვინის პოპულარიზაციის შესახებ თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
„სინჰუა ნეტის“ და „Silk Road Chamber of International Commerce“-ის პარტნიორობით ჩინეთში ონლაინ-პლატფორმა “E-SilkRoad” იხსნება, სადაც ქართული ღვინო ონლაინ რეჟიმში გაიყიდება. როგორც "ექსპრესნიუსს" ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროდან აცნობეს, შესაბამის დოკუმენტს ხელი საქართველოს პირველმა ვიცე–პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა მოაწერა, რომელიც ჩინეთის უმსხვილეს ქალაქ შანხაიში სამუშაო ვიზიტით იმყოფება. უწყების ინფორმაციით, ხელმოწერის ცერემონია შანხაის თავისუფალი სავაჭრო ზონის ღვინის ბირჟის შენობაში ჩატარდა. შანხაის თავისუფალი სავაჭრო ზონის ღვინის ბირჟა წარმოადგენს მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე დიდ, ღვინის პროფესიონალურ სადილერო ორგანიზაციას და ქართული ღვინის აქ წარდგენა მნიშვნელოვანია როგორც პრესტიჟულობის, ასევე კონკრეტული შედეგების მოტანის თვალსაზრისით. დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, საქართველო დაინტერესებულია ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასთან პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული ურთიერთობების გაღრმავებით. „ჩვენ ვაფასებთ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ხელმძღვანელობის ძალისხმევას ამ მიმართულებით. უკანასკნელ წლებში განხორციელდა მთელი რიგი ვიზიტები მაღალ დონეზე, წლიდან წლამდე იზრდება სავაჭრო-ეკონომიკური მაჩვენებლები. ქართული და ჩინური სამთავრობო დელეგაციები და კერძო კომპანიები სისტემატურად იღებენ მონაწილეობას საქართველოსა და ჩინეთის სხვადასხვა რეგიონებში გამართულ საერთაშორისო დონის შეხვედრებში, კონფერენციებში, გამოფენებში. აღნიშნული თანამშრომლობის კონკრეტული შედეგები ასახულია ორ ქვეყანას შორის ექსპორტ-იმპორტის მონაცემების მკვეთრ ზრდაში“ - აღნიშნა დიმიტრი ქუმსიშვილმა. ქუმსიშვილის განცხადებით, საქართველოს მთავრობა სრულ მხარდაჭერას უცხადებს იმ კომპანიებსა და ბიზნესპროექტებს, რომელთა მეშვეობით ხელი შეეწყობა ორ ქვეყანას შორის არსებული სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებას. ღონისძიების ფარგლებში გაფორმდა მეორე მემორანდუმიც, რომელიც ითვალისწინებს შანხაის თავისუფალი სავაჭრო ზონის ღვინის ცენტრში ქართული ღვინის ეროვნული კუთხის მოწყობას. ცენტრში საქართველოსთვის გამოიყოფა 200 კვადრატულ მეტრამდე ფართი, რომელიც სსიპ ღვინის ეროვნულ სააგენტოს მომდევნო 3 წლის განმავლობაში განსაკარგავად გადაეცემა. ცენტრში განთავსდება სხვადასხვა ქართული ღვინის კომპანიის პროდუქცია და ქართული ღვინის შესახებ საპრომოციო მასალა. აქ უკვე წარმოდგენილია ოცამდე ქვეყნის ღვინის ეროვნული პავილიონი. მემორანდუმს ქართული მხრიდან ხელი სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, ლევან დავითაშვილმა მოაწერა. ღონისძიების ბოლოს „დუგლაძეების ღვინის კომპანიასა“ და ჩინეთის ყველაზე დიდ სახელმწიფო მედიაპორტალ „სინჰუა ნეტს“ შორის ხელშეკრულება გაფორმდა. „დუგლაძეების ღვინის კომპანია“ იქნება პირველი, რომლის პროდუქციაც ოფიციალურად ჩაეშვება ონლაინ-პლატფორმა “E-SilkRoad” ქსელში. პირველ ეტაპზე ხელი ეწერება 300 000 ბოთლი ღვინის ექსპორტს საქართველოდან ჩინეთში. ჩინეთის სხვადასხვა პროვინციებში ოთხ ათეულამდე ქართული ღვინის სახლი და სავაჭრო ობიექტი ფუნქციონირებს. ქართული მხარე აქტიურად თანამშრომლობს „Silk Road Chamber of International Commerce“-თან. საქართველოს მთავრობის წარმომადგენლები გასულ წელს „Silk Road Chamber of International Commerce“-ის მიერ ჩინეთში ჩატარებულ ბიზნეს ფორუმს ესწრებოდნენ, წელს კი ამ ორგანიზაციის პრეზიდენტი სტუმრობდა საქართველოს. 2016 წლის 6 სექტემბერს ჩინეთის ქალაქ შიანში დაგეგმილ „Silk Road Chamber of International Commerce“-ის სამიტზე საქართველო, აზერბაიჯანთან ერთად მიწვეულია, როგორც საპატიო სტუმარი.
უნგრეთში არჩევნებზე მაღალი აქტივობა შენარჩუნებულია: ამომრჩეველთა თითქმის 42%-მა უკვე მისცა ხმა.
მეუფე ნიკოლოზი: მგონი არასწორია ადამიანს უთხრა, პატრიარქობა არ შეიძლება, რადგან 70 წლის ხარ
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
აშშ-მ და ირანმა ომის დასრულების შესახებ შეთანხმებას ვერ მიაღწიეს
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
არა მხოლოდ აღდგომისთვის: უკრაინამ რუსეთს შესთავაზა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გახანგრძლივება
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)