14:35 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-20 13:04:18, 1121 ნახვა

ეკონომიკა
EBRD "რუსთავის აზოტს" 155 მილიონი დოლარის ოდენობის დაფინანსებას გამოუყოფს

საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტის მიერ, საქართველოს კერძო სექტორის წარმომადგენელთან ერთად დაფინანსებული უპრეცენდენტოდ დიდი პროექტი, რომელიც ხელს შეუწყობს საქართველოს სავაჭრო ბალანსის გაუმჯობესებას, შექმნის ახალ სამუშაო ადგილებს - ასე შეაფასა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ხელშეკრულება, რომელსაც EBRD-ის დირექტორმა კავკასიაში, მოლდოვასა და ბელარუსში, ბრუნო ბალვანერამ და ბიზნესმენმა, Loyal capital Group S.A. - ს დამფუძნებელმა და "რუსთავის აზოტის" მფლობელმა რომან ფიფიამ მოაწერეს ხელი.

გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, ეს არის ექსპორტზე ორიენტირებული პროექტი, რომელიც მყარი ეროვნული ვალუტისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

„ამ პროექტს სახელმწიფოს სრული მხარდაჭერა აქვს და ეს ბევრი ფაქტორით არის განპირობებული. ჩართულია „საპარტნიორო ფონდი" და ვფიქრობ, ეს არ იქნება ერთადერთი პროექტი, რომელსაც ჩვენ უახლოეს მომავალში, ევრობანკთან ერთად კიდევ დავაფინანსებთ. ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი გახლავთ ყველაზე მსხვილი კრედიტორი და კაპიტალში მონაწილე საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტი საქართველოში", - განაცხადა პრემიერმა.

კვირიკაშვილმა, EBRD-ის დირექტორს კავკასიაში, მოლდოვასა და ბელარუსში, ბრუნო ბალვანერას, საქართველოს რეალურ სექტორსა და საფინანსო ინსტიტუტებში დამატებითი ფინანსური რესურსის მოზიდვის მიმართულებით, აქტიური მუშაობისთვის მადლობა გადაუხადა.

მთავრობის მეთაურის შეფასებით, ძალიან კარგია, რომ 155 მილიონ დოლარში ასევე მონაწილეობს „საქართველოს ბანკი", რომელიც, ასევე, პროექტის ერთ-ერთი მსხვილი კრედიტორი იქნება.

გიორგი კვირიკაშვილი მიიჩნევს, რომ ეს არის ახალი, მისასალმებელი წინგადადგმული ნაბიჯი საქართველოს ეკონომიკის რეალურ სექტორში.

პრემიერმა, სიტყვით გამოსვლისას, ფინანსურ სექტორში მუშაობის გამოცდილებიდან ერთი ფაქტი გაიხსენა.

„2008 წლის აგვისტოს ომის დროს, როდესაც იყო გაგანია საბრძოლო მოქმედებები, ევრობანკმა საქართველოსთვის მხარდაჭერის ნიშნად, შეავსო საპარტნიორო ანგარიში ერთ-ერთ პროგრამაში, ერთ-ერთ ბანკში, რომელშიც მე მაშინ ვმუშაობდი და ეს იყო EBRD-ის მიერ, საქართველოს საბანკო სექტორისა და საქართველოსადმი მხარდაჭერის ძალიან მკაფიო გამოხატულება და რწმენა, რომ საქართველო შეუქცევადად ადგას განვითარების სწორ ვექტორს. კიდევ ერთხელ გილოცავთ ამ მართლაც ძალიან დიდ წარმატებას და დარწმუნებული ვარ, ეს იქნება ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული პროექტი საქართველოს რეალურ სექტორსა და ევრობანკს შორის", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

დაფინანსება გამოყენებული იქნება ამიაკის წარმოების ხაზის რეაბილიტაციისა და მოდერნიზაციისთვის, რაც ენერგოეფექტური ღონისძიებების გამოყენებით განხორციელდება. შედეგად, ენერგიის მოხმარება 30%-ით შემცირდება. ახალი, ენერგოეფექტური ამიაკის ხაზი, შესაბამისობაში იქნება უმაღლეს გარემოსდაცვით სტანდარტებთან, რაც მის კონკურენტუნარიანობას გაზრდის. 

კავკასიაში, მოლდოვასა და ბელარუსში EBRD-ის დირექტორის, ბრუნო ბალვანერას განცხადებით, EBRD-მა, ხელშეკრულების ხელმოწერით წელს რეკორდი მოხსნა, რადგან ივლისის მდგომარეობით, საქართველოში განახორციელა 325 მილიონი დოლარის ინვესტიცია, რაც 2015 წელს განხორციელებული ინვესტიციების მოცულობას სამჯერ აღემატება.

„ამ ხელშეკრულების ხელმოწერით ვადასტურებთ, რომ გვწამს საქართველოს ნათელი მომავლის, საქართველოს იურიდიული სისტემის, საქართველოს სამეწარმეო გარემოსი", - განაცხადა ბრუნო ბალვანერამ და მხარდაჭერისთვის საქართველოს მთავრობას მადლობა გადაუხადა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
აშშ-მ და ირანმა ომის დასრულების შესახებ შეთანხმებას ვერ მიაღწიეს
უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში ხმის მიცემა დაიწყო
დღეს აღდგომაა - ქრისტე აღდგა!
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics