|
2016-07-19 13:11:07, 5548 ნახვა
ეკონომიკა საზოგადოება
რა უნდა იცოდეთ იმ შემთხვევაში, თუ ონლაინ სესხის გადახდას ვერ ახერხებთ
დღესდღეობით ონლაინ-სესხის აღება საკმაოდ მარტივად და სწრაფად არის შესაძლებელი. იმ შემთხვევაშიც კი, თუ პირზე არ ფიქსირდება შემოსავალი, ორგანიზაცია სესხს უპრობლემოდ, სულ რამდენიმე წუთში გასცემს. საქართველოში ათასობით ადამიანი გადახდისუუნარობის, თუ სესხის მაღალი პროცენტის გამო, ვალდებულების შესრულებას ვერ ახერხებს. მოქალაქეების ნაწილის განცხადებით, როდესაც მათ სესხის გადახდა ვერ შეძლეს, ონლაინ საკრედიტო ორგანიზაციის წარმომადგენელი დაუკავშირდათ და დაემუქრათ, რომ იმ შემთხვევაში, თუ სესხს არ გადაიხდიდნენ, მათი წარმომადგენელი სახლში მივიდოდა და სესხის კონფისკაციას სხვადასხვა ნივთებით მოახდენდა. შეუძლია თუ არა ონლაინ საკრედიტო ორგანიზაციას სესხის გადაცილების დროს პიროვნება სისხლის სამართლის პასუხისმგებაში მისცეს, ან მისი ქონების კონფისკაცია მოახდინოს; რა დროის შემდეგ ითვლება ონლაინ სესხი ხანდაზმულად და შეუძლია თუ არა ორგანიზაციას აღსრულების ეროვნული ბიუროს სახელი გამოიყენოს - ამ და სხვა საკითხებზე „ექსპრენიუსი“ "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" წარმოამდგენელს დავით ლომთაძეს გაესაუბრა. უნდა გასცეს თუ არა ონლაინ საკრედიტო ორგანიზაციამ სესხი ისეთ ადამიანზე, რომელსაც არ აქვს შემოსავალი და არაა ქმედუნარიანი, გადაიხადოს სესხი? - საქართველოს კანონმდებლობა არ კრძალავს სესხის ისეთ პირზე გაცემას, რომელთაც შემოსავალი არ უფიქსირდებათ. ხელშეკრულების დადებისას გამსესხებელი თავად იღებს იმ რისკს, რომ შესაძლოა მოვალე გადახდისუუნარო აღმოჩნდეს და კრედიტორის წინაშე არსებული ვალდებულება ვერ შეასრულოს. თავის მხრივ, მსესხებელი იღებს რისკს, რომ თუ ვერ დაფარავს დროულად სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებულ თანხას, ასეთ შემთხვევაში კრედიტორის დაკმაყოფილება მოხდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, მათ შორის აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ იძულებითი აღსრულების გზით. -რა ბერკეტები გააჩნია სესხის გამცემ ორგანოს თანხის უკან ამოსაღებად? თუ მოვალე არ ასრულებს ხელშეკრულებიდან გამომდინარე მასზე დაკისრებულ ვალდებულებებს, ასეთ შემთხვევაში კრედიტორი უფლებამოსილია მიმართოს სასამართლოს სარჩელით და მოითხოვოს მოვალისათვის თანხის დაკისრება. აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით მოპასუხემ უნდა შეიტანოს შესაგებელი სასამართლოს მიერ მისთვის განსაზღვრულ ვადაში, რის შემდეგაც დაინიშნება პროცესი და საბოლოოდ გამოვა სასამართლოს გადაწყვეტილება. საბოლოოდ, როდესაც კანონიერ ძალაში შევა გადაწყვეტილება გაიცემა სააღსრულებო ფურცელი, რომლის საფუძველზეც დაიწყება სააღსრულებო წარმოება, რომლის ფარგლებშიც მოვალეს კიდევ ერთხელ ეცნობება თანხის ნებაყოფლობით გადახდასთან დაკავშირებით და განესაზღვრება 7 დღის ვადა ნებაყოფლობით თანხის გადახდისათვის, თუ მოვალე თანხას ამ ვადაში არ გადაიხდის დაიწყება იძულებითი აღსრულება. თუ ხელშეკრულებით განსაზღვრული იქნება ნოტარიუსის მიერ სააღსრულებო ფურცლის გაცემის შესაძლებლობა, ასეთ შემთხვევაში შესაძლებელია, რომ აღნიშნული დოკუმენტის საფუძველზე დაიწყოს აღსრულება სააღსრულებო წარმოებათა შესახებ საქართველოს კანონით დადგენილი წესით. შესაძლებელია, რომ სააღსრულებო წარმოება დაიწყოს სააღსრულებო წარმოებათა შესახებ საქართველოს კანონის XVI1 თავით დადგენილი წესით - „გამარტივებული წარმოება ფულადი თანხის დავალიანების გადახდევინების შესახებ მოთხოვნებთან დაკავშირებით“. აღნიშნულ შემთხვევაში კრედიტორი პირდაპირ მიმართავს აღსრულების ეროვნულ ბიუროს და ითხოვს გამარტივებული წარმოების დაწყებას. მოვალეს ეგზავნება შეტყობინება სადაც მითითებულია კრედიტორის მოთხოვნა. თუ მოვალე უარს არ განაცხადებს კრედიტორის მოთხოვნის დაკმაყოფილებისათვის გამარტივებული წარმოების დაწყებასთან დაკავშირებით, ასეთ შემთხვევაში გამოიცემა აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარის ბრძანება და დაიწყება სააღსრულებო წარმოება. - შესაძლოა თუ არა, ონლაინ-საკრედიტო ორგანიზაციიდან გაცემული თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში, პირის სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი დადგეს? ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის ოქმი №4-ის პირველი მუხლის თანახმად არავის შეიძლება აღეკვეთოს თავისუფლება მხოლოდ იმის გამო, რომ არ შესწევს უნარი, შეასრულოს სახელშეკრულებო ვალდებულება. თუ დადგინდება, რომ პირმა წინასწარი განზრახვით მიითვისა თანხა იმ მიზნით, რომ შემდგომში მას ეს არ გადაეხადა, ასეთ შემთხვევაში შეილება მსჯელობა სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობაზე, თუმცა პრაქტიკაში ასეთი შემთხვევა არ არსებობს და პროცესუალურად თითქმის შეუძლებელია იმის დადასტურება, რომ პირმა წინასწარი განზრახვით თაღლითურად მიითვისა თანხა. უბრალოდ იმის, გამო რომ პირი ვალდებულებას ვერ ასრულებს არ წარმოშობს დანაშაულს და მას რაიმე პასუხისმგებლობა, გარდა თანხის გადახდისა არ დაეკისრება. - დროის რა მონაკვეთის შემდეგ ითვლება სესხი ხანდაზმულად და ონლაინ საკრედიტო ორგანიზაციას აღარ აქვს მისი მოთხოვნის უფლება? სესხი ხანდაზმულად ითვლება მას შემდეგ რაც შესრულების ვადა დადგა, მოვალე არ ასრულებს ამ ვალდებულებას და აღნიშნული ვადის დადგომიდან გასულია სამ წელზე მეტი. თუ ვალდებულება პერიოდულად შესასრულებელია ასეთ შემთხვევაში ვადა აითვლება პერიოდულად შესასრულებელი თითოეული ვალდებულებისათვის ცალ-ცალკე. თუ ვალდებულება ხანდაზმულია და პირმა გადარიცხა თანხა (თუნდ ერთი თეთრი) ამ ვალდებულების შესასრულებლად, ასეთ შემთხვევაში ხანდაზმულობის ვადის დენა თავიდან იწყება და მოთხოვნა ამ გადახდიდან 3 წლის შემდეგ გახდება ხანდაზმული. თუ წერილობით აღიარებს პირი ვალდებულების არსებობას და მიუთითებს, რომ იგი მას გადაიხდის, ასეთ შემთხვევაში თუნდ მოთხოვნა ხანდაზმული იყოს, ვადის დენა აღიარებიდან იწყება. -ბევრ ადამიანს ემუქრებიან სახლში მისვლით და ქონების კონფისკაციით - აქვთ თუ არა ამის უფლება? ონლაინ საკრედიტო ორგანიზაციებს ან ბანკებს ამის უფლება არ აქვთ. ერთადერთი შესაძლებელია ყადაღა დაედოს მოვალის ქონებას სასამართლოს განჩინებით ან აღმასრულებლის მიერ შედგენილი აქტის საფუძველზე. თავად კრედიტორი ქონებას ვერც დააყადაღებს და მითუმეტეს კონფისკაციას ვერ მოახდენს. ძალიან ბევრ ადამიანს ემუქრებიან აღსრულების ეროვნული ბიუროს სახელით, შეუძლია თუ არა ონლაინ საკრედიტო ორგანიზაციას აღსრულების ეროვნული ბიუროს სახელი გამოიყენოს? - ონლაინ საკრედიტო ორგანიზაციებს ორგანიზაციებს აღნიშნული ქმედების განხორციელების უფლება არ გააჩნიათ.
ბესო კუნელაური
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
არა მხოლოდ აღდგომისთვის: უკრაინამ რუსეთს შესთავაზა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გახანგრძლივება
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)