04:43 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-06-20 11:48:31, 924 ნახვა

ეკონომიკა
საქართველოს საფონდო ბირჟაზე EBRD-ის ობლიგაციები განთავსდება

საქართველოს საფონდო ბირჟაზე ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) ობლიგაციები განთავსდება, - ამის შესახებ დღეს საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ და ევროპის რეკონსტუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) რეგიონალურმა დირექტორმა ბრუნო ბალვანერამ ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადეს.

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა (შემდეგში „ევრობანკი“) 2016 წლის 17 ივნისს, პირველი საჯარო ობლიგაცია გამოუშვა 107 მილიონი ლარის ოდენობით. პიონერული გამოშვება ხუთწლიანია და ცვლად პროცენტიანი კუპონი გააჩნია, რომელიც დაკავშირებულია საქართველოს ეროვნული ბანკის სამთვიანი სადეპოზიტო სერტიფიკატის განაკვეთთან. მისი საწყისი კუპონი 6.45 პროცენტია, სადეპოზიტო სერთიფიკატის ბოლო აუქციონიდან შემდგომი სამი თვის განმავლობაში.

ევრობანკისთვის ეს ლარით დენომინირებული ობლიგაციების მესამე წარმატებული გამოშვებაა საქართველოში. პროცესს წარმართავს სს გალთ & თაგართი. აუქციონის შემდეგ მიღებული განაცხადის საფუძველზე ობლიგაციის განთავსება საქართველოს საფონდო ბირჟაზე მოხდება.

2014 წლის მარტში ადგილობრივ ბაზარზე საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტის მიერ ლარით დენომინირებული ობლიგაციების პირველი, კერძო, საინაუგურაციო განთავსების შემდეგ, ევრობანკი მარეგულირებლებთან - და განსაკუთრებით საქართველოს ეროვნულ ბანკთან - მუშაობდა მარეგულირებელ სისტემაში ისეთი ცვლილებების შემოღებაზე, რაც მნიშვნელობით სცილდება ეროვნული სტრუქტურის მოთხოვნებს და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტის მახასიათებლებს აღიარებს. შედეგად, ადგილობრივ ბაზარზე უზრუნველყოფილი იქნება საჯარო შეთავაზების ყველა მოთხოვნის დაკმაყოფილება, მათ შორის საქართველოს საფონდო ბირჟაზე ობლიგაციების განთავსებისთვის.

„ჩვენ მივესალმებით საქართველოს კაპიტალის ბაზრების განვითარებაში ამ ახალ საეტაპო მოვლენას, როდესაც ევრობანკი წარმატებით განათავსებს ლარში ნომინირებულ, პირველ, საჯარო გამოშვებას. ეს მოვლენა ცხადყოფს რამდენად დიდია ნდობა ქართული ლარისა და ადგილობრივი დარგობრივი პოლიტიკისადმი. ლარით ობლიგაციების ემისია, ადგილობრივ ბაზარზე, მაღალი ნდობის დასტურია ლარისა და ადგილობრივი ეკონომიკური პოლიტიკის მიმართ. ის ფაქტი რომ ქვეყანში არსებობს მცურავი გაცვლითი კურსი, ზრდის ნდობას ეროვნული ვალუტის მიმართ და შესაბამისად ინტერესს ინვესტორების, მათ შორის არარეზიდენტი ინვესტორების მხრიდან. ჩვენ ვხედავთ ბოლო პერიოდში, ლარით დენომინირებულ ფასიანი ქაღალდებზე გაზრდილ მოთხოვნას, რაც საპროცენტო განაკვეთებზეც ახდენს გავლენას. მადლობა მინდა გადავუხადო ყველას ვინც ამ პროცესში იყო ჩართული, როგორც EBRD-ის, საქართველოს მთავრობისა და ეროვნული ბანკის მხრიდან“, - განაცხადა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ.

„მსიამოვნებს გალთ & თაგართის როლი ამ საეტაპო ოპერაციაში. ეს არამხოლოდ პირველი საჯარო განთავსებაა საერთაშორისო ემიტენტის მხრიდან ადგილობრივ ბაზარზე, არამედ ეს დღემდე ყველაზე გრძელვადიანი ფასიანი ქაღალდია, 5 წლიანი ვადიანობით. გალთ & თაგართს საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები და ემიტენტი კომპანიები უკვე უპირატესობას ანიჭებენ ობლიგაციების განთავსებისა და დაზღვევის შემთხვევაში. ეს დასტურდება ევრობანკთან ჩვენი პარტნიორობით. საქართველოში ფასიანი ქაღალდების გამოშვების სამივე შემთხვევაში ვთანამშრომლობთ ბანკთან“, -  განაცხადა გალთ & თაგართის საზედამხედველო საბჭოს თავმჯდომარემ და სს საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილემ, ბატონმა არჩილ გაჩეჩილაძემ.

მრავალი წლის განმავლობაში ევრობანკი ცდილობს უცხოურ კაპიტალსა და უცხოური ვალუტით საკრედიტო რესურსზე ჭარბი დამოკიდებულების პრობლემის გადაწყვეტას განვითარებადი ეკონომიკის მქონე ქვეყნებში. ამას ახორციელებს ადგილობრივი ვალუტით დაკრედიტების წახალისებით და ადგილობრივი კაპიტალის ბაზრების განვითარებით ან გაძლიერებით. ახალი ობლიგაციების გამოშვება კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯია ადგილობრივი კაპიტალის ბაზრის განვითარებისკენ, თუმცა ასევე მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ევრობანკს 2009 წლის დეკემბრიდან ადგილობრივი ვალუტით დაკრედიტების პროგრამაც გააჩნია საქართველოში, რომლის დაწინაურებაც მოხდება ამ ინიციატივით.

ევრობანკის მიერ ლარით დენომინირებული ობლიგაციების სამივე გამოშვებიდან მიღებული შემოსავალი მიემართება მისი ძირითადი პროექტების დასაფინანსებლად. ევრობანკს ლარით დენომინირებული 16 კრედიტი აქვს გაცემული ჯამში დაახლოებით 380 მილიონი ლარის ოდენობით, რაც მცირე ბიზნესის, ენერგო ეფექტურობის და ქალი მეწარმეების დახმარებას ისახავს მიზნად.

„გვახარებს ბოლო წლებში საქართველოში მიღწეული წინსვლა, რადგან საკუთარი წვლილი შეგვაქვს ლარით დენომინირებული კაპიტალური ბაზრების უფრო ეფექტურ და სიღრმისეულ განვითარებაში. ობლიგაციების წარმატებული გამოშვება ადასტურებს ამ წარმატებას და აძლიერებს ჩვენს მიერ ნაკისრ ვალდებულებას. ყოველივე ეს განვითარების სტიმულირებას განაპირობებს“ დასძენს ევრობანკის ვიცე-პრეზიდენტი და ფინანსური დირექტორი, ბატონი ანდრას სიმორი.

ევრობანკი საქართველოში მოწინავე ინსტიტუციური ინვესტორია. ქვეყანაში საქმიანობის დაწყების დღიდან, ბანკს ჯამში ინვესტირებული აქვს 2.7 მილიარდი ევრო 195 პროექტის ფარგლებში, რაც შემდეგ სფეროებს მოიცავს: ფინანსური შუამავლობა, კორპორატიული სექტორი, ინფრასტრუქტურა, ენერგეტიკა. ევრობანკის კაპიტალდაბანდების 90 პროცენტი კერძო სექტორშია განხორციელებული.

ეკონომიკური გამძლეობის გამყარება, ინტეგრაციის სტიმულირება, გლობალური და რეგიონული გამოწვევების მოგვარება ევრობანკის ძირითადი პრიორიტეტებია, რაც დეტალურადაა გაწერილი 2016-2018 წლებისთვის შემუშავებულ ევრობანკის სტრატეგიული განხორციელების გეგმაში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ფოთისა და ხობის მიტროპოლიტის სააღდგომო გზავნილი
პატრიარქის მოსაყდრის, მიტროპოლიტ შიო მუჯირის სააღდგომო ეპისტოლე - სრულად
რომელ ქუჩებზე დაწესდება შეზღუდვები თბილისში 12-13 აპრილს - თბილისის მერია
CBS News: აშშ გაყინული ირანული აქტივების განბლოკვას არ დათანხმებულა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics