21:42 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-06-14 18:53:16, 1106 ნახვა

სამართალი
მუხაშავრია: სტრასბურგმა საქართველოს ხელისუფლებას მისცა შანსი, რომ მერაბიშვილი თავად გაათავისუფლოს

სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაში არ წერია, რომ ვანო მერაბიშვილი პოლიტიკური პატიმარია, თუმცა ყველა გარემოება, ამაზე მიუთითებს“, - ამის შესახებ „ექსპრესნიუსთან“ საუბრისას იურისტმა ლია მუხაშავრაიმ განაცხადა.

მისი შეფასებით, გადაწყვეტილება დასაბუთებულია იმგვარად, რომ მერაბიშვილი პოლიტპატიმარია. ადვოკატს მიაჩნია, რომ სტრასბურგმა საქართველოს ხელისუფლებას დაუტოვა შანსი, თავად მიიღოს გადაწყვეტილება და ყოფილი შს მინისტრი ციხიდან გმოუშვას.

იგი მიიჩნევს, რომ სტრასბურგი გადაწყვეტილებაში დაწერდა, მერაბიშვილი გაეთავისუფლებინა თუ ამის საჭიროებას დაინახავდა.

„ვანო მერაბიშვილთან მიმართებაში ჩვენც იგივე პოზიციას გამოვხატავდით, რაც გამოხატულია ევროსასამართლოს გადაწყვეტილებაში. ჩვენც იგივენაირად ვასაბუთებდით თავის დროზე, რაც ხელისუფლებამ არ შეისმინა.

ახლავე უნდა ითქვას, რომ იმ სახის დევნა რაც ვანო მერაბიშვილთან დაკავშირებით მიმდინარეობდა იმ შედეგს მოიტანდა, რაც მოიტანა“, - აცხადებს ლია მუხაშავრია.

ადვოკატი კომენტარს იმ საკითხზეც აკეთებს უნდა გაათავისუფლონ თუ არა მერაბიშვილი პატიმრობიდან. ამბობს, რომ ეს საკითხი ცოტა მეტ განმარტებას საჭიროებს.

„ევროსასამართლოს სურვილი რომ ჰქონოდა ის პირდაპირ ჩაწერდა, რომ ის გათავისუფლდეს. ამას პირველი შესაძლებლობისთანავე ჩაწერდა, როგორც ეს ასანიძესთან დაკავშირებით გააკეთა.

ამ შემთხვევაში სტრასბურგის სასამართლომ საქართველოს ხელისუფლებას მისცა შანსი, გამოავლინოს კეთილი ნება და მართლმსაჯულების მაღალი დონე. ამიტომ არ ჩაწერა პირდაპირ ეს. დაადგინა, რომ დარღვეული იყო მისი ხელშეუხებლობის უფლება მისი დაპატიმრების საკითხებთან მიმართებაში. ახლა ჯერი საქართველოს ხელისუფლებაზეა, მაგრამ როგორც ჩანს ხელისუფლება ამას არ აპირებს“, - დასძენს ადვოკატი.

მისივე შეფასებით, დასაფიქრებელია მერაბიშვილის უსაფრთხოებაც, თუ კი მას პატიმრობიდან გაათავისუფლებენ.

„მერაბიშვილმა ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში ბევრი მტერი გაიჩინა. როდესაც მას გაათავისუფლებენ მისი სიცოცხლე დაცული ნამდვილად არ არის. ვსაუბრობ იმ ვითარებაზე, თუკი ვინმეს კერძო შურისძიების მოტივი ჰქონდეს“, - აცხადებს ადვოკატი „ექსპრესნიუსთან“ საუბრისას.

ლია მუხაშავრია პოლიტპატიმრის საკითხზეც საუბრობს. მისი შეფასებით, სტრასბურგი სასამართლო თავის გადაწყვეტილებაში ფუნდამენტური უფლებების დარღვევაზე საუბრობს, რაც საკმარისი არგუმენტია იმისათვის რომ ის პოლიტიკური პატიმარი იყოს.

„გადაწყვეტილებაში წერია, რომ კონვენციის მეხუთე მუხლი დაირღვა. ის არჩევნებამდე ძალიან მაღალი თანამდებობის პირი იყო. ეს საკმარისი არგუმენტია იმისათვის რომ ის პოლიტპატიმარი იყოს. გადაწყვეტილებაში ეს არ წერია, მაგრამ ყველა გარემოება ამაზე მიუთითებს. პოლიტატიმარს მეტი არაფერი სჭირდება. რატომ გვგონია, რომ რაღაც განსაკუთრებული უნდა მომხდარიყო. ეს კაცი იყო ძალიან მაღალ თანამდებობაზე და ის დააპატიმრეს მას შემდეგ რაც ხელისუფლებაში აღარ არის.

რაც შეეხება იმას, რაც ადვოკატმა ოთარ კახიძემ თქვა, რომ კონვენციის მე-18 მუხლი დაირღვა და მერაბიშვილი მესამე პოლიტიკოსია ვისთან მიმართებაშიც ეს მუხლი დაირღვა ეს ასე არაა. უბრალოდ ფაქტებში აღნიშნულია ვინ იყო მერაბიშვილი. კერძოდ ის, რომ მაღალი თანამდებობის პირი იყო. რა თქმა უნდა მეტ პოლიტიკოსთან მიმართებაში დარღვეულა კონვენციის მე-18 მუხლი. ევროსასამართლო ყველა საქმეს ინდივიდუალურად განიხილავს და არკვევს ვისთან მიმართებაში რა დაირღვა“, - განუცხადა „ექსპრესნიუსს“ ლია მუხაშავრიამ.

შეგახსენებთ, რომ სტრასბურგში ადამიანის უფლებების ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ ვანო მერაბიშვილთან მიმართებაში ადამიანის უფლებების ევროპული კონვენციის მუხლები დაირღვა. სასამართლოს დადგენილებით, საქართველოს მთავრობამ ვანო მერაბიშვილს 12 ათასი ევრო 3 თვის განმავლობაში უნდა გადაუხადოს. მათ შორის 4 000 ევრო პირადად ვანო მერაბიშვილს მორალური ზიანის ანაზღაურებისთვის, ხოლო 4 000-4 000 ევრო ადვოკატების ხარჯის ანაზღაურებისთვის.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რომელ ქუჩებზე დაწესდება შეზღუდვები თბილისში 12-13 აპრილს - თბილისის მერია
CBS News: აშშ გაყინული ირანული აქტივების განბლოკვას არ დათანხმებულა
ოცნების განათლების სამინისტრო: გივი მიქანაძე სამუშაო ვიზიტით აშშ-ში გაემგზავრა
უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 182 ადამიანი დაიბრუნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics