|
2016-06-13 14:21:51, 662 ნახვა
სხვადასხვა
სოფლის მეურნეობის სამინისტროს ორგანიზებით რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთის რეგიონში მედიატური ჩატარდა
სოფლის მეურნეობის სამინისტროს ორგანიზებით და საერთაშორისო ფონდის IFAD-ის დაფინანსებით რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთის რეგიონში მედიატური ჩატარდა. მედიატურის ფარგლებში ცენტრალური და რეგიონული მედიის წარმომადგენლები უწყების მიერ განხორციელებულ პროექტებს ადგილზე გაეცნენ. როგორც ჟურნალისტებთან საუბრისას სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ დანელიამ აღნიშნა, ტურები მომავალშიც განხორციელდება, რათა ჟურნალისტებმა ადგილზე ნახონ ის განხორციელებული პროექტები, რომელსაც სამინისტრო ახორციელებს. „მედიატურები ტრადიციად გვექცა. გავდივართ სხვადასხვა რეგიონებში, რომ თავად ჟურნალისტებმა ადგილზე გაიცნონ და შეაფასონ ის პროექტები, რომელსაც ჩვენი სამინისტრო ახორციელებს. აქვე მინდა ხაზი გავუსვა, რომ ჩვენ ამ რეგიონს მისი უნიკალურობიდან გამომდინარე, დიდ ყურადღებას ვაქცევთ, როგორც ყველა სხვა მაღალმთიან რეგიონს”, – განაცხადა ოთარ დანელია. მედიატურის ფარგლებში, ჟურნალისტებმა ამბროლაურის მუნიციპალიტეტში სურსათის ეროვნული სააგენტოს ოფისი, შპს მექანიზატორის სერვისცენტრი, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი „ძირაგეული“, შპს GEO-FLOWER, ღვნინის ქარხანა ,,ხვანჭკარა პრემიუმი“, ახლადგაშენებული ვენახი და კომპანია ,,ბლაუენშტაინ საქართველოს“ მეცხოველეობის ფერმა დაათვალიერეს. სურსათის ეროვნული სააგენტოს ახალი, თანამედროვე სტანდარტების რეგიონული ოფისი ამბროლაურში 2014 წლის ივნისში გაიხსნა. რეგიონული სამსახური უზრუნველყოფს მავნე სურსათის გამოვლენასა და განადგურებას, ცხოველთა ჯანმრთელობის დაცვას და ეპიდაფეთქებების ლიკვიდაციას, სასოფლო-სამეურნეო კულტურების დაცვას მავნე ორგანიზმებისაგან. შპს „მექანიზატორის“ ამბროლაურის სერვისცენტრში 35 ერთეული ტრაქტორი და 93 ერთეული აგრეგატია განთავსებული. სერვისცენტრის მომსახურების არეალი ამბროლაურის, ლენტეხის, ონის და ცაგერის მუნიციპალიტეტებს მოიცავს. მედიატურის ფარგლებში ჟურნალისტებმა ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ძირაგეულში სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი „ძირაგეული 2015“ დაათვალიერეს. კოოპერატივი 2015 წელს შეიქმნა და მისი ძირითადი საქმიანობა მეფუტკრეობაა. კოოპერატივში 5 მეპაიეა გაერთიანებული; მათ საკუთრებაში 144 სკაა. მეფუტკრეობის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, კოოპერატივმა დამატებით 100 სკა და თაფლის საწური (ციბრუტი) მიიღო. სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში კოოპერატივს 2200 ლიტრის მოცულობის თაფლის შესანახი ავზებიც გადაეცემა. კოოპერატივი წარმოებული თაფლის რელიზაციას ადგილობრივ ბაზარზე ახდენს. მედიატურის ფარგლებში ჟურნალისტებმა შეღავათიანი აგროკრედიტის ფარგლებში დაფინანსებული საწარმოებიც დაათვალიერეს. ამბროლაურის მუნიციპალიტეტში მდებარე შპს. GEO-FLOWER-ის საწარმომ 2014 წელს შეღავათიანი აგროკრედიტით ისარგებლა და 130,000 აშშ დოლარი სესხით საწარმოს შენობა კაპიტალურად გაარემონტა. საწარმოში ველური ვაშლის, მოცვის, ქაცვის, ძირტკბილას, ველური მსხლის, მანდარინის ჩირს, ასევე ძირტკბილას მშრალ ფესვების წარმოება მიმდინარეობს. წარმოებული პროდუქცია განკუთვნილია ადგილობრივი და საექსპორტო ბაზრებისთვის. კომპანია ყოველწლიურად 300 ტონამდე სხვადასხვა სახეობის ჩირისა და 300 ტონამდე ძირტკბილას მშრალი ფესვების ექსპორტს გერმანიაში ახორციელებს. საწარმოში დასაქმებულია 42 ადამიანი (სეზონურად დამატებით 200 ადამიანი საქმდება). ღვინის საწარმო შპს ,,ხვანჭკარა პრემიუმი“ 2000 წლიდან ფუნქციონირებს და ხვანჭკარას, ტვიშის, უსახელაურისა და რაჭული თეთრას ღვინოებს აწარმოებს. 2013 წელს საწარმომ შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის ფარგლებში მიღებული 205 000 აშშ დოლარის სესხით საწარმო გადააიარაღა. კომპანია ყოველწლიურად 200 ტონა ღვინოს აწარმოებს. შპს ,,ხვანჭკარა პრემიუმი“ წარმოებული პროდუქციის რეალიზაციას როგორც ადგილობრივ ბაზრზე, ასევე ექსპორტზე ყაზახეთსა და ლატვიაში ახორციელებს. საწარმოში დასაქმებულია 30 ადამიანი (სეზონურად დასაქმებულთა რაოდენობა 60-70 ადამიანს აღწევს). მედიატურის ფარგლებში, მედიის ჟურნალისტებს რაჭის მკვიდრმა, ტარიელ ისაკაძემაც უმასპინძლა. ტარიელ ისაკაძემ შეღავათიანი აგროკრედიტის ფარგლებში 250 000 აშშ დოლარი სესხი მიიღო და ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ საკეციაში 17 ჰა-ზე ალექსანდროულის, მუჯურეთულისა და უსახელაურას ჯიშის ყურძნის ვენახი გააშენა. უკვე ჩაყრილია 35 000 ვაზის ნერგი. ვენახის მეპატრონე წელს ყურძნის პირველ მოსავალს ელოდება. ჟურნალისტები ონის მუნიციპალიტეტში მდებარე ქართულ-შვეიცარიულ კომპანიაში ,,ბლაუენშტაინ საქართველო“ იმყოფებოდნენ. ხორცის გადამამუშავებელი საწარმოო კომპლექსი „ბლაუენშტაინ საქართველო“ მესაქონლეობის თანამედროვე ფერმას, საერთაშორისო სტანდარტების პირველად ხორცის გადამუშავების საწარმოს აერთიანებს. კომპანიის ხელშეწყობით რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონის სოფლებში-შარდომეთში, შქმერში, ჭიორასა და გლოლაში - აშენდა მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ფერმები, რომლებიც სახელმწიფო შეღავათიანი აგროკრედიტით სარგებლობენ. მეცხოველეობის ფერმებში ხელოვნური განაყოფიერების გზით მაღალპროდუქტიული შვიცისა და სიმენტალის ჯიშებით ადგილობრივი კავკასიური წაბლა ჯიშის ძროხების გენეტიკური გაუმჯობესება ხორციელდება. მედიატურის ბოლოს ოთარ დანელიამ ჟურნალისტებთან სოფლის მეურნეობის სამინისტროს საქმიანობის, რაჭის რეგიონში განხორციელებული სამუშაოების და სამომავლო გეგმების შესახებ ისაუბრა. „მედიასაშუალებების ჩართულობა გამორჩეულ როლს თამაშობს იმ სტერეოტიპის დამსხვრევაში, რომ სოფლის მეურნეობაში საქმიანობა არაპრესტიჟული და წამგებიანია. დღეს აგრარულ დარგში ბიზნესის კეთება შესაძლებელია. მთავარია ცოდნის გაღრმავება, თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვა და კონკურენტუნარიანობის ამაღლება. სახელმწიფო პროექტების ხელშეწყობით, განსაკუთრებით მაღალმთიან რეგიონებში, შეგვიძლია შევქმნათ ისეთი პროდუქცია, რომლის რეალიზაციის პრობლემა არ იქნება. ასეთ რეგიონებში არის ყველა ის პირობა, რაც ხარისხიანი, ეკოლოგიურად სუფთა, ყველაზე მოთხოვნადი პროდუქციის წარმოების შესაძლებლობას იძლევა. უმნიშვნელოვანესია, რომ სოფლის მეურნეობის დარგით ახალგაზრდა თაობა დავაინტერესოთ. ამ მიმართულებით მუშაობა დავიწყეთ, ინტერესი ნამდვილად გაზრდილია, თუმცა ახალგაზრდა სპეციალისტების ნაკლებობას ჯერ კიდევ განვიცდით. 2015 წელს, სოფლის მეურნეობაში პირდაპირი უცხოური ინვესტიცია იყო უპრეცედენტოდ მაღალი და 25 მლნ დოლარი შეადგინა. გვაქვს მიღწევები გადამამუშავებელი წარმოების და ბაზრების დივერსიფიკაციის მიმართულებით. სოფლის მეურნეობის განვითარებასთან ერთად, ჩვენ ვმუშაობთ სოფლის განვითარების მიმართულებით. ხელი მოეწერა ევროპის სამეზობლო პროგრამას სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარებისათვის (ფაზა II, ENPARD საქართველო II). წლის ბოლომდე, სხვა სამინისტროების ჩართულობით, შემუშავებული იქნება სოფლის განვითარების სტრატეგია. ჩვენ უნდა შევქმნათ ქართული სოფლის ისეთი მოდელი, რომელშიც სოფლის მეურნეობა იქნება განვითარებისა და წინსვლის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი, მაგრამ არა ერთადერთი კომპონენტი“, - აღნიშნა ოთარ დანელიამ.
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
რეჟიმის წარმომადგენლები ხოშტარიას შვილებს ესხმიან თავს
ომი უკრაინაში
აზოვის ზღვაში უკრაინელებმა ხორბლის გადამზიდავი ჩაიძირეს
რუსეთის მიერ ოდესის დაბომბვის შედეგად დაიჭრა 11 ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)