22:24 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-06-02 17:07:42, 787 ნახვა

ეკონომიკა
პრემიერი: საქართველოში სოფლის ფეხზე წამოდგომის პროცესი დაწყებულია

საქართველოში დაწყებულია სოფლის ფეხზე წამოდგომის შეუქცევადი პროცესი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან სოფლის ძლიერებაზეა დამოკიდებული ჩვენი ქვეყნის ძლიერება, - ამის შესახებ  საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა გურჯაანში,  ალკოჰოლური სასმელების ქარხნის პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

პრემიერის  თქმით, სოფლის  მეურნეობის განვითარება ხელისუფლების ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია და ამ მიმართულებით ბოლო წლებში განხორციელებული  არა ერთი მნიშვნელოვანი პროექტის მეშვეობით, 1000-ზე მეტი საწარმო გადაიარაღდა, ასევე, გაიხსნა ახალი საწარმოები.

„მეღვინეობა და მევენახეობა საქართველოსთვის ისტორიულად ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია დარგია, რომელმაც ჩვენი ქვეყნის იდენტობა დღემდე შემოინახა და ამდენად, ჩვენთვის უაღრესად მნიშვნელოვანია ამ დარგის განვითარება. მოხარული ვარ, რომ ეს საწარმო გაიხსნა. უკანასკნელი წლების განმავლობაში ძალიან დიდ წარმატებას მივაღწიეთ - 6 ათას ჰექტარზე მეტი ახალი ვენახია გაშენებული ბოლო 3 წლის განმავლობაში, რაც ფანტასტიური მაჩვენებელია იმისა, რომ საქართველოს სოფელი ფეხზე წამოდგომას იწყებს. ეს არის მიზანმიმართული პოლიტიკის შედეგი, რომელსაც ჩვენ ვახორციელებთ. ბოლო 3 წლის განმავლობაში 400 მილიონ ლარზე მეტი შევიდა საქართველოს ოჯახებში, მათ შორის, კახეთში, რაჭა-ლეჩხუმსა და სხვა რეგიონებში, სადაც მევენახეობა-მეღვინეობის ძალიან მზარდი დინამიკაა და ეს ტენდენცია მომავალშიც შენარჩუნდება", - განაცხადა პრემიერმა და აღნიშნა, რომ ეს არის სოფლად წელმაგარი, წელში გამართული ოჯახების არსებობის საწინდარი, რაც ქვეყნის ძლიერების წინაპირობაა.

გიორგი კვირიკაშვილის თქმით, მთავრობა განსაკუთრებული ყურადღებით მიუდგება რეალიზაციის საკითხს. უკვე შექმნილია სპეციალური ინსტიტუტი ექსპორტის წახალისებისთვის, რომელიც უახლოეს თვეებში დაიწყებს ფუნქციონირებას და გამოყოფილია ათობით მილიონი სპეციალური რესურსი საქართველოს ღვინის ექსპორტის წახალისებისთვის. პრემიერის შეფასებით, მნიშვნელოვანია ქართული ღვინის რეალიზაციის დივერსიფიკაცია, ახალი ბაზრების ათვისება, რაც ბოლო წლებში აქტიურად ხორციელდება.

„ჩვენთვის, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია ტრადიციული ბაზარი რუსეთის სახით, მაგრამ ვითვისებთ ახალ ბაზრებს, როგორიცაა დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის ქვეყნები, ასევე - ჩინეთის ბაზარს. ჩვენთვის უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ გვაქვს ევროპასთან თავისუფალი სავაჭრო შეთანხმება და ევროპის ბაზარზე ქართული ღვინო სულ უფრო და უფრო ცნობადი ხდება, ასევე აშშ-ში იზრდება ქართული ღვინის რეალიზაცია და ჩვენი სახელმწიფოს, მთავრობის მიზანდასახული ქმედებებით, მივაღწევთ რეალიზაციის დივერსიფიკაციას", - აღნიშნა პრემიერმა.

კვირიკაშვილმა ბორდოში განხორციელებულ ვიზიტზე ისაუბრა.

პრემიერის შეფასებით, უაღრესად საამაყოა, რომ მსოფლიო მეღვინეობის ბიზნესის ცენტრის, ბორდოს ღვინის ცივილიზაციათა მუზეუმში, რომელიც 31 მაისს გაიხსნა, საქართველოსთვის სპეციალური ადგილი გამოიყოფა, ხოლო მომავალ წელს მთელი სეზონი ქართულ ღვინოს და მეღვინეობას მიეძღვნება.

„საქართველოს ექნება საშუალება, ბორდოში წარმოადგინოს ქართული მეღვინეობის მიმართულება, როგორც აკვანი მსოფლიო მეღვინეობის ცივილიზაციისა. ჩვენთვის უაღრესად საამაყოა, რომ საფრანგეთის პრეზიდენტი და ბორდოს მერი თავიანთ გამოსვლაში ახსენებენ, რომ საქართველო მეღვინეობის ცივილიზაციის აკვანია. ეს არის უდიდესი მიღწევა", - განაცხადა პრემიერმა და ამ უდიდეს მოვლენაში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა სოფლის მეურნეობის მინისტრს, ქართველ მეღვინეებს, „შუხმან ვაინსის" და სხვა კომპანიების წარმომადგენლებს, დიპლომატიურ მისიებს.

პრემიერმა გაიხსენა 2000 წელი, როდესაც ლონდონში, ვინოპოლისის მუზეუმში პირველად გაიხსნა საქართველოს დარბაზი - „საქართველო - ღვინის ცივილიზაციის აკვანი" და ის, რომ ეს ევროპაში პირველად დაფიქსირდა, კომპანია „ჯი ვი ეს"-ის და ლევან გაჩეჩილაძის დამსახურება იყო.  გიორგი კვირიკაშვილი დარწმუნებულია, რომ წინ კიდევ ბევრი წარმატებაა და კერძო ინიციატივების დახმარებით, შესაძლებელი იქნება, საქართველო გახდეს ერთ-ერთი ყველაზე პატივსაცემი და ცნობადი მეღვინეობის ქვეყანა მსოფლიოში, რადგან ბევრმა ეს არ იცის.

პრემიერმა განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა საქართველოს ეკლესიას იმისთვის, რასაც ის ქართული მეღვინეობის უძველესი ტრადიცების შენარჩუნებისა და მსოფლიო მასშტაბით ამ ტრადიციების გასატანად აკეთებს.

„ძალიან მნიშვნელოვანია ავთენტურობის შენარჩუნება და ამისთვის ქართული ეკლესია დღეს ძალიან ბევრს იღწვის, რისთვისაც მინდა, დიდი მადლობა გადაგიხადოთ", - მიმართა პრემიერმა ქარხნის პრეზენტაციაზე მყოფ მეუფეებს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რომელ ქუჩებზე დაწესდება შეზღუდვები თბილისში 12-13 აპრილს - თბილისის მერია
CBS News: აშშ გაყინული ირანული აქტივების განბლოკვას არ დათანხმებულა
ოცნების განათლების სამინისტრო: გივი მიქანაძე სამუშაო ვიზიტით აშშ-ში გაემგზავრა
უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 182 ადამიანი დაიბრუნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics