22:24 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-06-01 14:08:57, 758 ნახვა

ეკონომიკა
გიორგი მარგველაშვილმა და ანდრეი კისკამ ბათუმში საქართველო - სლოვაკეთის ბიზნეს ფორუმი გახსნეს

ბათუმში საქართველო - სლოვაკეთის ბიზნესფორუმი გიორგი მარგველაშვილმა და ანდრეი კისკამ გახსნეს.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, სლოვაკეთის პრეზიდენტის სახელმწიფო ვიზიტის ფარგლებში გამართული ბიზნესფორუმი, რომელსაც სლოვაკეთის პრეზიდენტი ბიზნესმენთა დელეგაციასთან ერთად ესწრება, ორ ქვეყანას შორის ახალი ბიზნეს და ეკონომიკური ურთიერთობების ჩამოყალიბების და სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავების ხელშეწყობის მიზნით ტარდება.

მათივე ცნობით, სლოვაკი ბიზნესმენებისათვის ფორუმზე აჭარის საინვესტიციო და ტურისტული პოტენციალის პრეზენტაცია გაიმართა.

საქართველოს და სლოვაკეთის პრეზიდენტებმა ფორუმის მონაწილეებს სიტყვით მიმართეს.

გიორგი მარგველაშვილმა საქართველოს ეკონომიკურ განვითარებაზე, აჭარის რეგიონში მიმდინარე ეკნომიკურ პროექტებზე და რეგიონის ტურისტულ პოტენციალზე ისაუბრა.

პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ საქართველო მიმზიდველი ქვეყანაა ინვესტორებისათვის, რაგდან ჩვენ გვაქვს ყველაზე დაბალი საგადასახადო განაკვეთები რეგიონში,  ძალიან დაბალი კორუფციის დონე და აგრეთვე ძალიან მაღალი მაჩვენებლები ბიზნესის დაწყებასთან დაკავშირებით.

„ჩვენ ვართ საქართველოს იმ რეგიონში, რომელსაც გააჩნია ძალიან დიდი შესაძლებლობები და ეკონომიკური პოტენციალი. შარშან გაიხსნა სამი ძალიან მნიშვნელოვანი სასტუმრო, წელს იხსნება კიდევ ორი, იხსნება უზარმაზარი სასმტუმრო კომპლექსები 4000- მდე ბინით, მიმდინარეობს ჰესების მშენებლობა. ჩვენ ვართ ქვეყანა, რომელიც აერთებს ერთმანეთს კასპიისა და შავ ზღვებს. ჩვენ ვართ ქვეყანა რომელიც ჩართულია აბრეშუმის გზის პროექტის უმნიშვნელოვანეს ნაწილში. ჩვენ ვართ ქვეყანა, რომელსაც აქვს თავისუფალი ვაჭრობა ევროპასთან, ყოფილი საბჭოთა კავშირის რესპუბლიკებთან, თურქეთთან, რომელიც აწარმოებს მოლაპარაკებებს თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ჩინეთთან. ჩვენ ვართ ქვეყანა, რომელიც რეგიონში ყველაზე დრამატულად ავითარებს თავის ეკონომიკას და რაც  მთავარია, ჩვენ ვართ ქვეყანა, რომელშიც არიან ადამიანები, ხალხი, რომლებიც არიან ძალიან გულგახსნილები, მეგობრულები და რომელბსაც უყვართ სტუმარი, უყვართ მეგობრები და თქვენ ნახეთ რამდენად დიდი არის ის კულტურული და მეგობრული კავშირები, რომელიც არსებობს ჩევნს ხალხებს შორის" - აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა ბიზნესფორუმზე.

გიორგი მარგველაშვილმა იმედი გამოთქვა, რომ საქართველოში სლოვაკეთის პრეზიდენტის ვიზიტი ბიზნესდელეგაციასთან ერთად, მშვენიერი დასაწყისია ახალი ძალიან საინტერესო პროექტების, რომლებიც ქართულ ბიზნესს სლოვაკეთში და სლოვაკურ ბიზნესს საინტერესო განვითარებას საქართველოში მისცემს.

სლოვაკეთის პრეზიდენტმა ბიზნეს ფორუმის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მის დელეგაციაში არიან ბიზნესმენები, რომლებიც  საქართველოში ინფრასტრუქტურული, მსუბუქი მრეწველობის, გემთმშენებლობის,  სხვადასხვა ტიპის სამრეწველო პროექტებით დაინტერესდებიან.

„სწორედ ამგვარი ფორუმები გვაძლევს შესაძლებლობას, რომ ვიპოვოთ გზები ურთიერთობების განვითარებისათვის.20 წელია ბიზნესმენი ვარ, ანუ ბიზნესიდან მოვდივარ, დღესაც მე ბიზნესმენებთან ერთად ჩამოვედი საქართველოში. ეს არის შესანიშნავი იდეა, იმისათვის რომ დავაახლოვოთ არა მხოლოდ ჩვენი ორი ქვეყანა, არამედ რეგიონები, რადგან სლოვაკეთი დაახლოებით იგივე ზომის ქვეყანაა რაც საქართველო და ხუთ მილიონ ადამიანზე მეტი ცხოვრობს", - აღნიშნა ანდრეი კისკამ.

სლოვაკეთის პრეზიდენტის განცხადებით, საქართველოში ბიზნესის დასაწყებად, ძალიან მნიშვნელოვანი სიგნალი ყველა ინვესტორისათვის, საქართველოში არსებული კორუფციის დაბალი მაჩვენებელია.

„ერთ-ერთი პრობლემა ბიზნესთან დაკავშირებით, რომელიც ორივე ქვეყანას გვაქვს, რადგან  ჩვენ ყველა  სოციალიზმიდან მოვდივართ, რომელმაც დაანგრია ჩვენ ქვეყნებში უამრავი რამ, არის ბიზნესის მიმართ ახალგაზრდების მიდგომა.

ისინი ფიქრობდნენ კარგ სამსახურზე და არასოდეს ფიქრობდნენ მაშინ ბიზნესის წამოწყებაზე. დღეისათვის დადგა დრო, რომ ამაზე იფიქრონ. ჩვენ უნდა შევაცვლევინოთ მათ ეს მიდგომები, ეს თვალსაზრისი", - აღნიშნა ანდრეი კისკამ.

საქართველო-სლოვაკეთის ბიზნესფორუმს ესწრებოდნენ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი, პრეზიდენტის პოლიტიკური მდივანი ფიქრია ჩიხრაძე, საქართველოს ელჩი სლოვაკეთში რევაზ გაჩეჩილაძე, აჭარის მთავრობისა და პარლამენტის წევრები. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რომელ ქუჩებზე დაწესდება შეზღუდვები თბილისში 12-13 აპრილს - თბილისის მერია
CBS News: აშშ გაყინული ირანული აქტივების განბლოკვას არ დათანხმებულა
ოცნების განათლების სამინისტრო: გივი მიქანაძე სამუშაო ვიზიტით აშშ-ში გაემგზავრა
უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 182 ადამიანი დაიბრუნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics