17:17 - 08 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-02-24 18:53:50, 324 ნახვა

პოლიტიკა
საერთაშორისო გამჭვირვალობა: 2013–2015 წლებში სახელმწიფომ 147 მლნ ლარის ავტომობილები შეიძინა

არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა–საქართველო“ სხვადასხვა სახელმწიფო უწყებების მიერ ბოლო წლებში ავტოსატრანსპორტო საშუალებების შესყიდვის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.

ორგანიზაციის ცნობით, 2013–2015 წლებში სახელმწიფო უწყებებმა საერთო ჯამში 147 მილიონი ლარის ღირებულების ავტოსატრანსპორტო საშუალებები შეიძინეს.  

2013 წელს განხორციელებული შესყიდვების ღირებულება 2014 წლის შესყიდვებს დაახლოებით 9 მლნ. ლარით აღემატებოდა, 2015 წლის პირველ ორ თვეში კი ჯამში დაახლოებით 5.2 მლნ. შეადგინა.
„2 წლის განმავლობაში 147 მლნ. ლარი საკმარისი იქნებოდა ყველა კატეგორიის პენსიონერის პენსიის 9 ლარით მოსამატებლად, ან 2 წლის მანძილზე მთელი სოციალური პაკეტის (შშმ პირები, სახელმწიფო კომპენსაციების მიმღებები, მარჩენალდაკარგული ოჯახები, საყოფაცხოვრებო სუბსიდიების და სხვა დახმარებების მიმღებები) მინიმუმ 30%-ით გასაზრდელად“, – ნათქვამია „საერთაშორისო გამჭვირვალობა– საქართველოს“ განცხადებაში.

მათივე ინფორმაციით, 2013 წლის დასაწყისიდან დღემდე ავტოსატრანსპორტო საშუალებების[1]  შეძენაზე სახელმწიფო უწყებებმა ტენდერების მეშვეობით დაახლოებით 113.8 მლნ. ლარი დახარჯეს. თანხები დაახლოებით თანაბრად გადანაწილდა 2013 (57.3 მლნ. ლარი) და 2014 (55.8 მლნ. ლარი) წლებზე. 2015 წლის ორ თვეში კი ამ მიმართულებით 570,900 ლარი დაიხარჯა.

ყველაზე მეტი, 31.7 მლნ. ლარი შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტომ დახარჯა, რომელთა დიდი ნაწილიც საპატრულო პოლიციის მანქანების შესყიდვას მოხმარდა. საავტომობილო საშუალებების შესყიდვის ხარჯებში რიგით მეორე ჯანდაცვის სამინისტროა, 2014 წელს გადახდილი 10.8 მლნ. ლარით. შინაგან საქმეთა სამინისტრომ 2013 წელს ავტოსატრანსპორტო საშუალებების შესყიდვაზე 6.5 მლნ. ლარი დახარჯა, 2014 წელს კი მანქანები არ შეუძენია.

2013-2014 წლებში გამარტივებული შესყიდვებით სახელმწიფო უწყებებმა ჯამში 29.9 მლნ. ლარის ღირებულების ავტოსატრანსპორტო საშუალებები შეისყიდეს ან გადაცვალეს. აღსანიშნავია, რომ 2014 წელს 2013 წელთან შედარებით დანახარჯებმა იკლო და 9.8 მლნ. ლარი შეადგინა. 2015 წელს გამარტივებული შესყიდვების საშუალებით ერთადერთი მსხვილი შესყიდვა ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტომ განახორციელა. უწყებამ 4.7 მლნ. ლარად 67 ერთეული „ტოიოტა ქემრი” შეიძინა. ეს შესყიდვა 2015 წელს ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის თბილისში გასამართი შეხვედრის ორგანიზების მიზნით განხორციელდა.

„ამასთან, გასულ წელს ჩვენმა ორგანიზაციამ შეისწავლა საქართველოში და ევროკავშირის რამდენიმე ქვეყანაში მანქანების შესყიდვისა და გამოყენების პრაქტიკა. როგორც ჩვენ ვნახეთ, ევროკავშირის ქვეყნებში ავტომანქანების გამოყენება თანამდებობის პირების მიერ მკაცრად და ზედმიწევნით რეგულირდება. აღსანიშნავია, რომ საქართველოში ამჟამად მოქმედებს კანონები, რომლებიც არეგულირებს ოფიციალურ პირთა ტრანსპორტის გამოყენებას, თუმცა, არ არის ნათელი, თუ რამდენად თანმიმდევრულადაა დაცული ეს კანონები და ახლაც ძალაშია თუ არა ბევრი ასეთი კანონი“, – აღნიშნულია განცხადებაში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
საქართველოს ბანკის პარტნიორმა კომპანია აგროტექნომ ქართულ ბაზარზე ახალი ბრენდი - Weitai შემოიყვანა
ცოფის შემთხვევის დაფიქსირების გამო, წალკაში კარანტინი გამოცხადდა
ბაზისბანკის მხარდაჭერით ფულის გლობალური კვირეულისადმი მიძღვნილი ნახატების კონკურსი "ჩემი რეგიონი - ჩემი ბანკნოტი" დასრულდა
RECSOL-მა Altaris-ის „საუკეთესო მწვანე ინიციატივის“ ჯილდო მიიღო - „თეგეტა ჰოლდინგის“ მხარდაჭერით საქართველოში საბურავების გადამმუშავებელი საწარმო შენდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics