21:20 - 22 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-13 16:49:30, 482 ნახვა

საზოგადოება
ოთარ დანელია სადაზღვევო კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა

სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია აგროდაზღვევის სახელმწიფო პროგრამაში ჩართული სადაზღვევო კომპანიების  წარმომადგენლებს შეხვდა და პროექტის მიმდინარეობის შესახებ დეტალური ინფორმაცია მოისმინა.

მინისტრის განცხადებით, სამინისტროს შესაბამისი სამსახურები აქტიურად მუშაობენ ფერმერებთან, რათა ისინი საკუთარი აგრარული საქმიანობის დაზღვევის აუცილებლობაში დაარწმუნონ.

„მოგეხსენებათ, აგროდაზღვევის პროექტი სიახლეა, სულ ორი წელია რაც დავიწყეთ. 2016 წლისთვის გავზარდეთ საპროცენტო განაკვეთები თანადაფინანსების ნაწილში. სადაზღვევო კომპანიების წარმომადგენლებთან დღევანდელი შეხვედრის ფორმატი არის უკვე სტანდარტული, ტრადიცია, შეიძლება ასე ითქვას, ვინაიდან სეზონის დაწყების წინ ვაჯერებთ მოსაზრებებს, გავდივართ კონსულტაციებს. შეხვედრაზე განვიხილეთ რამდენიმე დღის წინ სეტყვის შედეგად მიღებული ზარალის საკითხები. შემიძლია გითხრათ, რომ ჯერ-ჯერობით, ჩვენი თანამშრომლობის ფორმატში, არ ყოფილა რაიმე ისეთი პრობლემა, რომლის გადაჭრაც ვერ შევძელით ერთიანი ხედვით. ჩვენთვის მთავარია იყოს მაქსიმალური მზადყოფნა იმისთვის, რომ  პროექტის ბენეფიციარებმა, აგრარულ სფეროში დასაქმებულებმა სარგებელი მიიღონ“, - აღნიშნა  ოთარ დანელიამ.

აგროდაზღვევის სახელმწიფო პროგრამა  2014 წელს დაიწყო და მასში 5 სადაზღვევო კომპანიაა   (ალდაგი, ჯი პი აი ჰოლდინგი, აი სი ჯგუფი, არდი ჯგუფი, უნისონი) ჩართული.

პროგრამის მიზანი აგროსექტორში სადაზღვევო ბაზრის განვითარება და  სასოფლო–სამეურნეო საქმიანობის ხელშეწყობაა.

ცნობისთვის, სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ფერმერებს საშუალება ეძლევათ დააზღვიონ მოსავალი სეტყვაზე, ჭარბ ნალექზე, ქარიშხალზე, საშემოდგომო ყინვაზე.

2016 წელს აგროდაზღვევის პროგრამის ფარგლებში უკვე 97 პოლისია გაცემული, საიდანაც სოფლის მეურნეობის სამინისტროს პროექტების მართვის სააგენტო 100,000 ლარზე მეტი ოდენობის სადაზღვევო პრემიას აფინანსებს.

2016 წელს პროექტში განხორციელებული ცვლილებების შესაბამისად, ფერმერს შეუძლია  5 ჰექტრამდე მიწის ნაკვეთი დააზღვიოს, თითოეული დამზღვევი 60%-ის ნაცვლად  70%-იან თანადაფინანსებას  მიიღებს პროგრამით გათვალისწინებულ ყველა კულტურაზე, ხოლო ვაზზე -40%-ის ნაცვლად, 50%-ს.

მიწის ნაკვეთის საჯარო რეესტრში რეგისტრაციის შემთხვევაში, ან უკვე არსებული საკადასტრო კოდით დაზღვევისას, თანადაფინანსება არსებულზე 10%-ით მეტი იქნება.

წელს აგროდაზღვევის პროექტის ბიუჯეტი, ისევე როგორც შარშან,  10 მილიონ ლარს შეადგენს.

სადაზღვევო პოლისის შეძენა შესაძლებელია პროგრამაში ჩართულ 5 სადაზღვევო კომპანიაში: ალდაგი, ჯი პი აი ჰოლდინგი, აი სი ჯგუფი, არდი ჯგუფი, უნისონი.

2014- 2015 წლებში აგროდაზღვევის პროგრამის ფარგლებში: გაცემულია 28,690 პოლისი, დაზღვეული ფართობი შეადგენს 23,667 ჰა, ჯამში დაიზღვა 193,343,000 ლარის მოსავალი, ფერმერების მიერ დაზღვევის მომსახურებაში გადასახდელი თანხიდან სახელმწიფომ მოახდინა 13,809,000 ლარის სუბსიდირება, 2 წლის განმავლობაში ფერმერებმა 13,770,000 ლარის ოდენობის ზარალის ანაზღაურება მიიღეს

სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო აქტიურ საინფორმაციო კამპანიას ახორციელებს რეგიონებში, მათ შორის მეტი ინტენსივობით კახეთში, შიდა ქართლსა და ქვემო-ქართლში და  მოსახლეობას აგროდაზღვევის პროექტში ჩართვისაკენ მოუწოდებს.

 

 

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპმა შეადგინა ნატოს „ურჩი“ ქვეყნების სია, რომლებიც ვაშინგტონის სურვილით, დაისჯებიან
საქართველო „ღია მმართველობის პარტნიორობიდან “ (OGP) გარიცხეს
გავარმიას ინფორმაციით, ბერა ივანიშვილის და კახი კალაძის სამეგობროს ჩხუბის შემდეგ, ივანიშვილის მეგობრები სუს-მა დააკავა
აქტივისტი ალბი კორძაია ახალ მიმართვას ავრცელებს სადაც სავარაუდო გაუპატიურებაზე საუბრობს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics