00:26 - 04 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-02-20 13:32:13, 720 ნახვა

ეკონომიკა
აზიის განვითარების ბანკისგან მოზიდული 100 მლნ ლარის სესხით „თიბისი ბანკი“ მცირე და საშუალო ბიზნესებს დააფინანსებს

„თიბისი ბანკმა“ და აზიის განვითარების ბანკმა (ADB) 100 მილიონი ლარის ოდენობის სასესხო ხელშეკრულებას ხელი მოაწერეს, რომლის თანხებიც  „თიბისი ბანკის“ მიერ  საქართველოს რეგიონებში მცირე, საშუალო და მიკრო ბიზნესების დაფინანსებას მოხმარდება.  

როგორც „თიბისი ბანკის“ სათაო ოფისში ჟურნალისტებისთვის ცნობილი გახდა, ეს არის ქართული ბანკის მიერ მიღებული ყველაზე მსხვილი რესურსი ეროვნულ ვალუტაში. ლარის რესურსი აზიის განვითარების ბანკისთვის ხელმისაწვდომი გახდა ლარში დენომინირებული ობლიგაციების კერძო განთავსების შედეგად ქართულ ბაზარზე. ტრანზაქციის ორგანიზატორი იყო თიბისი ბანკის შვილობილი კომპანია თიბისი ბროკერი.

„თიბისი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავჯდომარის მოადგილის ბადრი ჯაფარიძის შეფასებით, იმ ფონზე, როცა ეროვნული ვალუტა დოლართან მიმართებაში უფასურდება, მომხმარებლისთვის ლარში სესხის ახება პრიორიტეტული ხდება.

„გარიგება  2 ნაწილისაგან შედგება. ერთი, რომ  ლარში ჩვენ შევიძინეთ აზიის განვითარების ბანკის მიერ გამოშვებული ობლიგაციები, ამ მოცულობით ლარებში ობლიგაციები საფინანსო ბაზარზე ჯერ არ გამოსულა.  მეორე , აზიის განვითარების ბანკი  ამ რესურსს გვაძლევს სესხად, შესაბამისად ჩვენ გვიჩნდება შესაძლებლობა 100 მლნ ლარი ქართულ ეკონომიკაში განვათავსოთ. ლარის კურსის დოლართან მიმართებაში დაცემის ფონზე, მომხმარებლისათვის ლარში სესხის აღება განსაკუთრებით პრიორიტეტული ხდება, ამიტომ შეიძლება ითქვას, რომ 100 მლნ ლარი ეკონომიკური ზრდისთვის სტიმული იქნება“, – აღნიშნა ჯაფარიძემ.

რაც შეეხება საპროცენტო განაკვეთებს, ჯაფარიძის განმარტებით: „თვითონ ფონდში ეს არის 4.03 %, ამას შემდგომ დაემატება აზიის განვითარების ბანკის დანამატი და შესაბამისად ბანკის დანამატი, საბოლოო საპროცენტო განაკვეთი დამოკიდებული იქნება პროექტზე და შესაბამისად მოცულობაზე“.

„თიბისი ბანკის“ ინფორმაციით, აზიის განვითარების ბანკის მიერ გამოშვებული ობლიგაციები გაიყიდა ნომინალური ღირებულებით, ცვლადი სამთვიანი კუპონის განაკვეთით, რომელიც მიბმულია საქართველოს ეროვნული ბანკის 3 თვიანი სადეპოზიტო სერტიფიკატების განაკვეთზე. ობლიგაციების დაფარვა 2018 წლის 15 თებერვალს განხორციელდება.

„პირველად ხდება, რომ საქართველოში უცხოელი პარტნიორის მიერ ასეთი მოცულობის სესხი გაიცა. ამ შემთხვევაში ეს უცხოელი პარტნიორი არის აზიის განვითრების ბანკი. ეს მართლად უდიდესი დაფინანსებაა.  ღონისძიება უპირველესად ემსახურება საქართველოში კაპიტალური ბაზრების განვითარებას, გაძლიერებას, მეორეს მხრივ მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ ამ ობლიგაციების განთავსებიდან მიღებული შემოსავალი გამოყენებული იქნება მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოების განვითარებისთვის. ეს ხელს შეუწყობს სამუშაო ადგილების შექმნას და კომპანიების განვითარებას“, – განაცხადა აზიის განვითრების ბანკის მუდმივა წარმომადგენელმა საქართველოში ქეით ჯულიანმა.

მისივე თქმით, აღნიშნული ხელშეკრულების გაფორმება საქართველოში ეროვნული ვალუტის გაუფასურებას არ უკავშირდება.

 „ეს დიდი ხნის წინ დაიგეგმა. პროგრამა საქართველოში კაპიტალური ბაზრების განვითარებას ითვალისწინებს. ეს ნამდვილად არ არის პასუხი საქართველოში  ბოლო პერიოდში მიმდინარე მოვლენების. ჩვენ გვჯერა, რომ საქართველო განვითრების სწორ გზაზეა, რადგან სტრუქტურული რეფორმების განხორციელებას აგრძელებს. ასეთი ხელშეკრულების გაფორმება მნიშვნელოვანია კაპიტალური ინვესტიციების და ბიუჯეტის მართვის კუთხით. ასევე მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ საქართველოსთვის ძალიან ბევრი ხელშემშლელი გარეფაქტორი არსებობს. ამ ფონზე მნიშვნელოვანია, სასქართელომ ამგვარი ღონისძიებები ახორციელოს“, – აღნიშნა ჯულიანმა.

ცნობისთვის, აზიის განვითარების ბანკი დაარსდა 1966 წელს, ამჟამად მას ფლობს 67 ქვეყანა 48 სხვადასხვა რეგიონიდან. სათავო ოფისი მდებარეობს მანილაში, ფილიპინებში.

აზიის განვითარების ბანკის მიზანია სიღარიბის შემცირება აზიისა და წყნარი ოკეანის რეგიონში ეკონომიკის განვითარების, ეკოლოგიურად მდგრადი ზრდისა და განვითარების და ასევე რეგიონალური ინტეგრაციის ხელშეწყობის გზით.

თიბისი ბანკი, საქართველოს ერთერთი წამყვანი ბანკია, რომელიც მომხმარებელს სთავაზობს პროდუქტებისა და მომსახურების ფართო არჩევანს კორპორატიული, მცირე და საშუალო, მიკრო და საცალო ბიზნეს ხაზების საშუალებით. 2014 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, თიბისი ბანკის სასესხო პორტფელში 45% ეჭირა საცალო, 33% კორპორატიულ, 15% მცირე და საშუალო,ხოლო 7% მიკრო სესხებს.

თიბისი ბანკი ლიდერია ქართულ საბანკო სექტორში საცალო სესხებისა და დეპოზიტების სეგმენტზე, სადაც მას 33% და 34% ბაზრის წილი უჭირავს, ხოლო მთლიანი აქტივებისა და სასესხო პორტფელის ბაზრის წილები შესაბამისად 26% და 28% -ს შეადგენს 2014 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით.

საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტოების შეფასებით თიბისი ბანკის რეიტინგები განისაზღვრა როგორც BB- / B ( Fitch) და B1 / Ba3 ( Moody’s).





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სერგეი კირიენკო: რუსეთი მტკიცედ უჭერს მხარს აფხაზეთის სუვერენულ განვითარებას
ელენე ხოშტარია: „ქართული ოცნების“ იზოლაცია შემდგარი ფაქტია
გრიგოლ ბესელია, მზია ამაღლობელის საქმის მოწმე, შსს-ს თანამშრომელი აღარაა
საპატრიარქომ წმინდა სინოდის სხდომის ოქმი გამოაქვეყნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics