|
2015-02-20 12:22:51, 799 ნახვა
სამართალი
ლევან მამალაძე შეწყალებას ითხოვს
ადვოკატი ალექსანდრე კობაიძე საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს, ქვემო ქართლის ყოფილი გუბერნატორის, ლევან მამალაძის, შეწყალების თხოვნით მიმართავს. როგორც კობაიძემ "ექსპრესნიუსს" განუცხადა, ლევან მამალაძემ არჩილ კბილაშვილის გენერალური პროკურორობის დროს, მთავარ პროკურატურას პოლიტიკური დევნილის სტატუსის მინიჭებისა და საქმის ხელახალი გამოძიების თხოვნით მიმართა, თუმცა, მისივე განმარტებით, საგამოძიებო უწყებამ ამ ფაქტზე რეაგირება არ მოახდინა. ადვოკატის თქმით, მამალაძე წინა ხელისუფლების ე.წ. ელიტარულ ჯგუფთან დაპირისპირების გამო, წლების განმავლობაში საქართველოდან პოლიტდევნილია და მას სამშობლოში დაბრუნების საშუალება უნდა მიეცეს. "ლევან მამალაძე მიმართავს პრეზიდენტს შეწყალების აქტის გამოცემის საკითხთან დაკავშირებით. ლევან მამალაძემ ამ ხელისუფლების დროს, როდესაც არჩილ კბილაშვილი ბრძანდებოდა მთავარი პროკურორი, მიმართა პროკურატურას, რომ მომხდარიყო როგორც მისთვის პოლიტიკური დევნილის სტატუსის მინიჭება, ასევე მისი საქმის ხელახალი გამოძიება; მაგრამ, სამწუხაროდ, კბილაშვილმა ეს საქმე თაროზე შემოდო და ახლა რეალურად დადგა დრო და შანსი იმისა, რომ პროკურატურამ დაიწყოს აღნიშნულ ფაქტზე გამოძიება. თუ პროკურატურა გამოძიებას არ მოახდენს, ჩვენ მზად ვართ, პრეზიდენტს მივმართოთ შეწყალების აქტის გამოცემით და ამისთვის ყველაფერს გავაკეთებთ. ვგულისხმობ სამართლებრივ რეგულაციებს, რომ ერთხელ და სამუდამოდ ეს საკითხი ამოიწუროს. ბატონი ლევანი გახლავთ წლების განმავლობაში საქართველოდან პოლიტდევნილი. აქედან გამომდინარე, ამ ადამიანს უნდა მიეცეს საშუალება, რომ დაუბრუნდეს თავის სამშობლოს. ეს ადამიანი უკვე წლების განმავლობაში იმკის იმას, რომ იგი იყო დაპირისპირებული წინა ხელისუფლების ე.წ. ელიტარულ ჯგუფთან. მის საქმეს რომ სამართლებრივად შევხედოთ, ცალსახად ნათელია, რომ იქ პოლიტიკური ნიშნებია",-განაცხადა ალექსანდრე კობაიძემ. მისივე მტკიცებით, მოწმეები, რომლებიც ლევან მამალაძის საწინააღმდეგოდ ჩვენებას აძლევდნენ, დღეს აცხადებენ, რომ მათზე ფსიქოლოგიური და ფიზიკური ზეწოლა განხორციელდა. "რაც მთავარია, ის მოწმეები, რომლებიც იძახდნენ, რომ ლევან მამალაძემ ეს ქნა, ის ქნა, პირადად მე გამოვკითხე ისინი და ამბობენ, რომ მათზე ფსიქოლოგიური, ფიზიკური ზეწოლა მოხდა და გამოკითხვის ოქმში არსებითად განსხვავებულ ჩვენებას იძლევიან. ეს სასამართლოსთვის წარსადგენი გარემოებაა, მაგრამ პრეზიდენტს ეფექტური სამართლიანობისთვის მივმართავთ, რომ დროში არ გაიწელოს ეს ყველაფერი. პროკურატურას და სასამართლოს რომ მიმართავ დროში გაწელილია. პრეზიდენტს კი, აქვს შანსი, დაამტკიცოს, რომ ხალხის რჩეულია და მიმართულია იმისკენ, რომ სამართლიანობიდან გამომდინარე, ობიექტური არბიტრია. მას აქვს იმის შესაძლებლობა, რომ გამოსცეს პრეზიდენტის ბრძანებულება, რის საფუძველზეც ლევან მამალაძის შეწყალება მოხდება",-აღნიშნა ალექსანდრე კობაიძემ "ექსპრესნიუსთან" საუბრისას. რაც შეეხება ბრალს, ადვოკატის განმარტებით, ლევან მამალაძეს 17 წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი და მას უცხოელისგან თანხის გამოძალვასა და დეკლარაციაში თანხების არ ასახვას ედავებიან.
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
რეჟიმის წარმომადგენლები ხოშტარიას შვილებს ესხმიან თავს
ომი უკრაინაში
აზოვის ზღვაში უკრაინელებმა ხორბლის გადამზიდავი ჩაიძირეს
რუსეთის მიერ ოდესის დაბომბვის შედეგად დაიჭრა 11 ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)