|
2026-10-27 21:20:02, 871 ნახვა
სამართალი
საია-Amnesty International - ციხეებში წამების ბრალდებების ეფექტიანად გამოუძიებლობა დაუსჯელობას აძლიერებს
საქართველოს ახალგარდა იურისტთა ასოციაცია და საერთაშორისო ორგანიზაცია Amnesty International ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ და შეშფოთებას გამოხატავენ საქართველოს ციხეებში "წამებისა და სხვა სახის არასათანადო მოპყრობის შესახებ გახშირებული ცნობების გამო", მათ შორის სექსუალური ძალადობის, ცემისა და მუქარის ბრალდებების შემთხვევების, ასევე იმ პატიმრების მიმართ რეპრესიების გამო, რომლებიც ძალადობის შესახებ აცხადებენ. ბოლო ბრალდებები მოიცავს: რუსთავის №6 პენიტენციურ დაწესებულებაში გიორგი დავითაძის მიმართ სექსუალურ ძალადობას, რასაც, გავრცელებული ინფორმაციით, მოჰყვა ციხის ადმინისტრაციის მხრიდან მის და სხვა პატიმრების მიმართ ანგარიშსწორება; ლაითურის №1 პენიტენციურ დაწესებულებაში ციხის თანამშრომლის მიერ პატიმრის სავარაუდო გაუპატიურება და გლდანის №8 პენიტენციურ დაწესებულებაში სხვა პატიმრების მიერ დავით ფეიქრიშვილის სავარაუდო სასტიკად ცემა. ორგანიზაციების შეფასებით, აღნიშნული ბრალდებები, სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ დავით ფეიქრიშვილის სავარაუდო ცემის ფაქტის დაუყოვნებლივ უარყოფა და სექსუალური ძალადობის შესახებ გიორგი დავითაძის მიერ გაჟღერებულ ბრალდებებთან დაკავშირებით, "დანაშაულის ნიშნების არარსებობის საფუძვლით, გამოძიების შეწყვეტა, გამოძიების ეფექტიანობის შესახებ არსებულ კითხვებთან ერთად, იწვევს შეშფოთებას პატიმართა უსაფრთხოებასთან, წამებისა და სხვა არასათანადო მოპყრობისგან დაცვის არასაკმარის გარანტიებთან და მუდმივ დაუსჯელობასთან დაკავშირებით". ორგანიზაციების განცხადებით, "საქართველოს ხელისუფლებამ უნდა დაიცვას პატიმრები ძალადობისა და ანგარიშსწორებისგან, უზრუნველყოს წამებისა და სხვა არასათანადო მოპყრობის ყველა სარწმუნო ბრალდების სწრაფი, ეფექტიანი, დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი გამოძიება და სამართლიანი სამართალწარმოების ფარგლებში, მართლმსაჯულების წინაშე წარადგინოს ის პირები, რომელთა პასუხისმგებლობის გონივრული ეჭვი არსებობს". მათივე შეფასებით, სახელმწიფომ ცალკე უნდა გადახედოს ციხის პრაქტიკას, საჩივრების განხილვის პროცედურებსა და არასათანადო მოპყრობისგან დაცვის გარანტიებს, აღმოფხვრას ზედამხედველობისა და ანგარიშვალდებულების კუთხით არსებული სერიოზული ხარვეზები. გთავაზობთ, ორგანიზაციების ერთობლივ განცხადებას: პატიმარ გიორგი დავითაძის მიმართ წამებისა და სხვა სახის არასათანადო მოპყრობის ბრალდებები "2026 წლის 2 ოქტომბერს მედიაში გამოქვეყნდა სასამართლო სხდომის ჩანაწერი, რომელშიც გიორგი დავითაძემ განაცხადა, რომ პენიტენციური სამსახურის თანამშრომლებმა მასზე სექსუალურად იძალადეს და 2025 წლის 21 დეკემბერს დეესკალაციის ოთახში ანუსში თითი შეუყვანეს. მან აღწერა მის მიმართ განხორციელებული დამამცირებელი მოპყრობა, ციხის მრავალი თანამშრომლის თანდასწრებით და ინციდენტის შემდეგ მძიმე ფსიქოლოგიური მდგომარეობა. სექსუალური ძალადობის შესახებ გიორგი დავითაძის განცხადების პასუხად სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა (სპს) გამოაქვეყნა სათვალთვალო კამერის ვიდეოჩანაწერი, რომელიც, სავარაუდოდ, ასახავს დეესკალაციის საკანში მის გადაყვანას და შემდგომ იძულებით შემოწმებას 2025 წლის 21 დეკემბერს, სავარაუდო ინციდენტის დღეს. სპს-მა ბრალდებები უარყო და განაცხადა, რომ იძულებითი შემოწმება დადგენილი პროცედურების დაცვით მას შემდეგ ჩატარდა, რაც პატიმარმა შემოწმებაზე უარი თქვა და ციხის თანამშრომლებს შეურაცხყოფა მიაყენა. ჩანაწერზე, რომელსაც ხმა არ აქვს, ჩანს, როგორ აკავებს გიორგი დავითაძეს რამდენიმე თანამშრომელი, აწვენს საწოლზე და უკნიდან უახლოვდება მაშინ, როცა დავითაძე ძალით არის გადახრილი და საწოლზე მიბჯენილია მუცლით. თუმცა მას ნაწილობრივ ფარავენ ციხის თანამშრომლები რაც მათი ყველა მოქმედების ნათლად შეფასების საშუალებას არ იძლევა. გიორგი დავითაძის ადვოკატები განმარტავენ, რომ დეესკალაციის ოთახში მეორე კამერაც იყო, რომლის ჩანაწერიც პროკურატურას არ ამოუღია, ხოლო ოჯახი, თავის მხრივ, სადავოდ ხდის საჯაროდ გამოქვეყნებული ჩანაწერების სისრულეს – აცხადებს, რომ ვიდეოს მნიშვნელოვანი ნაწილები აკლია და ჩანაწერი მხოლოდ ერთი კამერის რაკურსს აჩვენებს. ამასთანავე, დავითაძის ადვოკატის თქმით, გამოქვეყნებული მასალა სავარაუდო ძალადობას სრულად ვერ ასახავს, რადგან პენიტენციურმა სამსახურმა 20-წუთიანი ვიდეოდან მხოლოდ მოკლე, მისთვის ხელსაყრელი ფრაგმენტი გამოაქვეყნა. 13 ოქტომბერს, პენიტენციურ დაწესებულებაში პატიმართან ვიზიტის შემდეგ, გიორგი დავითაძის ადვოკატმა, დავითაძის მიერ სექსუალური ძალადობის შესახებ საჯაროდ განცხადების გამო, მის უსაფრთხოებასა და მოსალოდნელ ანგარიშწორებასთან დაკავშირებით შეშფოთება გამოთქვა. ადვოკატის თქმით, გიორგი დავითაძემ უთხრა, რომ ციხის ორმა თანამშრომელმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და ტელევიზორი ჩამოართვა. დედამისი კი დამატებით აცხადებს, რომ, როგორც დავითაძემ უამბო, თანამშრომლები პერიოდულად უღებდნენ საკნის კარს, სიტყვიერად შეურაცხყოფდნენ მას და მის ოჯახს ემუქრებოდნენ. სახალხო დამცველის აპარატის ცნობით, გიორგი დავითაძის ადვოკატმა სექსუალური ძალადობისა და სხვა სახის არასათანადო მოპყრობის შესახებ 2025 წლის 26 დეკემბერს განაცხადა, ხოლო პროკურატურამ გამოძიება 2025 წლის 29 დეკემბერს დაიწყო. როგორც პროკურატურამ განაცხადა, გამომძიებლებმა ათეულობით მოწმე დაკითხეს, სათვალთვალო ჩანაწერები შეისწავლეს და ექსპერტიზის დასკვნები მოიპოვეს, თუმცა დავითაძის ადვოკატი შეშფოთებას გამოთქვამს, რომ პროკურატურას არ ჰყავს ნეიტრალური მოწმე, არ აქვს მტკიცებულებები, რაც გამოძიების შესაძლო მიკერძოებაზე მიუთითებს, და დავითაძის ბრალდება გაუპატიურების შესახებ დიდწილად მხოლოდ მისსავე ჩვენებას ემყარება. პროკურატურის განცხადებითვე, გიორგი დავითაძემ 2026 წლის 12 იანვარს, ადვოკატის თანდასწრებით, უარი თქვა სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზაზე, თუმცა, როგორც მისი ადვოკატები განმარტავენ, შეთავაზებული სამედიცინო შეფასება მოიცავდა ფიზიკური დაზიანებების შეფასებას, რომელიც, მისივე თქმით, არ ჰქონია, ხოლო პენიტენციური სამსახურის თანამშრომლების მიერ სავარაუდოდ ჩადენილი გაუპატიურების გამოკვლევაზე საუბარი არც ყოფილა. ხელისუფლების ვალდებულებაა, სექსუალური ძალადობის შესახებ განცხადებისთანავე შესთავაზოს სწრაფი, დამოუკიდებელი სამედიცინო და ფსიქოლოგიური შეფასება და ეს ბრალდებები ეფექტიანად გამოიძიოს. გარდა ამისა, სპს-ის მიერ ვიდეოჩანაწერის გამოქვეყნებით საბოლოოდ ვერ დგინდება, რა მოხდა დეესკალაციის ოთახში, მით უმეტეს, რომ ჩანაწერს ხმა არ აქვს და გიორგი დავითაძე ნაწილობრივ დაფარულია. როგორც დავითაძის ადვოკატები და ქართული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები აღნიშნავენ, სერიოზული კითხვები რჩება მისი დეესკალაციის საკანში მოთავსების საფუძვლებზე, გამოყენებული ძალის აუცილებლობასა და თანაზომიერებაზე, ცალკეული თანამშრომლების ქმედებებსა და იმაზე, ასახავს თუ არა გამოქვეყნებული ვიდეო ინციდენტს სრულად. განსაკუთრებით შემაშფოთებელია ინფორმაცია იმის შესახებ, რომ 2025 წლის 21 დეკემბრის ინციდენტი გამონაკლისი არ ყოფილა. გიორგი დავითაძის ადვოკატმა „Amnesty International-ს“ განუცხადა, რომ ძალადობა და დაშინება ცალკეული შემთხვევა კი არ იყო, არამედ ეს ზოგადად დავითაძის წინააღმდეგ ციხეში განმეორებადი დამამცირებელი და არასათანადო მოპყრობის შემადგენელი ნაწილია. მაგალითად, იყო შემთხვევა, როდესაც მისი დამცირებისა და ღირსების შელახვის მიზნით, თმა სანახევროდ გადაპარსეს, ასევე, განზრახ გამორთეს მისი საკნის გათბობა ტანჯვის მიყენების მიზნით, რამაც დავითაძის სერიოზული ჯანმრთელობის გართულებები გამოიწვია და სამედიცინო ჩარევას გახდა საჭირო. ციხის თანამშრომლების მხრიდან იყო მუდმივი შეურაცხყოფა და სექსუალური ძალადობის მუქარა, მათ შორის ოჯახისა და შვილების მისამართით. ამასთან, ციხის ადმინისტრაციას არ მიუღია ზომები, რომ მის საჩივრებში მოხსენიებულ თანამშრომლებს მასთან კონტაქტის შესაძლებლობა აღარ ჰქონოდათ, რაც მას კიდევ უფრო მეტი არასათანადო მოპყრობისა და ანგარიშწორების რისკის ქვეშ აყენებს. საერთაშორისო სტანდარტების თანახმად, წამებაში ან სხვა სახის არასათანადო მოპყრობაში ეჭვმიტანილი პირები ოფიციალური გამოძიების პერიოდში უნდა ჩამოშორდნენ აქტიურ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებას, მათ შორის იმ პოზიციებიდან, სადაც შეუძლიათ სხვების მიმართ არასათანადო მოპყრობა. გიორგი დავითაძის ბრალდებებზე დაწყებული გამოძიება ვერ აკმაყოფილებს საერთაშორისო სტანდარტებს, რომლებიც წამებისა და სხვა სახის არასათანადო მოპყრობის სწრაფ, საფუძვლიან, დამოუკიდებელ, მიუკერძოებელ და ეფექტიან გამოძიებას მოითხოვს. ხელისუფლებას სათანადოდ არ შეუსწავლია სავარაუდო ძალადობის სრული სურათი, მათ შორის განმეორებითი მუქარის, დამცირებისა და ფსიქოლოგიურად არასათანადო მოპყრობის ფაქტები. ასევე სერიოზული კითხვები რჩება სტამბოლის პროტოკოლის შესაბამისად სწრაფ, დამოუკიდებელ სამედიცინო და ფსიქოლოგიურ გამოკვლევაზე ხელმისაწვდომობის, ყველა შესაბამისი მტკიცებულების უზრუნველყოფისა და შესწავლის, ასევე შემდგომი არასათანადო მოპყრობისა და ანგარიშწორებისაგან მის დასაცავად ადეკვატური ზომების მიღების თაობაზე. სხვა პატიმრების მიმართ არასათანადო მოპყრობისა და რეპრესიების ბრალდებები ცალკე სერიოზულ შეშფოთებას იწვევს №6 პენიტენციურ დაწესებულებაში ძალადობისა და რეპრესიების შესახებ ბრალდებები იმ პატიმრების მიმართ, რომლებმაც გიორგი დავითაძეს სოლიდარობა გამოუცხადეს. გიორგი დავითაძის მიერ სექსუალური ძალადობისა და სხვა სახის არასათანადო მოპყრობის შესახებ განცხადებების გასაჯაროების (2026 წლის 2 ოქტომბრის) შემდეგ, გავრცელებული ინფორმაციით, რამდენიმე პატიმარმა დაწესებულების შიგნით პროტესტი გამოხტა, მათ შორის, საკნებიდან ხმაურის გზით. შემდგომი ცნობები ცემის, სხვა ციხეებში გადაყვანისა და დეესკალაციის საკნებში მოთავსების შესახებ სერიოზულ შეშფოთებას იწვევს პროტესტის მონაწილე პატიმრებისადმი დამოკიდებულებასთან, წამებისა და სხვა სახის არასათანადო მოპყრობასთან, მათ შორის რეპრესიებისგან დაცვის გარანტიების ეფექტიანობასთან დაკავშორებით. 2026 წლის 5 ოქტომბერს ლაშა ჩაჩანიძის ადვოკატმა განაცხადა, რომ მის კლიენტსა და კიდევ ოთხ პატიმარზე ციხის თანამშრომლებმა ფიზიკურად იძალადეს გიორგი დავითაძისთვის სოლიდარობის მიზნით გამოხატული პროტესტის გამო. ადვოკატის თქმით, მისმა კლიენტმა განაცხადა, რომ 2 ოქტომბერს ხელებსა და ფეხებზე ხელკეტებით სცემეს; ბათუმის №3 პენიტენციურ დაწესებულებაში გადაყვანის შემდეგ კი ადვოკატთან შეხვედრისას მას თვალსაჩინო დაზიანებები აღენიშნებოდა და ძლიერ თავის ტკივილს უჩიოდა. 2026 წლის 16 ოქტომბერს №6 პენიტენციური დაწესებულების კიდევ ერთმა პატიმარმა, ბექა ცერცვაძემ, განაცხადა გიორგი დავითაძისადმი სოლიდარობის გამოხატვის გამო მის მიმართ არასათანადო მოპყრობის შესახებ. მისი თქმით, დაწესებულების თანამშრომლები მას თავს დაესხნენ დეესკალაციის საკანში გადაყვანისას, სცემეს და სიტყვიერად შეურაცხყვეს, შემდეგ კი ძალით გაატარეს უსაფრთხოების სკანერში, ჩასვეს სატრანსპორტო საშუალებაში და სხვა ციხეში გადაიყვანეს. სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა უარყო სავარაუდო ცემის ფაქტი და სულ მცირე ოთხი პატიმრის დეესკალაციის საკნებში მოთავსება გიორგი დავითაძისადმი სოლიდარობის გამოხატვის გამო. სპს-ის განმარტებით, მათი დეესკალაციის საკნებში გადაყვანა კანონიერი უსაფრთხოების ზომა იყო და პროტესტთან კავშირი არ ჰქონია, ხოლო ეს ზომები 2026 წლის 2 და 4 ოქტომბერს ციხის პერსონალზე თავდასხმებს მოჰყვა. უწყებამ გამოაქვეყნა ვიდეომასალა, რომელზეც ორ ცალკეულ შემთხვევაში პატიმრები ფიზიკურად ესხმიან თავს თანამშრომლებს. ხელისუფლებამ საჯაროდ უარყო არასათანადო მოპყრობის ბრალდებები. უცნობია, აფასებს თუ არა გამოძიება გამოყენებული ძალისა და დაწესებული შემზღუდველი ზომების აუცილებლობასა და თანაზომიერებას. მიუხედავად იმისა, რომ ციხის ადმინისტრაციას აქვს ვალდებულება, დაიცვას პერსონალი და პატიმრები ძალადობისგან, პატიმრების მიერ სავარაუდოდ ჩადენილი გადაცდომები ვერ გაამართლებს საპასუხო ძალადობას ან წამებას, ანდა სხვა სახის არასათანადო მოპყრობის რაიმე ფორმას. ძალის ნებისმიერი გამოყენება უნდა იყოს მკაცრად აუცილებელი და თანაზომიერი, ხოლო შემზღუდველი ზომები არ უნდა დაწესდეს სასჯელად საჩივრების შეტანის ან სხვა პატიმრებისთვის სოლიდარობის გამოხატვის გამო. ეს შეშფოთება განსაკუთრებით სერიოზულია ევროპის საბჭოს წამების პრევენციის ევროპული კომიტეტის (CPT) დასკვნების გათვალისწინებით. 2026 წლის თებერვალში გამოქვეყნებულ ანგარიშში CPT-მ გამოთქვა შეშფოთება საქართველოს ციხეებში დეესკალაციის საკნების ხშირი და ზოგჯერ ხანგრძლივი გამოყენების გამო და სახელმწიფო გააფრთხილა, რომ ასეთი მოთავსება პრაქტიკაში დასჯის ტოლფასი შეიძლება გახდეს. CPT-მ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს საკნები მხოლოდ აღგზნებული ან აგრესიული პატიმრებისთვის უნდა გამოიყენებოდეს, რაც შეიძლება მოკლე ვადით და სამედიცინო და არა სასჯელაღსრულების პერსონალის ზედამხედველობით. ძალადობისა და სხვა სახის არასათანადო მოპყრობის ახალი ბრალდებები 2026 წლის 20 ოქტომბერს ადვოკატმა პაატა გოგიაშვილმა განაცხადა, რომ მის კლიენტს დავით ფეიქრიშვილს 16 ოქტომბრიდან მოყოლებული გლდანის №8 პენიტენციურ დაწესებულებაში თანამესაკნეებმა არაერთხელ სცემეს. ადვოკატის თქმით, ფეიქრიშვილს ოთხი ნეკნი აქვს მოტეხილი, თავის ქალისა და სახის ძვლები ჩამტვრეული და სხეულზე სისხლნაჟღენთები. ის 19 ოქტომბრიდან საავადმყოფოში გადაიყვანეს და სამედიცინო პერსონალმა მრავლობითი დაზიანებები დაადასტურა. სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა თავდაპირველად, 19 ოქტომბერს, უარყო სავარაუდო ცემის ფაქტი. 20 ოქტომბერს, მედიაში გავრცელებული ინფორმაციისა და მზარდი საზოგადოებრივი კრიტიკის შემდეგ, იუსტიციის სამინისტრომ განაცხადა, რომ ფეიქრიშვილის ჯანმრთელობის დაზიანებასთან დაკავშირებით სისხლის სამართლის გამოძიება დაიწყო. 22 ოქტომბერს სახალხო დამცველმა განაცხადა, რომ დავით ფეიქრიშვილის თქმით, ფიზიკურ ანგარიშსწორებაში ციხის ადმინისტრაციის წევრებიც იყვნენ ჩართულნი და პროკურატურისგან მოითხოვა დამოუკიდებელი გამოძიების ჩატარება. უნდა აღინიშნოს, რომ 26 ოქტომბერს საქართველოს პროკურატურამ მედიას განუცხადა, რომ აღნიშნული სისხლის სამართლის საქმე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციიდან გამოსაძიებლად გადაეცა საქართველოს გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილს. ამავდროულად საქართველოს პროკურატურამ რეკომენდაციით მიმართა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს, შეუჩერდეს უფლებამოსილება სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალურ დირექტორს, გიორგი პატარიძეს. იუსტიციის სამინისტროს რეკომენდაციის საფუძველზე, სპეციალური პენიტენციური სამსახურის ხელმძღვანელმა თანამდებობა დატოვა, ხოლო მის ნაცვლად ახალი ხელმძღვანელი დაინიშნა. ეს ბრალდებები იწვევს კიდევ უფრო მეტ შეშფოთებას საქართველოში წამებისა და სხვა სახის არასათანადო მოპყრობის შემთხვევებზე მუდმივი დაუსჯელობის, მათ შორის დაკავებული აქციის მონაწილეების მიმართ 2024 წლიდან ფართოდ გავრცელებული ძალადობის გამო. ეფექტიანი გამოძიებისა და ანგარიშვალდებულების კუთხით ასეთი მარცხი წარმოშობს რისკს, რომ ეს ძალადობა კიდევ გაგრძელდეს. საქართველოს ხელისუფლებამ უნდა გაარღვიოს დაუსჯელობის ეს წრე; შექმნას ისეთი ზედამხედველობის მექანიზმი, რომელსაც ჭეშმარიტად შეეძლება ძალადობის ეფექტიანად და დამოუკიდებლად აღკვეთა; შექმნას საჩივრების ნამდვილად დამოუკიდებელი განხილვის მექანიზმები და დაზარალებულები უზრუნველყოს გარანტირებული სამართლიანობითა და კომპენსაციით". - ნათქვამია განცხადებაში.
დიდი ბრიტანეთი ევროკავშირთან თავისუფალი გადაადგილების შესაძლო აღდგენაზე საუბრობს
Anchorსოფლის მეურნეობის, კვების მრეწველობისა და ტექნოლოგიების უმსხვილესი საერთაშორისო გამოფენა თბილისში
მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის ათი გამარჯვებული პედაგოგი გამოვლინდა
ფინეთის პრეზიდენტმა პუტინთან სატელეფონო საუბრისთვის მზადებაზე ისაუბრა
|
რედაქტორის რჩევით
აშშ-ის ბინძური საარჩევნო რბოლა:შეურაცხყოფა და დამცირება, რა ხდება არჩევნებამდე
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)