|
2026-08-27 12:19:23, 1072 ნახვა
ეკონომიკა
თბილისობა 3-4 ოქტომბერს გაიმართება - მერიამ ₾3,1-მილიონიანი გამარტივებული შესყიდვა გამოაცხადა
წელს, თბილისობა 3-4 ოქტომბერს გაიმართება. ღონისძიების ორგანიზებისთვის თბილისის მერიამ 3 114 727 ლარის გამარტივებული შესყიდვა გამოაცხადა. როგორც შესყიდვის აღწერაში წერია, თბილისობის დღესასწაულთან დაკავშირებით 2026 წლის 3 და 4 ოქტომბერს მერია მრავალფეროვანი კულტურული, გასართობი, შემეცნებითი და სანახაობრივი ღონისძიებების გამართვას გეგმავს. კერძოდ, სხვადასხვა ლოკაციაზე განთავსდება თემატური დეკორაციები და ინსტალაციები - დეკორირებული თაღები, ფოტოზონები, მოსასვენებელი სივრცეები, ინტერაქციული ინსტალაციები, ფლორისტული ზონები, სცენის დეკორაციები, სხვადასხვა სივრცის სადღესასწაულო მორთულობა. გაიმართება განსხვავებული ჟანრის საბავშვო და საღამოს კონცერტები, თეატრალური წარმოდგენები და პერფორმანსები, კულტურული, სპორტული, საგანმანათლებლო და საბავშვო-გასართობი აქტივობები, ზღაპრის გმირების მსვლელობა. მოეწყობა სამეწარმეო და გასტრონომიული ზონები, სადაც წარმოდგენილი იქნება ქართული და უცხოური სამზარეულო, კულინარიული ზონები და მასტერკლასები, სწრაფი კვების ობიექტები, ტრადიციული ნუგბარის, თაფლის და ღვინის გამოფენა-გაყიდვა-დეგუსტაციები, თანამედროვე კონდიტერია, ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა. გაიმართება საზეიმო კონცერტი და თბილისის საპატიო მოქალაქეების დაჯილდოების ცერემონია. მერია განმარტავს, რომ თბილისობის დღესასწაულისადმი მიძღვნილი ღონისძიებები ატარებს მაღალი სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ხასიათს, ხოლო მათი სრულყოფილი და შეუფერხებელი განხორციელება ემსახურება მნიშვნელოვანი საზოგადოებრივი, კულტურული და საჯარო ინტერესების უზრუნველყოფას. კითხვაზე - რამ გამოიწვია ღონისძიების შეზღუდულ ვადაში ჩატარების აუცილებლობა და რატომ ვერ იქნებოდა შესყიდვები წინასწარ დაგეგმილი? - მერიის განმარტებაში აღნიშნულია: “ღონისძიებების სპეციფიკიდან გამომდინარე, დაგეგმილ აქტივობათა მნიშვნელოვანი ნაწილი წარმოადგენს საავტორო და ინდივიდუალურ შემოქმედებით ნამუშევრებს, რომელთა შინაარსი, მხატვრული გადაწყვეტა და განხორციელების ფორმა ყალიბდება შემოქმედებითი პროცესისა და შესაბამის სფეროში მოქმედ კვალიფიციურ შემსრულებლებთან ინტენსიური სამუშაო შეხვედრებისა და მოლაპარაკებების შედეგად. აღნიშნული პროცესი მოითხოვს პროგრამის, მონაწილეთა შემადგენლობისა და ტექნიკური გადაწყვეტების ეტაპობრივ დაზუსტებას, რაც შეუძლებელს ხდის შესყიდვის ყველა არსებითი პირობის წინასწარ განსაზღვრასა და დაგეგმვას. ღონისძიების მასშტაბისა და მრავალფეროვნების გათვალისწინებით, მოსამზადებელი პროცესის მიმდინარეობისას ეტაპობრივად ზუსტდება ცალკეული ლოკაციების გაფორმება, პროგრამა, მონაწილეთა შემადგენლობა, ტექნიკური მოთხოვნები და სხვა ორგანიზაციული საკითხები. ამასთან, შესაბამისი მომსახურებების შესყიდვა დამოკიდებულია კონკრეტული შემსრულებლებისა და მომსახურების მიმწოდებლების ხელმისაწვდომობასა და მათი მონაწილეობის დადასტურებაზე, რაც პირდაპირ გავლენას ახდენს შესყიდვის ობიექტის საბოლოო მოცულობის, შინაარსისა და ტექნიკური პარამეტრების განსაზღვრაზე. შესაბამისად, ღონისძიების ორგანიზების პროცესში არსებული გარემოებების გათვალისწინებით, შესყიდვის ობიექტის საბოლოო მოცულობის, შინაარსისა და ტექნიკური პარამეტრების განსაზღვრა შესაძლებელია მხოლოდ მოსამზადებელი პროცესის შესაბამის ეტაპზე, რაც განაპირობებს შესყიდვის პროცედურების შეზღუდულ ვადებში განხორციელების აუცილებლობას”, - წერია განმარტებაში.
მარინ ლეპენი დემოკრატიის საფრთხის შესახებ აფრთხილებს და მაკრონის მთავრობას აკრიტიკებს
ფასების ზრდის წინააღმდეგ საპროტესტო აქციები: მილანში 50 ადამიანი დააკავეს, შეტაკებები ტურინსა და ბოლონიაშიც
თურქ მომღერალ ილიას იალჩინტაშს ნარკოტიკებთან დაკავშირებულ საქმეში მინიმუმ 10 წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება
ზელენსკიმ აშშ-სა და რუსეთს შორის შესაძლო დაახლოებას „ისტორიული შეცდომა“ უწოდა
|
რედაქტორის რჩევით
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
ომი უკრაინაში
Z-ბლოგერებმა უარყვეს რუსეთის გენერალური შტაბის მტკიცება, რომ მათ დონეცკის ოლქის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ქალაქი დაიკავეს
რუსეთმა სლავიანსკს FAB-250-ით დაარტყა: მრავალსართულიანი შენობები დაინგრა, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)