|
2026-05-26 12:27:17, 260 ნახვა
პოლიტიკა
შიო III: თავისუფლება მხოლოდ პოლიტიკურ მონაპოვრად და წარსულის მემკვიდრეობად არ უნდა ვაქციოთ
საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი შიო მესამე საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით რუსთაველზე მიმდინარე ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა. მან დამოუკიდებლობის და თავისუფლების მნიშვნელობაზე ისაუბრა. ამ კონტექსტში, მან მიმართა ახალგაზრდებს და თქვა, რომ მნიშვნელოვანია, მომავალმა თაობამ "მართებულად გაიაზროს თავისუფლების არსი". ამასთან, სიტყვით გამოსვლისას მან თქვა, რომ ყოველდღიურად უნდა ხდებოდეს შრომა და ზრუნვა თავისუფლების განმტკიცებისთვის. "26 მაისი ჩვენი ქვეყნის ისტორიაში უმნიშვნელოვანესი დღეა. ის გამოხატავს ქართველი ხალხის მრავალსაუკუნოვან სწრაფვას და ბრძოლას თავისუფლებისთვის, ქრისტიანული რწმენის და ეროვნული ფასეულობების დაცვისთვის. 1918 წლის 26 მაისს სახელმწიფოებრიობის აღდგენით ჩვენმა ერმა, მსოფლიოს წინაშე, კიდევ ერთხელ წარმოაჩინა თავისი ურყევი ნება, ყოფილიყო თავისუფალი, დამოუკიდებელი და საკუთარ აწმყოსა და მომავალზე პასუხისმგებელი. დამოუკიდებლობის მოპოვების და განმტკიცების გზაზე, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია მუდამ იყო ქართველი ერის სულიერი საყრდენი და ეროვნული ერთიანობის საფუძველი. ნიშანდობლივია, რომ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის მოპოვებას წინ უძღოდა ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენა. ჭეშმარიტებისკენ სწრაფვით ქართველმა ერმა შეიცნო თავისუფლება ქრისტეში და სწორედ ამ ჭეშმარიტებამ განათავისუფლა იგი. ჭეშმარიტი თავისუფლება დამოუკიდებლობის მხოლოდ გარეგნული გამოხატულება და წარსულის მონაპოვარი, როდია. არამედ, ის უპირველესად ადამიანის სულიერ მდგომარეობას გულისხმობს და დიდ პასუხისმგებლობას მოითხოვს ჩვენგან. ეს არის მუდმივი შრომა, თავდადება და ერთგულება რწმენის, მოყვასის, სამშობლოს და სიმართლის მსახურება. [...] დღეს აღვნიშნავთ 1 700-წლისთავს საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებიდან. ეს თარიღი მხოლოდ ისტორიული მოვლენა არ არის, ის შეგვახსენებს იმ სულიერ საფუძველს, რომელმაც საუკუნეების განმავლობაში განსაზღვრა ქართველი ერის თვითმყოფადობა, კულტურა და სახელმწიფოებრივი ცნობიერება. ქრისტიანულმა სარწმუნოებამ ჩვენ ხალხს ასწავლა, რას ნიშნავს ჭეშმარიტი თავისუფლება, ღვითსა და მოყვასის სიყვარული, სიმტკიცე განსაცდელის ჟამს და სამშობლოსთვის თავგანწირვა. ამ ღირებულებებით განმსჭვალულმა ქართველმა ერმა გაუძლო მრავალ ქარტეხილს და ქრისტეს რწმენით განმტკიცებული კვლავ აღდგა, გაძლიერდა და არა თუ გადარჩა და შეინარჩუნა თავისი იდენტობა, არამედ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა მსოფლიო სულიერებისა და კულტურის საგანძურში. დღეს განსაკუთრებით მივესალმები თავდაცვის ძალებს, თითოეულ ჯარისკაცს, რომელიც ერთგულად იცავს სამშობლოს ღირსებას და თავისუფლებას. გახსოვდეთ, თითოეული თქვენგანი არა მხოლოდ სახელმწიფოს უსაფრთხოების გარანტი, არამედ მშვიდობის, პასუხისმგებლობის და სამშობლოს სიყვარულის მაგალითად უნდა ექცეს თანამემამულეებს. ჯარის ძალა არა ომის სურვილში, არამედ მშვიდობის შენარჩუნებაში უნდა ვლინდებოდეს. მშვიდობა ეს ის უმაღლესი მიზანია, რომელიც ამკვიდრებს კაცთა შორის მარადიულ ღირებულებებს და ჭეშმარიტ თავისუფლებას. ასევე, მინდა მივმართო ჩვენს მომავალ თაობას, როგორც ამბობს წმინდა პავლე მოციქული, თქვენ თავისუფლებისთვის ხართ ხმობილნი. თქვენ ხართ საქართველოს იმედი და სიმტკიცე, ამიტომ, მნიშვნელოვანია მართებულად გაიაზროთ თავისუფლების არსი. თანამედროვე სამყაროში ხშირად გვხვდება მცდარი წარმოდგენები თავისუფლებაზე, ადამიანს შთააგონებენ, თითქოს თავისუფლება მხოლოდ ყოველგვარი შეზღუდვის უარყოფაა, სინამდვლეში, ჭეშმარიტი თავისუფლება პირველ რიგში პასუხისმგებლობა, უფლის რწმენა და შინაგანი სიმტკიცე, პატიოსანი და ზნეობრივი ცხოვრებაა. ეს არის დაძლევა მანკიერი თვისებების, ვნებების და ვალდებულებაა, აკეთო ის, რაც მართებულია და ღვთისთვის სათნოა. სწორედ ამ ღირებულებების გაააზრებით აღზრდილი თაობა შეძლებს, შეინარჩუნოს ქვეყნის ერთიანობა და სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა. თავისუფლება მხოლოდ პოლიტიკურ მონაპოვრად და წარსულის მემკვიდრეობად არ უნდა ვაქციოთ, არამედ ყოველდღიურად ვიშრომოთ და ვიზრუნოთ მისი განმტკიცებისთვის. დაე, ჩვენი სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა დაფუძნებული იყოს ღვთისა და სამშობლოს სიყვარულზე, სამართლიანობაზე და მშვიდობაზე, ერთობასა და შემწყნარებლობაზე, მოყვასისა და საკაცობრიო სიკეთის მსახურებაზე, რადგან ძლიერი სახელმწიფო შენდება მხოლოდ მაშინ, როდესაც საზოგადოებაში სუფევს ეს სათნოებები და ხალხს აერთიანებს საერთო ეროვნული მიზნების, სულიერ-ზნეობრივი ღირებულებებისადმი ერთგულება", - თქვა შიო მესამემ.
პაპუაშვილი: ზოგიერთს დღესაც სურს, არ ვიდგეთ ფეხზე, მათ წესებს მივყვეთ, საკუთარზე უარი ვთქვათ
კობახიძე: დღეს საქართველო არის დამოუკიდებელი და სუვერენული, როგორც არასდროს
ყაველაშვილი: კარგად უნდა გავაცნობიეროთ, დამოუკიდებლობა არაა სამუდამოდ ბოძებული მოცემულობა
შიო III: თავისუფლება მხოლოდ პოლიტიკურ მონაპოვრად და წარსულის მემკვიდრეობად არ უნდა ვაქციოთ
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)