|
2026-03-08 16:59:04, 3304 ნახვა
მსოფლიო
არაბთა გაერთიანებულმა საემიროებმა ირანზე პირველი თავდასხმა განახორციელა
ისრაელის მედიის ცნობით, არაბთა გაერთიანებულმა საემიროებმა აშშ-ისრაელის სამხედრო ოპერაციის დაწყების შემდეგ ირანის ტერიტორიაზე პირველი დარტყმა განახორციელეს. Ynet-ისა და Kan 11-ის სამხედრო კორესპონდენტის, იტაი ბლუმენტალის ცნობით, თავდასხმის სამიზნე გამტკნარების ქარხანა იყო. Ynet-ის ცნობით, ისრაელი მიიჩნევს, რომ არაბთა გაერთიანებულმა საემიროებმა ირანს „სიგნალი“ გაუგზავნა, რაც იმაზე მიუთითებს, რომ თუ თეირანი გააგრძელებს არაბთა გაერთიანებულ საემიროებზე თავდასხმას, ეს უკანასკნელი შეიძლება შეუერთდეს მის წინააღმდეგ სამხედრო კამპანიას, თუმცა შეზღუდული ფორმით. არაბთა გაერთიანებული საემიროების თავდაცვის სამინისტრომ ოფიციალურად არ დაადასტურა ირანზე რაიმე დარტყმა. ამ ფონზე, საუდის არაბეთმაც გაამკაცრა რიტორიკა თეირანის წინააღმდეგ. სიტუაციის მცოდნე ოთხმა წყარომ Reuters-ს განუცხადა, რომ რიადმა გააფრთხილა ირანი, რომ თუ სამეფოსა და მის ენერგეტიკულ სექტორზე თავდასხმები გაგრძელდება, საუდის არაბეთი იძულებული იქნება, აშშ-ს ძალებს მისი ბაზების სამხედრო ოპერაციებისთვის გამოყენების უფლება მისცეს. სააგენტოს ცნობით, საუდის არაბეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პრინცმა ფეისალ ბინ ფარჰანმა, ირანელ კოლეგასთან, აბას არაკჩისთან საუბრისას განაცხადა, რომ რიადი ღიაა შუამავლობისთვის და მხარს უჭერს დიპლომატიურ მოგვარებას, მაგრამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ არც საუდის არაბეთს და არც სპარსეთის ყურის სხვა ქვეყნებს არ დაუშვეს შეერთებულ შტატებს, გამოეყენებინათ მათი ტერიტორია ან საჰაერო სივრცე ირანის წინააღმდეგ დარტყმებისთვის. ირანის წინააღმდეგ აშშ-ისრაელის ოპერაცია 28 თებერვლის დილით დაიწყო მას შემდეგ, რაც შეერთებულმა შტატებმა ვერ მიაღწია შეთანხმებას თეირანთან ბირთვულ პროგრამაზე. ვაშინგტონმა განაცხადა, რომ ოპერაციის მიზანი იყო ირანისთვის ბირთვული იარაღის შეძენის თავიდან აცილება, ქვეყნის საზღვაო ფლოტის განადგურება და ირანის მიერ მხარდაჭერილი ჯგუფების ნეიტრალიზება. საბრძოლო მოქმედებების დროს დაიღუპა უზენაესი ლიდერი აიათოლა ალი ხამენეი და ირანის რამდენიმე მაღალი თანამდებობის პირი. შურისძიების მიზნით, ირანმა მასშტაბური დარტყმები განახორციელა ისრაელის, ახლო აღმოსავლეთში ამერიკული ბაზების და სპარსეთის ყურის ქვეყნების, მათ შორის არაბთა გაერთიანებული საამიროების, ქუვეითის, კატარის, ბაჰრეინის და საუდის არაბეთის სამოქალაქო და ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ. გარდა ამისა, 5 მარტს, ირანიდან გაშვებული ორი დრონი აზერბაიჯანს დაესხა თავს: ერთი დრონი ნახიჩევანის საერთაშორისო აეროპორტს დაეჯახა, ხოლო მეორე იმავე რეგიონში, შაკარაბადის სოფელში, სკოლის მახლობლად ჩამოვარდა. ორი ადამიანი დაშავდა. მომდევნო დღეს, აზერბაიჯანის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა (SSG) განაცხადა, რომ მან ირანის სადაზვერვო სამსახურების მიერ დაგეგმილი ტერორისტული თავდასხმების სერია აღკვეთა. სააგენტოს ცნობით, დივერსიაზე პასუხისმგებელი იყო ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი (IRGC). როგორც Financial Times-ი წყაროებზე დაყრდნობით ადრე იტყობინება, ესკალაციამდეც კი ირანმა შეიმუშავა გეგმა, რომელიც რეგიონში ქაოსის შესაქმნელად და დასავლეთზე ზეწოლის განსახორციელებლად მეზობლების ენერგეტიკულ ობიექტებზე თავდასხმას ისახავდა მიზნად.
სინოდის მომდევნო სხდომა 24 აპრილს გაიმართება
მეუფე ილარიონის თქმით, სინოდზე ასაკის ცენზზე შეთანხმებას ვერ მიაღწიეს, განათლებაზე არ უმსჯელიათ
წყნეთში, სკვერში დენის დარტყმის შედეგად გარდაცვლილი მოზარდის ოჯახი მომხდარზე პასუხისმგებლობას კალაძეს აკისრებს
მედვედევი: დროა, შევწყვიტოთ ტოლერანტული დამოკიდებულება მეზობლების EU-ში გაწევრიანების მიმართ
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
რეჟიმის წარმომადგენლები ხოშტარიას შვილებს ესხმიან თავს
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოდესის დაბომბვის შედეგად დაიჭრა 11 ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი
დღეს რუსეთმა 556 თავდასხმის დრონი გაუშვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)