| 
 2025-10-28 18:48:07, 678 ნახვა 
 ივანიშვილის რეჟიმი პარტიებს კრძალავს, გახარიას გაერთიანების გარდა - ვის რა პასუხი აქვს 
 
"ქართული ოცნება“ საკონსტიტუციო სასამართლოს ამ ეტაპზე არ მიმართავს კონკრეტული ინდივიდების, უპარტიო ან პარტიასთან დაკავშირებული პირების პოლიტიკური საქმიანობის აკრძალვის მოთხოვნით. ამის შესახებ სადავო პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა დღეს, 28 ოქტომბერს, გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. „ჩვენ ამ ეტაპზე ინდივიდებთან დაკავშირებით სასარჩელო მოთხოვნა არ გვაქვს, ვინაიდან ინსტრუმენტი, რომელიც მემკვიდრე პარტიის სახით არსებობს, იძლევა უფრო ფართო შესაძლებლობას, რომ ის ადამიანები, რომლებიც იქნებიან დაკავშირებული აკრძალულ პარტიებთან, მათი არაკონსტიტუციური პოლიტიკური საქმიანობა აღვკვეთოთ ანუ უფრო მოქნილი და ფართო ინსტრუმენტი არის, ვიდრე ეს იქნებოდა, თუკი ჩვენ ინდივიდებისგან შემდგარ სიას ჩამოვაყალიბებდით და ჩვენ ვამჯობინეთ ამ გზით წასვლა ამ ეტაპზე", - თქვა შალვა პაპუაშვილმა. "ქართული ოცნების" წარმომადგენლები მანამდე არ გამორიცხავდნენ, რომ პარტიების აკრძალვის მოთხოვნით სარჩელთან ერთად, საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მიემართათ დაკავშირებული პირებისთვის პოლიტიკური საქმიანობის უვადოდ აკრძალვის მოთხოვნითაც. ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი მიიჩნევდა, რომ თუ "ქართული ოცნება" პარტიებთან დაკავშირებული პირებისთვის პოლიტიკური საქმიანობის განუსაზღვრელი ვადით აკრძალვას მოითხოვდა, ეს არაკონსტიტუციური იქნებოდა. ასევე მათი განცხადებით, მსგავსი სარჩელის განხილვის მანდატი საკონსტიტუციო სასამართლოს კონსტიტუციით არ გააჩნდა და თუ ის "ქართული ოცნების" დეპუტაციის სარჩელს წარმოებაში მიიღებდა, დაარღვევდა საქართველოს კონსტიტუციას. დღეს, 28 ოქტომბერს, გახდა ცნობილი, რომ „ქართული ოცნება“ საკონსტიტუციო სარჩელით მოითხოვს არაკონსტიტუციურად გამოცხადდეს სამი ოპოზიციური პარტია: „ნაციონალური მოძრაობა“, „ლელო - ძლიერი საქართველო“ და „კოალიცია ცვლილებისთვის“. "ქართული ოცნება" არ მოითხოვს პარტიის, "გახარია საქართველოსთვის" აკრძალვას. „ლელო - ძლიერი საქართველოსთვის“ აცხადებს, რომ „ქართული ოცნების“ საკონსტიტუციო სარჩელის მიუხედავად, გააგრძელებენ ბრძოლას „გამარჯვებისთვის“. ამის შესახებ პარტიის გენერალურმა მდივანმა და 2025 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე თბილისის მერობის კანდიდატმა, ირაკლი კუპრაძემ, განაცხადა. „ჩვენ ვაგრძელებთ ბრძოლას და წინააღმდეგობას. რუსულ რეჟიმს, რომელსაც აქვს დავალება, რომ ამ ქვეყანაში გააქროს პროდასავლური სახალხო ოპოზიციური ხმა, მათ შორის „კოალიცია ძლიერი საქართველოს“ და „ლელოს“ სახით, ჩვენთვის ეს არის ისეთი გამოწვევა, რომელსაც აუცილებლად მოვუძებნით წინააღმდეგობის გზას“, - თქვა ირაკლი კუპრაძემ. „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი თენგო თევზაძე აცხადებს, რომ „ქართული ოცნების“ მიერ საკონსტიტუციო სასამართლოში შეტანილი სარჩელის მიუხედავად გამოიყენებენ ყველა შესაძლებლობას, რათა „ეროვნული ძალები მოვიდნენ ხელისუფლებაში“. ამის შესახებ მან პარტიაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. „რეჟიმმა და ივანიშვილმა კიდევ ერთხელ გამოხატულად თქვა, რომ ის არის სუსტი და ეშინია ეროვნული ძალების სამართლიან არჩევნებში... პარტიები არის ინსტრუმენტი დემოკრატიისთვის, სხვა შემთხვევაში ხელისუფლებას და რეჟიმებს ცვლის ხალხი... ჩვენ ყველა ბერკეტს გამოვიყენებთ იმისათვის, რომ „ქართული ოცნება“ დამარცხდეს და ეროვნული ძალები მოვიდეს საქართველოს ხელისუფლებაში...“ - განაცხადა თენგო თევზაძემ. „კოალიცია ცვლილებისთვის“ მსგავსად „ნაციონალურ მოძრაობასა“ და „ლელო - ძლიერ საქართველოშიც“ აცხადებენ, რომ საკონსტიტუციო სარჩელის მიუხედავად, გააგრძელებენ ბრძოლას. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა ეხმაურება "ქართული ოცნების" გადაწყვეტილებას, საკონსტიტუციო სარჩელით მოითხოვოს სამი ოპოზიციური პარტიის: „ნაციონალური მოძრაობის“, „ლელო - ძლიერი საქართველოს“ და „კოალიცია ცვლილებისთვის“ აკრძალვა. მისი სიტყვებით, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" იმ პარტიებთან ერთადაც გააგრძელებს ბრძოლას, რომლებსაც "ქართული ოცნება" გაუქმებას უპირებს. "ქართული ოცნების" მცდელობას, თინა ბოკუჩავა ბიძინა ივანიშვილის დასამარცხებლად დემოკრატიული პოლიტიკური ძალების გაერთიანების ახალ შესაძლებლობად განიხილავს. „არანაირი მნიშვნელობა არ აქვს ივანიშვილის კენგურუ სასამართლო, საკონსტიტუციო სასამართლოდ წოდებული, რომელ პარტიას გააუქმებს და არ გააუქმებს - ასე რომ, ეს მხოლოდ შესაძლებლობად შეგვიძლია ვაქციოთ და ერთადერთი, რაც ნამდვილად და უტყუარად აიკრძალება, იქნებიან პაპუაშვილი და ივანიშვილის სხვა ამფსონები, რომლებიც აიკრძალებიან ევროკავშირის წევრ ქვეყნებში და ვეღარასდროს შეძლებენ თავისუფალ ევროპულ სივრცეში შესვლას, რომლებსაც, ასევე არ ასცდებათ სხვა ტიპის სანქციები“, - ამბობს თინა ბოკუჩავა. „ქართულმა ოცნებამ“ ოპოზიციურ პარტიების გაუქმების დაპირება საკუთარ ამომრჩეველს 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ მისცა. მტკიცებულებების მოსაპოვებლად სადავო პარლამენტში შეიქმნა დროებითი საგამოძიებო კომისია და შეისწავლეს „ნაციონალური მოძრაობის“ საქმიანობა 2003 წლიდან დღემდე. პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე 2025 წლის 17 ივლისს ამბობდა, რომ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობის მიუხედავად, მოითხოვდნენ „ლელოსა“ და „გახარია საქართველოსთვის“ არაკონსტიტუციურად ცნობას. 
  | 
 რედაქტორის რჩევით 
 
ოცნების რეჟიმის დაპირების მიუხედავად ფასები პროდუქტზე დრამატულად იზრდება  
 
ივანიშვილის რეჟიმი პარტიებს კრძალავს, გახარიას გაერთიანების გარდა - ვის რა პასუხი აქვს 
ომი უკრაინაში 
რუსი ოკუპანტები აცხადებენ რომ ქალაქი პოკროვსკი აიღეს, უკრაინა ცნობას უარყოფს 
 
რუსეთი დონეცკის რეგიონში შეტევის დასაწყებად 170 000 ჯარისკაცს აგზავნის 
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე  
	  
 | 


ავტორი: ექსპრესნიუსი, 



			
				epn.ge (@expressnews.ge)