16:45 - 18 Oct, 2025
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-10-15 15:20:06, 441 ნახვა

ოცნების საკანონმდებლო ტერორიზმი

"ქართული ოცნება" საკანონმდებლო ტერაქტებს ახორციელებს, საკუთარი ხალხის მიმართ. ოპოზიციური პარტიების ასიათასობით ამომრჩეველს არად აგდებს და ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილის დაკვეთას ასრულებს. 
15 ოქტომბერს პარლამენტი, პირველი მოსმენით, დაჩქარებული წესით განიხილა საკანონმდებლო პაკეტი, რომლის ამოქმედების შედეგად კონკრეტულ პირებს პარტიული საქმიანობა, პოლიტიკური თანამდებობის დაკავების უფლება და პასიური საარჩევნო უფლება აეკრძალებათ.

„ქართული ოცნების“ ინიციატივით ცვლილებები „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ ორგანულ კანონში, „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ ორგანულ კანონში, „საარჩევნო კოდექსსა“ და „სისხლის სამართლის კოდექსში“ ხორციელდება.

საკანონმდებლო პაკეტის მიხედვით, კონსტიტუციის დამრღვევ პოლიტიკურ პარტიასთან დაკავშირებულ პირებს პასიური საარჩევნო უფლება აეკრძალებათ - ისინი ვეღარ იყრიან კენჭს საპარლამენტო თუ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში. მათ ნებისმიერი პარტიის წევრობა აეკრძალებათ და ასეთი პირების მიერ ახალი პარტიის შექმნა დაუშვებელი იქნება. ასევე, ვერ დაიკავებენ უმაღლეს თანამდებობას და ვერ გახდებიან კონსტიტუციით გათვალისწინებული ორგანოს ხელმძღვანელები.

გარდა ამისა, მოქმედმა პარტიებმა პოლიტიკურ საქმიანობას ჩამოშორებული პირები მათ რიგებში არ უნდა გააწევრიანონ და პარტიულ სიებში არ უნდა წარადგინონ. წინააღმდეგ შემთხვევაში, მათი რეგისტრაციის გაუქმების საკითხიც დადგება.

იმ შემთხვევაში, თუ პოლიტიკური პარტიები მათ რიგებში ისეთ პირს მიიღებენ, რომელსაც პარტიის წევრობა აკრძალული აქვს, ეს პარტიის სისხლის სამართლებრივი წესით დაჯარიმებას გამოიწვევს.
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია აცხადებს, რომ „ოცნების“ ინიციატივა – ინდივიდების პოლიტიკური საქმიანობის აკრძალვის შესახებ საქართველოს კონსტიტუციასთან შეუსაბამოა.

ორგანიზაციის მიერ დღეს, 15 ოქტომბერს, გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ:

„2025 წლის 13 ოქტომბერს „ქართულმა ოცნებამ“ დაჩქარებული წესით დაიწყო საკანონმდებლო პაკეტის განხილვა, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ აკრძალულ პოლიტიკურ პარტიასთან დაკავშირებული პირებისთვის პარტიული საქმიანობის (მათ შორის, პარტიის დაარსება, პარტიის ხელმძღვანელი თანამდებობის დაკავება), სახელმწიფო-პოლიტიკური და პოლიტიკური თანამდებობის დაკავების უფლების, ასევე არჩევნებში მონაწილეობის აკრძალვას ითვალისწინებს.

აღსანიშნავია, რომ 2025 წლის 13 მაისს, „ქართულმა ოცნებამ“ მესამე მოსმენით უკვე მიიღო კანონი, რომელიც, მათივე თქმით, უზრუნველყოფს „კოლექტიური ნაცმოძრაობის“ აკრძალვას. აღნიშნულის შედეგად საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესაძლებლობა მიეცა გამარტივებული პროცედურების გამოყენებით აკრძალოს პარტია, რომლის გაცხადებული მიზანი ან/და საქმიანობის არსი (მათ შორის, პერსონალური შემადგენლობა) არსებითად იმეორებს უკვე აკრძალული პარტიის გაცხადებულ მიზანს ან/და საქმიანობის არსს (მათ შორის, პერსონალურ შემადგენლობას)“.

Საიამ აღნიშნული ცვლილებები პოლიტიკური ოპონენტების განადგურებისთვის ნიადაგის მომზადებად და ერთპარტიული, ავტორიტარული მმართველობის დამყარების მცდელობად შეაფასა. საიას შეფასებით, სწორედ ამ ტენდენციის გაგრძელებას წარმოადგენს ახალი, უკვე ინდივიდუალური შეზღუდვების დაწესება პოლიტიკურ პარტიასთან დაკავშირებული პირებისთვის.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია მიუთითებს, რომ კანონპროექტის ავტორები განმარტებით ბარათში მოიხმობენ თავდაცვისუნარიანი დემოკრატიის კონცეფციას და აღნიშნავენ, რომ კანონპროექტის მიზანია დემოკრატიული პროცესების დაცვა მისი „ბოროტად გამოყენებისგან“.

„თავდაცვისუნარიანი დემოკრატიის დოქტრინა მართლაც აღიარებს, რომ დემოკრატიას უნდა ჰქონდეს საკუთარი თავის დაცვის უნარი, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ამ დოქტრინის შეუცვლელი ნაწილია ლიბერალური, წარმომადგენლობითი დემოკრატიული წესრიგი, რომელიც ეფუძნება პოლიტიკურ აქტორებს შორის თავისუფალი კონკურენციის ხელშეწყობას და გამყარებულია სიტყვისა და გაერთიანების თავისუფლებით, ასევე პლურალიზმისა და ტოლერანტობის პრინციპებით. აღნიშნული კანონპროექტი კი აჩენს რეალურ რისკს, რომ თავდაცვითი დემოკრატიის პრინციპი, შესაძლოა, გამოიყენებოდეს ავტორიტარული ტენდენციების გასამყარებლად და ფასადურად, დემოკრატიის დაცვის მოტივით, პოლიტიკური ოპონენტების განადგურების იარაღად იქცეს“ – წერს საია.

ორგანიზაციის განცხადებით, პარტიასთან კავშირში მყოფი პირების პოლიტიკაში მონაწილეობის აკრძალვა წარმოადგენს სრულიად ბუნდოვან და გაუმართლებელ პასუხისმგებლობის კოლექტივიზაციას, რაც წინააღმდეგობაში მოდის ევროპული კონვენციის მე-11 მუხლთან (გაერთიანების თავისუფლება). ამავე მუხლით, ისევე, როგორც სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებათა საერთაშორისო პაქტის 22-ე მუხლით, ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის – თავისუფლად შექმნან და შეუერთდნენ პოლიტიკურ პარტიებს პოლიტიკური ორგანიზაციის შექმნის უფლება ასევე პირდაპირ არის აღიარებული კოპენჰაგენის დოკუმენტის 7.6 პუნქტით.

„გარდა ამისა, კანონპროექტიდან არ ჩანს, თუ რას მოიცავს პარტიასთან დაკავშირებული პირის ცნება და მასში რა სახის კავშირი იგულისხმება. კანონის ასეთი ბუნდოვანი რეგულაცია კი ტოვებს ინტერპრეტაციის ფართო არეალს და ქმნის მისი ბოროტად გამოყენების რისკს, რომ ოპოზიციურად განწყობილი პირების აქტივობა სასამართლოს მეშვეობით მარტივად შეიზღუდოს პარტიასთან „დაკავშირებული პირის“ სტატუსით. თავისთავად, ბუნდოვანი ნორმა მისი არაკონსტიტუციურობის საფუძველს შეიძლება ქმნიდეს“ – წერს საია. 

ორგანიზაცია ასევე დასძენს, რომ შემოთავაზებული ვარიანტით, კონკრეტულ პარტიასთან კავშირი პირისათვის შეიძლება მისი პოლიტიკური კარიერის დასრულების ტოლფასი იყოს მთელი სიცოცხლის მანძილზე, რაც არსებითად არაპროპორციულად ზღუდავს პირის პოლიტიკურ უფლებებს.

„წარმოდგენილი ცვლილებები კონსტიტუციის საწინააღმდეგოდ აფართოებს საკონსტიტუციო სასამართლოს მანდატს. საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლი ამომწურავად განსაზღვრავს საკონსტიტუციო სასამართლოს კომპეტენციას და გამორიცხავს მიმდინარე კანონმდებლობით მის გაფართოებას. აღნიშნულ ჩამონათვალში არ არის მითითებული უფლებამოსილება, რომელიც სასამართლოს საშუალებას მისცემდა ფიზიკური პირებისთვის პოლიტიკური უფლებების შეზღუდვა დაეკისრებინა, მით უმეტეს – კოლექტიური პასუხისმგებლობის ფორმით.

მოცემულ შემთხვევაში „ქართულ ოცნებას” არ აქვს საკონსტიტუციო უმრავლესობა. ამიტომ, მიმდინარე კანონმდებლობაში მარტივი უმრავლესობის გზით ცდილობს მისთვის სასურველი საკანონმდებლო ველი შექმნას.

ზემოთ განხილული ინდივიდუალური ცვლილებების მიღება საბოლოო ჯამში მნიშვნელოვან დემოკრატიულ ეროზიას იწვევს. სწორედ იმიტომ, რომ დემოკრატიის დაცვასა და პოლიტიკური პლურალიზმის განადგურებას შორის ზღვარი ძალიან მყიფეა, კონსტიტუცია ზღუდავს ასეთ უფლებამოსილებას მკაფიოდ განსაზღვრული წესით.

შესაბამისად, საიას შეფასებით წარმოდგენილი კანონპროექტი, რომელიც აკრძალული პარტიებთან დაკავშირებული პირებისთვის პოლიტიკურ აქტივობაში მონაწილეობის შეზღუდვას ითვალისწინებს, წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს კონსტიტუციასთან და საერთაშორისო სტანდარტებთან. ცვლილებით არაპროპორციულად, განუსაზღვრელი ვადით იზღუდება ინდივიდის უფლებები, რამაც გრძელვადიან პერსპექტივაში შეიძლება პოლიტიკური სპექტრის გაქრობა გამოიწვიოს“ – წერს ორგანიზაცია.

ბიძინა ივანიშვილის წარმომადგენელი პარლამენტში არჩილ გორდულაძემ განმარტა, ინდივიდების პოლიტიკური საქმიანობის აკრძალვის თაობაზე „ქართული ოცნების“ ინიციატივით, ადამიანებს პასიური საარჩევნო უფლება რაიმე კონკრეტული ვადით აეკრძალებათ თუ სამუდამოდ.

როგორც გორდულაძემ სესიაზე განაცხადა, „როგორც ადოლფ ჰიტლერი არ შეიცვლიდა თავის ზნეს, ისე არ შეიცვლიან „კოლექტიურ ნაცმოძრაობაში“ გაერთიანებული, რეალურად, ნაცისტური განცხადებების გამკეთებელი პირები“.

გორდულაძის თქმით, საკანონმდებლო ცვლილებაში არავითარი ვადა მითითებული არ არის და არც იქნებოდა მიზანშეწონილი.

„ამ კითხვაზე პასუხი მარტივია - წარმოვიდგინოთ, რომ ნაცისტური პარტია აიკრძალა. მხოლოდ რეგისტრაციის გაუქმება იქნებოდა მიზანი თუ არა ნაციზმზე უარის თქმისთვის და რეალიზებისთვის? არა, რა თქმა უნდა. შესაბამისად, ნაციზმის შემოქმედ პირებს, რომლებიც ნაცისტურ პარტიას ქმნიდნენ, მათაც აეკრძალებოდათ პოლიტიკური საქმიანობა. წარმოვიდგინოთ სხვანაირად რომ განვითარებულიყო მეორე მსოფლიოს ომის დროინდელი მოვლენები და ადოლფ ჰიტლერს რა ვადით შეიძლებოდა აკრძალვოდა პარტიის დაფუძნება? რა თქმა უნდა, უვადოდ იმიტომ, რომ ადოლფ ჰიტლერი თავის ზნეს არასდროს შეიცვლიდა. ზუსტად ასე არიან ახლა „კოლექტიურ ნაცმოძრაობაში“ გაერთიანებული, რეალურად, ნაცისტური განცხადებების გამკეთებელი პირები - როგორც ადოლფ ჰიტლერი არ შეიცვლიდა თავის ზნეს, ისე არ შეიცვლიან და არ ექნებათ სურვილიც კი, რომ ქვეყნის ღალატზე, კონსტიტუციის დარღვევაზე, ლეგიტიმურად არჩეული ხელისუფლების დამხობაზე, მათ შორის ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფაზე და ასე შემდეგ, ხელი აიღონ. შესაბამისად, არავითარი ვადა კანონით მითითებული არ არის და არც იქნებოდა მიზანშეწონილი აღნიშნული ვადის ჩაწერა, მარტივია. ქვეყნის ღალატზე ხელმომწერი ადამიანი არის, წარსულშიც იყო და იქნება მოღალატე“, - განაცხადა არჩილ გორდულაძემ.

„ქართული ოცნების“ დეპუტატის, ლადო ბოჟაძის განცხადებით, ოპოზიციური პარტიების აკრძალვა უნდა გავრცელდეს ყველა იმ პირზე, ვინც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების პერიოდში იკავებდა პოლიტიკურ თანამდებობას.

ბოჟაძემ აღნიშნა, რომ ასეთი პირები ქვეყნის იმ რეჟიმის „შემოქმედები და შემსრულებლები“ იყვნენ, რომელიც, მისი თქმით, „დემოკრატიულ პრინციპებს არღვევს“. დეპუტატის აზრით, აკრძალვის სიაში უნდა მოხვდნენ ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, ყოფილი მინისტრები დავით კეზერაშვილი, ზურაბ ადეიშვილი, ასევე პოლიტიკოსები გიგა ბოკერია და ზურა ჯაფარიძე.

მისივე თქმით, მსგავსად უნდა შეფასდეს ყველა ყოფილი დეპუტატი და მინისტრი, ვინც იმ პერიოდში მონაწილეობდა პოლიტიკურ გადაწყვეტილებებში. 

იქნებიან ის ადამიანები, ვინც ნაციონალური მოძრაობის დროს იმ რეჟიმის უშუალო შემოქმედები იყვნენ, მაღალი თანამდებობის პირები, მათ შორის, მიხეილ სააკაშვილი, ადეიშვილი, კეზერაშვილი. კომისიის დროს დავიბარებდი გიორგი ბარამიძეს.

ვფიქრობ, რომ ნაციონალური მოძრაობის დროს ყველა, ვისაც ჰქონდა პოლიტიკური თანამდებობა, დეპუტატები, მინისტრები და ა.შ., ყველა ამ სიაში უნდა მოხვდეს იმიტომ, რომ ეს ადამიანები იყვნენ შემსრულებლებიც და ორგანიზატორებიც რეჟიმისა, რომელიც იყო ჩვენს ქვეყანაში.

მე შემიძლია განვსაზღვრო, რომ, მაგალითად, ზურა გირჩი ჯაფარიძე არის არა მხოლოდ გირჩის ლიდერი, არამედ იყო ენმ-ს ლიდერი. მაგალითად, გიგა ბოკერია. 2012 წლის შემდეგ ენმ-ს ჰქონდა დაშლის და გაშლის გეგმა, - თქვა ბოჟაძემ 




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
19 ოქტომბერს, რუსთაველის გამზირზე მოძრაობა შეიზღუდება
რუსეთში ქალების 60% და მამაკაცების 81% პირველ პაემანზე ინტიმურ ურთიერთობას უშვებს.
ტრამპმა ზელენსკისთან შეხვედრაზე უკრაინისთვის „ტომაჰავკის“ ტიპის რაკეტების მიყიდვაზე უარი თქვა - Axios
პროკურატურამ პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე ორი პირი დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics

X
GE25BG0000000606108352 საქართველოს ბანკი
GE41TB7089836080100007 TBC ბანკი