02:12 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-23 16:18:03, 689 ნახვა

ეკონომიკა
საქართველოსა და ბელარუსის პრემიერებმა ორი ქვეყნის ეკონომიკურ პოტენციალზე ისაუბრეს

პრემიერ-მინისტრის შეფასებით, საქართველოს მიმზიდველობას, სხვა ძირითადი მიმართულებების გარდა, მისი სტრატეგიული მდებარეობაც განაპირობებს.

მთავრობის მეთაურის თქმით, საქართველოს, როგორც ტვირთების გადაზიდვისა და აზიიდან ევროპაში ნახშირწყალბადების ტრანსპორტირების რეგიონალური ცენტრის,  როლი სულ უფრო იზრდება; ჩრდილოეთიდან სამხრეთისკენ და აღმოსავლეთიდან დასავლეთისკენ მიმავალი ძირითადი რეგიონალური სატრანზიტო მარშრუტები საქართველოზე გაივლის.

გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნა, რომ არსებული სატრანზიტო პოტენციალის მაქსიმალურად გამოყენების მიზნით, საქართველო მრავალ მასშტაბურ საერთაშორისო პროექტში მონაწილეობს:

ახალი ღრმაწყლოვანი პორტი ანაკლიაში, რომლის მშენებლობის დაწყება იგეგმება 2016 წელს - მას შესაძლებლობა ექნება, მიიღოს  PANAMAX-ის ტიპის მსხვილი ტონაჟის სატვირთო გემები და პორტის ტვირთბრუნვა წელიწადში 100 მილიონ ტონას შეადგენს;

ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა პირდაპირ დააკავშირებს ერთმანეთთან თურქეთს, საქართველოსა და აზერბაიჯანს, რაც ორჯერ შეამცირებს საქონლის აზიიდან ევროპაში გადაზიდვის დროს და პირიქით. პროექტის დასრულება 2016 წლის ბოლოსთვის იგეგმება;

მულტიმოდალური სამარშრუტო მატარებელი (Silk Wind) მიმართულია ჩინეთიდან ყაზახეთის, აზერბაიჯანის, საქართველოს და თურქეთის გავლით, ევროპისკენ მიმავალი სარკინიგზო კონტეინერული სატრანსპორტო დერეფნის განვითარებისკენ.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ისაუბრა თბილისის „აბრეშუმის გზის ფორუმის" შესახებ, რომელიც იყო მაღალი დონის საერთაშორისო კონფერენცია ყველა დაინტერესებული სახელმწიფოსა და საერთაშორისო ორგანიზაციისათვის, რათა გაფართოებულიყო თანამშრომლობა ოთხ ძირითად დარგში - ტრანსპორტი, ენერგეტიკა, ვაჭრობა და სახალხო დიპლომატია. გიორგი კვირიკაშვილის თქმით, ფორუმმა ბევრი ქვეყანა და აბრეშუმის გზის მარშრუტთან დაკავშირებული ბიზნესის მთავარი ხელმძღვანელები დააინტერესა.

ბიზნესფორუმზე სიტყვით გამოსვლისას მთავრობის მეთაური ქვეყანაში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მნიშვნელოვანი ზრდის ტენდენციასაც შეეხო.

„2014 წელს პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მთლიანმა მოცულობამ 1.76 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, რაც 97%-ით აღემატება 2013 წლის მაჩვენებელს. ეს გარემოება განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს რეგიონში და მისი ფარგლების გარეთ არსებული ეკონომიკური და ფინანსური კრიზისის პირობებში, რომელმაც არაერთი მეზობელი ქვეყნის განვითარება შეანელა. 2015 წელს პირდაპირმა უცხოურმა ინვესტიციებმა, წინასწარი მონაცემებით, 1.35 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა. პირდაპირი უცხოური ინვესტიციების უდიდესი წილი ტრანსპორტის, კავშირგაბმულობის, ფინანსების, მშენებლობის, წარმოებისა და ენერგეტიკის სფეროებზე მოდიოდა", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის თქმით, ბელარუსის პრემიერთან გუშინ გამართულ შეხვედრაზე განხილული იყო თანამშრომლობის ბევრი საინტერესო მიმართულება, მათ შორის საინფორმაციო და მაღალი ტექნოლოგიების სფერო, ტრანსპორტი, ტურიზმი და სხვა. გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნა, რომ სექტემბერში თბილისი ბელარუსის ტექნოლოგიების გამოფენას უმასპინძლებს და იმედი გამოთქვა, რომ თანამშრომლობის პირველი შედეგები წლის ბოლოსთვის უკვე გამოჩნდება. პრემიერი დარწმუნებულია, რომ ბელარუს-საქართველოს ბიზნესფორუმი ურთიერთხელსაყრელი ეკონომიკური ურთიერთობების შემდგომ გაღრმავებას შეუწყობს ხელს.

ბიზნესფორუმის გახსნაში საქართველოს მთავრობის მეთაურმა ბელარუს კოლეგასთან ერთად მიიღო მონაწილეობა. 

ანდრეი კობიაკოვმა საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მთელი რიგი მიმართულებებით, ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის გაღრმავების პოტენციალი არსებობს. მისი თქმით, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიზანია, ქვეყნებს შორის სავაჭრო ბრუნვის ზრდა 200 მილიონ აშშ დოლარამდე. ანდრეი კობიაკოვმა საქართველოში ბელარუსი ტურისტების მზარდ ტენდენციაზეც ისაუბრა. ბელარუსის პრემიერმა იმედი გამოთქვა, რომ ფორუმი ბიზნესებს შორის კონტაქტების გაღრმავებას შეუწყობს ხელს.

ბიზნესფორუმში 50-მდე ქართულმა და ბელარუსულმა კომპანიამ მიიღო მონაწილეობა. კომპანიებმა, ფორუმის დასრულების შემდეგ, საკუთარი პროდუქცია საქართველოსა და ბელარუსის პრემიერ-მინისტრებს წარუდგინეს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რესპუბლიკელებმა დაბლოკეს ირანთან ომთან დაკავშირებით ტრამპის უფლებამოსილების შეზღუდვის მცდელობა
რუსეთის ხელისუფლებამ სტენფორდის უნივერსიტეტი „არასასურველ ორგანიზაციად“ გამოაცხადა
აზერბაიჯანულმა მხარემ ოცნების რეჟიმს სადიგოვის ექსტრადიციის მოთხოვნის „განუხილავად დატოვება“ შესთავაზა.
ოკუპირებულ დონეცკში კობა ხაბაზს დაუსწრებლად 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics