20:49 - 09 Aug, 2025
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-08-08 12:33:01, 1167 ნახვა

როგორ დააბრეალა ოცნების რეჟიმმა და მისმა პროპაგანდისტებმა ხალხს სადგურის მოედანზე საცხოვრებელი სახლის ჩამონგრევა

პოლიტიკური პარტია „ქართული ოცნება“ ონლაინ სივრცეში საზოგადოებრივ აზრზე ზეგავლენის მოსახდენად სხვადასხვა მანიპულაციურ მეთოდს იყენებს, რის შესახებაც „სამართლიან არჩევნებს” არაერთი პუბლიკაცია გამოუქვეყნებია. პარტიასთან დაკავშირებული პროპაგანდისტული ეკოსისტემა - მედიასაშუალებები, ექსპერტებად პოზიციონირებადი პირები და ანონიმურად მოქმედი ანგარიშები - პოლიტიკურად ან/და სოციალურად მნიშვნელოვანი მოვლენების დროს განსაკუთრებით აქტიურდება, რათა სხვადასხვა ტაქტიკით საზოგადოების ნაწილის აღქმებზე იმოქმედოს. 

აღნიშნული მიდგომა გამოიკვეთა 2025 წლის ივლისის თვეში თბილისში მიმდინარე მოვლენების - სადგურის მოედანზე საცხოვრებელი სახლის ჩამონგრევისა და თვალჭრელიძის ქუჩაზე მცხოვრებლების გამოსახლების - დროს. ამ მოვლენების პარალელურად, „ქართულ ოცნებასთან“ დაკავშირებულმა პროპაგანდისტულმა ქსელმა, თბილისის მერიის პასუხისმგებლობის საკითხის გადაფარვის მიზნით, ისრები შემთხვევებში მონაწილე მოქალაქეებზე გადაიტანა. პირველ შემთხვევაში პროპაგანდისტულმა ქსელმა შენობებში მცხოვრებლების პასუხისმგებლობის საკითხი დააყენა, მეორე შემთხვევაში კი, ისრების მოქალაქეებზე გადატანასთან ერთად, გაავრცელა მათი მადისკრედიტირებელი გზავნილები. ამასთანავე, შესაბამისი უწყებების პასუხისმგებლობის საკითხის გადაფარვის მიზნით, პროპაგანდისტული ქსელი ოპოზიციასა და მედიას გამოსახლების პოლიტიკური ქულების დაწერისთვის გამოყენებაში სდებდა ბრალს. პასუხისმგებლობის არიდებასთან ერთად, აღნიშნული კამპანიების მიზანი სისტემური პრობლემების გადაფარვაც იყო.  

თითოეულ კამპანიას კოორდინირებული ხასიათი ჰქონდა და პროპაგანდისტული მედიასაშუალებები, ანონიმური გვერდები და ექსპერტებად პოზიციონირებადი პირები მსგავს გზავნილებს ავრცელებდნენ. ეს პირველი შემთხვევა არაა, როცა „ქართული ოცნების“ პროპაგანდისტული ქსელს, საკუთარი პასუხისმგებლობის მოხსნის მიზნით, ისრები კონკრეტული შემთხვევის მონაწილეებისკენ ან/და ოპოზიციისკენ გადააქვს ან შემთხვევის სიმწვავის გადაფარვის მიზნით მათ დისკრედიტაციას ახორციელებს.  

 

შენობის ფრაგმენტის ჩამონგრევა სადგურის მოედანზე 

14 ივლისს სადგურის მოედანზე ავარიული საცხოვრებელი კორპუსის ფრაგმენტი მოწყდა, რასაც ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. მალევე ფეისბუქზე ერთ-ერთი მომხმარებლის მიერ გავრცელდა 2024 წლის მარტში გადაღებული ვიდეო, სადაც ჩანდა, რომ საცხოვრებელ კორპუსს ბზარი ჯერ კიდევ 1 წლის წინ ჰქონდა. ადგილობრივების თქმით, ბზარების შესახებ თბილისის მერიას რამდენიმეჯერ შეატყობინეს. შემთხვევიდან მალევე ადგილზე მივიდა ქალაქის მერი, კახა კალაძე, რომლის განცხადებითაც, შენობა ავარიული იყო და არ ექვემდებარებოდა რეაბილიტაციას, კორპუსის დემონტაჟს კი მოსახლეობის 100%-იანი თანხმობა სჭირდებოდა, რაც მერიას არ ჰქონდა. 

შემთხვევიდან მალევე „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმა, მათთან დაკავშირებულმა პირებმა, გვერდებმა და მედიასაშუალებებმა დაიწყეს იმაზე აპელირება, რომ წარსულში მერია მოქალაქეებს ახალი სახლის აშენებას და ქირით უზრუნველყოფას სთავაზობდა, თუმცა ისინი თავად ამბობდნენ უარს ბინიდან გამოსვლაზე. მოქალაქეების პასუხისმგებლობის გამოსაკვეთად „ქართულ ოცნებასთან“ დაკავშირებული მედიასაშუალებები და ანგარიშები მათი განცხადებების ასლებს აქვეყნებდნენ, რომლებშიც ისინი ბინის დატოვებაზე უარს ამბობდნენ.

შემთხვევის შემდეგ ფეისბუქისა და ტიკტოკის პლატფორმებზე იმავე აქტორების მიერ კოორდინირებულად გავრცელდა ვიდეოც, რომელშიც ჩანდა, რომ შემთხვევის შემდეგ მოსახლეობა სახლის დატოვებაზე უარს ამბობდა.გამოსახლება თვალჭრელიძის ქუჩაზე 

24 ივლისს აღსრულების ეროვნული ბიუროს წარმომადგენლებმა, პოლიციასთან ერთად, თვალჭრელიძის ქუჩაზე მცხოვრები მოქალაქეები ძალის გამოყენებით გამოასახლეს, იმავე ღამეს კი ადმინისტრაციული წესით 17 ადამიანი დააკავეს.  

გამოსახლების პარალელურად, „ქართული ოცნების“ ეკოსისტემის - პროპაგანდისტული მედიასაშუალებების, ანონიმური გვერდებისა ექსპერტებად პოზიციონირებადი პირების - მიერ გავრცელდა გამოსახლებული პირების მადისკრედიტირებელი პოსტები. იმისთვის, რომ გამოსახლების პროცესი საზოგადოების მხრიდან უფრო ნაკლებად მტკივნეულად აღქმულიყო, პოსტებში ხაზგასმული იყო მცხოვრებლების მატერიალური მდგომარეობა და მითითებული იყო, რომ ისინი უძრავ და სხვა ტიპის ქონებას ფლობდნენ. ამ საკითხზე პროპაგანდისტული მედიის ფეისბუქგვერდებზე კონკრეტული მოქალაქეების შესახებ საინფორმაციო ბარათები, ე.წ. ქარდები გავრცელდა. გამოსახლებულთა მატერიალურ მდგომარეობაზე აქცენტს აკეთებდნენ „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი ექსპერტებად პოზიციონირებადი პირებიც.

 

 

 

პროპაგანდისტული მედიასაშუალებებისა და ანონიმური გვერდების მიერ გავრცელდა იმ პირის მადისკრედიტირებელი პოსტებიც, რომელმაც ადგილზე, პოლიციელების მიმართ ემოციური მიმართვის დროს, მაისური შემოიხია. ამ შემთხვევაშიც აქცენტი მის კერძო საკუთრებაზე კეთდებოდა და მითითებული იყო, რომ მოქალაქის მხრიდან მსგავსი ქცევა კონკრეტულ პოლიტიკურ მიზნებს ემსახურებოდა. 

მატერიალურ მდგომარეობაზე აქცენტთან ერთად, ადგილობრივების დისკრედიტაცია გამოსახლების პარალელურად მათი ქცევისა თუ ემოციური მდგომარეობის გამოც ხდებოდა.  

პოსტების ნაწილის მიზანი, სადგურის მოედნის შემთხვევის მსგავსად, გამოსახლების ფონზე მცხოვრებლების პასუხისმგებლობის დაყენება იყო. კერძოდ, კეთდებოდა აქცენტი, რომ მცხოვრებლები თავად ამბობდნენ უარს ქირისა და საცხოვრებლი უზრუნველყოფაზე. წინა შემთხვევის მსგავსად, აქაც ვრცელდებოდა ხელმოწერილი განცხადებების ასლები, რომლებშიც მოსახლეები ბინებიდან გასვლაზე უარს ამბობდნენ. ამასთანავე, ხდებოდა იმ კონკრეტული პირების დისკრედიტაციაც, რომლებმაც შეთავაზებაზე უარი თქვეს.

გამოსახლების ფონზე ვრცელდებოდა ნარატივიც, რომ ოპოზიცია და „ქართული ოცნების“ მიმართ კრიტიკულად განწყობილი მედიასაშუალებები აღნიშნულ მოვლენას პოლიტიკური ქულების დაწერისთვისა და თბილისის მერიის საწინააღმდეგო კამპანიისთვის იყენებდნენ. გზავნილი, თითქოს გამოსახლებული ხალხის უკმაყოფილება ოპოზიციის მიერ იყო დადგმული და ნაკარნახევი, „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი „ექსპერტების“ მიერ აქტიურად ვრცელდებოდა. „ქართულ ოცნებას“ აქამდეც არაერთხელ გამოუყენებია ტაქტიკა, როდესაც კონკრეტული შემთხვევების გადაფარვას ოპოზიციის ინტერესების განხილვის წინ წამოწევით ცდილობდა.


 

სისტემური პრობლემების გადაფარვის სხვა მცდელობები „ქართული ოცნებისგან“ 

ეს პირველი შემთხვევა არაა, როცა „ქართული ოცნების“ პროპაგანდა კონკრეტული მოვლენების დროს ისრების მოქალაქეებზე/სხვა პოლიტიკურ პარტიებზე გადატანის ტექნიკებს იყენებს. „სამართლიანი არჩევნები“ 2024 წლის აგვისტოში დააკვირდა ზუგდიდში ხანძრის დროს გარდაცვლილი ტყუპების დედის დისკრედიტაციის კოორდინირებულ კამპანიას. შემთხვევიდან მალევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ სოციალურად დაუცველ ოჯახს ელექტროენერგია გადაუხდელობის გამო გათიშული ჰქონდა, დედას კი ფიზიკური შრომა და ბავშვების მარტო დატოვება უწევდა ხოლმე. „ქართული ოცნების“ მხარდამჭერმა ექსპერტმა, ნინო ფოჩხუამ, საკუთარ ფეისბუქგვერდზე გამოაქვეყნა პოსტი, რომელშიც წერდა, რომ რადიკალები ზუგდიდში მომხდარ მოვლენას „ქართული ოცნების“ საწინააღმდეგოდ იყენებდნენ და პოლიტიკური ქულების დაწერას ცდილობდნენ. ფოჩხუა, ამასთანავე, მიუთითებდა, რომ ოჯახს ფინანსური პრობლემები არ ჰქონდა, დედას კი ბავშვები დატოვებული ჰყავდა სახლში და ბათუმში იყო გასართობად წასული.„ქართული ოცნების“ სასარგებლოდ მოქმედი ექსპერტები ოპოზიციურ პარტიებსა და მედიას ტრაგედიით მანიპულირებაში წარსულშიც სდებდნენ ბრალს. 2025 წლის იანვარში რიყის დოქების ტერიტორიაზე 16 წლის მოზარდის დაღუპვის შემდეგ „ქართული ოცნების“ მხარდამჭერმა ფილოსოფოსმა, ზაზა შათირიშვილმა ისრები „ერთიან ნაციონალურ მოძრაობასა“ და მედიასაშუალებებზე გადაიტანა. შათირიშვილი მაშინ პარტიას ტრაგედიით მანიპულირებასა და პოლიტიკური ქულების დაწერის მცდელობაში სდებდა ბრალს და მიუთითებდა, რომ მსგავსი შემთხვევები აქამდეც არაერთხელ ყოფილა. ამასთანავე, შათირიშვილმა პასუხისმგებლობა მიხეილ სააკაშვილსაც დააკისრა შენობის აგების გამო. ამ შემთხვევაშიც, ექსპერტებისა და „ქართული ოცნების“ მაღალჩინოსნების განცხადებების მიზანი თბილისის მერიისგან პასუხისმგებლობის მოხსნა იყო, იმაზე მითითებით, რომ ტრაგედია კერძო საკუთრებაში მოხდა. 

შეჯამება 

„ქართული ოცნება“ ბოლო წლების განმავლობაში საკუთარი პასუხისმგებლობის უგულებელყოფის მიზნით აქტიურად იყენებს სხვებზე, მათ შორის, კონკრეტულ შემთხვევებში მონაწილე პირებზე, მოქალაქეებსა თუ პოლიტიკურ პარტიებზე ისრების გადატანის პროპაგანდისტულ ტაქტიკას. მოვლენიდან მალევე „ქართულ ოცნებასთან“ დაკავშირებული პროპაგანდისტული ეკოსისტემა კოორდინირებულად ავრცელებს კონკრეტულ გზავნილს, რომლის მიზანიც პარტიის მხარდამჭერებისა და პროპაგანდისტული მედიის აუდიტორიის განწყობების სასურველ მხარეს მიმართვაა. შედეგად, იქმნება წარმოდგენა, რომ შემთხვევის მსხვერპლები თავად არიან დამნაშავეები, საჯარო უწყება პასუხისმგებელი არაა ქვეყანასა თუ ქალაქში მიმდინარე მოვლენებზე, მათ კრიტიკას კი პოლიტიკური მიზნები აქვს. აღნიშნული ტაქტიკის გამოყენების შედეგად, ხდება შემთხვევის მსხვერპლთა დელეგიტიმიზაცია და სისტემური პრობლემების გადაფარვა.



 


 




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
გორში მომხდარი დაჭრის ფაქტზე შსს-მ 6 პირი დააკავა
დონეცკის ოლქიდან გასვლის შემთხვევაში, უკრაინა დაკარგავს „ციხესიმაგრეების სარტყელს“, რომელიც რუსეთს აკავებდა
ზელენსკი რუსეთთან „ტერიტორიული გაცვლის“ წინადადებას რეაგირებს
ფაშინიანი- TRIPP არის დაკავშირების პროექტი, რომელიც მოხსნის ბლოკადას მთელ რეგიონში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics

X
GE25BG0000000606108352 საქართველოს ბანკი
GE41TB7089836080100007 TBC ბანკი