2025-06-20 18:41:10, 250 ნახვა
მსოფლიო
EU-ს 7 ქვეყანა უკრაინასთან მებრძოლ რუსებზე შენგენის ვიზის გაცემის შეწყვეტისკენ მოუწოდებს
![]() ნორდიკული და ბალტიის ქვეყნები და პოლონეთი ევროკავშირის ქვეყნებს მოუწოდებენ, რომ შენგენის ვიზისა და ბინადრობის ნებართვის გაცემა შეწყვიტონ რუსეთის მოქალაქეებზე, რომლებსაც უკრაინის წინააღმდეგ უბრძოლიათ. ამის შესახებ ერთობლივი განცხადება ლიტვის, ლატვიის, ესტონეთის, ფინეთის, ნორვეგიის, შვედეთისა და პოლონეთის შინაგან საქმეთა მინისტრებმა 19-20 ივნისს ევროკავშირის საზღვრების დაცვისა და მიმდინარე ჰიბრიდული ოპერაციების განსახილველად ტალინსა და ნარვაში შეხვედრის შემდეგ გაავრცელეს. განცხადებაში აღნიშნულია, რომ რუსეთისა და ბელარუსის რეჟიმები დემოკრატიული ევროპისთვის სისტემატურ და გრძელვადიან საფრთხეს წარმოადგენს, ამას კი “ხაზს უსვამს უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის ომის მეოთე წელი და ამ ომისთვის ბელარუსის მხარდაჭერა”. მინისტრები ხაზს უსვამენ, რომ ვიზისა და ბინადრობის ნებართვის გაცემაზე შეზღუდვა უკრაინაში ომის შეწყვეტის შემდეგაც უნდა დარჩეს ძალაში. “უკრაინის წინააღმდეგ სრულმასშტაბიანი სამხედრო აგრესიის შეწყვეტის შემთხვევაშიც კი რუსეთის მხრიდან ევროკავშირის შიდა უსაფრთხოების წინაშე არსებული საფრთხე კვლავ იარსებებს. წევრმა სახელმწიფოებმა ყველა საჭირო ზომა უნდა მიიღონ, რათა უზრუნველყონ, რომ ჩვენი უსაფრთხოებისთვის ძირის გამოთხრა ან შენგენის ზონაში თავისუფლად მოძრაობა არ შეეძლოთ პირებს, რომლებიც წარმოადგენენ ან კონტრატი ჰქონიათ რუსეთის შეიარაღებულ ძალებთან ან სხვა შეიარაღებულ ჯგუფებთან, რომლებიც რეჟიმისთვის მოქმედებენ. კერძოდ, მნიშვნელოვანია, თავი შევიკავოთ ვიზებისა და ბინადრობის ნებართვის გაცემისგან იმ პირებისთვის, რომლებსაც უკრაინის წინააღმდეგ აგრესიულ ომში მონაწილეობა აქვთ მიღებული”. - წერია ერთობლივ განცხადებაში. ქვეყნები ასევე ხაზს უსვამენ, რომ ურყევად უჭერენ მხარს უკრაინას, “რომელიც თავის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას რუსეთის აგრესიისგან იცავს”. გარდა ამისა, განცხადებაში ქვეყნები ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს თანამედროვე ტექნიკაში ინვესტირებისკენ და საზღვრების კონტროლისა და მეთვალყურეობის გაძლიერებისკენ მოუწოდებენ და აღნიშნავენ რომ ამისთვის დრონების მოსაგერიებლად ახალი სისტემების დანერგვა არის საჭირო. ამასთან, განცხადებაში ნათქვამია, რომ ევროკავშირის ქვეყნებმა ერთმანეთს მეტი სადაზვერვო ინფორმაცია უნდა გაუზიარონ. “უნდა გავაძლიეროთ ინფორმაციის გაცვლის მხრივ თანამშრომლობა, ერთობლივი ოპერაციები და ერთმანეთს უნდა დავეხმაროთ ინსტრუმენტალიზებულ მიგრაციასთან გამკლავებაში. ვაგრძელებთ ამ გამოწვევისთვის მტკიცე პასუხის გაცემის მნიშვნელობისა და შესაბამისი ინფრასტრუქტურითა და უწყვეტი პოლიტიკური ერთგულებით ჩვენი გარეეგანი სახმელეთო საზღვრების გაზრდილი მხარდაჭერის საჭიროების ხაზგასმას. ისინი, ვინც ჩვენს შიდა უსაფრთხოებას საფრთხეს უქმნიან, მათ შორის, ორგანიზებული დანაშაულის ქსელები და მტრული სახელმწიფო აქტორები, უფრო და უფრო მეტად იყენებენ განვითარებად ტექნოლოგიებს, რათა თავიანთი ამოცანები წინ წაწიონ. ჩვენი საერთო პასუხისმგებლობაა, რომ ამ საფრთხეებს გავუსწროთ”. - წერია განცხადებაში. შეხვედრის შემდეგ ესტონეთის საზოგადოებრივ მაუწყებელთან, ERR-სთან საუბრისას ესტონეთის შინაგან საქმეთა მინისტმრა, იგორ ტარომ თქვა, რომ უკრაინაში რუსეთის მხარეს მებრძოლი პირები “ყველა ჩვენგანისთვის ძალიან მნიშვნელოვან საფრთხეს წარმოადგენს”. “ეს არის ასობით ათასობით რუსეთის მოქალაქე, რომლებსაც უკრაინის წინააღმდეგ აქვთ ნაბრძოლი. უნდა ნათელი პოზიცია გვქონდეს: ამ პირებმა შენგენში თავისუფლად არ უნდა იმოგზაურონ. ჩვენ მათ ბინადრობის ნებართვასა და ვიზებს არ მივცემთ. ეს ჯგუფი, რომელიც კლავს და ანადგურებს, ყველა ჩვენგანისთვის ძალიან მნიშვნელოვან საფრთხეს წარმოადგენს”. - თქვა ტარომ. ცნობისთვის, ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ბაიბა ბრაჟემ 27 მაისს თქვა, რომ ლატვია EU-ს ქვეყნებს რუსეთის მოქალაქეებზე შენგენის ვიზის გაცემის შეწყვეტისკენ მოუწოდა.
|
რედაქტორის რჩევით
![]() გამოცხადებული ტერორის რეჟიმი - ოცნების დაჯგუფებამ მათე დევიძე 4 წლით და 6 თვით პატიმრობაში გაუშვა
ოცნების რეჟიმის რეპრესიების და ტერორის ახალი ტალღა
ომი უკრაინაში![]() უკრაინამ რუსეთის ტყვეობაში მყოფი მებრძოლების კიდევ ერთი ჯგუფი დაიბრუნა
![]() რუსებმა ოდესას დრონებით შეუტიეს - დაშავდა 13 ადამიანი
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე
ოცნების რეჟიმის რეპრესიების და ტერორის ახალი ტალღა
მთავარი თემა
|