17:18 - 10 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-05-23 11:10:57, 711 ნახვა

მსოფლიო
ტრამპის ადმინისტრაციამ ჰარვარდს საერთაშორისო სტუდენტების მიღების უფლება გაუუქმა

დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ 22 მაისს ჰარვარდის უნივერსიტეტს საერთაშორისო სტუდენტების მიღების უფლება გაუუქმა, მას შემდეგ, რაც უნივერსიტეტმა რამდენიმე უცხოეული სტუდენტის შესახებ ინფორმაციის გაცემაზე უარი განაცხადა.

ეროვნული უსაფრთხოების მდივნის, კრისტი ნოემის ბრძანებით, ჰარვარდის უნივერსიტეტის სტუდენტთა გაცვლითი პროგრამა 2025-2026 სასწავლო წლიდან უნდა შეჩერდეს.

გადაწყვეტილების შედეგად, ჰარვარდში ამჟამად მყოფ უცხოელ სტუდენტებს სხვა უნივერსიტეტებში გადასვლა ან ლეგალური სტატუსის დაკარგვა მოუწევთ.

ნოემმა ჰარვარდი "ძალადობის წახალისებაში, ანტისემიტიზმსა და ჩინეთის კომუნისტურ პარტიასთან კოორდინაციაში" დაადანაშაულა.

"უნივერსიტეტებისთვის უცხოელი სტუდენტების მიღება პრივილეგიაა და არა უფლება". - განაცხადა მინისტრმა.

ნოემმა უნივერსიტეტს მისწერა, რომ მას შეუძლია სერტიფიკატის აღდგენა, თუ უნივერსიტეტი 72 საათში უცხოელი სტუდენტების შესახებ მასალებს წარადგენს. მინისტრი, მათ შორის, იმ ვიდეო თუ აუდიო ჩანაწერებს ითხოვს, რომელიც ბოლო ხუთი წლის განმავლობაში გამართულ საპროტესტო აქტივობებს ასახავს.

ჰარვარდმა მთავრობის ქმედება "უკანონოდ" შეაფასა და განაცხადა, რომ იგი "უცხოელი სტუდენტებისთვის განათლების უზრუნველყოფის ერთგულია".

"ეს შურისმაძიებელი ქმედება სერიოზულ ზიანს აყენებს ჰარვარდის საზოგადოებას და ჩვენს ქვეყანას, აფერხებს ჰარვარდის აკადემიურ და კვლევით მისიას". - ნათქვამია უნივერსიტეტის განცხადებაში.

2024-2025 სასწავლო წელს ჰარვარდში დაახლოებით 6 800 უცხოელი სტუდენტი სწავლობდა, რაც სტუდენტების საერთო რაოდენობის 27%-ს შეადგენს. 2022 წელს ჰარვარდში ყველაზე მეტი უცხოელი სტუდენტი ჩინეთიდან იყო.

Fox News-ის გადაცემაში, "The Story with Martha MacCallum", კრისტი ნოემმა კითხვაზე, განიხილავს თუ არა მსგავს ნაბიჯებს სხვა უნივერსიტეტების მიმართაც, უპასუხა: "რა თქმა უნდა, განვიხილავთ. ეს უნდა იყოს გაფრთხილება ყველა სხვა უნივერსიტეტისთვის - მოეგეთ გონს".

მანამდე, ტრამპმა ჰარვარდს $3 მილიარდამდე ოდენობის ფედერალური გრანტები შეუჩერა, რის გამოც უნივერსიტეტმა საქმე სასამართლოში შეიტანა.

საგანმანათლებლო დაწესებულების თანახმად, დაფინანსების გაყინვა "უსამართლო და კაპრიზულია" და კონსტიტუციის პირველი შესწორებით გარანტირებულ სიტყვის თავისუფლების უფლებებსა და სამოქალაქო უფლებების აქტის მეექვსე მუხლის კანონით გათვალისწინებულ დებულებებს არღვევს. 

"მთავრობას არ დაუსახელებია და ვერ დაასახელებს რაიმე რაციონალურ კავშირს ანტისემიტიზმზე შეშფოთებებსა და მთავრობის მიერ გაყინულ სამედიცინო, სამეცნიერო, ტექნოლოგიური და სხვა სახის კვლევებს შორის, რომლებიც ამერიკული სიცოცხლეების გადარჩენას, ამერიკული წარმატების ხელშეწყობას, ამერიკის უსაფრთხოების დაცვასა და ამერიკის, როგორც ინოვაციის მხრივ გლობალური ლიდერის, პოზიციის შენარჩუნებას ისახავს მიზნად". - წერია საჩივარში. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
9 აპრილის მემორიალთან დაკავებულ მოქალაქეს 10-დღიანი პატიმრობა შეეფარდა
ზაზა ფაჩულია რაჭაში სადმელი ჰესს ააშენებს
მეუფე იობი: ღმერთმა ინებოს, მომავალი პატრიარქის და მეფის ღვაწლით, გამოვიდეთ ამ ჭაობიდან
მერია: 12 აპრილს მეტრო 04:00 საათამდე იმუშავებს, 23:00 საათიდან მგზავრობა უფასო იქნება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics