23:12 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-04-04 13:50:27, 567 ნახვა

პოლიტიკა
ცესკო – არავის მივცემთ უფლებას, დაამკვიდროს მანიპულაციური აღქმები საარჩევნო პროცესზე

ცესკოს განცხადებით, ახალი ცვლილებები, რომლებიც არჩევნების დაკვირვებას, ფოტო-ვიდეო გადაღებას ზღუდავს ადგილობრივი არჩევნების "მაღალპროფესიულ დონეზე" ორგანიზებას ემსახურება და "ხსენებული დადგენილების კრიტიკოსები კარგად არ იცნობენ მოქმედ საკანონმდებლო რეგულაციებს ან შესაძლოა, მიზანმიმართულად ცდილობენ მათ დამახინჯებულ ინტერპრეტაციას".

"მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნებამდე ხუთი თვე რჩება. საარჩევნო ადმინისტრაცია აგრძელებს მუშაობას არჩევნების მაღალპროფესიულ დონეზე ორგანიზებისათვის.

ამ მიზნით შესაბამის სამართლებრივ აქტში დაზუსტდა რამდენიმე პროცედურა. კერძოდ, ელექტრონული ტექნოლოგიებით კენჭისყრის ჩატარებისას, საარჩევნო კოდექსითა და დადგენილებით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა დაუშვებელია კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე ნებისმიერი პირის მიერ:

ა) კენჭისყრის ოთახში ამომრჩევლის გადაადგილების ფიზიკურად შეფერხება;

ბ) ამომრჩევლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ჩვენების მოთხოვნა, მათ შორის, გამორთმევა;

) ამომრჩევლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის, ამომრჩეველთა ვერიფიკაციის აპარატზე გამოტანილი ამომრჩევლის მონაცემების, ამომრჩეველთა ვერიფიკაციის აპარატიდან ამობეჭდილი ამომრჩევლის ვერიფიკაციის დამადასტურებელი ქვითრისა და ამომრჩევლის მიერ საარჩევნო ბიულეტენზე გაკეთებული არჩევანის ფოტოვიდეოგადაღება ან სხვაგვარი დამუშავება.

აღსანიშნავია, რომ საარჩევნო კოდექსი ყოველთვის კრძალავდა ამომრჩევლის პერსონალური მონაცემების დამუშავებას და/ან გამჟღავნებას, რასაც ადასტურებს კანონის თანახმად ამომრჩევლის სიების ორი ვერსიის არსებობა:

ერთი, სიის საჯარო ვერსია, რომელიც გაიცემა ყველა დაინტერესებულ უფლებამოსილ მხარეზე და მეორე, საარჩევნო კომისიისთვის განკუთვნილი ვერსია - ვერიფიკაციის აპარატებში ჩატვირთული სიები ამომრჩეველთა ყველა პერსონალური მონაცემების ჩათვლით. ეს უკანასკნელი ვერსია არ წარმოადგენს საჯარო ინფორმაციას და შესაბამისად, მისი გადაღება ან სხვაგვარი დამუშავება კანონით აქამდეც აკრძალული იყო.

დამკვირვებელთა უფლებებიც სრულადაა გაწერილი საარჩევნო კოდექსის 41-ე მუხლით და არცერთი აღნიშნული უფლება ცესკოს დადგენილებით არ შეუზღუდავს და ვერც შეზღუდავდა. ცესკომ მხოლოდ დააზუსტა კენჭისყრის პროცედურები ამომრჩეველთა პერსონალური მონაცემებისა და გაკეთებული არჩევანის გამჟღავნებისგან დაცვის მიზნით.

როგორც ჩანს, ხსენებული დადგენილების კრიტიკოსები კარგად არ იცნობენ მოქმედ საკანონმდებლო რეგულაციებს ან შესაძლოა, მიზანმიმართულად ცდილობენ მათ დამახინჯებულ ინტერპრეტაციას. სხვაგვარად, რთულია აიხსნას ამომრჩეველთა პერსონალური მონაცემების დაცვის მაღალი სტანდარტის, მათ მიერ რეგისტრაციის პროცესზე დაკვირვების შეზღუდვად გასაღების ეს მცდელობა. ასევე, ზოგადად, გასულ არჩევნებზე, მათი მხრიდან გამოწვეული არაერთი ინციდენტი საარჩევნო პროცედურებზე დაკვირვების, ფოტოვიდეოგადაღებისა და ამომრჩეველთა პერსონალური მონაცემების დაცვის კანონის დარღვევის კუთხით.

აშკარაა, რომ სამწუხაროდ, საქმე გვაქვს არა საარჩევნო პროცესის სამართლიანობაზე ზრუნვასთან, არამედ უკვე კარგად ნაცნობ გეგმასთან, როდესაც პოლიტიკურად ანგაჟირებული პირები სოციალურ ქსელში ავრცელებენ დეზინფორმაციას, იმ მიზნით რომ შემდეგ ეს თემა განავრცოს და გაავრცელოს ზოგიერთმა მიკერძოებულმა არასამთავრობო ორგანიზაციამ და მედიასაშუალებამ, საარჩევნო ადმინისტრაციის დისკრედიტაციისთვის.

საარჩევნო ადმინისტრაცია ზედმიწევნით იცავს და მომავალშიც დაიცავს კანონმდებლობის ყველა მოთხოვნას და არ მისცემს არავის უფლებას, შეცდომაში შეიყვანოს ამომრჩეველი და დაამკვიდროს მანიპულაციური აღქმები საარჩევნო პროცესთან დაკავშირებულ ნებისმიერ საკითხთან მიმართებაში". - ნათქვამია განცხადებაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ირანმა კომერციული გემებისთვის ჰორმუზის სრუტის გახსნის შესახებ განაცხადა
კობახიძემ თქვა, რომ 2028 წლის არჩევნებს მოიგებს, მას შემდეგ რაც პარტიებს აკრძალავს
კობახიძე კვლავ იყენებს საპატრიარქოს სახელს ოპონენტებზე თავდასასხმელად
საქართველოს ბანკის 27 თანამედროვე ბიბლიოთეკა, 11 რეგიონის 27 სკოლაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics