18:15 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-03-20 01:45:05, 515 ნახვა

პოლიტიკა
კობახიძე - წინ მივდიოდით ყველა მიმართულებით, მათ შორის ევროინტეგრაციის მიმართულებით,

წინ მივდიოდით ყველა მიმართულებით, მათ შორის ევროინტეგრაციის მიმართულებით, -  ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ  რომლის ლეგიტიმურობას საერთაშორისო თანამეგობრობა და საქართველოს მოსახლეობის ნაწილი არ აღიარებს პირველ არხთან ინტერვიუში განაცხადა.

მისი თქმით, თქმით, ქვეყანას ევროინტეგრაციის გზაზე ოთხი ხელშესახები შედეგი ჰქონდა - ასოცირების შეთანხმება, თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება, ვიზალიბერალიზაცია და კანდიდატის სტატუსი.

„ოთხივეზე იყო წინააღმდეგობა, თუმცა ოთხივე შემთხვევაში მივაღწიეთ შედეგს. განსაკუთრებით მძიმე იყო წინააღმდეგობა კანდიდატის სტატუსის შემთხვევაში. აქაც რეალურად ბრძოლით და კარგად გააზრებული, თანმიმდევრული პოლიტიკით მოვიპოვეთ კანდიდატის სტატუსი, მიუხედავად იმისა, რომ კანდიდატის სტატუსი თავიდანვე იყო მოაზრებული, როგორც ინსტრუმენტი ქვეყანაზე ზეწოლისთვის. როდესაც ეს საკითხი დადგა დღის წესრიგში, ეს იყო ომიდან მეხუთე დღე, 28 თებერვალი ან 1 მარტი, როდესაც უკრაინას შესთავაზეს განაცხადის შეტანა კანდიდატის სტატუსზე. ეს გაგვიკვირდა ერთი მარტივი მიზეზის გამო - ამ დროს რუსული ტანკები შესული იყო უკვე კიევში. მაშინ ყველაზე რთული ვითარება იყო და ასეთ დროს კანდიდატის სტატუსზე განაცხადის შეტანის შეთავაზება უკრაინისთვის აბსოლუტურად ალოგიკური იყო ჩვენთვის. მაშინვე გაგვიჩნდა აზრი, რომ რეალურად კანდიდატის სტატუსის თემა მოაზრებული იყო, როგორც შანტაჟის ინსტრუმენტი ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ. ჩვენ, რა თქმა უნდა, შევიტანდით განაცხადს კანდიდატის სტატუსზე, თუმცა საბოლოო ჯამში მოხდებოდა ისე, რომ უკრაინა და მოლდოვა მიიღებდნენ კანდიდატის სტატუსს და ჩვენ - არა. ეს იყო ჩვენი პროგნოზი, რაც მეორე დღესვე გავუზიარეთ უმრავლესობის წევრებს", - განაცხადა პრემიერმა.

ირაკლი კობახიძისდ თქმით, უმრავლესობასთან შეხვედრისას გაიმართა დისკუსია და ორი დღის განმავლობაში საქართველოს არ შეჰქონდა განაცხადი, თუმცა მესამე დღეს გაკეთდა საჯარო განცხადება კანდიდატის სტატუსზე განაცხადის შეტანასთან დაკავშირებით და მაშინვე დაიწყო აქტიური მუშაობა.

„მოვამზადეთ დაახლოებით 5000-გვერდიანი დოკუმენტი, მთელი საჯარო სამსახური და პოლიტიკოსები იყვნენ ჩართული ამ პროცესში და ყველაზე დახვეწილი განაცხადი წარვადგინეთ ევროკავშირში, თუმცა შედეგად მივიღეთ რა - უარი ივნისში კანდიდატის სტატუსზე ყოველგვარი დასაბუთების გარეშე, მაშინ, როდესაც საქართველო ბევრად უსწრებს წინ როგორც უკრაინას, ისე მოლდოვას ყველა მიმართულებით. არ შევედაროთ უკრაინას, ომში მყოფი ქვეყანაა, შევედაროთ მოლდოვას. ეკონომიკური კუთხით, მარტო ამ სამ წელიწადში, მოლდოვას გავასწარით დაახლოებით 9 მილიარდი დოლარით, გავზარდეთ სხვაობა მოლდოვასთან იმის გამო, რომ ჩვენ გვაქვს უფრო ეფექტიანი, სწორი და რაციონალური ეკონომიკური პოლიტიკა. მოლდოვაში ეკონომიკური პოლიტიკა არის უსუსტესი, ინსტიტუტები არის უსუსტესი, დემოკრატიის, ადამიანის უფლებების კუთხით შედარება არ არის საქართველოსთან, იმდენად არის ჩამორჩენილი, დსთ-ს წევრი ქვეყანაა. არის ქვეყანა, რომელსაც უნდა, ერთდროულად დარჩეს დსთ-ს წევრადაც და გახდეს ევროკავშირის წევრიც. რაზეა აქ საერთოდ საუბარი, ხელის გულზე დევს, რომ იყო აშკარა უსამართლობა. კორუფცია ყვავის, ერთ-ერთი ყველაზე კორუმპირებული ქვეყანაა ევროპის მასშტაბით და ასეთ დროს მოლდოვას აძლევ კანდიდატის სტატუსს და საქართველოს არა, გასაგებია, რაც შეიძლება იდგეს ამის უკან. უსამართლობას ყოველთვის აქვს ხოლმე გარკვეული მიზეზი და ამას შეიძლება ჰქონდეს ერთადერთი ახსნა - რეალობა იყო ის, რაც ჩვენ გავთვალეთ თავიდანვე. რეალურად არავის აინტერესებდა სხვათა შორის არც უკრაინის, არც მოლდოვის და არც საქართველოს ევროინტეგრაცია, ეს ყველაფერი დიფ სთეითის, გლობალური ომის პარტიის მხრიდან გაკეთდა იმისთვის, რომ კანდიდატის სტატუსის თემა გამოეყენებინათ შანტაჟისთვის ხელისუფლების წინააღმდეგ", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აშშ-მ კუბასთან საიდუმლო მოლაპარაკებები გამართა, ბოლო 10 წლის განმავლობაში პირველად
ირანი უარყოფს ტრამპის განცხადებას გამდიდრებული ურანის აშშ-ში გადაცემაზე დათანხმების შესახებ
გვარამია:ავტორიტარმა უნდა მიიღოს რისიც ეშინია, ამიტომ, 26 მაისს ყველანი რუსთაველზე
სანიკიძე: ცოტნე მამაშენია ის მოძალადე, რომელსაც უნდა გაემიჯნო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics