20:50 - 21 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-09 20:02:13, 648 ნახვა

პოლიტიკა
ხათუნა სამნიძე: პარტია „ქართული ოცნებიდან“ რამდენიმე განცხადება მოვისმინე, რაც კითხვებს მიჩენს (ინტერვიუ)

„რესპუბლიკური პარტიის“ თავმჯდომარე ხათუნა სამნიძე „ექსპრესნიუსთან“ ინტერვიუში აცხადებს, რომ საზოგადოებას ერთი კითხვა ჰქონდა - დარჩებოდნენ თუ არა „რესპუბლიკელები“ კოალიციაში, პარტიაში კი კითხვები ბევრი იყო, რაზეც პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის დროს პასუხები მიიღეს.

პარტიის ერთ-ერთი ლიდერი აცხადებს, რომ შეხვედრაზე პრემიერ-მინისტრმა დააფიქისრა პოზიცია, ის ისევ იმ აზრზე რჩება, რომ გოგი თოფაძის განცხადებები არა მხოლოდ „რესპუბლიკურ პარტიას“ არამედ მთლიანად კოალიციას აზარალებდა, თუმცა სამნიძე აქვე დასძენს, რომ იყო საკითხები, რაზეც პრემიერთან შეთანხმება ვერ მოახერხეს.

რაზე ესაუბრნენ პრემიერ-მინისტრს „რესპუბლიკელები“, რას ნიშნავს ორპარტიული შეთანხმება და დარჩება თუ არა პარტია კოალიციაში თუ ეს შეთანხმება ვერ მოხერხდა? ამ და სხვა საკითხებზე „ექსპრესნიუსი“ „რესპუბლიკური პარტიის“ თავმჯდომარეს ხათუნა სამნიძეს ესაუბრა.

საუბარი პრემიერთან შეხვედრით დავიწყოთ. როდესაც შეხვედრაზე მიდიოდით თქვენ განაცხადეთ, რომ პრემიერს ხვდებოდით იმის გამო, რომ საკითხში მეტი სიცხადე შეგეტანათ, თუმცა შეხვედრის შემდეგ თქვენმა განცხადებებმა ორპარტიულ შეთანხმებასთან დაკავშირებით კიდევ უფრო მეტი ბუნდოვანება გამოიწვია. რა შეგიძლიათ უთხრათ ჩვენს მკითხველს ამ შეხვედრასთან დაკავშირებით?

როდესაც შეხვედრაზე მივდიოდით, ერთ-ერთი მთავარი მოტივი იყო, რომ ჩვენ გვინდოდა მეტი სიცხადის შეტანა საკითხში, იმიტომ, რომ პრემიერის განცხადება იყო მოულოდნელი. მოულოდნელობა გამოიწვია სწორედ იმან, რომ მისი პირველი განცხადებისას ძალიან განსხვავებული იყო მეორე განცხადება,

პირველ განცხადებაში ის ცალსახად აცხადებდა, რომ თოფაძე იყო დაპირისპირებული არა რომელიმე პარტიასთან და მისი განცხადებები ვნებდა არა რომელიმე პარტიას, არამედ მთელს კოალიციას, რაც იყო ასევე ჩვენი განაცხადი.

მეორემ განცხადებამ კი, გამოიწვია შეკითხვები. შეხვედრა დაიგეგმა იმავე დღეს ჩვენი თხოვნით, რაც იყო ძალიან კარგი, იმ თვალსაზრისით, რომ დაძაბულობა, რომელიც იყო იმ დღეს, მალე გაქარწყლდებოდა.  შეკითხვა, რომელიც საზოგადოებაში ჟურნალისტების წრეში, ექსპერტებში ტრიალებდა იყო ერთადერთი.  ჩვენ - „რესპუბლიკელებს“ კი გვქონდა არა ერთი, ბევრი შეკითხვა, რაც საჯაროდ არ განგვიცხადებია, ველოდებოდით შეხვედრას.

რაც შეეხება შეკითხვას საზოგადოებაში და ჟურნალისტების წრეში, იყო ერთადერთი - დატოვებდა თუ არა „რესპუბლიკური პარტია“ კოალიციას.  შეხვედრის შემდეგ კი უფრო მეტი შეკითხვა გაჩნდა. ერთის მხრივ  იმიტომ, რომ ჩვენს განცხადებას შეთანხმებაზე არ ელოდებოდნენ,  მეორეს მხრივ კი - ეს შეთანხმება არის ახალი ჩვენი პოლიტიკური რეალობისთვის  და რა თქმა უნდა, შეკითხვებს გამოიწვევდა.

სანამ ორპარტიულ შეთანხმებაზე გადავალთ იქამდე თუ შეიძლება განუმარტეთ საზოგადოებას,  პრემიერისგან ამ კითხვებზე პასუხი მიიღეთ თუ არა?

რა თქმა უნდა, ჩვენი შეხვედრა მიმდინარეობდა ძალიან საქმიან ატმოსფეროში ძალიან კორექტულად და საქმიანად ვსაუბრობდით განცხადებაზე, მიმდინარე პროცესებზე  და სამომავლოდ ჩვენს, ორი პარტიის თანამშრომლობაზე. ჩვენ ვესაუბრეთ როგორც პრემიერ-მინისტრს და კოალიცია „ქართული ოცნების“ ახალ ლიდერს, ასევე პარტია „ქართული ოცნების“ ახალ ხელმძღვანელს

კონკრეტულ დეტალებზე არ საუბრობთ, თუმცა ის მაინც უთხარით ჩვენს მკითხველს შეხვედრაზე პრემიერის პოზიცია რომელ მხარეს გადაიხარა თავის პირველი თუ მეორე განცხადებისკენ?

ბუნებრივია დეტალებზე ვერ ვისაუბრებ, ვინაიდან ეს იყო დახურული შეხვედრა. შეხვედრაზე მან თქვა, რომ ის რჩება იმ აზრზე რაც პირველ განცხადებაში გამოთქვა. მეორე განცხადებაში იყო საკითხები, რომელზეც არ დავეთანხმეთ ერთმანეთს,  მაგალითად ეს ეხება ჯარის შესაძლო პოლიტიზირების თემას. თუმცა ამან ხელი არ შეუშალა თანამშრომლობაზე საუბარს.

შეგიძლიათ გვითხრათ, რომ კოალიციაში დაპირისპირება ამოწურულია? ცხადია „მრეწველებთან“ დაპირისპირებას ვგულისხმობ.

„მრეწველებთან“ დაპირისპირება ჩვენ არ გვქონია. გოგი თოფაძეს ჰქონდა დაპირისპირება მთელ კოალიციასთან. ის აკეთებდა ანტიკოალიციურ და ანტიდასავლურ განცხადებებს.

საგარეჯოს შუალედური არჩევნების დროს არავითარ გაყალბებას არ ჰქონია ადგილი, და დარწმუნებული ვარ, მალე ვიხილავთ პროკურატურის შესაბამის  დასკვნას.

„რესპუბლიკელებს“ არაერთხელ განგიცხადებიათ, რომ თქვენ გინდათ ევროპული ტიპის კოალიცია. რას გულისხმობს ევროპული ტიპის კოალიცია? ეს ორპარტიული შეთანხმება, რომელზეც პრემიერთან შეხვედრის შემდეგ ისაუბრეთ ამას ნიშნავს?

ახლა გვაქვს სპეციფიკური ტიპის კოალიცია, რომელიც შეიქმნა 2012 წელს და მისი მიზანი იყო ხელისუფლების შეცვლა. დღესაც ამ რეჟიმში ვაგრძელებთ მუშაობას. ჩვენ არ გვაქვს ხელშეკრულება, შეთანხმება. კოალიციური შეთანხმება გულისხმობს, რომ ყველა პარტია იღებს თავისი პასუხისმგებლობის სფეროებს. თანხმდებიან კონკრეტულ საკითხებზე, პარტია ან კომპრომისზე წავიდეს, ან არ შეიცვალოს პოზიცია. ეს ევროპაში ჩვეულებრივად მიღებული პრაქტიკაა. ევროპაში პარტიების შეთანხმებას ძირითადად არჩევნების შემდეგ აფორმებენ. თუმცა იმის პრაქტიკაც არსებობს, რომ წინასაარჩევნო კოალიციური შეთანხმებაც არსებობს - თუ რა უნდა გააკეთოს კოალიციამ არჩევნების შემდეგ.

ჩვენ კარგად გავიარეთ 3.5 წელი, დღეს აუცილებლობაა და ყველა წინაპირობაა იმის, რომ მოხდეს შეთანხმება. არის ასეთი რეალობა, რომ კოალიციური არა მარტო პარლამენტი, არამედ აღმასრულებელი ხელისუფლებაც. საკრებულოშიც კოალიციური ხელისუფლება გვაქვს. გამგეობებსა და მერიებში გვიჭირს ამ მხრივ. თუმცა ჩვენ გვაქვს საკმაოდ მაღალი სტანდარტი, რაც იმის საფუძველი უნდა გახდეს, რომ უნდა ვისაუბროთ შეთანხმებაზე და ასე გამჭვირვალე შეთანხმებით გავიდეთ არჩევნებზე.

უნდა იცოდეს ამომრჩეველმა როგორია მათ შორის პროცედურები გადაწყვეტილების მიღებისას, რომელ სფეროზე რომელ პარტიას აქვს პასუხისმგებლობა აღებული, რა ხედვა აქვს პარტიას ამ მიმართულებით. მაგალითად, თუ დღეს ჩვენ გვყავს თავდაცვის მინისტრი, ჩვენ წინასწარვე უნდა განვაცხადოთ რა ხედვები გვაქვს ამ მიმართულებით. იქვეა კვოტები, რაზეც ხშირად ისმის კითხვები და ასევე პროცედურები.

არის ქვეყნები, სადაც კოალიციურ შეთანხმებაზე მუშაობა თვეების განმავლობაში მიმდინარეობს და არის ქვეყნები, სადაც გადაწყვეტილებას რამდენიმე კვირაში იღებენ. ჩვენს რეალობაში ეს  პირველი შემთხვევაა, როდესაც პრემიერი ამ შეთანხმებაზე მზადყოფნას გამოთქვამს.

თუმცა პარტია „ქართული ოცნებიდან“ რამდენიმე განცხადება მოვისმინე, სადაც ისინი ამბობენ, რომ შეთანხმება არ უნდა იყოს და საუბარი უბრალოდ თანამშრომლობაზეა, რაც მე კითხვებს მიჩენს. იმედი მაქვს, ამ საკითხში გარკვეულობას მალე ვიხილავთ.

თქვენთვის პრინციპული საკითხია, რომ შეთანხმება წერილობით გაფორმდეს და შესაბამისი დოკუმენტი არსებობდეს?

რა თქმა უნდა. ორპარტიული შეთანხმება ეს ნიშნავს, რომ უნდა იყოს დოკუმენტი, რაც საზოგადოებისთვის საჯარო უნდა იყოს.

თუმცა, საზოგადოებაში კითხვები ამ ორპარტიულმა შეთანხმებამაც გააჩინა. რატომ ორპარტიული, მაშინ როდესაც კოალიციაში ხუთი სუბიექტია?

ჩვენ საუბარი არ გვქონია იმაზე, რომ კოალიცია აუცილებლად ორპარტიული იქნება. ჩვენ შევხვდით „ქართული ოცნების“ ახალ ლიდერს. „ოცნება“ კოალიციის ძირითადი პარტიაა და ბუნებრივია ჩვენ ვისაუბრეთ ჩვენი - ორი პარტიის ურთიერთობაზე. ჩვენ გვინდა ვიცოდეთ თუ რა პირობებით შეგვიძლია ვითანამშრომლოთ სამომავლოდ.

ეს იმის ხაზგასმაც ხომ არ იყო, რომ კოალიციაში მთავარი პარტიები „ქართული ოცნება“ და „რესპუბლიკელები“ ხართ?

კოალიციაში მთავარი პარტიაა „ქართული ოცნება“ - პრემიერის პარტია და „რესპუბლიკური პარტიაც“ ერთ-ერთი მთავარი სუბიექტია - პარლამენტის თავმჯდომარის პარტია. ჩვენ გვყავს სამი მინისტრი აღმასრულებელ ხელისუფლებაში, ეს არის მოცემული რეალობა. პრემიერი „ოცნებისა“ და „რესპუბლიკელების“ სამომავლო თანამშრომლობას მნიშვნელოვნად მიიჩნევს.

თუ ვერ მოხდება ის შეთანხმება, რაზეც უკვე ვისაუბრეთ, „რესპუბლიკური პარტია“ კოალიციაში დარჩება?

ეს შეკითხვა დღეს არ არის რელევანტური იმ თვალსაზრისით, რომ ჩვენ მზად ვართ შეთანხმებისთვის. თუ შეთანხმება ვერ მოხდება ამაზე მერე ვისაუბროთ. იმედი მაქვს რო ძალიან მალე გადაიდგმება ნაბიჯები ამ მიმართულებით.

დღეს შეთანხმებაზე კითხვის ნიშნები არსებობს, მაგრამ საბოლოოდ რას გადავწყვეტთ ამ გადაწყვეტილებას „რესპუბლიკურ პარტიაში“ ერთობლივად მივიღებთ.

დაახლოებით რამდენ ხანში იქნება პასუხი იმაზე, შედგება თუ არა შეთანხმება?

ამაზე საუბარი ახლა რთულია. ვიმეორებ ასეთი კოალიციური შეთანხმება არასოდეს ყოფილა საქართველოში.

თუმცა, არჩევნებამდე არც ისე დიდი დროა დარჩენილი...

ამაზე მუშაობა უფრო ადრე უნდა დაწყებულიყო, თუმცა, ეს არ არის ერთი წლის გასაკეთებელი საქმე, ამას დასჭირდება რამდენიმე კვირა.

პრემიერთან შეხვედრის დროს საპარლამენტო არჩევნების სიების კვოტირების თემაზე არ ისაუბრეთ?

არა, რა თქმა უნდა. თუ ჩვენ მზად ვიქნებით შეთანხმებაზე და დავიწყებთ ამაზე მუშაობას, ეს საკითხიც მაშინ იქნება აქტუალური და მაშინ დავიწყებთ კვოტირებაზე საუბარს.

იქიდან გამომდინარე, რომ კოალიციას გამოაკლდა ერთ-ერთი მთავარი სუბიექტი - „თავისუფალი დემოკრატები“ ამ არჩევნებისთვის პარტიულ სიაში კვოტირების გაზრდას ხომ არ მოითხოვთ?

„თავისუფალი დემოკრატების“ კოალიციიდან გასვლას ამას არ ნიშნავს.

პოლიტსაბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, კონსტიტუციაში გაკეთდეს ჩანაწერი, რომ ქორწინება არის ქალისა და მამაკაცის ერთობა, რასაც თქვენ პრინციპულად ეწინააღმდეგებოდით...

ჩვენ გამოვაქვეყნეთ განცხადება, სადაც დასახელებულია არგუმენტები, სადაც გავემიჯნეთ ამ პროცესს და მიგვაჩნია, რომ ეს არის პოლიტიკური მახე. ეს არის გადაწყვეტილება, რომელიც არ დგას დღის წესრიგში ჩვენი საზოგადოების მხრიდან. ეს საკითხი დარეგულირებულია კანონმდებლობით, რაც სრულიად საკმარისია. მით უმეტეს იმის გათვალისწინებით, რომ საკმარისი ხმები არ იქნება და გადაწყვეტილება ვერ იქნება მიღებული და ვერ მოხდება ინიციატივის საკონსტიტუციო ჩანაწერად ქცევა.

თუმცა ცალკეული ოპოზიციციური პარტიების წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ეს არის პოპულისტური გადაწყვეტილება, მაგრამ ამის მიუხედავად ინიციატივას მხარს დაუჭერენ...

ეს არა მარტო პოპულისტურია, არამედ პოლიტიკური მახე და არასწორი გადაწყვეტილებაა. 

იაგო ნაცვლიშვილი





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კალასი: საქართველო დემოკრატიის უკუსვლიდან შემობრუნების არანაირ ნიშანს არ აჩვენებს
ზელენსკის თქმით, დრუჟბას ნავთობსადენი ოპერაციების განახლებისთვის მზადაა
იოზვიაკი წერს, რა განიხილეს EU-ის მინისტრებმა დღევანდელ შეხვედრაზე საქართველოზე
ტრამპის თქმით, თუ ირანთან სამშვიდობო შეთანხმების მიღწევა არ მოხდება, მაშინ აშშ დაბომბვას განაახლებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics