2015-02-16 11:19:00, 374 ნახვა
პოლიტიკა
დავით ნარმანია ჯოკია ბოდოკიასთან ერთად კორუფციულ გარიგებაში მერიის მაღალჩინოსნების ჩართულობას გამორიცხავს
თბილისის მერი დავით ნარმანია ჯოკია ბოდოკიასთან ერთად, კორუფციულ გარიგებაში მერიის მაღალი თანამდებობის პირების ჩართულობას გამორიცხავს.
ამის შესახებ ნარმანიამ "იმედის კვირაში" ჩართვისას განაცხადა.
ამასთან, ნარმანიას თქმით, სიცრუეა ოპონენტების საუბარი, რომ მერი და მისი მოადგილე ალექსანდრე მარგიშვილი კორუფციულ გარიგებებში მონაწილეობენ.
"მაღალი რანგის თანამდებობის პირების ჩართვა გამორციხულია. ჩვენმა ოპონენტებმა კიდევ ერთი ცრუ ინფორმაცია და სიბინძურე გამოაქვეყნეს, როცა ჩვეული ფორმით სქემა დახატეს და ჩემი მოადგილე ალექსანდრე მარგიშვილი და მეც დამადანაშაულეს ამ კორუფციულ სექმაში. საინტერესოა, რა აქვთ მტკიცებულებები და გარემოებები. რაღაცებს ბოდავენ, რომლებსაც რეალობასთან არანაირი კავშირი არ აქვს. საზოგადოების შეცდომაში შეყვანას სცდილობენ",-განაცხადა დავით ნარმანიამ.
რაც შეეხება უშუალოდ იმ ბრალდებას, რასაც გამოძიება მერიის ზედამხედველობის სამსახურის აპარატის უფროს ჯოკია ბოდოკიას ედავება, ნარმანიას განმარტებით, კომპანიას, რომელსაც ბოდოკიამ გამოძიების ინფორმაციით, სასტუმროს მშენებლობის ნებართვის გაცემის სანაცვლოდ, ქრთამი მოსთხოვა, მერიისთვის ბოლოს 2013 წელს აქვს მიმართული და უარყოფითი პასუხი მიიღო. ნარმანიას განცხადებით, საინტერესოა, როცა კომპანიას მერიისგან ახალი ხელმძღვანელობის პერიოდში უარყოფითი პასუხი მიღებული არ ჰქონდა, ჯოკია ბოდოკიას რატომ მიმართა. ამასთან, მერი არ გამორიცხავს, რომ ჯოკია ბოდოკიას საქმე გადაკვალიფიცირდეს.
"ამ კომპანიას თბილისის მერიასთან ბოლოს ოფიციალურად 2013 წელს აქვს მომართული.მიიღო უარყოფითი პასუხი და ამის შემდეგ თბილისის მერიის და მათ შორის ჩვენი მმართველობის პერიოდში კომპანიას არ მოუმართავს მშენებლობის ნებართვის მისაღებად.აქედან გამომდინარე, შიდა რაიმე დოკუმენტბრუნვა, ან ურთიერთობა არ ფიქსირდება. როცა კომპანიას მერიისთვის მომართული არ ჰქონდა, ჩვენი მართველობის პირობებში და უარი არ ჰქონდა მიღებული, რატომ მიმართა ჯოკია ბოდოკიას, ეს არის ერთი საინტერესო კითხვა, რომელსაც გამოძიებამ უნდა გასცეს პასუხი და კომპანიას შეეძლო ჯოკია ბოდოკიასთან მიმართვის ნაცვლად, ელექტრონულად აეტვირთა თავისი პროექტი. ჩვენთან პროექტები ელექტრონული ფორმით შემოდის. რაც შეეხება გადაკვალიფიცირების საკითხს, რა თქმა უნდა, დროთა განმავლობაში ეს გადაკვალიფიცირდება. გამოძიება მიგვიყვანს აქამდე",-განაცხადა დავით ნარმანიამ.
შეგახსენებთ, გამოძიების ინფორმაციით, თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის აპარატის უფროსმა ჯოკია ბოდოკიამ ერთ-ერთი კერძო კომპანიის წარმომადგენელს სასტუმროს მშენებლობის ნებართვის გაცემაში დახმარებისა და მშენებლობის პროცესში მფარველობის გაწევის სანაცვლოდ ქრთამის სახით მოსთხოვა სასტუმროს მშენებლობის ღირებულების 10 % – 180 000 აშშ დოლარი, საიდანაც წინასწარ ქრთამის სახით აიღო მოთხოვნილი თანხის ნაწილი – 50 000 აშშ დოლარი. გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით, რაც სასჯელის სახით 11-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს).
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან