09:46 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-04 18:44:16, 1063 ნახვა

საზოგადოება
ნებაყოფლობითი მონობა ანუ ე.წ. უვადო სტაჟირება

განუსაზღვრელი ვადით სტაჟირება ქართულ რეალობაში ბევრისთვის მტკივნეული თემაა. ეს პრობლემა წლებია არსებობს, თუმცა მისი გადაჭრის გზებზე საკანონმდებლო დონეზე მსჯელობა ჯერ კიდევ არ გადამწყდარა.

"ექსპრესნიუსი" დიანტერესდა, იცავს თუ არა ვინმე "მარადმწვანე" სტაჟიორების უფლებებს და არსებობს თუ არა რაიმე სახის რეგულაციები აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით.

საქართველოში სამწუხაროდ სტაჟირების მაქსიმალური ზღვარი და დადგენილი ვადა არ არსებობს, რის შემდეგაც სტაჟიორს ეტყვიან დარჩება თუ არა ის კონკრეტულ სამსახურში სამუშაოდ. ორგანიზაციების უმეტესობა სტაჟიორის მიერ შესრულებულ სამუშაოს თავის სასარგებლოდ იყენებენ და ხშირ შემთხვევაში, სტაჟიორები შტატიანი თანამშრომლების მიერ გასაკეთებელ საქმესაც ასრულებენ.

"ექსპრესნიუსი" უშუალოდ სტაჟიორების პოზიციით დაინტერესდა, რომლებიც თვეების და ხშირ შემთხვევაში, (განსაკუთრებით მედია სივრცეში), წლების განმავლობაში სამუშაოს ანაზღაურების გარეშე ასრულებენ. ორივე ჩვენი რესპონდენტი ელექტრონულ მედიაში მუშაობდნენ. კონკრეტულ მედიასაშუალებას კოლეგიალობიდან გამომდინარე არ ვასახელებთ, ვინაიდან ეს პრობლემა მეტ-ნაკლები დოზით თითქმის ყველა მედიასაშუალებას ეხება, განსაკუთრებით ელექტრონულს.

"მეორე კურსზე ვიყავი,როდესაც მივხვდი, რომ მხოლოდ თეორიული ცოდნით ვერ მივიღებდი იმ გამოცდილებას, რაც ჟურნალისტს სჭირდება. რეკომენდაციით მოვხვდი ერთ-ერთ რადიოში, სადაც 2 წელი ვიყავი სტაჟიორი. თავიდან ჟურნალისტებს გადაღებებზე დავყვებოდი, თუმცა მალევე დამოუკიდებლად სიარული დავიწყე. პატარა სიუჟეტებსაც ვაკეთებდი და ჩემი თავის რეალიზებას მაქსიმალურად ვცდილობდი. ამასობაში ენთუზიაზმიც მეკარგებოდა, რადგან დავამთავრე უნივერსიტეტი და ისევ სტაჟიორი ვიყავი. არადა სტაჟიორები აკეთებენ საქმის 50% მაინც, თუმცა ამას არავინ აქცევს ყურადღებას.

2 წლის შემდეგ შტატში ჩასმაზე დავსვი საკითხი, თუმცა უარი მითხრეს, რადგან მათი თქმით, ამ ეტაპზე შტატის გამოყოფა ვერ მოხერხდებოდა. ამის შემდეგ მე ეს რადიო დავტოვე", - განაცხადა ერთ ერთმა რესპოდენტმა.

მისივე თქმით, ამ საკითხში, რამდენიმე პრობლემაა. პირველი განათლების, რადგან უნივერსიტეტში არიან ე.წ თეორეტიკოსი ლექტორები, მეორე პრობლემა კი მედიასაშუალებებში არასწორი მენეჯმენტი და შრომითი უფლებების არარსებობაა.

"ექსპრესნიუსი" კიდევ ერთ ყოფილ სტაჟიორ ჟურნალისტს დაუკავშირდა. ამჯერად საქმე უკვე ტელესივრცეს ეხება.

"ერთ-ერთ ტელეკომპანიაში 6 თვის განმავლობაში ვიყავი პრაქტიკანტი. მე და ჩემმა ჯგუფელმა მაგისტრატურის წარმატებით დამთავრების შემდეგ ერთად გადავწყვიტეთ ჩვენი CV მიგვეტანა ტელევიზიაში. მივედით ერთ-ერთ ტელევიზიაში, სადაც დაცვამ გვითხრა, რომ CV-ების დატოვებას აზრი არ ჰქონდა, რადგან დღის ბოლოს ნაგვის ურნაში აღმონდებოდა და გულწრფელი გაოცებით გვკითხეს: „არ იცით როგორ ხდება აქ, ნაცნობის გარეშე ვერავინ ხვდება პრაკტიკებზეო. შემდეგ სხვა ტელევიზიაში წავედით, გასაუბრების შემდეგ სტაჟიორებად დაგვნიშნეს. როგორც მოგვიანებით გაირკვა, იმ პერიოდში ამ ტელეკომპანიიდან ბევრი ჟურნალისტი სხვა ტელევიზიაში იყო გადასული და ნიუსებისთვის ჟურალისტები არ ჰყოფნიდათ. თავიდან, 3 თვიან პრაქტიკებზე მოგველაპარაკა ახალი ამბების პროდიუსერი, თუმცა ეს ვადა ავტომატურად, 6 თვემდე გაგვიგრძელეს. შეგვითანხმდნენ, რომ არ გვექნებოდა ანაზღაურება ამ დროის განმავლობაში. სამუშაო დღე იწყებოდა 10-ის ნახევრიდან საღამოს 7 საათამდე. ჩვენი მოვალეობა საინფორმაციო გამოშვებისთვის ნიუსებზე სიარული იყო. შტატიანი ჟურნალისტების სიუჟეტებისთვის შეკითხვებსაც გვავალებდნენ, ამის გამო საღამოს 8 საათზეც წავსულვარ რესპონდენტის ჩასაწერად. სულ მქონდა განწყობა, რომ ვიყავი მონა, მაგრამ თავს იმით ვიმშვიდებდი, რომ ეს მე მჭირდებოდა, თავადაც ამ ლოგიკით ხელმძღვანელობენ. 6 თვე, რომ შესრულდა, დაგვიბარეს და გვითხრეს, რომ ამოიწურა პრაქტიკის ხანგრძლივობა და უნდა მოსულიყვნენ ახალი სტაჟიორები. ამ დროს ე.წ პატრონაჟით მოსულს გაუგრძელეს ეს პრაქტიკა", - ჩვენმა რესპონდენტმა.

ბალანსის დაცვისთვის "ექსპრესნიუსი" ერთ-ერთი ტელეკომპანიის, კერძოდ კი "მაეტროს" გენერალურ დირექტორს, ბაია გადაბაძესაც დაუკავშირდა, რომელიც ადასტურებს, რომ ეს პრაქტიკა „მაესტროსაც“ აქვს, სადაც სტაჟიორები 3 თვიდან 1 წლამდე აჰყავდათ.

"ადამიანები, რომლებსაც შტატში ვსვავთ, სტაჟირება მინიმუმ ერთი წელი უნდა გაიაროს. თავიდან 3 თვეს იმიტომ ვეუბნებით, რომ ვნახოთ ადამიანს აქვს პოტენციალი თუ არა, იმისათვის რომ 1 წლამდე მივიდეს. ზოგი სტაჟიორი გვყავს 1 წლის მერე, ზოგი საერთოდ არ აგვყავს, თუ ჩავთვლით, რომ ის მოთხოვნებს არ აკმაყოფილებს.

ჩემი ინტერესი არის კარგი თანამშრომლების სამსახურში აყვანა და არა პირიქით. ძალით რა თქმა უნდა არავის ვაძალებ აქ სტაჟირების გავლას და მუშაობას. პირველ რიგში სტაჟიორს აქ მოსვლა გამოცდილების მიზნით უნდა. როცა მე ვიყავი სტუდენტი და მოვხვდი ტელევიზიაში, 6 თვის განმავლობაში უხელფასოდ ვმუშაობდი და მეც ანალოგიურად მიდგებოდნენ და იგივე დავალებებს მავალებდნენ, რაც სხვა პროდუსერებს. მეც იგივე გზა მაქვს გავლილი და შესაბამისად, არავის არ ვთავაზობ იმას რაც მე ან სხვა ჟურნალისტს არ გაუვლია", - განაცხადა ბაია გადაბაძემ.

მისივე თქმით, როდესაც კანონი არსებობს, გაცილებით უფრო მარტივია ყველაფრის დარეგულირება.

ჩვენ ასევე დავუკავშირდით, გაერთიანებული პროფესიული კავშირების იურისტს, რაისა ლიპარტელიანს, რომლის თქმით თუ კი დამსაქმებელსა და სტაჟიორს შორის ურთიერთობას შრომითი ურთიერთობა ჰქვია, რაც აპრიორი ანაზღაურების კომპონენტს უნდა მოიცავდეს, შესაბამისად სტაჟიორი სიმბოლურ თანხას მაინც უნდა იღებდეს. სხვა შემთხვევაში ეს არ არის შრომითი ურთიერთობა.

"ეს პრობლემა განსაკუთრებით მედია სფეროში არსებობს. ამ სფეროში ადამიანი წლობით მუშაობს და მას სტაჟიორი ჰქვია. ხშირ შემთხვევაში ისინი ანაზღაურებას არ იღებენ ან თუ იღებენ ეს არის მიზერი და შეუსაბამო, იმ შრომასთან რასაც ისინი აკეთებენ. უნდა არსებობდეს სიტყვა სტაჟიორის სწორი აღქმა. სტაჟირება უნდა მოიცავდეს სტაჟირების კომპონენტს, რომელიც მიზნად ისახავს ადამიანის პრაქტიკული უნარ ჩვევების დახვეწას და გაუმჯობესებას და არა ის, რომ სტაჟიორმა გაწიოს შრომა და არ მიიღოს ანაზრაურება", - განაცხადა რაისა ლიპარტელიანმა.

მისივე თქმით, არსებობს სოციალური პარტნიორობის სამ მხრივი შრომითი კომისია, რომელიც შედგება როგორც დამსაქმებლებისა და დასაქმებულთა ორგანიზაციები, მათ შორის პროფკავშირები, ასევე მთავრობის რამდენიმე მნიშვნელოვანი რგოლი პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით.

"რაც შეეხება სტაჟირების ვადას, ის აუცილებლად შემოსაზღვრული უნდა იყოს. ადამიანები არ უნდა იყვნენ მუდმივად სტაჟიორები. 6 თვე ალბათ ოფტიმალური ვადა იქნებოდა. გონივრული იქნება, რომ სტაჟიორს მინიმალური ანაზღაურება მაინც ჰქონდეს", - განაცხადა რაისა ლიპარტელიანმა.

სტაჟირების მხრივ შედარებით მოწესრიგებული ვითარებაა საჯარო სექტორში, სადაც არსებობს სტაჟირებისთვის განსაზღვრული კონკრეტული ვადები (3, 6 ან 12 თვე) და ამ ვადის გასვლის შემდეგ, სტაჟიორი თავისუფლდება დაკავებული პოზიციიდან და თუ მას სტაჟირების გაგრძელების სურვილი ექნება, საკუთარი ინიციატივით შეუძლია სტაჟიორად მეორე ვადით დარჩეს. 

განსხვავებული მდგომარეობაა კერძო სექტორში. არსებულ კანონმდებლობაში მკაფიოდ არ არის განსაზღვრული, თუ რა წესების დაცვით უნდა იხელმძღვანელონ კერძო კოპანიებმა სტაჟიორების აყვანისას, ამიტომ, უმეტეს შემთხვევაში, ახალგაზრდები უვადოდ ასრულებენ სამუშაოს და ანაზღაურებას არ იღებენ. 

საბოლოოდ კი, "მარადმწვანე" სტაჟიორებს უვადოდ და უხელფასოდ მუშაობისგან კანონი არც პირდაპირი წესით იცავს და არც მათი სტაჟირების ვადების სწორად განსაზღვრას ავალდებულებს დამსაქმებლებს.

ბელა არუთინოვი





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ანაპას მახლობლად, შავ ზღვაში ნავთობის დაღვრას „ჩრდილოვან“ ტანკერზე დრონის თავდასხმას უკავშირებენ
ირანმა კომერციული გემებისთვის ჰორმუზის სრუტის გახსნის შესახებ განაცხადა
კობახიძემ თქვა, რომ 2028 წლის არჩევნებს მოიგებს, მას შემდეგ რაც პარტიებს აკრძალავს
კობახიძე კვლავ იყენებს საპატრიარქოს სახელს ოპონენტებზე თავდასასხმელად
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics