2015-02-16 11:03:47, 406 ნახვა
პოლიტიკა
დავით ნარმანია: ჩემთვის ცნობილი არ იყო, რომ ჯოკია ბოდოკია ნასამართლევი იყო
თბილისის მერის დავით ნარმანიას განცხადებით, მერიის ზედამხედველობის სამსახურის აპარატის უფროსად ჯოკია ბოდოკია 2014 წელს მის საარჩევნო კამპანიაში აქტიური მონაწილეობის შემდეგ დაინიშნა.
როგორც ნარმანიამ "იმედის კვირაში" ჩართვისას განაცხადა, მისთვის ცნობილი არ იყო, რომ ჯოკია ბოკდოკია წარსულში ნასამართლევი იყო.
"ჯოკია ბოდოკია ჩემს წინასაარჩევნო კამპანიაში იყო ჩართული. მე ის დამხვდა კოალიციაში, როცა მივედი და იქ მუშაობდა.უშუალოდ იყო თბილისის შტაბში. იყო შეხვედრების ორგანიზატორი და ადმინისტრაციული ფუნქციებით დაკავებული.როცა პერიოდულად მიმდინარეობდა საკადრო ცვლილებები, იქნა დანიშნული ერთ-ერთი სამსახურის აპარატის უფროსად. ეს არ იყო საკვანძო თანამდებობა. ჩემთვის ნამდვილად არ იყო ცნობილი, რომ ის ნასამართლევი იყო. სამსახურში დანიშვნის პერიოდში მას ეს გაქარწყლებული ჰქონდა",-განაცხადა დავით ნარმანიამ.
მისივე თქმით, ბოდოკიას კორუფციულ გარიგებაში მონაწილეობა მისთვის მოულოდნელი იყო, რადგან ღალატის მსგავსი არაფერი შეუმჩნევია.
"ბოლო პერიოდში ის აქტიურად იყო ჩართული წინასაარჩევნო კამპანიაში. მუშაობდა ადმინისტრაციული კუთხით. მისგან რამე ისეთი ღალატის მსგავსი არასდროს მსმენია. აქედან გამომდინარე, მოულოდნელი იყო",-აღნიშნა დავით ნარმანიამ.
ცნობისთვის, განსაკუთებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე, ქალაქ თბილისის მერიის ზედამხედველობის სამსახურის აპარატის უფროსი 1972 წელს დაბადებული ჯოკია ბოდოკია დააკავეს.
შსს-ს ინფორმაციით, თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის აპარატის უფროსმა ჯოკია ბოდოკიამ ერთ-ერთი კერძო კომპანიის წარმომადგენელს სასტუმროს მშენებლობის ნებართვის გაცემაში დახმარებისა და მშენებლობის პროცესში მფარველობის გაწევის სანაცვლოდ ქრთამის სახით მოსთხოვა სასტუმროს მშენებლობის ღირებულების 10 % – 180 000 აშშ დოლარი, საიდანაც წინასწარ ქრთამის სახით აიღო მოთხოვნილი თანხის ნაწილი – 50 000 აშშ დოლარი. გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით, რაც სასჯელის სახით 11-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს).
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან