|
2025-01-06 21:17:36, 974 ნახვა
რას ედავებიან ტანკერს რომელიც ქართველი კაპიტანით დააკავეს
ფინეთის გამოძიების ეროვნულმა ბიურომ (NBI) ტანკერი Eagle S 2024 წლის ბოლოს დააკავა EstLink 2 ელექტრული კაბელის და ოთხი საკომუნიკაციო კაბელის დაზიანების ეჭვის გამო. პოლიცია თვლის, რომ გემმა ფსკერზე დააგდო წამყვანი და მიზანმიმართულად გაიწია ათეულობით კილომეტრით, რათა დაეზიანებინა კაბელები. ტანკერზე საქართველოსა და ინდოეთის მოქალაქეები იმყოფებიან. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაადასტურა, რომ ფინეთის ყურეში დაკავებულ ტანკერზე საქართველოს მოქალაქეები იმყოფებიან. დიპლომატიური დეპარტამენტის განცხადებით, საქართველოს საელჩო კავშირშია ფინეთის სამართალდამცავ ორგანოებთან და ეკიპაჟის წევრებთან, რომლებსაც გემის დატოვება გამოძიების დასრულებამდე ეკრძალებათ. დეტალებს საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოც ავრცელებს. დეპარტამენტის ცნობით, გემზე საქართველოს ორი მოქალაქე იმყოფება - კაპიტანი დავით ვადაჭკორია და მექანიკოსი, რომლის ვინაობა არ სახელდება. „მოვუწოდებთ ყველა დაინტერესებულ მხარეს, გამოძიების დასრულებამდე არ გაავრცელონ გადაუმოწმებელი ინფორმაცია, რადგან ამან შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს ქართველი მეზღვაურების რეპუტაციაზე. საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო დაელოდება გამოძიების დასრულებას და მისი შედეგებიდან გამომდინარე გადაწყვეტს შემდგომ ქმედებებს“, - ნათქვამია განცხადებაში. ფინეთის სახელმწიფო მაუწყებლობის კომპანიის (YLE) ცნობით, Eagle S ტანკერის ეკიპაჟში ასევე შედიან ინდოეთის მოქალაქეები. სულ ბორტზე 20-ზე მეტი მეზღვაურია. ზოგი მათგანი ეჭვმიტანილია, ზოგიც მოწმე. გემი კუკის კუნძულების დროშით დაფრინავდა. სატვირთო გემის ოპერატორი არის Caravella LLC-FZ არაბეთის გაერთიანებული საემიროებიდან. მედიის ცნობით, კაპიტანი დავით ვადაჭკორია თავს არიდებს ჟურნალისტების კითხვებს და მხოლოდ აღნიშნავს, რომ ეკიპაჟი თავს კარგად გრძნობს. ამ ეტაპზე მათ ფინეთის უსაფრთხოების ძალები კითხავენ, რათა მეტი გაიგონ ინციდენტის შესახებ, რომელიც მოხდა 2024 წლის დეკემბრის ბოლოს. 25 დეკემბერს ფინეთის ყურის ფსკერზე დაზიანდა ფინეთის ესტონეთთან დამაკავშირებელი EstLink 2 დენის კაბელი და ოთხი საკომუნიკაციო კაბელი. 26 დეკემბრის დილით, ფინეთის პოლიციის სპეცრაზმი და მესაზღვრეები ჰაერიდან დაეშვნენ ნავთობის ტანკერ Eagle S-ზე, დაიკავეს სარდლობის ხიდი და ხელი შეუშალა გემის გამგზავრებას, რომელიც ეჭვმიტანილია დივერსიაში. ფინეთის ცენტრალური კრიმინალური პოლიციის ხელმძღვანელმა, რობინ ლარდოტმა, თქვა, რომ Eagle S-მა აშკარად გაჭრა კაბელები ფსკერზე მიწეული წამყვანით. ფინეთმა გამომძიებლებმა აღმოაჩინეს მრავალკილომეტრიანი ბილიკი (100 კმ-მდე) ბალტიის ზღვის ფსკერზე, სადაც ადრე დაზიანებული იყო EstLink 2 ელექტრო კაბელი, სავარაუდოდ, იგი დატოვა წამყვანმა. პოლიციამ თავად წამყვანმა ვერ იპოვა - წყლიდან მხოლოდ ჯაჭვი ამოიღეს. დივერსიის ვერსიას ადასტურებს ინციდენტის დროს ტანკერის მოძრაობის დეტალური მარშრუტიც. ის YLE-მ გამოაქვეყნა. „12:26 საათზე ტანკერი გადის EstLink 2-ზე. ამ დროს ის ჩერდება, იკლებს და ფინელი ოპერატორი Fingrid აცხადებს ელექტროენერგიის გათიშვას. 13:50 საათზე ტანკერი 180 გრადუსით უხვევს და უკან ბრუნდება, ხოლო 14:50 საათზე აკეთებს წრეს და უბრუნდება წინა მარშრუტს. 18:00-დან 19:00 საათამდე დაფიქსირდა ოთხ სატელეკომუნიკაციო კაბელში შეფერხებები“, - აცხადებენ მედია სამართალდამცავ უწყებებში წყაროებზე დაყრდნობით. შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით განცხადება ფინეთის პრეზიდენტმაც გააკეთა. ალექსანდრე სტუბმა შეაქო უსაფრთხოების ძალები ინციდენტზე სწრაფი რეაგირებისთვის და დასძინა, რომ „კაბელის დაზიანების წინა შემთხვევებში, რეაგირებას უფრო მეტი დრო დასჭირდა“. კრიტიკული ინფრასტრუქტურის დაზიანების მზარდი ინციდენტების გამო, სტუბმა აღნიშნა, რომ ფინეთი შეეცდება ნატოს ყოფნის გაზრდას, განსაკუთრებით ასეთ ტერიტორიებთან ახლოს. ადგილობრივი მედიის ცნობით, გემი Eagle S ეკუთვნის ე.წ. რუსეთის ჩრდილოვან ფლოტს და გამოიყენება რუსული ნავთობის ტრანსპორტირებისთვის, საერთაშორისო სანქციების გვერდის ავლით. ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ რუსეთის ფედერაციას შეუძლია ტანკერი ნატოს წინააღმდეგ სადაზვერვო და დივერსიული მოქმედებებისთვის გამოიყენოს. ამის ერთ-ერთი მტკიცებულებაა გემზე ნაპოვნი ძვირადღირებული სადაზვერვო აღჭურვილობა, ასევე ეკიპაჟის წევრი, რომელიც, სავარაუდოდ, რუსეთის სამხედრო დაზვერვის GRU-ს თანამშრომელია.
მეუფე ილარიონის თქმით, სინოდზე ასაკის ცენზზე შეთანხმებას ვერ მიაღწიეს, განათლებაზე არ უმსჯელიათ
წყნეთში, სკვერში დენის დარტყმის შედეგად გარდაცვლილი მოზარდის ოჯახი მომხდარზე პასუხისმგებლობას კალაძეს აკისრებს
მედვედევი: დროა, შევწყვიტოთ ტოლერანტული დამოკიდებულება მეზობლების EU-ში გაწევრიანების მიმართ
პაპუაშვილი მოლდოვის ყოფილ პრეზიდენტ დოდონს და პრორუს დეპუტატებს შეხვდა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
რეჟიმის წარმომადგენლები ხოშტარიას შვილებს ესხმიან თავს
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოდესის დაბომბვის შედეგად დაიჭრა 11 ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი
დღეს რუსეთმა 556 თავდასხმის დრონი გაუშვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)