20:01 - 25 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-12-06 12:43:54, 335 ნახვა

პოლიტიკა
პაპუაშვილი - პროტესტს არავითარი შინაარსი არ აქვს - ამიტომაც გაექცნენ დებატებს

მიმდინარე პროტესტს არ აქვს არავითარი შინაარსი, ამიტომაც არ მოგვისმენია გამოსვლები, ამიტომაც გაექცნენ დებატებს, ამიტომაც ამჯობინეს ხმაური საუბარს,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა საკანონმდებლო ორგანოში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, საკმარისი დრო გავიდა და საკმარისი მოვლენები დატრიალდა იმისთვის, რომ ემოციები ჩაცხრეს, ცხოვრება დაუბრუნდეს ჩვეულ კალაპოტს, კონსტიტუციურ ჩარჩოში უნდა დაბრუნდნენ პოლიტიკური პარტიები და მათი მხარდამჭერები.

„ბოლო დღეების მოვლენების ფონზე, ძალადობრივი პროტესტის ხმაურში ჩაიკარგა ჩვენი ხალხის მთავარი გზავნილი, რომელსაც მოსახლეობამ ხმა მისცა არჩევნებზე - საქართველო ევროკავშირის წევრი უნდა გახდეს ღირსეულად, მშვიდობიანად და კეთილდღეობით… ძალადობის ხმაურში ასევე ჩაიკარგა ევროპის პასუხი ჩვენს მოვლენებზე. როდესაც ოპოზიციის რუპორი ტელევიზიები დაჟინებით აშუქებდნენ ზოგიერთი მიკერძოებული ევროპელი პოლიტიკოსის პათეტიკურ მოწოდებებს, ევროპის ყველაზე ავტორიტეტული ინსტიტუტებისგან მომდინარე გზავნილები სრულიად განსხვავებული აღმოჩნდა. ვხედავთ, რომ არსებობს საკუთარ მერკანტილურ ინტერესებზე მოწყობილი, ევროპას შეფარებული ძალები და არსებობს ის ინსტიტუტები, რომლებიც არ ექვემდებარებიან კონიუნქტურას, ლაპარაკობენ სიმართლეს, იცავენ ჭეშმარიტების ფასეულობას.

ჩვენ კი ვდგავართ არჩევანის წინაშე, რისკენ უნდა მივისწრაფოდეთ? ევროპარლამენტის ზოგიერთი ოდიოზური დეპუტატის მიერ შედგენილი სიცრუით გაჟღენთილი რეზოლუციებისკენ, რომლითაც ხან სააკაშვილის გათავისუფლებას ითხოვენ და ხან კეზერაშვილის გამართლებას, თუ ისეთი ინსტიტუციების გადაწყვეტილებებისაკენ, როგორიცაა ეუთო/ოდირის საარჩევნო დასკვნა ან სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ვერდიქტი, ამჯერად კეზერაშვილის გასამტყუნებლად...

ჩვენ დღევანდელ დღემდე და მომავალშიც შევეცდებით დავანახოთ ოპოზიციურ ამომრჩეველს ჩვენი სიმართლე, რათა მათ შეძლონ და შეადარონ იმ უმსგავსო და უპასუხისმგებლო საქციელს, რასაც სჩადის მათ მიერ არჩეული პარტიები. მოსახლეობის უმრავლესობამ აირჩია მშვიდობა, სტაბილურობა, ევროპული მომავალი და ქვეყნის გამთლიანება. სამწუხაროდ, რევანშისტული და რადიკალური ძალები არათუ ქვეყნის და სახელმწიფოს, თავიანთი ამომრჩევლის ნდობასაც აცრუებენ. ვფიქრობთ, რომ საკმარისი დრო გავიდა და საკმარისი მოვლენები დატრიალდა იმისთვის, რომ ემოციები ჩაცხრეს, ცხოვრება დაუბრუნდეს ჩვეულ კალაპოტს, ისევე როგორც კონსტიტუციურ ჩარჩოში უნდა დაბრუნდნენ პოლიტიკური პარტიებიც და მათი მხარდამჭერებიც...

მიმდინარე პროტესტს არ აქვს არავითარი შინაარსი. ამიტომაც, არ მოგვისმენია გამოსვლები, ამიტომაც გაექცნენ დებატებს, ამიტომაც ამჯობინეს ხმაური საუბარს. აპროტესტებენ იმას, რაც ბუნებაში არ არსებობს. ვერავინ ახერხებს თქვას და დაასახელოს კონკრეტული და ხელშესახები ფაქტორი, რომელსაც ევროკავშირი გვთავაზობს, ხოლო ხელისუფლება უარს ამბობს. ყველამ ვიცით, რომ ევროკავშირის წევრობის შესაძლებლობა მხოლოდ 2030 წელს გაჩნდება. ჩვენ გეგმა სწორედ ამ თარიღზეა მიმართული. მოლაპარაკებების გახსნა ევროპული სტრუქტურების ხელშია. საქართველო ყველაზე მეტად იმსახურებს და ყველაზე მეტად მზადაა პროცესის დასაწყებად. გაგვიხსნიან, მივიღებთ, ხელს მოვაწერთ და შევასრულებთ“,- განაცხადა პაპუაშვილმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სუს: დავაკავეთ სუს-ის ყოფილი და შსს-ს მოქმედი თანამშრომელი, ბრალი ედება სუს-დან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში
ირაკლი [დაჩი] ბერაია აუდიტის სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა
ნიკა გვარამია: ჩვენ სრული გეოპოლიტიკური კატასტროფის წინაშე ვდგავართ
არაღჩი: თეირანი გააგრძელებს მონაწილეობას პაკისტანის მიერ წარმოებულ მედიაციის ძალისხმევაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics