07:43 - 26 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-12-01 04:33:53, 318 ნახვა

პოლიტიკა
საჯარო რეესტრის სააგენტოს თანამშრომლები და ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი ხელისუფლების გადაწყვეტილებას ემიჯნებიან

2028 წლამდე საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნის შეჩერება წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლის მოთხოვნებთან - ნათქვამია სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლების განცხადებაში, რომელსაც ამ დროისათვის 230-ზე მეტი ხელმოწერა აქვს.

განცხადება ღიაა ხელმოსაწერად სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ყველა თანამშრომლისათვის.

"სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლები, რომლებიც მრავალი წელი ვემსახურებით საქართველოს სახელმწიფო ინტერესებს, საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული უფლებების რეალიზებას და ჩვენი ყოველდღიური შრომა მიმართულია უპირველესად, საქართველოს მოქალაქეების საჭიროებებისა და ინტერესების დასაკმაყოფილებლად, მივიჩნევთ, რომ ჩვენი, როგორც საქართველოს მოქალაქეების უმთავრესი მოვალეობა ჩვენი ქვეყნისა და თანამოქალაქეების გვერდით დგომაა.

ვაცნობიერებთ რა ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობის მნიშვნელობას, ჩვენს ინდივიდუალურ თუ ერთობლივ პასუხისმგებლობას ჩვენი ქვეყნის წარსულის, აწმყოსა და მომავლის წინაშე, საქართველოს სახელმწიფო ინტერესებისათვის ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებთან თანამშრომლობის აუცილებლობას, ქვეყნის ისტორიულ შესაძლებლობას, მიგვაჩნია, რომ 2028 წლამდე საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნის შეჩერება წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლის მოთხოვნებთან. ერთგული ვრჩებით რა საქართველოს კონსტიტუციით გაცხადებული  საქართველოს მოქალაქეთა ურყევი ნებისადმი, ვგმობთ ნებისმიერი სახის ძალადობას, მოვუწოდებთ ძალოვანი სტრუქტურის თანამშრომლებს შეწყვიტონ ფიზიკური დაპირისპირება საქართველოს მოქალაქეებთან და ვემიჯნებით ყველა იმ ქმედებასა თუ გადაწყვეტილებას, რომელიც ეწინააღმდეგება თავად საქართველოს კონსტიტუციასა და კონკრეტულად მის 78-ე მუხლს. 

ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ საქართველოს ადგილი არის ჰუმანურ, დემოკრატიულ ღირებულებებსა და კანონის უზენაესობის პრინციპებზე დაფუძნებულ სახელმწიფოთა გვერდით. სწორედ იმ ღირებულებებსა და პრინციპებზე, რომლებიც თავად ქართველი ერის მრავალსაუკუნოვან სახელმწიფოებრიობის ტრადიციებსა და საქართველოს 1921 წლის კონსტიტუციის ისტორიულ-სამართლებრივ მემკვიდრეობას ეყრდნობა და ამდენად, არ არის მისთვის უცხო. მაშასადამე, მისი ღირსეული ადგილი სწორედ ევროპის სახელმწიფოთა ეკონომიკურ-პოლიტიკურ გაერთიანებაშია." ნათქვამია განცხადებაში.

საქართველოს ევროპული გზიდან გადახვევა და რუსეთის წიაღში დაბრუნება კატეგორიულად მიუღებელია" - კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის თანამშრომელთა ნაწილი განცხადებას ავრცელებს.

მათი შეფასებით, დაუშვებელია ჩვენი კონსტიტუციის 78-ე მუხლის დარღვევა!

"ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის თანამშრომლები გამორჩეულ პასუხისმგებლობას ვგრძნობთ და მივიჩნევთ, რომ: საქართველოს ევროპული გზიდან გადახვევა და რუსეთის წიაღში დაბრუნება კატეგორიულად მიუღებელია. დაუშვებელია ჩვენი კონსტიტუციის 78-ე მუხლის დარღვევა! ვგმობთ საკუთარ მოქალაქეებზე ძალადობას!". - წერია განცხადებაში.

განცხადებაში ხაზგასმულია, რომ საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში დაცული მრავალი წერილობითი ძეგლი საქართველოს ევროპისკენ სწრაფვას ადასტურებს.

"კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში დაცული ხელნაწერი მემკვიდრეობა ინახავს საქართველოს ისტორიის უაღრესად ობიექტურ და უტყუარ ცნობებს. საუკუნეთა განმავლობაში შექმნილი წერილობითი ძეგლები ადასტურებს ჩვენი ქვეყნის სწრაფვას დასავლური კულტურისკენ.

ისიც აღსანიშნავია, რომ სწორედ ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრშია დაცული: ეფრემ მცირის, მთაწმინდელების, არსენ იყალთოელისა თუ სულხან-საბას ნააზრევი, რომელიც შუა საუკუნეებიდან მოყოლებული ჩვენი ევროპული აზროვნების მასაზრდოებელი იყო; ასევე, ცენტრის კოლექციები ინახავს რუსეთის იმპერიასთან სხვადასხვა ფორმით მებრძოლი, ევროპულად მოაზროვნე დიდი ქართველი მოღვაწეების: ილიას, აკაკის, ვაჟას, დიმიტრი ყიფიანის, ნიკო ნიკოლაძის, ექვთიმე თაყაიშვილის, კათალიკოს-პატრიარქ ამბროსი ხელაიას და სხვათა პირად არქივებს, რომელთა დაცვა, შესწავლა და პოპულარიზაცია ჩვენი ყოველდღიური საქმიანობაა". - წერია განცხადებაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
იტალიის პრემიერ-მინისტრი პუტინის G20-ის სამიტზე მიწვევას ეწინააღმდეგება
მედია: ტრამპმა პაკისტანში ირანთან მოსალაპარაკებლად აშშ-ს დელეგაცია არ გაგზავნა
სუს: დავაკავეთ სუს-ის ყოფილი და შსს-ს მოქმედი თანამშრომელი, ბრალი ედება სუს-დან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში
ირაკლი [დაჩი] ბერაია აუდიტის სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics