06:26 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-02-29 14:43:41, 567 ნახვა

საზოგადოება
ქანთარია: მანახეთ ერთი ფრაზა, სადაც წერია, რომ ბავშვის ფსიქიკაში გარყვნილებები უნდა შევიდეს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, განათლების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის ნუკრი ქანთარიას შეფასებით, საგნის  "მე და საზოგადოება" სატნდარტის მიხედვით, საუბარი არაა იმაზე, რომ ბავშვის ფსიქიკაში  გარკვეული გარყვნილებები უნდა შევიდეს.

ამიტომ, პეტიცია, რომელიც სკოლებში  „ეროვნული იდენტობის შეურაცხმყოფელი საგნების არდაშვებას“ ითხოვს, მისთვის გაუგებარია.

"პეტიცია, რომელიც მოგვაწოდეს და რომელსაც ხელს აწერს ჩემთვის ძალიან საყვარელი ხალხი და სადაც წერია, რომ სკოლებში არ უნდა იყოს გარყვნილება, სექსუალური ორიენტაციის და გენდერული იდენტობის თემატიკასთან ნებისმიერი ფორმით, თუ ნებისმიერ მოქალაქეს მივუტანთ და ვეტყვით, რომ ეს ასე არის, რა თქმა უნდა, ყველა აღშფოთდება ამაზე და არ მეგულება ჯანსაღი აზროვნების ადამიანი, რომელიც  იტყვის, რომ ეს ასე უნდა იყოს. ამ სტანდარტის მიხედვით, რომელიც ჩვენ გვაქვს, მე ვერ აღმოვაჩინე ვერსად და ჩასაფრებულიც ვიყავი, რომ ბავშვებს უნდა რაღაცა მიაწოდონ ისეთნაირად, რომ ხუთკუნჭულა და ნაცარქექია კაციც შეიძლება იყოს და ქალიც, რომ მეფის ასული ელოდება ცხრა მთას იქიდან სხვა მეფის ასულს, რომელიც მოვიდა და ერთად ბედნიერად ცხოვრობენ შემდეგ და ოჯახიც აქვთ. ასეთი რამეები არ არის და რაღაც მგონია, განგებ ხომ არ ხდება ეს ყველაფერი იმიტომ, რომ ამ სტანდარტის მიხედვით მე სხვა სირთულეებს ვხედავ და არა იმას, რაც აქ არის. ერთი ფრაზა მანახეთ, სადაც წერია იმაზე, რომ ბავშვის ფსიქიკაში უნდა შევიდეს რაღაც გარკვეული გარყვნილებები", - აცხადებს ნუკრი ქანთარია.

ქანთარიას მოსაზრებით, საგანის სტანდარტის მიხედვით, აქცენტი გაკეთებულია იმაზე, რომ  ბავშვმა  გაიგოს სიმართლის, სიკეთის ფასი, წესიერება და ზრდილობა, ისწავლოს მოსმენა და არა გაგონება:

"მე მგონია, აქ არის ის, რომ  ბავშვმა უნდა გაიგოს სიმართლის ფასი, სიკეთის ფასი, წესიერება და ზრდილობა, ისწავლოს მოსმენა და არა გაგონება. მოსმენა ნიშნავს საკუთარია აზრის  ჩამოყალიბებას ნებისმიერ თემაზე და მას ჰქონდეს საკუთარი თვალსაზრისის შექმნის აუცილებლობა და ეს ყველაფერი მგონია, რომ არის კულტურა და ჩემი აზრით, ეს არის უფრო კულტურის საფუძვლები", - განაცხადა ქანთარიამ.

დეპუტატი უფრო სხვა სირთულეებს ხედავს, ვიდრე-პეტიციის ავტორები:

"აქ არის მეორე სირთულე, ჩვენ შეიძლება ბავშვს პატარაობიდანვე ვასწავლოთ ზრდილობა,  რომ ეს არ შეიძლება, ჰიგიენა ვასწავლოთ, მაგრამ გრძნობების სწავლა ჩემთვის გამორიცხულია.  როგორ შეიძლება გრძნობები, რომელიც ემოციურ ფენომენს წარმოადგენს, ვასწავლოთ,  როგორიცაა სამშობლო, მეგობრობა,  დედა,  მამა და ბავშვს აქვს თავიდანვე ინსტიქტები. რა არის სამშობლო და რას მოითხოვს სამშობლო? ჩვენ გვაქვს პრეტენზია, რომ ვიცით, მაგრამ სიცოცხლის ბოლომდე ჩვენ გვაქვს კითხვები და  ბავშვს უნდა გავუჩინოთ კითხვების აუცილებლობა.  რა არის სამშობლო? ბავშვმა დაიზუთხოს წაკითხული, თუ იგრძნოს, რა არის სამშობლო. რომ იგრძნოს,  ამისათვის საჭიროა მაგალითები. ეს უნდა მოხდეს ხელოვნების ენით, მხოლოდ ხელოვნებას შეუძლია სულზე ზემოქმედება. მე მეშინია,  რომ მესამე კლასის ბავშვი გამოგვივიდეს ისეთი, რომელიც ძალიან კარგად ახსნის, რა არის სამშობლო, აგვიხსნის მის როლს საზოგადოებაში და მიიღებს ამაში ხუთიანს. ძალიან ფაქიზია ეს თემები, მე აქ მაქვს კითხვები", - განაცხადა ნუკრი ქანთარიამ.

ცნობისთვის, განათლებისა და მეცნიერების მინისტრის თამარ სანიკიძის  ინფორმაციით, საგანს საბოლოო ჯამში საზოგადოებრივი მეცნიერების საფუძვლები დაერქმევა:

„ის სტანდარტი, რომლზედაც ვმუშაობდით მე-3 მე-4 კლასელებისთვის, იქიდან ეს საკითხები მთლიანად ამოვა და ამ საგანს საბოლოო ჯამში დაერქმევა საზოგადოებრივი მეცნიერების საფუძვლები, რომელიც იქნება ის საბაზო განათლება საზოგადოებრივი მეცნიერების კუთხით, რომელიც ნამდვილად გადაუდებლად გვჭირდება. ამჯერად მესამე, მეოთხე კლასში, მაგრამ ჩვენ თუ გადავხედავთ ქვეყნების გამოცდილებას, ამ ქვეყნებს საზოგადოებრივი მეცნიერებები დანერგილი აქვთ სკოლამდელი განათლების ნაწილიდან“,-განაცხადა თამარ სანიკიძემ მთავრობის ერთ- ერთი სხდომის შემდეგ და დასძინა, რომ უცხო ქვეყნების და საქართველოს საზოგადოებრივ მეცნიერებებს რომლებსაც მე-3, მე-4 კლასში ნერგავენ „არაფერი საერთო არ აქვთ იმ ტყუილთან, ცილისწამებასთან, რაც რამდენიმე ადამიანის მხრიდან გაჟღერდა“

შეგახსენებთ, შექმნილია პეტიცია, რომელიც სკოლებში  „ეროვნული იდენტობის შეურაცხმყოფელი საგნების არდაშვებას“ ითხოვს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ანაპას მახლობლად, შავ ზღვაში ნავთობის დაღვრას „ჩრდილოვან“ ტანკერზე დრონის თავდასხმას უკავშირებენ
ირანმა კომერციული გემებისთვის ჰორმუზის სრუტის გახსნის შესახებ განაცხადა
კობახიძემ თქვა, რომ 2028 წლის არჩევნებს მოიგებს, მას შემდეგ რაც პარტიებს აკრძალავს
კობახიძე კვლავ იყენებს საპატრიარქოს სახელს ოპონენტებზე თავდასასხმელად
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics