23:56 - 28 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-10-11 20:37:55, 371 ნახვა

პოლიტიკა
„წინასაარჩევნო კამპანიის გზავნილები მეტად პოლარიზებულ რიტორიკას იყენებს“ - ეუთო/ოდირი ანგარიშს აქვეყნებს

ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისი (ODIHR) საქართველოში წინასაარჩევნო გარემოსთან დაკავშირებით შუალედურ ანგარიშს აქვეყნებს.

14 გვერდიან ანგარიშში 11 სექტემბრიდან 9 ოქტომბრამდე პერიოდია მიმოხილული.

დოკუმენტში ვკითხულობთ, რომ ბოლო საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, საარჩევნო კოდექსში 20-ზე მეტი ცვლილება შევიდა, რომლითაც "ოდირის" რამდენიმე წინა რეკომენდაციაა გათვალისწინებული, თუმცა რამდენიმე რეკომენდაცია კვლავ შეუსრულებელი რჩება.

ამასთან, დოკუმენტში აღნიშნულია, რომ საარჩევნო ადმინისტრაციამ დღემდე დაიცვა ყველა კანონიერი ვადა, ჩაატარა ტრენინგები სხვადასხვა დაინტერესებული მხარისთვის და წამოიწყო ამომრჩეველთა ფართომასშტაბიანი ინფორმირების კამპანია.

"ოდირის" სადამკვირვებლო მისიის ბევრმა თანამოსაუბრემ გამოხატა ნდობა საარჩევნო ადმინისტრაციის ტექნიკური და ორგანიზაციული შესაძლებლობების მიმართ, მაგრამ "ოდირის" სადამკვირვებლო მისიის ზოგიერთმა თანამოსაუბრემ გამოთქვა შეშფოთება, რომ ცესკო-ს გადაწყვეტილების მიღების გამარტივებულმა პროცესმა, ოპოზიციის მიერ დანიშნული თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობიდან გათავისუფლებამ და მისი წევრების დანიშვნის ახალმა მეთოდმა შესაძლოა, უარყოფითად იმოქმედოს საარჩევნო ადმინისტრაციის მიუკერძოებლობაზე",- აღნიშნულია ანგარიშში.

დოკუმენტი ასევე მოიცავს საარჩევნო პროცესში ელექტრონული სისტემების გამოყენების საკითხსაც და ანგარიშში აღნიშნულია, რომ სადამკვირვებლო მისიის უმეტეს თანამოსაუბრეს არ გამოუთქვამს მნიშვნელოვანი შეშფოთება ამომრჩეველთა სიების ინკლუზიურობასთან დაკავშირებით, თუმცა ზოგიერთმა აღნიშნა უზუსტობები.

"დაახლოებით 3.4 მილიონი რეგისტრირებული ამომრჩეველია. ცესკო-მ ამომრჩეველთა რეგისტრაციის ინფორმაციის შესამოწმებლად და შესწორებების მოთხოვნისთვის რამდენიმე ვარიანტი შესთავაზა, როგორც პირადად, ისე ონლაინ. "ოდირის" სადამკვირვებლო მისიის უმეტეს თანამოსაუბრეს არ გამოუთქვამს მნიშვნელოვანი შეშფოთება ამომრჩეველთა სიების ინკლუზიურობასთან დაკავშირებით, თუმცა ზოგიერთმა აღნიშნა უზუსტობები, რომლებიც ძირითადად გამოწვეულია სიაში გარდაცვლილი ამომრჩევლებისა და საზღვარგარეთ დე ფაქტო მცხოვრები მოქალაქეების პოტენციური არსებობით",- ნათქვამია დოკუმენტში.

დოკუმენტში მიმოხილულია პოლიტიკური პარტიების წინასაარჩევნო კამპანიები და აღნიშნულია, რომ წინასაარჩევნო კამპანიის გზავნილები, რომელზეც აქამდე განხორციელდა დაკვირვება, მეტად პოლარიზებულ რიტორიკას იყენებს.

„წინასაარჩევნო კამპანიის გზავნილები, რომელზეც აქამდე განხორციელდა დაკვირვება, იყენებს მეტად პოლარიზებულ რიტორიკას. მმართველმა პარტიამ არჩევნები წარმოადგინა როგორც არჩევანი მშვიდობასა და ომს შორის, ხოლო ოპოზიციური პარტიების უმეტესობა არჩევნებს წარმოაჩენს როგორც რეფერენდუმს ქვეყნის გეოპოლიტიკურ პოზიციაზე.

"ოდირის" სადამკვირვებლო მისიის ზოგიერთმა თანამოსაუბრემ გამოთქვა შეშფოთება დაშინების ტაქტიკასთან დაკავშირებით, მმართველი პარტიის მხარდამჭერებისა და სახელმწიფო ორგანოების მხრიდან, რომელიც სავარაუდოდ, მიმართული იყო მათი წინასაარჩევნო აქტივობებისა და ასევე ამომრჩევლების წინააღმდეგ.

სიტყვიერი თავდასხმების, საარჩევნო მასალების განადგურებისა და ფიზიკური დაპირისპირების იზოლირებული შემთხვევები დაფიქსირდა როგორც მმართველი, ისე ოპოზიციური პარტიების მხრიდან. არსებული რეგულაციების მიუხედავად, "ოდირის" სადამკვირვებლო მისიის რამდენიმე თანამოსაუბრემ ხაზი გაუსვა ხარვეზებს კანონმდებლობასა და მის განხორციელებაში ადმინისტრაციული რესურსების პოტენციურ ბოროტად გამოყენებასთან დაკავშირებით",- ნათქვამია დოკუმენტში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მეუფე საბა - მეუფე შიოს 50% +1 ხმა უკვე აქვს, თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ გაფართოებული კრების ჩატარებას მნიშვნელობა არ აქვს
მიტროპოლიტმა ისაიამ სინოდის სხდომაზე პატრიარქობის კანდიდატად საკუთარი თავის დასახელების სურვილი გამოთქვა, თუმცა სინოდმა მხარი არ დაუჭირა
მარნეულში 10 წლის ბავშვს მანქანა დაეჯახა, იგი გარდაიცვალა, კლინიკასთან დაძაბულეობა იყო
ლევან სუთიძე - მეუფე შიომ მხარდაჭერა უკვე კამპანიის დროს მოიპოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics