|
2024-06-03 14:47:59, 761 ნახვა
ეკონომიკა
დავითაშვილი - მშენებლობის სექტორში რეალური დამატებული ღირებულება 2023 წელს 17%-ით გაიზარდა, მშენებლობის სექტორის წილმა კი ეკონომიკის 7.9%-ი შეადგინა
ახალი ბრენდი და ინოვაციები სამშენებლო სექტორში - ამ და სხვა მნიშვნელოვან თემებზე იმსჯელეს „ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯიას" რიგით მე-7 საერთაშორისო ხარისხის კონფერენციაზე, რომელშიც 300-მდე წამყვანი ადგილობრივი სამშენებლო კომპანიის წარმომადგენლები, დეველოპერები, ინჟინრები და დარგის ექსპერტები მონაწილეობდენ. ამის შესახებ ინფორმაციას ეკონიმიკის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, ღონისძიება მისასალმებელი სიტყვით პირველმა ვიცე-პრემიერმა, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა გახსნა. კონფერენციაზე ასევე მოხსენება გააკეთა სამინისტროს სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელმა, იოანე მენაბდემ. ლევან დავითაშვილის განცხადებით, სამშენებლო სექტორი ქვეყანაში ეკონომიკური ზრდისა და განვითარების ერთ-ერთი წარმმართველი ძალაა. მისი ინფორმაციით, 2022-23 წლების მაღალ ეკონომიკურ ზრდაში მშენებლობის სექტორის წილი საკმაოდ მნიშვნელოვანი იყო: 2022 წელს რეალური დამატებული ღირებულება მშენებლობის სექტორში 16%-ით, ხოლო 2023 წელს 17%-ით გაიზარდა, მშენებლობის სექტორის წილმა მშპ-ში კი თითქმის რვა პროცენტი შეადგინა. „შესაბამისად, სამშენებლო სექტორში სწორი პოლიტიკა მნიშვნელოვან ამოცანას წარმოადგენს. ბოლო წლებში მნიშვნელოვანი რეფორმები გავატარეთ იმისთვის, რომ სექტორი სწრაფად ვითარდებოდეს, მაგრამ ვითარდებოდეს ხარისხიანად - ჩვენ შევდივართ განვითარების ისეთ ეტაპზე, როდესაც ეკონომიკური ზრდა და განვითარება გვსურს არა ყველაფრის ფასად, არამედ გვსურს ხარისხიანი ზრდა, რომელიც უფრო მდგრადი იქნება და გრძელვადიან პერქპექტივაში უფრო მეტ შედეგს მოუტანს ჩვენს ქვეყანას", - განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა. მინისტრმა ხაზი გაუსვა იმ გარემოებასაც, რომ 2023 წლის მონაცემებით, მშენებლობის სექტორმა დაასაქმა 100 000-ზე მეტი ადამიანი. ლევან დავითაშვილმა ასევე ყურადღება გაამახვილა ბაზარზე ზედამხედველობის, სივრცითი და ურბანული განვითარების როლსა და იმ რეფორმებზე, რომლებსაც ეკონომიკის სამინისტრო ბოლო წლებია, წარმატებით ახორციელებს. მისი თქმით, 2020 წლიდან ბაზარზე ზედამხედველობაზე პასუხისმგებელ სახელმწიფო ორგანოს წარმოადგენს ბაზარზე ზედამხედველობის სააგენტო, რომლის მიზანია, შეზღუდოს საფრთხის შემცველი პროდუქტების, ბაზარზე ხელმისაწვდომობა, რათა დაცულ იქნას მოქალაქეთა ჯანმრთელობა და უსაფრთხოება, აგრეთვე გარემო და საკუთრება. ლევან დავითაშვილმა აღნიშნა, რომ სამშენებლო სფეროს რეგულაცია 500-ზე მეტ სამშენებლო პროდუქტს მოიცავს და მათი დაფარვა ეტაპობრივად მიმდინარეობს. ამჟამად ზედამხედველობა ხორციელდება 21 დასახელების პროდუქტზე, ამ ჩამონათვალს 2025 წლიდან 101 ახალი პროდუქტი დაემატება. პირველმა ვიცე-პრემიერმა თავის მოხსენებაში ხაზი გაუსვა სამშენებლო დარგში კვალიფიციური კადრების მნიშვნელობას. მისი თქმით, მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა არქიტექტორებისა და ინჟინერ-მშენებლების სერტიფიცირების სისტემის ჩამოყალიბებაზე - საქართველოს მთავრობის დადგენილებით, დამტკიცდა არქიტექტორებისა და ინჟინერ-მშენებლების სერტიფიცირების წესი, რომ მათ მიერ მომზადებული დოკუმენტები იყოს უფრო მაღალკვალიფიციური, შეესაბამებოდეს საერთშაორისო სტანდარტებს, საბოლოოდ კი უნდა მივიღოთ უფრო ხარისხიანი ექსპერტიზა მშენებლობის სფეროში. მინისტრის ინფორმაციით, კანდიდატის სერტიფიცირებას განახორციელებენ საერთაშორისო სტანდარტის შესაბამისად აკრედიტებული ორგანოები, რაც გააუმჯობესებს ხარისხს სამშენებლო სექტორში. „სამშენებლო სექტორის ევროპულ მოდელთან დასაახლოვებლად, სამინისტრო კოორდინაციას უწევს ევროკოდების დანერგვას, რაც საბოლოო ჯამში უზრუნველყოფს კონსტრუქციების ოპტიმალურ უსაფრთხოებას, გამძლეობას და შესაბამისად, მეტად მდგრად მშენებლობას. ევროკოდების მნიშვნელოვანი ნაწილი და მათი ეროვნული დანართები სამოქმედოდ იქნა დაშვებული მთავრობის დადგენილებით. მიმდინარეობს დანარჩენი ევროკოდების ეროვნული პარამეტრების შემუშავება, რომელიც 2025 წლის განმავლობაში მზად იქნება სამოქმედოდ დასაშვებად და განისაზღვრება გარდამავალი პერიოდი ევროკოდების სავალდებულოდ გამოყენებასთან დაკავშირებით", - განაცხადა ლევან დავითაშვილმა. პირველმა ვიცე-პრემიერმა ასევე ყურადღება გაამახვილა ქვეყნის მდგრად სივრცით განვითარებასა და დასახლებების სწორ ურბანულ დაგეგმვაზე, რომელსაც 2022 წლიდან სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტო ახორციელებს. ლევან დავითაშვილის ინფორმაციით, ამჟამად სააგენტო, საერთაშორისო ექსპერტებთან ერთად, მუშაობს პროექტზე, რომლის მიხედვითაც დადგინდება ყველა მნიშვნელოვანი ესთეტიკური პარამეტრის განსაზღვრის მეთოდოლოგია და პრინციპი, მათ შორის განისაზღვრება ნებადართული სამშენებლო მასალები და მათი გამოყენების პირობები. შედეგად, ყველა დასახლებას ეტაპობრივად ექნება რეგლამენტი, რომლის დაცვაც საბოლოო ჯამში მოგვცემს მეტად გამშვენებულ დასახლებებს და შესაბამისად გაუმჯობესებულ და მიმზიდველ საცხოვრებელ გარემოს. „ჩვენ აქტიურად უნდა ვიმუშაოთ, რომ სივრცითი განვითარება შესაბამისობაში იყოს ქვეყნის სტრატეგიული განვითარების მიზნებთან და ამოცანებთან", - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა. საერთაშორისო ხარისხის კონფერენცია სამშენებლო სფეროს წარმომადგენლებისთვის ერთ-ერთ მნიშვნელოვანი ღონისძიებაა, რომელიც ჰაიდლებერგცემეტის ორგანიზებით 2 წელიწადში ერთხელ ტარდება. აღნიშნული ინიციატივის განხორციელების შედეგად სექტორის ადგილობრივ წარმომადგენლებს ისეთი ცნობილი კომპანიების ხელმძღვანელების გამოცდილების გაზიარების საშუალება მიეცათ, როგორიცაა Zaha Hadid Architects, One Thousand Museum, ARUP, GBCI Europe, ABB, Aluprof, Maxit, Kaya Safety, VDZ Technology gGmbH, Gensler Architects და სხვა.
ბუშის ინსტიტუტის დირექტორი: ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციების მოხსნა ნაკლებად სავარაუდოა
2025 წელს საქართველოში გაზის გაჟონვისა და აფეთქებების შედეგად 18 ადამიანი დაიღუპა
CNN: ჩინეთი ირანისთვის საჰაერო თავდაცვის სისტემების მიწოდებას უახლოეს კვირებში გეგმავს
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოში არსებულ ვითარებას 21 აპრილს განიხილავენ
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
უკრაინის მთავარმა მომლაპარაკებელმა „უზარმაზარი პროგრესის“ შესახებ განაცხადა და პუტინთან შეთანხმების მიღწევის შესაძლებლობა არ გამორიცხა
ზელენსკიმ „აღდგომის ზავის“ ფარგლებში ცეცხლის შეწყვეტის მზადყოფნა გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)