|
2024-02-19 15:50:05, 870 ნახვა
მსოფლიო
ნავალნაია - გავაგრძელებ ალექსეის საქმეს - ჩვენი ქვეყნისთვის ბრძოლას და მოგიწოდებთ, დადგეთ ჩემ გვერდით
მე გავაგრძელებ ალექსეი ნავალნის საქმეს, გავაგრძელებ ჩვენი ქვეყნისთვის ბრძოლას და მოგიწოდებთ, რომ დადგეთ ჩემ გვერდით, - ამის შესახებ რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის მეუღლემ, იულია ნავალნაიამ ვიდეომიმართვაში განაცხადა. ნავალნაიას თქმით, მისთვის ცნობილია, თუ რატომ "მოკლა რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ალექსეი ნავალნი" და ამასთან დაკავშირებით ინფორმაციას უახლოეს პერიოდში გაავრცელებს. "დღეს პირველად, ამ არხის მეშვეობით, მე უნდა მოგმართოთ თქვენ. მე არ უნდა ვწერდე ამ ვიდეოს, ჩემს ადგილას უნდა იყოს სხვა ადამიანი, მაგრამ ეს ადამიანი ვლადიმერ პუტინმა მოკლა. 3 დღის წინ ვლადიმერ პუტინმა მოკლა ჩემი მეუღლე, ალექსეი ნავალნი. პუტინმა მოკლა ჩემი შვილების მამა. პუტინმა წამართვა ყველაზე ძვირფასი, რაც გამაჩნდა, ყველაზე ახლო და საყვარელი ადამიანი... პუტინმა მოკლა არა უბრალოდ ადამიანი ალექსეი ნავალნი, მან მასთან ერთად მოინდომა ჩვენი იმედის, ჩვენი თავისუფლების, ჩვენი მომავლის მოკვლა, განადგურება... ალექსეი დაიღუპა კოლონიაში 3-წლიანი ტანჯვის და წამების შემდეგ. ის არ იჯდა ციხეში ისე, როგორც სხვები, მას აწამებდნენ, ამყოფებდნენ კარცერში, ბეტონის კოლოფში... მას დასცინოდნენ, აშიმშილებდნენ 3 წლის განმავლობაში, ის კი არათუ ნებდებოდა, პირიქით, სულ მხარს გვიჭერდა ჩვენ, გვამხნევებდა, ხუმრობდა, ერთი წამითაც კი არ ეპარებოდა ეჭვი იმაში, რისთვისაც იბრძოდა და რის გამოც განიცდიდა. ჩემი მეუღლე არ გატყდა და სწორედ ამიტომ, პუტინმა ის მოკლა... ჩვენ ვიცით, კონკრეტულად რატომ მოკლა პუტინმა ალექსეი 3 დღის წინ. მალე მოგიყვებით ამის შესახებ. აუცილებლად გავიგებთ იმასაც, ვინ და კონკრეტულად როგორ ჩაიდინა ეს დანაშაული. ჩვენ დავასახელებთ გვარებს და გაჩვენებთ სახეებს, მაგრამ მთავარი, რაც შეიძლება გავაკეთოთ ალექსეისთვის და საკუთარი თავებისთვის, არის ის, რომ გავაგრძელოთ ბრძოლა. გავაგრძელოთ ბრძოლა უფრო მეტად, ვიდრე ადრე. ვიცი, ჩანს, რომ მეტი თითქოს შეუძლებელია, მაგრამ საჭიროა მეტი. უნდა შევიკრათ ერთ მუშტად და უნდა დავარტყათ ამ შეშლილ რეჟიმს, პუტინს, მის მეგობრებს, ქურდებსა და მკვლელებს, რომლებმაც გაანადგურეს ჩვენი ქვეყანა. ვიცი, ვგრძნობ, რომ ორად გხლეჩთ კითხვა - რატომ დაბრუნდა ის? რატომ ჩაუვარდა ნებაყოფლობით ხელში მათ, ვინც ის უკვე ერთხელ მოკლა? რა საჭირო იყო ასეთი თავგანწირვა? ხომ შეეძლო მშვიდად ეცხოვრა, საკუთარი თავით და ოჯახით დაკავებულიყო? ხომ შეეძლო, არ გამოსულიყო, არ ებრძოლა? მაგრამ მას არ შეეძლო. ალექსეის სამყაროში ყველაზე მეტად უყვარდა რუსეთი, უყვარდა ჩვენი ქვეყანა, მას სჯეროდა თქვენი, სჯეროდა ჩვენი მომავლის, რომ ჩვენ ვიმსახურებთ უკეთესს. სიტყვებით კი არა, საქმით სჯეროდა. იმდენად ღრმად და წრფელად, რომ მზად იყო, ამისთვის სიცოცხლე დაეთმო. მისი უზარმაზარი სიყვარული გვეყოფა, რომ განვაგრძოთ მისი საქმე, იმდენხანს, რამდენიც დაგვჭირდება, ისევე მამაცურად, როგორც ამას ალექსეი აკეთებდა... ალექსეის მოკვლით პუტინმა მოკლა ჩემი ნახევარი, მაგრამ ჩემთან დარჩა მეორე ნახევარი და ის მკარნახობს, რომ არ მაქვს დანებების უფლება. მე გავაგრძელებ ალექსეი ნავალნის საქმეს, გავაგრძელებ ჩვენი ქვეყნისთვის ბრძოლას და მოგიწოდებთ, რომ დადგეთ ჩემ გვერდით. გთხოვთ, გაიყოთ ჩემთან ერთად სიბრაზე, სიძულვილი იმათ მიმართ, ვინც გაბედა ჩვენი მომავლის მოკვლა. მე მოგმართავთ თქვენ ალექსეის სიტყვებით - "არ არის სირცხვილი, გააკეთო ცოტა, სირცხვილია, არაფრის გაკეთება. სირცხვილია, მივცეთ უფლება, რომ დაგვაშინონ". ჩვენ უნდა გამოვიყენოთ ყველა შესაძლებლობა, ვიბრძოლოთ ომის, კორუფციის, უსამართლობის წინააღმდეგ, სამართლიანი არჩევნებისა და სიტყვის თავისუფლებისთვის და ვიბრძოლოთ იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყანა ჩვენ თავებს დავუბრუნოთ. რუსეთი - თავისუფალი, მშვიდობიანი, ბედნიერი მომავლის რუსეთი, რომელზეც ასე ოცნებობდა ჩემი მეუღლე. მე მინდა, ვიცხოვრო ასეთ რუსეთში, მე მინდა, რომ აქ იცხოვრონ ჩვენმა შვილებმა. მინდა, რომ თქვენთან ერთად ავაშენო ისეთი რუსეთი, როგორიც ალექსეის წარმოედგინა. მხოლოდ ასე და არა სხვანაირად. ის მსხვერპლი, რომელიც მან გაიღო, შესაძლოა, გახდეს მნიშვნელოვანი. იბრძოლეთ და არ დანებდეთ, მე არ მეშინია და თქვენც არაფრის გეშინოდეთ", - განაცხადა ნავალნაიამ ვიდეომიმართვაში. შეგახსენებთ, რომ 16 თებერვალს, რუსეთის სასჯელაღსრულების ფედერალურმა სამსახურმა რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია გაავრცელა.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)