21:36 - 25 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-02-07 12:04:32, 598 ნახვა

საზოგადოება
კალაძე - 2024 წელს თბილისის ბიუჯეტის მოცულობა 2 მილიარდ ლარს მიაღწევს

თბილისის ბიუჯეტის მოცულობა, გარდამავალი ნაშთების ჩათვლით, ორ მილიარდ ლარს მიაღწევს, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

კალაძის თქმით, თბილისის ბიუჯეტში შესატანი ცვლილებების პროექტი დასამტკიცებლად საკრებულოს გადაეგზავნება.

„თბილისის 2024 წლის ბიუჯეტში შესატანი ცვლილებების პროექტი დღეს მთავრობის სხდომაზე განიხილება და შემდეგ დასამტკიცებლად დედაქალაქის საკრებულოს წარედგინება. ბიუჯეტში აისახება გარდამავალი ნაშთები, რომელიც შედგება ძირითადად გადაჭარბებული შემოსავლებისგან. ასევე, გარკვეული კომპონენტი გარდამავალ პროექტებზე გადმოყოლილი თანხებია. 2024 წლის დამტკიცებული ბიუჯეტი 1 763 000 000 ლარს შეადგენდა, ცვლილებების შედეგად კი ორ მლრდ ლარს მიაღწევს“, - განაცხადა კალაძემ.

გარდა ამისა, კახა კალაძემ კიდევ ერთხელ ისაუბრა მუნიციპალურ პროექტებზე, რომლებიც მიმდინარე წელს სხვადასხვა მიმართულებით განხორციელდება.

„ვიწყებთ პროცედურებს, რომ წელს დამატებით შევისყიდოთ 40 ერთეული 18-მეტრიანი ავტობუსი. ჩვენ თავიდან 200 ერთეულის შეძენა გვინდოდა, თუმცა საკმარისი თანხა არ გვქონდა და მხოლოდ 160 ერთეული შევიძინეთ; ჯანდაცვის სამსახურში, სხვადასხვა სოციალური პროგრამებისთვის გამოიყოფა 4 300 000 ლარი; ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურს ემატება, დაახლოებით, 17 მლნ ლარი სხვადასხვა მნიშვნელოვანი პროექტის განსახორციელებლად. მათ შორის, არის მუხიანის აგარაკებზე წყალარინების ქსელის მოწყობის პროექტი და სამგორში, გახოკიძის ქუჩის სრული რეაბილიტაცია. აღნიშნული ქუჩა უმძიმეს მდგომარეობაშია, მიწისქვეშა კომუნიკაციები და საავტომობილო გზა განადგურებულია. გვინდა, ეს ყველაფერი მოვაწესრიგოთ.

გარდა ამისა, გარემოს დაცვის სამსახურს 36 მლნ ლარი ემატება. აქედან 10 მლნ ლარი გათვალისწინებულია ვაკის პარკისთვის, ე.წ. სამხედრო ქალაქში ახალი პარკის მოსაწყობად - 6 მლნ ლარი, ვერის ბაღის რეაბილიტაციისთვის - 10 მლნ ლარი, გლდანის ტბისთვის - 5 მლნ ლარი. ასევე, დაგეგმილი გვაქვს სხვადასხვა სკვერისა და რეკრეაციული სივრცის მოწესრიგება“, - განაცხადა თბილისის მერმა.

მისივე თქმით, მიმდინარე წელს რაიონულ გამგეობებს სხვადასხვა პროექტის განხორციელებისთვის, ჯამში, 13 მლნ ლარი დაემატება.

„კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდული მიმართულებით გამოიყოფა 19 მლნ ლარი, საიდანაც 13,5 მლნ ლარი ბაგა-ბაღების სარეაბილიტაციო სამუშაოებს მოხმარდება, ხოლო 5 მლნ ლარი - დიღმის მასივში სპორტკომპლექსის მშენებლობის სამუშაოებს.

„თბილსერვის ჯგუფს“ ეძლევა დაახლოებით, 37 ლარი სხვადასხვა ინფრასტრუქტურული სამუშაოებისთვის. მათ შორის, ნაგავშემკრები კონტეინერებისა და დამატებითი სპეცტექნიკის შესასყიდად“, - დასძინა კალაძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
იტალიის პრემიერ-მინისტრი პუტინის G20-ის სამიტზე მიწვევას ეწინააღმდეგება
მედია: ტრამპმა პაკისტანში ირანთან მოსალაპარაკებლად აშშ-ს დელეგაცია არ გაგზავნა
სუს: დავაკავეთ სუს-ის ყოფილი და შსს-ს მოქმედი თანამშრომელი, ბრალი ედება სუს-დან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში
ირაკლი [დაჩი] ბერაია აუდიტის სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics