|
2023-12-31 17:47:18, 4353 ნახვა
მსოფლიო
ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენები „ექსპრესნიუსის“ ობიექტივში - რა მოხდა მსოფლიოში 2023 წელს
2023 წელი მსოფლიოში განვითარებული მოვლენების მიხედვით მრავალფეროვნებით გამოირჩეოდა. იმის მიუხედავად, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი სიახლეები ომებსა და დაპირისპირებებს უკავშირდებოდა, დედამიწის მოსახლეობა არაერთი სამთავრობო და გეოპოლიტიკური ცვლილებისა თუ ტრიუმფალური დაბრუნების მოწმე გახდა. როგორ ვითარდებოდა მოვლენები მთელი წლის განმავლობაში - „ექსპრესნიუსი“ მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში მომხდარ ყველაზე მნიშვნელოვან ფაქტებზე გიამბობთ: რუსეთ-უკრაინის ომი
უკრაინაში რუსეთის მიერ სრულმასშტაბიანი ომის წამოწყებიდან 22 თვე გავიდა. სუვერენული ქვეყნის წინააღმდეგ არაპროვოცირებული და გაუმართლებელი აგრესიის დაწყების შემდეგ, მოსკოვს უკრაინის, დაახლოებით, მეხუთედი ოკუპირებული აქვს. 2023 წელს, უკრაინა კონტრიერიშზე გადავიდა, თუმცა 6 თვეა, კონტრეშეტევა გარდამტეხი წინსვლის გარეშე მიმდინარეობს. კიევმა არაერთხელ მიიტანა რუსეთის ტერიტორიაზე საჰაერო იერიში, პარალელურად კი, მოსკოვი ქვეყანას სხვადასხვა მიმართულებიდან ისევ უტევს, ბომბავს სამოქალაქო და კრიტიკულ ინფრასტრუქტურას, სტრატეგიულ ობიექტებს. მსხვერპლი ორივე მხარეს იზრდება. უკრაინის გენშტაბის ბოლო ოფიციალური მონაცემებით, ომის დაწყებიდან დღემდე, რუსულმა არმიამ 350 000-ზე მეტი ჯარისკაცი დაკარგა. ქვეყნის გენპროკურატურის ინფორმაციით, აგრესიულ ომს უკრაინაში 500-ზე მეტი ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა, დაშავებული კი, ორჯერ მეტია. მიმდინარე წელს, უკრაინამ აშშ-ის, ავსტრალიის, გერმანიის, ფინეთის, დანიის, ნიდერლანდების, ლიტუვისგან და ა.შ. სამხედრო და ფინანსური დახმარების არაერთი პაკეტი მიიღო. წლის ბოლოსკენ კი, უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა კიევისთვის ევროკავშირის 50 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება დაბლოკა. საომარ მდგომარეობაში მყოფი ქვეყანა მრავალმილიარდიან ფინანსურ პაკეტს EU-ის გარდა ელოდება ამერიკის შეერთებული შტატებისგანაც, რომლის კონგრესმა აღნიშნული პაკეტის დამტკიცება ჯერჯერობით ვერ შეძლო. რუსეთმა უკრაინაში ფართომასშტაბიანი ომი 2022 წლის 24 თებერვალს, დილის საათებში დაიწყო. ორი დღით ადრე, 22 თებერვალს მოსკოვმა ცნო მის მიერ მხარდაჭერილი დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების დამოუკიდებლობა და უკრაინაში შეჭრას, აღნიშნული რეგიონების დაცვის საბაბით, „სამხედრო ოპერაცია“ უწოდა.
ისრაელ-„ჰამასი“ - ცხელი წერტილი ახლო აღმოსავლეთში
7 ოქტომბერს, ტერორისტულმა დაჯგუფება „ჰამასმა“ ღაზას სექტორიდან ისრაელის სამხრეთით მოულოდნელი საჰაერო და სახმელეთო იერიში წამოიწყო, რა დროსაც ებრაული დასახლებები დაიკავა, ასობით ადამიანი დახოცა და ათობით მძევალი აიყვანა. „ჰამასმა“ ისრაელის წინააღმდეგ ოპერაციის „ალ-აკსას წარღვნა“ დაწყების შესახებ განაცხადა, რის საპასუხოდაც, ისრაელის თავდაცვის სამინისტრომ ოპერაცია, სახელწოდებით „რკინის ხმლები“ დაიწყო. 8 ოქტომბერს, ისრაელის უსაფრთხოების კაბინეტმა საომარი მდგომარეობა ოფიციალურად გამოაცხადა. 9 ოქტომბერს, ქვეყნის თავდაცვის მინისტრმა, იოავ გალანტმა ღაზას სრული ბლოკირების ბრძანება გასცა, რასაც სექტორის გარშემო ბარიერის აღდგენა, აღნიშნულ ტერიტორიაზე დამატებით 300 000 რეზერვისტის გაგზავნა, მოგვიანებით კი, ღაზას ჩრდილოეთ ნაწილში სახმელეთო ოპერაციის დაწყება მოჰყვა. არაერთი სახელმწიფოს მონაწილეობით გამართული ხანგრძლივი მოლაპარაკებების შემდეგ, ნოემბრის ბოლოს, ისრაელსა და „ჰამასს“ შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება ამოქმედდა, რომლის ფარგლებშიც ტერორისტული დაჯგუფების მიერ ღაზას სექტორში გატაცებული მძევლებისა და ისრაელის მიერ პალესტინელი პატიმრების გათავისუფლების რამდენიმე რაუნდი შედგა. 1-ელ დეკემბერს, ისრაელის თავდაცვის ძალებმა გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, ღაზაში საბრძოლო მოქმედებები განახლდა, რის შემდეგაც ისრაელის არმიამ სახმელეთო ოპერაცია გააფართოვა და ბრძოლები სექტორის სამხრეთ ნაწილშიც წამოიწყო. ისრაელზე „ჰამასის“ თავდასხმის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა. ღაზას სექტორში ისრაელის საპასუხო იერიშებს კი, 20 000-ზე მეტი პალესტინელი ემსხვერპლა. ოფიციალური მონაცემებით, დაღუპულთა შორის 8 000-ზე მეტი ბავშვი და 6 000-ზე მეტი ქალია. ღაზაში ამ დრომდე რჩება ისრაელიდან აყვანილი მძევლების უმრავლესობა. სექტორის მთელ ტერიტორიაზე კი, ჰუმანიტარული კრიზისი და კონფლიქტი მძვინვარებს.
ახალი წესრიგი
19 სექტემბერს, აზერბაიჯანმა არაღიარებულ მთიან ყარაბაღში „ლოკალური ანტიტერორისტული ღონისძიებების“ დაწყების შესახებ განაცხადა. ოფიციალურმა ბაქომ „ოპერაციის“ დაწყების მიზეზად „სომხეთის შეიარაღებული ძალების დივერსიული ჯგუფების“ მიერ „ყარაბაღის ეკონომიკურ რაიონში“ დადებულ ნაღმებზე აფეთქების შედეგად აზერბაიჯანის გზების სახელმწიფო სააგენტოს 2 თანამშრომლისა და შინაგანი ჯარის 4 სამხედრო მოსამსახურის დაღუპვა დაასახელა. ბაქომ ერევანი ასევე დაადანაშაულა 2020 წლის ნოემბერში ხელმოწერილი შეთანხმების დარღვევაში, რომლის საფუძველზეც, აზერბაიჯანმა 1990-იან წლებში ყარაბაღში დაკარგული რაიონების ნაწილი დაიბრუნა. სომხეთმა, თავის მხრივ, „ლოკალურ ანტიტერორისტულ ღონისძიებებს“ „მთიანი ყარაბაღის ხალხის წინააღმდეგ მორიგი ფართომასშტაბიანი აგრესია“ უწოდა. 20 სექტემბერს, აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ 13:00 საათიდან, რამდენიმე პირობით, „ლოკალური ხასიათის ანტიტერორისტული ღონისძიებების“ შეჩერების შესახებ შეთანხმება მიღწეული იყო. პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა ამის შემდეგ აზერბაიჯანის სუვერენიტეტი აღდგენილად გამოაცხადა. სექტემბრის ბოლოს, არაღიარებული მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის ე.წ. პრეზიდენტმა, სამველ შაჰრამანიანმა ხელი მოაწერა განკარგულებას, რომლის თანახმადაც, მთიანი ყარაბაღი 2024 წლის 1-ელი იანვრიდან არსებობს წვეტს. „2024 წლის 1-ელ იანვრამდე დაიშლება სახელმწიფოს დაქვემდებარებული ყველა დაწესებულება და ორგანიზაცია და მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკა შეწყვეტს არსებობას. მთიანი ყარაბაღის მოსახლეობას, მათ შორის რესპუბლიკის გარეთ მცხოვრებლებს, მოცემული განკარგულების ძალაში შესვლის შემდეგ, გააცნობენ აზერბაიჯანის რესპუბლიკის წარმოდგენილ რეინტეგრაციის პირობებს, რათა შემდეგ მიიღონ დამოუკიდებელი და ინდივიდუალური გადაწყვეტილება მთიან ყარაბაღში დარჩენის (დაბრუნების) შესახებ“,- აღნიშნულია განკარგულებაში. მას შემდეგ, რაც აზერბაიჯანმა გამოაცხადა, რომ ყარაბაღი დაიბრუნა და სუვერენიტეტი აღიდგინა, რეგიონი 100 000-ზე მეტმა ეთნიკურად სომეხმა დატოვა.
თურქეთის მიწისძვრა
6 თებერვალს, თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, სირიის საზღვართან ახლოს დამანგრეველი - 7.8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა, რასაც ათასობით ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. მიწისქვეშა ბიძგები ადგილობრივი დროით 04:17 საათზე 17.9 კმ სიღრმეზე, ქალაქ გაზიანთეპთან დაფიქსირდა. მოგვიანებით, ადგილობრივი დროით 13:24 საათზე თურქეთში კიდევ ერთი 7.6 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. მიწისქვეშა ბიძგების ეპიცენტრი ამჯერად ქვეყნის ცენტრალურ ნაწილში იყო. ბიძგები ასევე იგრძნობოდა მეზობელ სახელმწიფოებში, მათ შორის ლიბანში, ერაყსა და სირიაში, სადაც სტიქიამ ასევე მსხვერპლი და ნგრევა გამოიწვია. მიწისძვრის შედეგად ქვეყნის 10 პროვინცია დაზარალდა. დაზარალებული პროვინციებიდან ნახევარ მილიონზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა, 1.5 მილიონზე მეტ მოქალაქეს კი, ცხოვრება კარვებში, საკონტეინერო ქალაქებსა და საოჯახო სასტუმროებში მოუწია. თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური მონაცემებით, ქვეყანას სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებში დახმარება 100-ზე მეტმა ქვეყანამ შესთავაზა, უშუალოდ სამძებრო-სამაშველო ღონისძიებებში კი, 60-ზე მეტი ქვეყნის 5 000-ზე მეტი წარმომადგენელი იყო ჩართული. თურქეთში იმყოფებოდნენ ასევე ქართველი მაშველებიც. ქართული სამაშველო ჯგუფი სტიქიის ზონაში კატასტროფის პირველივე დღეს გაემგზავრა და ჯამში, 200-მდე მაშველმა სამაშველო მისია 18 დღის განმავლობაში ორ ქალაქში - ადიამანსა და ანთაქიაში შეასრულა. ბოლო მონაცემებით, დამაგრეველ მიწისძვრებს თურქეთსა და სირიაში 50 000-ზე მეტი ადამიანი, მათ შორის საქართველოს რამდენიმე მოქალაქეც ემსხვერპლა. მხოლოდ თურქეთში დაზარალებულთა საერთო რაოდენობამ 13 მლნ-ს გადააჭარბა.
ICC-ის ორდერი პუტინს
17 მარტს, ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ (ICC) რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის დაკავების ორდერი გასცა. პუტინთან ერთად, ასევე ორდერი გაიცა ბავშვთა უფლებების საკითხებში რუსეთის კომისრის, მარია ალექსეევნა ლვოვა-ბელოვას დაპატიმრების მიზნითაც. „სასამართლოს წინასწარი საქმის მოსამართლეების შეფასებით, არსებობს გონივრული საფუძველი იმის დასაჯერებლად, რომ ეჭვმიტანილებს ეკისრებათ პასუხისმგებლობა ომის დანაშაულებზე, მოსახლეობის უკანონო დეპორტაციასა და მოსახლეობის უკანონო გადაყვანაზე უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიებიდან რუსეთის ფედერაციაში“,- ნათქვამი იყო სასამართლოს განცხადებაში. ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ უკრაინის ტერიტორიაზე ომისა და კაცობრიობის წინააღმდეგ სავარაუდოდ ჩადენილი დანაშაულების გამოძიება 2022 წლის მარტში დაიწყო. ICC-ის მიერ გაცემული დაპატიმრების ორდერები ნიშნავს, რომ სასამართლოს წევრ ნებისმიერ ქვეყანას (123 სახელმწიფოს), რომლის ტერიტორიაზეც ფეხს დადგამენ პუტინი ან მარია ლვოვა-ბელოვა, მათი დაკავებისა და სასამართლოსთვის გადაცემის ვალდებულება აქვს.
„ტიტანიკის“ მახლობლად „ტიტანი“ გაუჩინარდა
18 ივნისს, კომპანია OceanGate-ის წყალქვეშა ნავი „ტიტანი“, რომელსაც ტურისტები „ტიტანიკის“ ფრაგმენტების სანახავად მიჰყავდა, კანადის სამხრეთ-აღმოსავლეთ სანაპიროსთან, ატლანტის ოკეანეში გაუჩინარდა. ბორტზე 5 ადამიანი - 58 წლის ბრიტანელი მილიარდერი ჰემიშ ჰარდინგი, 48 წლის პაკისტანელი ბიზნესმენი შახზადა დავუდი და მისი 19 წლის შვილი სულეიმანი, 61 წლის სტოკტონ რაში, OceanGate-ის დამფუძნებელი და 77 წლის ფრანგი მკვლევარი პოლ-ანრი ნარჟოლე იმყოფებოდა. ამერიკის შეერთებული შტატების სანაპირო დაცვა აცხადებდა, რომ „ტიტანმა“ დამხმარე გემის - Polar Prince-ის ეკიპაჟთან კონტაქტი ჩაშვებიდან 1 საათისა და 45 წუთის შემდეგ დაკარგა, თუმცა გაურკვეველი იყო, ის ისევ წყალქვეშ იმყოფებოდა, თუ ზედაპირზე და ვერ ახერხებდა კონტაქტზე გასვლას. სამძებრო-სამაშველო ღონისძიებებს აშშ და კანადა გემებითა და თვითმფრინავებით ახორციელებდნენ. ოპერაციიდან რამდენიმე დღის შემდეგ, წყალქვეშა ნავის გაუჩინარების მიზეზად აფეთქება დასახელდა და ბორტზე მყოფი ხუთივე პირი დაღუპულად გამოცხადდა.
აჯანყებიდან ავიაკატასტროფამდე
23 ივნისს, კერძო სამხედრო დაჯგუფება „ვაგნერის“ ხელმძღვანელმა, ევგენი პრიგოჟინმა რუსეთის თავდაცვის სამინისტრო „ვაგნერის“ ბანაკებზე სარაკეტო თავდასხმაში დაადანაშაულა, აჯანყება წამოიწყო და მას „სამართლიანობის მარში“ უწოდა. 24 ივნისს, პრიგოჟინმა გაავრცელა ვიდეომიმართვა და განაცხადა, რომ როსტოვის სამხედრო ობიექტები, მათ შორის აეროდრომი „ვაგნერის" კონტროლის ქვეშ იყო, თავად კი, დაჯგუფებასთან ერთად მოსკოვისკენ მიემართებოდა. შექმნილ ვითარებაზე საგანგებო განცხადება გააკეთა რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა და თქვა, რომ „პრიგოჟინის ქმედებები ღალატის ტოლფასი“ იყო და რომ „მოსკოვს ამაზე მკაცრი რეაგირება“ ექნებოდა. მოგვიანებით, ბელარუსის პრეზიდენტ ალექსანდრე ლუკაშენკოს შუამავლობით გაიმართა მოლაპარაკებები, რა დროსაც მიღწეულ იქნა შეთანხმება. ამის შემდეგ, პრიგოჟინმა კიდევ ერთი აუდიომიმართვა გაავრცელა და აღნიშნა, რომ კერძო სამხედრო დაჯგუფება „ვაგნერი“ უკან იხევდა და საველე დისლოკაციის ადგილზე ბრუნდებოდა. 23 აგვისტოს, რუსეთის ფედერაციის ტვერის ოლქში, კერძო თვითმფრინავი Embraer-ი, რომელზეც „ვაგნერის“ დამფუძნებელი იმყოფებოდა და მოსკოვიდან სანქტ-პეტერბურგში მიფრინავდა, ჩამოვარდა. ავიაკატასტროფის შედეგად 10 ადამიანი, მათ შორის ევგენი პრიგოჟინი დაიღუპა. 27 აგვისტოს, რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა თვითმფრინავის კატასტროფის შედეგად პრიგოჟინის სიკვდილი ოფიციალურად დაადასტურა. აგვისტოს მიწურულს, „ვაგნერის“ ხელმძღვანელი სანქტ-პეტერბურგში, პოროხოვსკოეს სასაფლაოზე დაკრძალეს. მომხდარიდან მალევე, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ პრიგოჟინი პუტინმა მოკლა. Associated Press-ი ამერიკის შეერთებული შტატების დაზვერვის წინასწარ შეფასებაზე დაყრდნობით წერდა, რომ ავიაკატასტროფა, რომელსაც „ვაგნერის“ დამფუძნებელი ემსხვერპლა, განზრახ მოაწყვეს. იმავე ვერსიას ავითარებდა „ომის შემსწავლელი ინსტიტუტი“ (ISW), რომლის ანგარიშშიც ნათქვამი იყო, რომ „პრიგოჟინის თვითმფრინავის ჩამოგდების ბრძანების გაცემა მხოლოდ პუტინს შეეძლო“. მოგვიანებით, The Wall Street Journal-მა დასავლურ სადაზვერვო სამსახურების წარმომადგენლებსა და კრემლის ყოფილ მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით დაწერა, რომ ევგენი პრიგოჟინის მკვლელობა რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის, ნიკოლაი პატრუშევის მიერ იყო ორგანიზებული. ოფიციალურმა მოსკოვმა ყველა ბრალდება უარყო და მას „აბოსლუტური სიცრუე და სპეკულაცია“ უწოდა.
„ბრექსიტიდან“ პირველ დიპლომატობამდე
2023 წელს სამთავრობო ცვლილებების გარეშე არ ჩაუვლია დიდ ბრიტანეთში, სადაც ნოემბრის დასაწყისი ყოფილი პრემიერ-მინისტრის, დევიდ კამერონის პოლიტიკაში ტრიუმფალური დაბრუნებით აღინიშნა. 13 ნოემბერს, მოქმედმა პრემიერ-მინისტრმა, რიში სუნაკმა საგარეო საქმეთა მინისტრი ჯეიმს კლევერლი შინაგან საქმეთა მინისტრად დანიშნა, ქვეყნის პირველი დიპლომატის თანამდებობა კი, კამერონს ჩააბარა. საგარეო უწყების ხელმძღვანელის რანგში პირველი ვიზიტი ყოფილმა პრემიერმა უკრაინაში განახორციელა, პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა და საომარ მდგომარეობაში მყოფ ქვეყანას მხარდაჭერა გამოუცხადა. დევიდ კამერონი გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი 2010-2016 წლებში იყო. მან თანამდებობა „ბრექსიტის“ რეფერენდუმის შემდეგ დატოვა. კამერონი ბრიტანეთის ევროკავშირში დარჩენას ემხრობოდა, თუმცა რეფერენდუმზე მხარი ქვეყნის EU-დან გასვლას დაუჭირეს.
ტუსკის „მეორედ მოსვლა“
პოლონეთის პოლიტიკურ არენაზე ყოფილი მთავრობის ხელმძღვანელი დონალდ ტუსკი დაბრუნდა. მას შემდეგ, რაც პრემიერ-მინისტრ მატეუშ მორავიეცკის კონსერვატიულმა პარტია „კანონმა და სამართალმა“ ბოლო საპარლამენტო არჩევნებში ყველაზე მეტი ხმის - 35.38%-ის მიღების მიუხედავად მთავრობის ფორმირებისთვის საკმარისი რაოდენობის მანდატების მობილიზება ვერ შეძლო, პოლონეთის სეიმმა დეკემბრის დასაწყისში ახალ პრემიერ-მინისტრად პროევროპული „სამოქალაქო პლატფორმის“ ლიდერი დონალდ ტუსკი აირჩია. ტუსკი პოლონეთის მთავრობას 2007-2014 წლებში ხელმძღვანელობდა. ის ასევე იკავებდა ევროპული საბჭოს პრეზიდენტის თანამდებობას. მასალაზე იმუშავა "ექსპრესნიუსის" ჟურნალისტმა, ლუკა ცარციძემ
იტალიის პრემიერ-მინისტრი პუტინის G20-ის სამიტზე მიწვევას ეწინააღმდეგება
მედია: ტრამპმა პაკისტანში ირანთან მოსალაპარაკებლად აშშ-ს დელეგაცია არ გაგზავნა
სუს: დავაკავეთ სუს-ის ყოფილი და შსს-ს მოქმედი თანამშრომელი, ბრალი ედება სუს-დან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში
ირაკლი [დაჩი] ბერაია აუდიტის სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
ათობით ადამიანი დაშავდა, საცხოვრებელი შენობა განადგურდა დნეპრზე მომხდარი დარტყმის შემდეგ
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|











ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)