სტრატეგიული თანამშრომლობა ჩინეთთან, სანქციები, ცვლილებები ეროვნულ ბანკში - 2023 წლის ეკონომიკური მოვლენები
2023 წელი საქართველოს ეკონომიკისთვის მეტად მნიშვნელოვანი და საინტერესო იყო, რაზეც უდიდესი გავლენა რუსეთ-უკრაინის ომმა და პოლიტიკურმა ცვლილებებმა მოახდინა.
სტრატეგიული თანამშრომლობა ჩინეთთან, ამერიკის შეერთებული შტატების მიერ დასანქცირებული საქართველოს მოქალაქეები, ცვლილებები საქართველოს ეროვნულ ბანკში და სხვა მასალები „ექსპრესნიუსმა“ თქვენთვის მოამზადა, რათა გაგახსენოთ ის მნიშვნელოვანი მოვლენები, რითაც 2023 წელი დასამახსოვრებელი გახდა.
ოთარ ფარცხალაძის სანქცირება და ეროვნული ბანკის სახეცვლილება, რასაც პროტესტი და უკმაყოფილება მოჰყვა
14 სექტემბერს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ამერიკის შეერთებული შტატების ხაზინის დეპარტამენტმა 150-ზე მეტ კომპანიასა და პირს სანქციები დაუწესა. სანქცირებულთა შორის მოხვდა საქართველოს ყოფილი მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე.
"სანქცირებულებს შორის ასევე არის ქართველ-რუსი ოლიგარქი. სახელმწიფო დეპარტამენტის თქმით, რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახური მუშაობდა ამ ოლიგარქთან, რათა მას გავლენა მოეხდინა საქართველოს საზოგადოებასა და პოლიტიკაზე რუსეთის სასარგებლოდ", - დაწერა გამოცემა Associated Press-მა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტზე დაყრდნობით.

18 სექტემბერს, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა განაცხადა, რომ ქართულმა ბანკებმა ფარცხალაძეს ყველა ანგარიში გაუყინეს და შეჩერებული იყო გადარიცხვები. სებ-ის განცხადების თანახმად, ყოფილ მთავარ პროკურორს საერთაშორისო ფინანსური სანქციების აღსრულების მექანიზმის გათვალისწინებით, ეზღუდებოდა როგორც სახსრების განკარგვა, ისე ყველა სახის ფინანსური ოპერაციის განხორციელების შესაძლებლობა.
ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებას იმავე დღეს გამოეხმაურა "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე და თქვა, რომ გადაწყვეტილება საქართველოს კონსტიტუციასა და უდანაშაულობის პრეზუმფციას ეწინააღმდეგებოდა.
ერთდღიანი ინტერვალით, ეროვნულმა ბანკმა გადაწყვეტილება შეცვალა და 19 სექტემბერს სანქციათა რეჟიმების შესრულების წესში ცვლილება შეიტანა.
სებ-ის პრეზიდენტის 2023 წლის 4 აგვისტოს N208/04 ბრძანებაში შეტანილი ცვლილების თანახმად, სანქციათა რეჟიმები ვრცელდება:
ა) საქართველოს მოქალაქეზე, თუ მის მიმართ დაწესებული სანქციების საფუძველთან დაკავშირებით გამოტანილია საქართველოს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი განაჩენი;
ბ) საქართველოში რეგისტრირებულ იურიდიულ პირზე, რომლის წილს ფლობს (ფლობენ) სანქცირებული საქართველოს მოქალაქე (მოქალაქეები), თუ დაწესებული სანქციების საფუძველთან დაკავშირებით გამოტანილია საქართველოს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი განაჩენი.
გაცემული ბრძანების შემდეგ ეროვნული ბანკის საბჭოს წევრისა და ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობები პაპუნა ლეჟავამ და არჩილ მესტვრიშვილმა დატოვეს. თანამდებობა გიორგი ბაქრაძემაც დატოვა, რომელიც ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მრჩევლის პოზიციაზე იყო.
17 ოქტომბერს საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ყოფილ გენერალურ პროკურორს, ოთარ ფარცხალაძეს საქართველოს მოქალაქეობა შეუწყვიტა.
ჩინეთ-საქართველოს შორის დამყარებული სტრატეგიული პარტნიორობა - რას მოიცავს ეს?
ჩინეთის სახალხო რესპუბლიკამ და საქართველომ ქვეყნებს შორის სტრატეგიული პარტნიორობის დამყარების შესახებ ერთობლივი განცხადება გაავრცელეს. ორმხრივი ურთიერთობების სტრატეგიულ ხარისხში აყვანის გადაწყვეტილება მხარეებმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ჩინეთში ვიზიტისას მიიღეს.

საქართველოს მთავრობის ინფორმაციით, განცხადება ოთხი ნაწილისგან შედგება და ესენია: პოლიტიკური განზომილება, ეკონომიკური განზომილება, ხალხთაშორისი და კულტურული ურთიერთობის განზომილება და საერთაშორისო განზომილება.
ეკონომიკური განზომილება:
2.1. მხარეები მიესალმებიან ბოლო წლებში ორმხრივი ვაჭრობის მდგრად ზრდას და გამოხატავენ მზაობას მის შემდგომ მატებასთან მიმართებით, მისი სტრუქტურის ოპტიმიზაციასთან, სასაქონლო ნომენკლატურის გაფართოებასთან, საქართველოდან ჩინეთის მიმართულებით საქონლისა და მომსახურების ექსპორტის ზრდასთან დაკავშირებით.
2.2. საქართველო მიესალმება ჩინეთის მიერ შემოთავაზებული „სარტყელისა და გზის" ინიციატივას. მხარეებმა ხელი მოაწერეს დოკუმენტებს, მათ შორის ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასა და საქართველოს მთავრობებს შორის ორმხრივი თანამშრომლობის გეგმას ხსენებული ინიციატივის ფარგლებში, რათა თანამშრომლობა მეტი ძალითა და შესაძლებლობებით წარიმართოს. მხარეები გააძლიერებენ დარგობრივი პოლიტიკის სფეროში კოორდინაციასა და განვითარებაზე ორიენტირებული გეგმების სინერგიას ხსენებული ინიციატივის ფარგლებში; გააღრმავებენ ურთიერთობასა და თანამშრომლობას სხვადასხვა სფეროში; მიემხრობიან კონსულტაციებისა და თანამშრომლობის პრინციპს საერთო სარგებლის მისაღებად; ხელს შეუწყობენ ღია, მწვანე და სუფთა თანამშრომლობას „სარტყელისა და გზის" ინიციატივის მიზნების რეალიზებისთვის და მდგრადი განვითარების უზრუნველსაყოფად.
2.3. მხარეები გამოთქვამენ მზადყოფნას ხელი შეუწყონ ორმხრივ ინვესტიციებსა და ვაჭრობას; მხარეები მოახდენენ თანამშრომლობის სტიმულირებას ტრანსპორტის, კომუნიკაციების, ინფრასტრუქტურის მოდერნიზაციის, შუა დერეფნის განვითარებისა და გაძლიერების, ციფრული ტექნოლოგიების, წარმოების, სარკინიგზო ქსელების განახლებისა და განვითარების, სოფლის მეურნეობისა და სურსათის უვნებლობის, წყლის რესურსების, გარემოს დაცვის, გაუდაბნოებასთან ბრძოლის, წყლის დემინერალიზაციის, სტანდარტებთან შესაბამისობის შეფასების, დასავლეთის სამომხმარებლო ბაზრების მიმართულებით ჩინური პროდუქციის შეუფერხებელი ექსპორტისთვის საქართველოს სატრანზიტო ინფრასტრუქტურის გამოყენების, ტექნოლოგიური მიღწევებისა და ნოუ-ჰაუს გაზიარების, საკადრო რესურსების გადამზადების მიზნით.
2.4. ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა და საქართველო 2018 წლიდან იღებენ სარგებელს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებიდან, რამაც მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობების განვითარების სფეროში. ქვეყნები გააგრძელებენ თანამშრომლობის გაღრმავებას ხსენებული შეთანხმების ფარგლებში; ურთიერთ-ხელსაყრელი შედეგების მისაღებად მხარს დაუჭერენ ეკონომიკურ და სავაჭრო ურთიერთობებს ჩინეთისა და საქართველოს საჯარო და კერძო სექტორის სუბიექტებს შორის; აქტიურად მოხდება ხსენებული შეთანხმების გაუმჯობესების შესაძლებლობების გამოყენება.
2.5. მხარეები გამოხატავენ მზაობას ჩინეთ-საქართველოს ეკონომიკური და სავაჭრო თანამშრომლობის კომისიის შემდეგი სხდომის ჩასატარებლად, რათა გაძლიერდეს ინფორმაციის გაზიარება ვაჭრობის, ინვესტიციების, ინფრასტრუქტურისა და სხვა მიმართულებით თანამშრომლობის მიზნით ხსენებული კომისიის ფორმატში, რაც გააძლიერებს ორმხრივი ურთიერთობების ხარისხსა და ეფექტურობას.
2.6. ჩინეთი მიესალმება საქართველოს აქტიურ მონაწილეობას ჩინეთის იმპორტის საერთაშორისო გამოფენაში. ჩინეთი მხარს უჭერს ქართულ საწარმოებს ჩინეთის ელექტრონული ვაჭრობის პლატფორმებზე საქონლის რეალიზაციის მიზნით.
2.7. მხარეები გამოხატავენ მზაობას ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის გასააქტიურებლად, რათა მოხდეს დარგის საერთო განვითარება. ჩინეთი მიესალმება საქართველოს მონაწილეობას ისეთ ტურისტულ გამოფენებში, როგორიცაა ჩინეთის ყოველწლიური საერთაშორისო ტურისტული ბაზარი.
2.8. ჩინეთი მხარს უჭერს და ხაზს უსვამს თბილისში აბრეშუმის გზის მე-4 ფორუმის მნიშვნელობას, რომლის თემა გახლავთ „დღევანდელი დაკავშირებულობა, ხვალინდელი მდგრადობისთვის".
2.9. ჩინეთსა და ევროპის ცენტრალურ და აღმოსავლეთ ქვეყნებს შორის თანამშრომლობას საქართველო მიიჩნევს პრაგმატულ, ღია და ურთიერთ-სასარგებლო რეგიონალური თანამშრომლობის პლატფორმად. ჩინეთი მიესალმება საქართველოს ინტერესს ამ თანამშრომლობის მექანიზმში ჩაერთოს დამკვირვებლის რანგში.
2.10. ჩინეთი შეისწავლის საქართველოს მიერ სოციალური და ინფრასტრუქტურული პროექტების განსახორციელებლად პრეფერენციული დაკრედიტების საკითხს.
საქართველოში წლიურმა ინფლაციამ 0.1% შეადგინა - ნახეთ რა გაძვირდა
საქსტატის მონაცემებით, 2023 წლის ნოემბერში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 0.2 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 0.1 პროცენტი შეადგინა. რაც შეეხება საბაზო ინფლაციას, 2023 წლის ნოემბერში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 2.1 პროცენტი შეადგინა.

ყოველთვიური ინფლაციის მაჩვენებლის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე:
სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 0.5 პროცენტიანი კლება, რაც -0.13 პროცენტული პუნქტით აისახა თვის ინდექსზე. ფასები შემცირდა ქვეჯგუფებზე: ბოსტნეული და ბაღჩეული (-3.7 პროცენტი), ხილი და ყურძენი (-2.0 პროცენტი), შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (-1.5 პროცენტი), თევზეული (-0.8 პროცენტი), პური და პურპროდუქტები (-0.8 პროცენტი). ამასთან, ფასები გაიზარდა ქვეჯგუფებზე: ყავა, ჩაი და კაკაო (0.6 პროცენტი), რძე, ყველი და კვერცხი (0.5 პროცენტი), მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები (0.5 პროცენტი), ხორცი და ხორცის პროდუქტები (0.4 პროცენტი);
ავეჯი, საოჯახო ნივთები, სახლის მოვლა: ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 1.7 პროცენტიანი კლება, რაც -0.09 პროცენტული პუნქტით აისახა თვის ინფლაციაზე. ფასები შემცირდა ქვეჯგუფებზე: ავეჯი, საოჯახო ნივთები, ხალიჩები და სხვა იატაკის საფარი (-3.2 პროცენტი), გამათბობელი და საჭმლის მოსამზადებელი მოწყობილობა, მაცივრები, საყინულეები, სარეცხი მანქანები და სხვა საყოფაცხოვრებო საგნები (-2.8 პროცენტი), მინის ჭურჭელი, მაგიდის და საოჯახო ჭურჭელი (-1.2 პროცენტი), ყოველდღიური საყოფაცხოვრებო საჭიროების საქონელი და მომსახურება (-1.1 პროცენტი);
ჯანმრთელობის დაცვის ჯგუფში ფასები შემცირდა 0.8 პროცენტით, რაც -0.08 პროცენტული პუნქტით აისახა თვის ინდექსზე. ფასების კლება დაფიქსირდა სამედიცინო პროდუქციის, აპარატურისა და მოწყობილობის ქვეჯგუფზე (-1.5 პროცენტი);
საცხოვრებელი, წყალი, ელ.ენერგია, აირი: ჯგუფში ფასები მომატებულია 0.9 პროცენტით. შესაბამისად, ჯგუფის წვლილმა თვის ინფლაციაში 0.09 პროცენტული პუნქტი შეადგინა. ფასები გაიზარდა ქვეჯგუფებზე: საცხოვრებლის მიმდინარე მოვლა და შეკეთება (2.8 პროცენტი) და ფაქტიური გადასახადი საცხოვრებელზე (1.0 პროცენტი).
წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე:
სხვადასხვა საქონელი და მომსახურება: ჯგუფში ფასები გაიზარდა 9.8 პროცენტით, რაც 0.52 პროცენტული პუნქტით აისახა წლიურ ინდექსზე. ფასები, უმეტესწილად, მომატებულია ქვეჯგუფებზე: საფინანსო მომსახურება (26.3 პროცენტი), პირადი ნივთები, სხვა კატეგორიებში ჩაურთველი (5.6 პროცენტი), პირადი ჰიგიენა (5.2 პროცენტი);
ტრანსპორტი: ჯგუფში ფასები გაიზარდა 2.5 პროცენტით, რაც 0.37 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიან ინდექსზე. ფასები გაიზარდა სატრანსპორტო მომსახურებაზე (4.3 პროცენტი), სატრანსპორტო საშუალებების შეძენასა (2.9 პროცენტი) და პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (1.5 პროცენტი);
ალკოჰოლური სასმელებისა და თამბაქოს ჯგუფში ფასები გაიზარდა 5.1 პროცენტით, რაც 0.35 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიან ინდექსზე. ფასები მომატებულია როგორც თამბაქოს ნაწარმის (6.5 პროცენტი), ისე ალკოჰოლური სასმელების (4.0 პროცენტი) ქვეჯგუფებზე;
საცხოვრებელი, წყალი, ელ.ენერგია, აირი: ჯგუფში ფასები მომატებულია 3.4 პროცენტით. შესაბამისად, ჯგუფის წვლილმა წლიურ ინფლაციაში 0.35 პროცენტული პუნქტი შეადგინა. ფასები გაიზარდა ქვეჯგუფებზე: საცხოვრებლის მიმდინარე მოვლა და შეკეთება (14.4 პროცენტი) და ფაქტიური გადასახადი საცხოვრებელზე (7.4 პროცენტი);
სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 3.1 პროცენტიანი კლება, რაც -1.08 პროცენტული პუნქტით აისახა წლიურ ინდექსზე. ფასები შემცირდა ქვეჯგუფებზე: ზეთი და ცხიმი (-19.4 პროცენტი), ბოსტნეული და ბაღჩეული (-11.7 პროცენტი), პური და პურპროდუქტები (-9.2 პროცენტი), რძე, ყველი და კვერცხი (-3.5 პროცენტი), შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (-2.5 პროცენტი). ამასთან, ფასები გაიზარდა ხილსა და ყურძენზე (12.2 პროცენტი), ხორცსა და ხორცის პროდუქტებზე (6.3 პროცენტი), თევზეულზე (5.0 პროცენტი), მინერალურ და წყაროს წყალზე, უალკოჰოლო სასმელებსა და ნატურალურ წვენებზე (2.7 პროცენტი).
საქსტატის მონაცემებით, თბილისში უძრავი ქონებაც გაძვირდა
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ცნობით, 2023 წლის მესამე კვარტალში, წინა კვარტალთან შედარებით საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასების ინდექსი (RPPI) 5.5%-ით გაიზარდა, ხოლო ინდექსის წლიურმა ზრდამ 15.6% შეადგინა.
საქსტატის ინფორმაციით, 2020 წლის საშუალოსთან შედარებით ინდექსი 35.9-ით არის გაზრდილი.

"RPPI-ის დაფარვა შემოიფარგლება ქ. თბილისით და მოიცავს მხოლოდ ახალი საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზარს, როგორც მრავალსართულიანი სახლების (ბინების), ისე კერძო სახლების სეგმენტებს.
2023 წლის მესამე კვარტალში, წინა კვარტალთან შედარებით, ფასების ზრდა დაფიქსირდა როგორც საცხოვრებელი ბინების სეგმენტში (5.2%), ისე კერძო სახლების სეგმენტში (6.2%).
2022 წლის მესამე კვარტალთან შედარებით ფასების ზრდა დაფიქსირდა ორივე სეგმენტში - ბინებზე 15.7%-ით, ხოლო კერძო სახლებზე 13.4%-ით.
ბინების სეგმენტში ერთ კვადრატულ მეტრზე ფასები ასე ნაწილდება: მთაწმინდა - 5 314 ლარი; ვაკე - 4 756 ლარი; საბურთალო - 3 652 ლარი; ჩუღურეთი - 3 518 ლარი; კრწანისი - 3 427 ლარი; დიდუბე - 3 287 ლარი; ნაძალადევი - 3 201 ლარი; გლდანი - 3 129 ლარი; ისანი - 3 119 ლარი; სამგორი - 2 892 ლარი.
რაც შეეხება კერძო სახლების სეგმენტს, ერთი კვადრატული მეტრის ღირებულება უბნების მოხედვით ასე გამოიყურება: მთაწმინდა - 4 049 ლარი; ვაკე - 3 511 ლარი; საბურთალო - 2 890 ლარი; დიდუბე - 2 868 ლარი; ჩუღურეთი - 2 656 ლარი; ისანი - 2 509 ლარი; ნაძალადევი - 2 268 ლარი; კრწანისი - 2 265 ლარი; სამგორი - 1 219 ლარი; გლდანი - 2 192 ლარი", - ნათქვამია საქსტატის ინფორმაციაში.
სებ-ის ინფორმაციით, 2023 წლის მესამე კვარტალში საქართველოს მთლიანი საგარეო ვალი 867.2 მლნ აშშ დოლარით შემცირდა
საქართველოს მთლიანმა საგარეო ვალმა, 2023 წლის 30 სექტემბრის მდგომარეობით, 23.4 მლრდ აშშ დოლარი (62.6 მლრდ ლარი) შეადგინა, რაც ბოლო ოთხი კვარტლის მშპ-ს 78.9 პროცენტია. ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს.
ეროვნული ბანკის ცნობით, 2023 წლის მესამე კვარტალში საქართველოს მთლიანი საგარეო ვალი 867.2 მლნ აშშ დოლარით შემცირდა.
„აქედან, ოპერაციული ცვლილების გამო ვალი 599.9 მლნ აშშ დოლარით შემცირდა, საკურსო ცვლილებების გამო კი 293.3 მლნ. აშშ დოლარით. ფასის და სხვა ცვლილებების გამო ვალი შესაბამისად 7.0 და 18.9 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა.
სახელმწიფო საგარეო ვალმა შეადგინა 10.7 მლრდ აშშ დოლარი (28.7 მლრდ ლარი), რაც მშპ-ს 36.2 პროცენტია. აქედან სამთავრობო სექტორის ვალია 8.2 მლრდ აშშ დოლარი (22.0 მლრდ ლარი; მშპ-ს 27.7 პროცენტი), ეროვნული ბანკის ვალდებულებები – 873.0 მლნ აშშ დოლარი (2.3 მლრდ ლარი; მშპ-ს 2.9 პროცენტი), ხოლო სახელმწიფო საწარმოების ობლიგაციები და სესხები, შესაბამისად, 440.5 მლნ აშშ დოლარი (1.2 მლრდ ლარი; მშპ-ს 1.5 პროცენტი) და 1.2 მლრდ აშშ დოლარი (3.2 მლრდ ლარი; მშპ-ს 4.1 პროცენტი).
საბანკო სექტორის საგარეო ვალმა შეადგინა 6.9 მლრდ აშშ დოლარი (18.4 მლრდ ლარი; მშპ-ს 23.2 პროცენტი), სხვა სექტორების საგარეო ვალმა – 4.5 მლრდ აშშ დოლარი (12.0 მლრდ ლარი; მშპ-ს 15.2 პროცენტი) და კომპანიათაშორისმა ვალმა – 2.9 მლრდ აშშ დოლარი (7.8 მლრდ ლარი; მშპ-ს 9.8 პროცენტი). მთლიანი საგარეო ვალის 88.2 პროცენტი დენომინირებულია უცხოური ვალუტით.
საქართველოს წმინდა საგარეო ვალმა, 2023 წლის 30 სექტემბრის მდგომარეობით, 11.6 მლრდ აშშ დოლარი (31.1 მლრდ ლარი) შეადგინა, რაც ბოლო ოთხი კვარტლის მშპ–ს 39.2 პროცენტია. აქედან, სახელმწიფო სექტორის წმინდა საგარეო ვალი 5.5 მლრდ აშშ დოლარია (14.6 მლრდ ლარი), რაც მშპ-ს 18.4 პროცენტია.
2023 წლის მესამე კვარტალში საქართველოს ეროვნული ბანკის საგარეო ვალი 10.0 მლნ აშშ დოლარით შემცირდა. აქედან, საკურსო ცვლილების გამო ვალი 10.0 მლნ აშშ დოლარით შემცირდა, ხოლო ოპერაციული ცვლილების გამო ვალი 31.5 ათასი აშშ დოლარით გაიზარდა. 2023 წლის მესამე კვარტლის ბოლოს ეროვნული ბანკის მთლიანმა საგარეო ვალდებულებებმა 873.0 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. აქედან, 457.6 მლნ აშშ დოლარი განაწილებული ნასესხობის სპეციალური უფლებაა (ნსუ)1, რომელსაც არ აქვს დაფარვის ვადა და პრაქტიკულად, მისი გადახდის ვალდებულება არ დადგება, სანამ საქართველო არის საერთაშორისო სავალუტო ფონდის წევრი“, - აღნიშნულია ეროვნული ბანკის ინფორმაციაში.
გუდაურში ზამთრის სათხილამურო სეზონი საზეიმოდ გაიხსნა
ზამთრის სათხილამურო სეზონს წელს ჩვენ სრული მობილიზაციით, სრული მომზადებით ვხვდებით, განახლებული ინფრასტრუქტურით. მიმდინარე წელი იყო გამორჩეული, როგორც წინა წლები და სახელმწიფომ მნიშვნელოვანი ინვესტიციები განახორციელა ზამთრის კურორტებზე ტურისტული ინფრასტრუქტურის გასავითარებლად და გასაუმჯობესებლად, - განაცხადა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა გუდაურში, 2023-2024 წლის ზამთრის სეზონის გახსნის საზეიმო ღონისძიებაზე.

ლევან დავითაშვილმა თავის გამოსვლაში საქართველოს ზამთრის კურორტების რეაბილიტაციისა და განვითარების მიზნით გაწეული სამუშაო შეაფასა და ამ კუთხით სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.
როგორც მან აღნიშნა, ბოლო წლების განმავლობაში – 2012 წლიდან საქართველოს ხელისუფლებამ ზოგადად მთა, მთიანი რეგიონების განვითარება მნიშვნელოვან პრიორიტეტად გამოაცხადა და მთის რეგიონებში ცხოვრების დონის გაუმჯობესებისკენ მიმართული მთელი რიგი ღონისძიებების განხორციელება დაიწყო.
გუდაურის ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის პროექტში ჯამში, დაახლოებით, 70 მლნ ლარის ინვესტიცია განხორციელდა.
„ჩვენ შემოვიღეთ ახალი პოლიტიკა, მივიღეთ „კანონი მთის შესახებ“, მთელი რიგი პრეფერენციები დაწესდა მთაში მცხოვრები მოსახლეობისთვის თუ ბიზნესებისთვის, რათა ეკონომიკური აქტივობა მეტად წაგვეხალისებინა და საცხოვრებელი პირობები გაგვაუმჯობესებინა. ამავე დროს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარება მთაში, კერძოდ, ბოლო წლების განმავლობაში სამთო-სათხილამურო ინფრასტრუქტურის განვითარებაში სახელმწიფომ 800 მილიონ ლარზე მეტი ინვესტიცია განახორციელა. ეს მოიცავდა ინვესტიციებს არამარტო გუდაურში, ასევე ძალიან მნიშვნელოვანი ინვესტიციები განვახორციელეთ ბაკურიანში, სვანეთში, გოდერძიზე და განახლდა მთელი სამთო-სათხილამურო ინფრასტრუქტურა, მათ შორის 28 ახალი საბაგირო გზა მოეწყო“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
საქსტატი - იანვარ-ნოემბერში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 19 612.8 მლნ აშშ დოლარი შეადგინა
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ცნობით, 2023 წლის იანვარ-ნოემბერში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 19 612.8 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 14.7 პროცენტით მეტია.
საქსტატის ცნობით, აქედან ექსპორტი 5 584.3 მლნ აშშ დოლარს შეადგენს (გაიზარდა 11.1 პროცენტით), ხოლო იმპორტი 14 028.5 მლნ აშშ დოლარს (გაიზარდა 16.1 პროცენტით).
"საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა, 2023 წლის იანვარ-ნოემბერში, 8 444.2 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 43.1 პროცენტია.
2023 წლის იანვარ-ნოემბერში ათი უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ექსპორტში 80.5 პროცენტი შეადგინა. უმსხვილესი საექსპორტო სამეული შემდეგნაირად ჩამოყალიბდა: აზერბაიჯანი (787.8 მლნ აშშ დოლარი), სომხეთი (710.7 მლნ აშშ დოლარი) და ყაზახეთი (649.2 მლნ აშშ დოლარი).
2023 წლის იანვარ-ოქტომბერში ათი უმსხვილესი საიმპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა
საქართველოს მთლიან იმპორტში 70.8 პროცენტი შეადგინა. პირველ სამეულში შედის: თურქეთი
(2 103.9 მლნ აშშ დოლარი), აშშ (1 591.1 მლნ აშშ დოლარი) და რუსეთი (1 481.2 მლნ აშშ დოლარი).
2023 წლის იანვარ-ნოემბერში ათი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან საგარეო სავაჭრო ბრუნვაში 68.6 პროცენტი შეადგინა. ქვეყნის უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორები არიან: თურქეთი (2 714.8 მლნ აშშ დოლარი), რუსეთი (2 193.9 მლნ აშშ დოლარი) და აშშ (1 846.2 მლნ აშშ დოლარი).
2023 წლის იანვარ-ნოემბერში ათი უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ექსპორტში 80.5 პროცენტი შეადგინა. უმსხვილესი საექსპორტო სამეული შემდეგნაირად ჩამოყალიბდა: აზერბაიჯანი (787.8 მლნ აშშ დოლარი), სომხეთი (710.7 მლნ აშშ დოლარი) და ყაზახეთი (649.2 მლნ აშშ დოლარი).
2023 წლის იანვარ-ნოემბერში ათი უმსხვილესი საიმპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან იმპორტში 70.6 პროცენტი შეადგინა. პირველ სამეულში შედის: თურქეთი (2 326.2 მლნ აშშ დოლარი), აშშ (1 769.7 მლნ აშშ დოლარი) და რუსეთი (1 589.1 მლნ აშშ დოლარი)
2023 წლის იანვარ-ნოემბერში ათი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან საგარეო სავაჭრო ბრუნვაში 68.6 პროცენტი შეადგინა. ქვეყნის უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორები არიან: თურქეთი (2 714.8 მლნ აშშ დოლარი), რუსეთი (2 193.9 მლნ აშშ დოლარი) და აშშ (1 846.2 მლნ აშშ დოლარი).
2023 წლის იანვარ-ნოემბერში სასაქონლო ჯგუფებიდან საექსპორტო ათეულში პირველი ადგილი მსუბუქმა ავტომობილებმა დაიკავა 1 946.9 მლნ აშშ დოლარით, რაც მთელი ექსპორტის 34.9 პროცენტს შეადგენს. მეორე ადგილს იკავებს სპილენძის მადნები და კონცენტრატები 472.2 მლნ აშშ დოლარით (მთლიანი ექსპორტის 8.5 პროცენტი), ხოლო მესამე ადგილზეა ყურძნის ნატურალური ღვინოები 240.3 მლნ აშშ დოლარით (4.3 პროცენტი).
უმსხვილესი საიმპორტო სასაქონლო ჯგუფი 2023 წლის იანვარ-ნოემბერში წარმოდგენილი იყო მსუბუქი ავტომობილების სახით, რომლის იმპორტმა 2 881.0 მლნ აშშ დოლარი და მთელი იმპორტის 20.5 პროცენტი შეადგინა. მეორე ადგილს ნავთობი და ნავთობპროდუქტები 1 053.0 მლნ აშშ დოლარით (იმპორტის 7.5 პროცენტი), ხოლო მესამე ადგილზეა დაფასოებული სამკურნალო საშუალებები 489.6 მლნ აშშ დოლარით (იმპორტის 3.5 პროცენტი)", - ნათქვამია საქსტატის ინფორმაციაში.
2023 წლის ეკონომიკური ზრდის ტენდენციები
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის, ვახტანგ ცინცაძის თქმით, იანვარი-ნოემბრის მონაცემებით, ეკონომიკურ ზრდაში პოზიტიური წვლილი შეიტანეს ვაჭრობის, მშენებლობის, ტრანსპორტის და დასაწყობების, საინფორმაციო კომუნიკაციებისა და საბანკო, სადაზღვევო საქმიანობების სექტორებმა.
„გამოქვეყნებული ეკონომიკური ზრდის მონაცემებზე დაყრდნობით უკვე შეგვიძლია, შევაჯამოთ 2023 წლის ეკონომიკური ზრდის ტენდენციები. საქართველოს ეკონომიკა ინარჩუნებს მაღალი ეკონომიკური ზრდის ტემპს, რომელიც 2021-2022 წლებში ფიქსირდებოდა. ველოდებით, რომ 2023 წელს საქართველოს ეკონომიკა, დაახლოებით, შვიდი პროცენტით გაიზრდება.
ეკონომიკური ზრდის ხელშემწყობი იყო როგორც საინვესტიციო საქმიანობის კუთხით დაფიქსირებული ტენდენციები, ასევე საქონლის ექსპორტიდან და ტურიზმიდან მიღებული შემოსავლების მაჩვენებლები. ჩვენი მოლოდინია, რომ 2024 წელი კიდევ უფრო პოზიტიური ტენდენციებით გაგრძელდება და შენარჩუნდება, გაგრძელდება დადებითი დინამიკა, რომელიც ბოლო სამი წლის განმავლობაში საქართველოს ეკონომიკაში ფიქსირდება“, - აღნიშნა ვახტანგ ცინცაძემ.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, ნოემბერში საქართველოს ეკონომიკა 5.9 პროცენტით გაიზარდა, 11 თვეში კი, მშპ-ს ზრდამ 6.9 პროცენტი შეადგინა.
მასალაზე იმუშავა "ექსპრესნიუსის" ჟურნალისტმა, ლუკა ცარციძემ
ავტორი: ექსპრესნიუსი,