|
2023-12-31 13:00:35, 1083 ნახვა
მსოფლიო
ისრაელის და „ჰამასის“ ომის ქრონიკები
ისრაელისა და ღაზას სექტორის ტერიტორიაზე სამხედრო დაპირისპირება 2023 წლის 7 ოქტომბერს, გამთენიისას, ღაზას სექტორიდან ისრაელის ტერიტორიაზე განხორციელებული ფართომასშტაბიანი სარაკეტო და სახმელეთო იერიშით დაიწყო. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ისლამისტურმა დაჯგუფება “ჰამასმა” აიღო, მათი მთავარი სამიზნე კი, ღაზას სექტორის საზღვართან არსებული სამხედრო ბაზები, კიბუცები და ელექტრონული მუსიკის ფესტივალი გახდა. თავდასხმის დაწყებისას ტერორისტული დაჯგუფება “ჰამასის” სამხედრო მეთაურმა, მუჰამედ ალ-დეიფმა აუდიომიმართვა გაავრცელა და ისრაელის წინააღმდეგ ოპერაცია "ალ-აკსას წარღვნა” გამოაცხადა.
"დასრულდა ის დრო, როდესაც პასუხი არ მოეთხოვებოდათ, ვიწყებთ ოპერაციას, სახელწოდებით "ალ-აკსას წარღვნა", რომლის პირველ სამიზნეს მტრის აეროპორტები და სამხედრო ბაზები წარმოადგენს, ამ მიმართულებით 5 000-მდე რაკეტა გავუშვით”, - განაცხადა მუჰამედ ალ-დეიფმა. "ჰამასის" სამხედრო მეთაურის განცხადებით, თავდასხმა ისრაელის მიერ "ალ-აკსას" მეჩეთის "წაბილწვის” პასუხია და ამასთან, როგორც ის აღნიშნავდა, ისრაელმა წელს "ასობით პალესტინელი მოკლა და ტყვეების გაცვლაზე უარი განაცხადა". “ჰამასის" შეტევის საპასუხოდ, ისრაელის მთავრობამ გამოაცხადა საგანგებო მდგომარეობა, 8 ოქტომბერს კი, ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ ეროვნულ მიმართვაში ისრაელში საომარი მდგომარეობა გამოაცხადა და ოპერაცია, სახელწოდებით “რკინის ხმლები” დაიწყო. ფესტივალი Universo Paralello „ჰამასის“ თავდასხმის ფონზე საშინელებათა ფილმად გადაიქცა
Universo Paralello ბრაზილიაში დაფუძნებული ფესტივალია და უკვე ორი ათწლეულია იმართება. ფესტივალი ყოველწლიურად ელექტრონული მუსიკის მოყვარულ საზოგადოებას ელოდება, 2023 წელიც არაფრით იყო განსხვავებული და ღონისძიების ორგანიზატორები შოუს დაწყებამდე დიდ ზეიმს გამოხატავდნენ. "დადგა დრო, როდესაც მთელი ოჯახი კვლავ შეიკრიბება, რა სახალისო იქნება", - წერდნენ ორგანიზატორები სოციალურ ქსელში ფესტივალის დაწყებამდე. ელექტრონული მუსიკის ფესტივალზე თავდასხმა 7 ოქტომბერს, დილის 6:30-ზე დაიწყო და 30 წუთის განმავლობაში გაგრძელდა, რის შედეგადაც “ჰამასის" დაჯგუფებამ არაერთი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა და ამასთან ერთად, აიყვანეს ათობით მძევალიც. CNN-ის ცნობით, ელექტრონული მუსიკის ფესტივალზე "ჰამასის" თავდასხმის შედეგად, სულ მცირე, 260 ადამიანი დაიღუპა. ბაიდენის ადმინისტრაციამ, რომელსაც ხელმძღვანელობს პრეზიდენტი, რომელსაც ღრმა ემოციური დამოკიდებულება აქვს ისრაელის მიმართ, აირჩია შეერთებული შტატების ჩაბმა კიდევ ერთ დიდ ომში, ვაშინგტონი, რომელიც ღრმად არის ჩართული უკრაინის რუსეთთან ომში მილიარდობით დოლარის სამხედრო და სხვა სახის დახმარებაში, ახლა ცდილობს, იგივე გააკეთოს ისრაელისთვის "ჰამასთან" ომში. მნიშვნელოვანი ვიზიტები მას შემდეგ, რაც 7 ოქტომბერს, "ჰამასმა" ისრაელზე საჰაერო და სახმელეთო იერიშები წამოიწყო, 11 ოქტომბერს, ისრაელში დიდი ბრიტანეთის იმჟამინდელი საგარეო საქმეთა მინისტრი ჯეიმს კლევერლი ჩავიდა. 12 ოქტომბერს, ქვეყანას ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი ეწვია, იქიდან კი, იორდანიაში, კატარში, ბაჰრეინში, საუდის არაბეთში, არაბთა გაერთიანებულ საამიროებსა და ეგვიპტეში გაემგზავრა. მას შემდეგ, რაც აშშ-ის სახელმწიფო მდივანი აღნიშნული ქვეყნების ოფიციალურ პირებს, მათ შორის პალესტინის პრეზიდენტს, მაჰმუდ აბასს შეხვდა, 16 ოქტომბერს კვლავ ისრაელში დაბრუნდა. მდივნის მეორე ვიზიტი 3, მესამე ვიზიტი კი 29 ნოემბერს შედგა. 13 ოქტომბერს, ისრაელს აშშ-ის თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი, ევროკომისიისა და ევროპარლამენტის პრეზიდენტები, ურსულა ფონ დერ ლაიენი და რობერტა მეცოლა და გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ანალენა ბერბოკიც ეწვივნენ. 15 ოქტომბერს კი, ქვეყანაში ასევე იმყოფებოდა საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კატრინ კოლონა. 17 ოქტომბერს, ისრაელს გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი, 18 ოქტომბერს, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯო ბაიდენი, 19 ოქტომბერს, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი რიში სუნაკი, 23 ოქტომბერს, საბერძნეთის პრემიერ-მინისტრი კირიაკოს მიცოტაკისი და ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრი მარკ რუტე, ხოლო 24 ოქტომბერს, საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი ეწვივნენ. 23 ნომბერს, ისრაელში პირველი ოფიციალური ვიზიტით დიდი ბრიტანეთის ახალი საგარეო საქმეთა მინისტრი დევიდ კამერონი ჩავიდა. აღსანიშნავია, რომ ქვეყანაში ჩასვლის სურვილი გამოთქვა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმაც, თუმცა მისი ვიზიტი გაურკვეველი დროით გადაიდო. დრო თვითგადარჩენისთვის - ევაკუაცია ისრაელის თავდაცვის ძალებმა (IDF) შეატყობინეს გაეროს, რომ 24 საათის განმავლობაში, ღაზას სექტორის ჩრდილოეთ ნაწილში მყოფი პალესტინელი მოსახლეობის ევაკუაცია სამხრეთ ღაზაში უნდა მოხდეს. დუჟარიკის თქმით, გაფრთხილება ასევე ეხებოდათ გაეროს თანამშრომლებსა და ორგანიზაციის დაწესებულებებში თავშეფარებულებს. „გაერთიანებული ერების ორგანიზაცია შეუძლებლად მიიჩნევს, რომ ასეთი მოძრაობა განხორციელდეს დამანგრეველი ჰუმანიტარული შედეგების გარეშე... გაერო მტკიცედ მოუწოდებს ნებისმიერი ასეთი ბრძანების გაუქმებას, რათა თავიდან იყოს აცილებული ის, რაც შეიძლება გარდაიქმნას ტრაგედიიდან კატასტროფულ სიტუაციად“, - განაცხადა დუჟარიკმა.
14 ოქტომბერს, ისრაელის არმიამ ოფიციალურად გამოაცხადა, რომ ღაზას სექტორის ჩრდილოეთის მცხოვრებთა ევაკუაციის ვადა ექვსი საათით გაახანგრძლივა, ანუ 24 საათს, რომელიც ისრაელის სამხედროებმა მოსახლეობას 13 ოქტომბრის დილით მისცეს, დაემატა 6 საათი. ისრაელის არმიის "ტელეგრამის" არხის თანახმად, რადიკალური „ჰამასის“, რომელიც ღაზას მართავს, წინააღმდეგობის მიუხედავად, მოსახლეობამ ზოლის ჩრდილოეთ არეალების დატოვება დაიწყო. ისრაელის არმიამ გაავრცელა კადრები, სადაც ჩანდა თვითმფრინავები, რომლებიც ბროშურებს ყრიდნენ და მოსახლეობას ღაზას ჩრდილოეთი ნაწილის დატოვებისკენ მოუწოდებენ. ისრაელმა ეს მოწოდება იმით ახსნა, რომ უახლოეს მომავალში იწყებდა სახმელეთო ოპერაციას „ჰამასის“ გასანადგურებლად. 1-ელ ნოემბერს კი, კატარის შუამავლობით და აშშ-ის კოორდინაციით, ეგვიპტეს, ისრაელსა და „ჰამასს“ შორის შედგა შეთანხმება, რომლის ფარგლებშიც, ღაზას სექტორიდან მოქალაქეების გარკვეული ნაწილის ევაკუაცია მოხდა. ჰუმანიტარული დახმარება 21 ოქტომბერს, რაფაჰის გამშვები პუნქტი დროებით გაიხსნა და ღაზაში ეგვიპტის გავლით პირველი ჰუმანიტარული დახმარება შევიდა, 23 ოქტომბერს, ღაზას სექტორში ეგვიპტიდან ჰუმანიტარული დახმარებით დატვირთული სატვირთო მანქანების მეორე და მესამე კოლონებიც შევიდნენ, ხოლო 27 ოქტომბერს, ღაზას სექტორში ეგვიპტიდან ჰუმანიტარული დახმარებით დატვირთული კიდევ 12 სატვირთო მანქანა შევიდა.
ამას წინ უძღოდა აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ისრაელში ვიზიტი, რის შემდეგაც ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ხელს არ შეუშლიდნენ ეგვიპტის ტერიტორიიდან ღაზას სექტორის მიმართულებით ჰუმანიტარული დახმარების მიწოდებას. აღსანიშნავია, რომ მანამდე, ეგვიპტე უარს ამბობდა, კორიდორი გაეხსნა პალესტინელი ლტოლვილებისთვის, რომლებიც ღაზას სექტორის დატოვებას ცდილობდნენ. ამასთან, ოფიციალური კაირო აშშ-სთან ღაზას სექტორის მცხოვრებლებისთვის ჰუმანიტარული დახმარების მისაწოდებლად დერეფნის გახსნას განიხილავდა. 18 ოქტომბერს, ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ისრაელი არ დაუშვებს ჰუმანიტარული დახმარების მიწოდებას მისი ტერიტორიიდან ღაზას სექტორისთვის, სანამ არ გათავისუფლდებიან ტერორისტული ჯგუფების მიერ გატაცებული მძევლები. გაეროს რეზოლუცია
გაეროს გენერალურმა ასამბლეამ 13 დეკემბერს მიიღო რეზოლუცია, რომელიც მხარეებს ღაზას სექტორში „დაუყოვნებლივი, გრძელვადიანი და მდგრადი ჰუმანიტარული ზავისკენ” მოუწოდებს. რეზოლუციას მხარი 120-მა ქვეყანამ დაუჭირა, 14 წინააღმდეგი იყო, ხოლო 45-მა თავი შეიკავა. რეზოლუცია შეიცავს მოწოდებას ღაზაში ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტის, ყველა მშვიდობიანი მოქალაქის გათავისუფლების, მშვიდობიანი მოსახლეობის დაცვისა და ჰუმანიტარული დახმარების უზრუნველყოფის თაობაზე. იმ 14 ქვეყანას შორის, რომლებმაც რეზოლუციას მხარი არ დაუჭირეს, არიან: აშშ-ი, ისრაელი, უნგრეთი, ავსტრია, ჩეხეთი, ხორვატია, ტონგა, პარაგვაი, ნაურუ, მიკრონეზია. გაეროს მიერ მიღებულ რეზოლუციას გამოეხმაურა ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი ელი კოენი, რომელმაც აღნიშნა, რომ ისრაელი უარყოფს გაეროს გენერალური ასამბლეის "საზიზღარ მოწოდებას" ცეცხლის შეწყვეტის შესახებ. „ჩვენ პირდაპირ უარვყოფთ გაეროს გენერალური ასამბლეის საზიზღარ მოწოდებას ცეცხლის შეწყვეტის შესახებ. ისრაელი აპირებს „ჰამასის“ ლიკვიდაციას ისევე, როგორც მსოფლიო მოიქცა ნაცისტებთან და ე.წ ისლამური სახელმწიფოსთან”, - განაცხადა ელი კოენმა. ამერიკის შეერთებულმა შტატებმა კი, ღაზაში ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტის შესახებ გაეროს უსაფრთხოების საბჭოს რეზოლუციას ვეტო დაადო.
გაეროს უსაფრთხოების საბჭოში აშშ-ის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ არცერთი ქვეყანა არ უნდა შეეგუოს იმას, რაც "ჰამასმა" ჩაიდინა 7 ოქტომბერს, აღნიშნული რეზოლუცია კი ამბობს, "რომ ისრაელმა, უბრალოდ, უნდა მოითმინოს ეს". "არცერთი ქვეყანა არ უნდა შეეგუოს იმას, რაც "ჰამასმა" ჩაიდინა 7 ოქტომბერს. რომელიმე ჩვენს ქვეყანაზე რომ ასეთი თავდასხმა განეხორციელებინათ, ყველას გვექნებოდა მოლოდინი, რომ ეს საბჭო კიდევ ერთხელ დაადასტურებდა ჩვენს უფლებებს, დაგვეცვა ჩვენი მოქალაქეები. რეზოლუციის ყველაზე არარეალური ნაწილია მისი მოწოდება ცეცხლის უპირობო შეწყვეტის შესახებ. ეს, უბრალოდ, დატოვებს "ჰამასს" ადგილზე, შეძლებს, გადაჯგუფდეს და გაიმეოროს ის, რაც გააკეთა 7 ოქტომბერს. ეს რეზოლუცია არსებითად ამბობს, რომ ისრაელმა, უბრალოდ, უნდა მოითმინოს ეს", - განაცხადა აშშ-ის წარმომადგენელმა. ალ-შიფას საავადმყოფო 11 ნოემბერს, ისრაელის თავდაცვის ძალებმა ღაზას სექტორში მდებარე ალ-შიფას საავადმყოფო ალყაში მოაქციეს. როგორც „ცაჰალი” აცხადებდა, საავადმყოფოს „ჰამასი“ პირადი მიზნებისთვის იყენებდა და იქ სამეთაურო ცენტრი ჰქონდათ მოწყობილი. 15 ნოემბერს კი, ისრაელის არმიამ ალ-შიფას საავადმყოფოში რეიდი დაიწყო, რა დროსაც მათი თქმით, საავადმყოფოს ტერიტორიაზე „ჰამასის“ გვირაბი აღმოაჩინეს და სადაც, შეხვდათ სამკურნალო ზონები, რომელშიც „ჰამასის“ არსენალი ინახებოდა.
"ალ- შიფას ჰოსპიტალში IDF-ის ჯარებმა ოპერატიული გვირაბის შახტა და მანქანა აღმოაჩინეს, რომელშიც დიდი რაოდენობით იარაღი და საბრძოლო მასალა იყო“, - განაცხადეს ისრაელის თავდაცვის ძალებში. „ჰამასმა“ აღნიშნული ინფორმაცია უარყო და ისრაელის თავდაცვის ძალები ალ-შიფას სამედიცინო კომპლექსის შესახებ "ცრუ სცენარების, შეთითხნილი ნარატივებისა და დამახინჯებული ინფორმაციის" გავრცელებაში დაადანაშაულა.
18 დეკემბერს, ისრაელის თავდაცვის ძალებმა განაცხადეს, რომ მათ დააკმაყოფილეს ალ-შიფას საავადმყოფს დირექტორის მოთხოვნა და გახსნეს უსაფრთხო მარშრუტი, მშვიდობიან მოქალაქეებს კი, რომლებსაც "ჰამასი ფარად იყენებს" შეუძლიათ, დატოვონ ალ-შიფას საავადმყოფო. „IDF-მა დააკმაყოფილა ალ-შიფას საავადმყოფოს დირექტორის თხოვნა, რომ ღაზას მცხოვრებლებს, რომლებიც იქ იმყოფებიან და ევაკუაცია სურთ, უსაფრთხო გზით დატოვონ საავადმყოფო. IDF-ს არ გაუცია ბრძანება პაციენტების ან სამედიცინო პერსონალის ევაკუაციის შესახებ, ფაქტობრივად, შევთავაზეთ, რომ ევაკუაციაში დავეხმარებოდით... სამედიცინო პერსონალი დარჩება საავადმყოფოში იმ პაციენტების დასახმარებლად, რომლებსაც ევაკუაცია არ შეუძლიათ“,- განაცხადეს ისრაელის თავდაცვის ძალების წარმომადგენლებმა. 21 დეკემბერს, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ განაცხადა რომ ჩრდილოეთ ღაზა საწვავის, პერსონალისა და მარაგის ნაკლებობის გამო ფუნქციური საავადმყოფოს გარეშე დარჩა. ჯანმოს გენერალურმა დირექტორმა, ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა აღნიშნა, რომ ღაზას ჩრდილოეთით მხოლოდ ოთხი საავადმყოფო დარჩა, რომლებიც "ძალიან შეზღუდულ ზრუნვას უზრუნველყოფენ". მანამდე, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისა და გაეროს გუნდებმა ალ-აჰლიში ვიზიტის შემდეგ განაცხადეს, რომ საავადმყოფო გადატვირთული იყო იმ ადამიანებით, რომლებსაც სასწრაფო დახმარება ესაჭიროებოდათ და გარდაცვლილთა სხეულები ეზოში იყო. მძევლების გაცვლა 21 ნოემბერს, ორ მხარეს შორის გაიმართა მოლაპარაკება, რომლის მიხედვითაც, 4 დღის განმავლობაში, 50 მძევალი 150 პალესტინელი პატიმრის სანაცვლოდ უნდა გათავისუფლებულიყო. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, ისრაელის პრეზიდენტმა, ისააკ ჰერცოგმა განაცხადა, რომ მძევლების დაბრუნება მორალური და ეთიკური მოვალეობაა, რომელიც ზუსტად გამოხატავს ებრაულ და ისრაელის ღირებულებებს. ჰერცოგის თქმით, ისრაელის სახელმწიფო, თავდაცვისა და უსაფრთხოების ძალებთან ერთად, ყველაფერს გააკეთებს, რათა მძევლები სახლებში დააბრუნონ. "ეს არის მორალური და ეთიკური მოვალეობა, რომელიც ზუსტად გამოხატავს ებრაულ და ისრაელის ღირებულებებს მძევლების დაბრუნების შესახებ და ვიმედოვნებ, რომ ეს პირველი მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება ყველა მძევლის სახლში დასაბრუნებლად. ისრაელის სახელმწიფო, ისრაელის თავდაცვისა და უსაფრთხოების ძალები ყველაფერს გააკეთებენ მძევლების სახლებში დასაბრუნებლად, პარალელურად კი, ისრაელის მოქალაქეების სრულ უსაფრთხოებას აღადგენენ", - განაცხადა ჰერცოგმა. 22 ნოემბერს, ტერორისტული დაჯგუფება "ჰამასის“ ოფიციალურმა წარმომადგენელმა, მუსა აბუ მარზუკმამ განაცხადა, რომ ისრაელ-„ჰამასს“ შორის დადებული ზავი ძალაში 23 ნოემბერს შევიდოდა, თუმცა, 24 ნოემბერს, ისრაელის ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველმა, ცაჰი ჰანეგბიმ თქვა, რომ მძევლების გათავისუფლების შესახებ შეთანხმება პარასკევამდე არ ამოქმედდებოდა. 24 ნოემბერს კი ოფიციალურად, ისრაელსა და "ჰამასს" შორის 4-დღიანი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება ამოქმედდა, ტერორისტული დაჯგუფების მიერ 7 ოქტომბერს, ღაზას სექტორში გატაცებული მძევლების გათავისუფლების რამდენიმე რაუნდი შედგა, რის სანაცვლოდაც ისრაელმა პალესტინელი პატიმრები გაათავისუფლა.
30 ნოემბერს კი, კატარის საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ ისრაელსა და "ჰამასს" შორის ჰუმანიტარული ზავი კიდევ ერთი დღით გახანგრძლივდებოდა. ამასთან, 1-ელ დეკემბერს ისრაელის თავდაცვის ძალებმა ღაზას სექტორში საბრძოლო მოქმედებები განაახლეს. 25 დეკემბერს კი ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ მძევლების დაბრუნების ერთადერთ გზად „ჰამასის“ განადგურება დაასახელა და აღნიშნა, რომ ისრაელი ბრძოლას "ჰამასზე" სრულ გამარჯვებამდე გააგრძელებს. "ბრძოლას "ჰამასზე" სრულ გამარჯვებამდე გავაგრძელებთ. მძევლების დასაბრუნებლად ერთადერთი გზა "ჰამასის" განადგურება და იმაში დარწმუნებაა, რომ ღაზა ისრაელისთვის საფრთხის შემცველი აღარ იქნება“, - განაცხადა ნეთანიაჰუმ. „ჰამასთან“ ომი ღაზაში, სავარაუდოდ, მრავალი თვის მანძილზე გაგრძელდება ისრაელის თავდაცვის ძალების მეთაურმა, ჰერცი ჰალევმა 26 დეკემბერს განაცხადა, რომ ისრაელ-"ჰამასის" ომი მრავალი თვის მანძილზე გაგრძელდება. როგორც ჰალევი აღნიშნავს, ისრაელი სხვადასხვა მეთოდს გამოიყენებს, რათა მიღწევები შეინარჩუნოს. „ომი გაგრძელდება მრავალი თვის განმავლობაში და ჩვენ გამოვიყენებთ სხვადასხვა მეთოდს, რათა დიდი ხნის განმავლობაში შევინარჩუნოთ ჩვენი მიღწევები. არ არსებობს ჯადოსნური გადაწყვეტილებები, ტერორისტული ორგანიზაციის ლიკვიდაციის გზები, საჭიროა, მხოლოდ გადამწყვეტი და დაჟინებული ბრძოლა. ჩვენ მივაღწევთ „ჰამასის“ ხელმძღვანელობასაც, რამდენი დროც არ უნდა დასჭირდეს ამას, ერთი კვირა თუ თვეები“, - განაცხადა ჰალევიმ. 25 დეკემბრის მონაცემებით კი, ღაზაში 7 ოქტომბრის შემდეგ დაღუპულთა რიცხვი 20 424-მდე გაიზარდა. მასალაზე იმუშავა "ექსპრესნიუსის" ჟურნალისტმა, ლუკა ცარციძემ
იტალიის პრემიერ-მინისტრი პუტინის G20-ის სამიტზე მიწვევას ეწინააღმდეგება
მედია: ტრამპმა პაკისტანში ირანთან მოსალაპარაკებლად აშშ-ს დელეგაცია არ გაგზავნა
სუს: დავაკავეთ სუს-ის ყოფილი და შსს-ს მოქმედი თანამშრომელი, ბრალი ედება სუს-დან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში
ირაკლი [დაჩი] ბერაია აუდიტის სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
ათობით ადამიანი დაშავდა, საცხოვრებელი შენობა განადგურდა დნეპრზე მომხდარი დარტყმის შემდეგ
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|











ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)