2015-02-10 18:30:46, 558 ნახვა
ეკონომიკა
გიორგი კვირიკაშვილი: „ქართული ფილმის“ ქონების გასხვისება არ იგეგმება
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი კინოსტუდია „ქართული ფილმის“ ქონების მოსალოდნელი გასხვისების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს.
„ჩემთვის ეს ყველაფერი ძალიან გასაკვირია, რადგან დიდი ხნის განმავლობაში ვცდილობ, რომ მოხდეს საქართველოს კინემატოგრაფისტთა კონსოლიდაცია და ერთიანი მიდგომით მოვახდინოთ თანამშრომლობა. კიდევ ერთხელ მინდა გავიმეორო და გთხოვთ ჟურნალისტებს, მათ გადასცეთ - არანაირი გასხვისება არ იგეგმება „ქართული ფილმის“ ქონების, უფრო მეტიც - ჩვენ ვცდილობთ, რომ მოვძებნოთ მექანიზმები, როგორ მოვახდინოთ ერთობლივად ამ საკითხის მართვა. მე ვიქნები ძალიან მოხარული, თუ საქართველოს კინემატოგრაფისტები და ამ სფეროში მოღვაწე ადამიანები, რომლებსაც მე ძალიან დიდ პატივს ვცემ, შეიმუშავებენ ერთიან კონცეფციას და წარმოადგენენ იმისთვის, რომ ჩვენ, რაღაცნაირად, ეს საკითხი დავძრათ. არავინ მათ არ ებრძვის. მე მგონია, რომ ეს არის ცალკეული ადამიანების მიერ წაქეზებული პროცესი და თავად კინემატოგრაფისთა საზოგადოებაში არ არის ერთიანი ხედვა ამ საკითხთან მიმართებაში. მინდა ხაზი გავუსვა, რომ ამ თემაზე მუშაობა და ზოგადად, მთლიანად პროცესი წარიმართება საქართველოს კინოს სფეროს მოღვაწეთა უშუალო მონაწილეობით. როგორც ისინი აცხადებენ, მათ „ზურგს უკან“ არანაირი პროცესები არ მიმდინარეობს.
მე მესმის მათი, იმიტომ რომ წარსულში მათ, სამწუხაროდ, გაუყიდეს კუთვნილი წილი. კიდევ ერთხელ ვამბობ - იმის სურვილი, რომ მათ აღიდგინონ უფლება თუ მიიღონ კომპენსაცია (და ამასაც ერთად გადავწყვეტთ) ძალიან დიდია, მაგრამ ხაზგასმით ვამბობ, ეს იქნება მათი ჩართულობით და არავითარ შემთხვევაში მთავრობა განყენებულად არ მიიღებს გადაწყვეტილებას“,– აღნიშნა კვირიკაშვილმა.
ცნობისთვის, „ქართული ფილმის“ წარმომადგენლებმა გავრცელეს ინფორმაცია, რომ აღნიშნული კინოსტუდიის ქონების გასხვისება იგეგმება.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან