|
2023-09-28 12:50:11, 829 ნახვა
საზოგადოება
HRC - აქციებზე პოლიციელთა არაპროპორციული რაოდენობის მობილიზების ტენდენცია იკვეთება
ორგანიზაცია "ადამიანის უფლებათა ცენტრი" აქციებზე მობილიზებული პოლიციელების რაოდენობისა და პოლიციელების შესახებ მოკლე ანგარიშს აქვეყნებს. როგორც HRC-ის ანგარიშშია აღნიშნული, 2023 წლის იანვრიდან აგვისტომდე პერიოდში, "ადამიანის უფლებათა ცენტრის" მონიტორები დააკვირდნენ 10 საპროტესტო აქციას. მონიტორების შეფასებით, აქციების მიმდინარეობისას გამოიკვეთა, აქციის მონაწილეთა რაოდენობასთან შედარებით პოლიციელთა არაპროპორციული რაოდენობის მობილიზების ტენდენცია. "არის შემთხვევები, როცა აქციის მონაწილეთა რაოდენობასთან შედარებით პოლიციელთა რაოდენობა თვალშისაცემად მეტია, ზოგჯერ კი პირიქით - იმდენად ნაკლებია, რომ პოლიცია ვერ ახერხებს საზოგადოებრივი წესრიგის და აქციის მონაწილეთა უსაფრთხოების უზრუნველყოფას - კერძოდ, მათ დაცვას ძალადობრივი განზრახვის მქონე კონტრდემონსტრანტებისგან. ამასთან, აქციებზე ფორმიან პოლიციელებთან ერთად, წარმოდგენილი იყვნენ პოლიციელები სამსახურებრივი უნიფორმის გარეშე, რომელთა იდენტიფიცირებაც შეუძლებელი იყო",- აღნიშნულია ანგარიშში. გარდა ამისა, ორგანიზაციამ დეტალურად შეისწავლა ლაზარე გრიგორიადისის მამის, ბექა გრიგორიადისის მიერ ორგანიზებული აქციები, სადაც პოლიციელების რაოდენობა ზოგ შემთხვევაში 3-ჯერ აღემატებოდა მონაწილეთა რაოდენობას. "ადამიანის უფლებათა ცენტრის" მონიტორები 28 მაისიდან 4 ივნისის ჩათვლით აკვირდებოდნენ ბექა გრიგორიადისის მიერ ორგანიზებულ აქციას, პარლამენტის შენობის მიმდებარე სკვერში. 3 ივნისს, ღამის 01:30 საათისკენ, პოლიციელთა რაოდენობა 3-ჯერ აღემატებოდა აქციაზე მყოფი მონაწილეების რაოდენობას. 29, 30 მაისის და 1-ელი ივნისის აქციებზე, აგრეთვე, პოლიცია არათანაბარი ძალით იყო მობილიზებული. კერძოდ, პოლიციელების რაოდენობა სამჯერ მაინც აღემატებოდა აქციის მონაწილეთა რაოდენობას - აქციაში მონაწილეობდა 15-მდე მონაწილე, ადგილზე კი, დაახლოებით, 60-მდე პოლიციის თანამშრომელი იყო მობილიზებული. ამის საპირისპიროდ, გია გაჩეჩილაძის (,,უცნობი“) და ზაზა პაპუაშვილის ორგანიზებულ აქციაზე - "მოვდივარ - საქართველო უპირველეს ყოვლისა“, სადაც 11 000-მდე მოქალაქე იმყოფებოდა, დაახლოებით, 100-მდე პოლიციელი იყო მობილიზებული. ორგანიზატორების თქმით, აქციის მიზანი იყო “ქვეყანაში მშვიდობის მხარდაჭერა” და იგი “აპოლიტიკური” უნდა ყოფილიყო; მიუხედავად ამისა, რამდენიმე გამომსვლელმა ანტიდასავლური მოწოდებები გააჟღერა. ასევე, 31 ივლისს პარლამენტთან სამოქალაქო ორგანიზაციების აქციაში - "რუსეთი მტერია და არა სტუმარი!“ აქციის მონაწილეებთან შედარებით, პოლიცია არაპროპორციული რაოდენობით იყო წარმოდგენილი. საპროტესტო აქციაში, დაახლოებით, 350-მდე მოქალაქე მონაწილეობდა, აქციას კი მეთვალყურეობდა - 65-მდე პოლიციის თანამშრომელი, რომლებიც აქციის მიმდინარეობისას განლაგებული იყვნენ პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე, სხვადასხვა ადგილას (ქაშუეთის ეკლესიასთან, პარლამენტსა და პირველ გიმნაზიას შორის არსებულ ჭიჭინაძის ქუჩაზე, პარლამენტის უკან შესასვლელთან, 9 აპრილის ქუჩაზე)",- ვკითხულობთ ანგარიშში. HRC-ის ანგარიშის თანახმად, არაპროპორციულად დიდი იყო პოლიციელების რაოდენობა პარლამენტთან სამოქალაქო ორგანიზაციების აქციის დროსაც, სახელწოდებით - "რუსეთი მტერია და არა სტუმარი". ამასთან, ორგანიზაციამ დაადგინა, რომ სამივე აქციაზე იმყოფებოდნენ უფორმო, არაიდენტიფიცირებადი პირები, რომლებსაც სხვა ფორმიან პოლიციელებთან ჰქონდათ კომუნიკაცია. "პოლიციელთა არასათანადო რაოდენობის მობილიზების პრობლემა გამოიკვეთა 2023 წლის 8 ივლისს, „პრაიდ ფესტივალის“ მიმდინარეობისასაც. ამ ღონისძიების შესახებ ინფორმაციის გავრცელებისთანავე, სხვადასხვა ჯგუფებმა ამავე დღეს დააანონსეს კონტრდემონსტრაცია, რასაც მოჰყვა ვიდეოების თუ სოციალურ მედიაში გავრცელებული პოსტების მეშვეობით საჯარო მოწოდებები კონტრდემონსტრაციაზე წასვლისკენ; გავრცელებული მიმართვები შეიცავდა სიძულვილის ენას. მიუხედავად ამისა, "ადამიანის უფლებათა ცენტრის" შეფასებით, სახელმწიფომ ვერ შეასრულა პოზიტიური ვალდებულება, "პრაიდ ფესტივალის" მონაწილეები დაეცვა კონტრდემონსტრანტების აგრესიული ქმედებებისგან, რის შედეგადაც მისი გამართვა ვერ მოხერხდა. ამ შეფასებას იზიარებენ ღონისძიების ორგანიზატორებიც. როგორც მედია იუწყება, ძალადობრივმა ჯგუფების მიერ ფესტივალის ჩაშლისა და ტერიტორიის დარბევის შედეგად, „თბილისი პრაიდს“, მინიმუმ, 10 000 ლარის მატერიალური ზარალი მიადგა. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკის თანახმად, პოლიციის თანამშრომლებს დაცვის პირდაპირი ვალდებულება აკისრიათ მაშინ, როდესაც მათ იცოდნენ, ან უნდა სცოდნოდათ, რომ არსებობდა რომელიმე მოწყვლადი ჯგუფის მიერ ორგანიზებული საჯარო ღონისძიებასთან დაკავშირებული რისკები - განსაკუთრებით, საქართველოში LGBT თემის მიმართ მტრული დამოკიდებულების ფონზე. ასეთი რისკების შესახებ ინფორმაცია კი საჯაროდ იყო ხელმისაწვდომი. შესაბამისად, ვინაიდან „პრაიდ ფესტივალი“ ჩაიშალა ძალადობრივი კონტრდემონსტრაციის შედეგად და ზიანი მიადგა კერძო საკუთრებას, "ადამიანის უფლებათა ცენტრის" შეფასებით, სახელმწიფომ ვერ შეძლო შეკრების თავისუფლების პოზიტიური, სამართლებრივი ვალდებულების შესრულება... ორგანიზაცია მიმართავს რეკომენდაციით შინაგან საქმეთა სამინისტროს:
"ადამიანის უფლებათა ცენტრის" ანგარიში სრულად შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)