|
2023-09-22 15:10:30, 876 ნახვა
პოლიტიკა
ო ბრაიენი - ვწუხვართ საქართველოს ეროვნული ბანკის გადაწყვეტილების გამო
ვწუხვართ საქართველოს ეროვნული ბანკის გადაწყვეტილების გამო,- ასე ეხმაურება აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სანქციების კოორდინაციის ოფისის ხელმძღვანელი, ელჩი ჯეიმს ო ბრაიენი სანქციათა რეჟიმების შესრულების წესში ცვლილების შეტანის შესახებ სებ-ის გადაწყვეტილებას. ო ბრაიენი "აქცენტისთვის" მიწოდებულ წერილობით კომენტარში სანქციების რისკის შესახებ აფრთხილებს მათ, ვინც საერთაშორისო სანქციების ქვეშ მყოფ ფიზიკურ და იურიდიული პირებთან, მათ შორის საქართველოს ყოფილ მთავარ პროკურორ ოთარ ფარცხალაძესთან ტრანზაქციებს განახორციელებენ. "14 სექტემბერს შეერთებულმა შტატებმა სანქციები დაუწესა ქართველ-რუს ოლიგარქ ოთარ ფარცხალაძეს, რომელიც მუშაობდა „ეფესბესთან" [რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახური], რათა გავლენა მოეხდინა ქართულ საზოგადოებასა და პოლიტიკაზე რუსეთის სასარგებლოდ. [სანქციები დაუწესდა] აღმასრულებელი ბრძანება 14024-ის საფუძველზე, რომელიც სანქცირების ავტორიზაციას გასცემს რუსეთის ფედერაციის მთავრობის კონკრეტულ საზიანო უცხოურ საქმიანობასთან დაკავშირებით. ვწუხვართ საქართველოს ეროვნული ბანკის გადაწყვეტილების გამო. ფიზიკური და იურიდიული პირები, რომლებიც ახორციელებენ ტრანზაქციებს ფარცხალაძესთან ან ჩვენს მიერ, რუსეთთან დაკავშირებული სანქციების ფარგლებში დასანქცირებულ სხვა პირებთან, საკუთარ თავს სანქციების რისკის ქვეშ აყენებენ. საქართველოს საბანკო სისტემა საქართველოს დემოკრატიული ისტორიის ერთ-ერთ საუკეთესო მიღწევად იქცა. დამოუკიდებელი ეროვნული ბანკი ნებისმიერ ქვეყანაში ჯანსაღი ეკონომიკის ქვაკუთხედია",- განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სანქციების კოორდინაციის ოფისის ხელმძღვანელმა. შეგახსენებთ, 14 სექტემბერს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ამერიკის შეერთებული შტატების ხაზინის დეპარტამენტმა 150-ზე მეტ კომპანიასა და პირს სანქციები დაუწესა. სანქცირებულთა შორისაა საქართველოს ყოფილი მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე. სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციით, ქართველ-რუს ოლიგარქ ოთარ ფარცხალაძესთან რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახური მუშაობდა, რათან მას გავლენა მოეხდინა საქართველოს საზოგადოებასა და პოლიტიკაზე რუსეთის სასარგებლოდ. 18 სექტემბერს, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა განაცხადა, რომ ქართულმა ბანკებმა ფარცხალაძეს ყველა ანგარიში გაუყინეს და შეჩერებული იყო გადარიცხვები. სებ-ის განცხადების თანახმად, ყოფილ მთავარ პროკურორს საერთაშორისო ფინანსური სანქციების აღსრულების მექანიზმის გათვალისწინებით, ეზღუდებოდა როგორც სახსრების განკარგვა, ისე ყველა სახის ფინანსური ოპერაციის განხორციელების შესაძლებლობა. ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებას იმავე დღეს გამოეხმაურა "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე და თქვა, რომ გადაწყვეტილება საქართველოს კონსტიტუციასა და უდანაშაულობის პრეზუმფციას ეწინააღმდეგებოდა. ერთდღიანი ინტერვალით, ეროვნულმა ბანკმა გადაწყვეტილება შეცვალა და 19 სექტემბერს, სანქციათა რეჟიმების შესრულების წესში ცვლილება შეიტანა. სებ-ის პრეზიდენტის 2023 წლის 4 აგვისტოს N208/04 ბრძანებაში შეტანილი ცვლილების თანახმად, სანქციათა რეჟიმები ვრცელდება: ა) საქართველოს მოქალაქეზე, თუ მის მიმართ დაწესებული სანქციების საფუძველთან დაკავშირებით გამოტანილია საქართველოს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი განაჩენი; ბ) საქართველოში რეგისტრირებულ იურიდიულ პირზე, რომლის წილს ფლობს (ფლობენ) სანქცირებული საქართველოს მოქალაქე (მოქალაქეები), თუ დაწესებული სანქციების საფუძველთან დაკავშირებით გამოტანილია საქართველოს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი განაჩენი.
ვენსი ტრამპის მემკვიდრეობისთვის ბრძოლას იწყებს: როგორ იყენებს ვიცე-პრეზიდენტი რესპუბლიკელების დამარცხებას - Axios
The Independent: რუბიომ შესაძლოა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანამდებობა დატოვოს, რათა 2028 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა
Starshield-დან რუსულ ნავთობამდე: დემოკრატები ტრამპის ქმედებებზე კონგრესის გამოძიებას ამზადებენ
ზახაროვა ფარცხალაძის ფონდზე: გვჯერა, წვლილს შეიტანს რუსეთ-საქართველოს კავშირის ზრდაში
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)