01:14 - 10 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-05-16 14:49:33, 693 ნახვა

პოლიტიკა
კალაძე - საქართველოში ვერცერთი სანქცირებული ავიაკომპანია ვერ განახორციელებს ფრენებს

დედაქალაქის მერი კახა კალაძე რუსეთსა და საქართველოს შორის პირდაპირი ფრენების განახლების შესახებ რუსეთის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ქვეყანაში ვერცერთი სანქცირებული კომპანია ვერ შეძლებს ფრენებს. 

„თქვენ იცით, როგორც ფრენები, ასევე უვიზო მიმოსვლა ცალმხრივად იყო სანქცირებული, რაც ძალიან ცუდი იყო. გადაწყვეტილება ფრენების აღდგენასთან და ასევე უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებით, რამდენიმე დღის წინ გახდა ცნობილი. ხვალ დაიწყება პირდაპირი ფრენები, რაც მისცემს ადამიანებს იმის შესაძლებლობას, რომ სხვა ქვეყნის გავლით კი არა, პირდაპირ შეძლონ რუსეთის სხვადასხვა ქალაქში გამგზავრება“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა. 

კახა კალაძე რუსულ ავიაკომპანია „აზიმუტზე“ გავრცელებულ ინფორმაციასაც გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ოკუპირებული აფხაზეთი დამოუკიდებელი ქვეყნების ჩამონათვალიდან ავიაკომპანიის მიერ უკვე ამოღებულია.   

მისივე თქმით, ოკუპაცია საქართველოს უდიდესი გამოწვევაა და ქვეყნის ხელისუფლება ძალისხმევას არ დაიშურებს მშვიდობიანი გზით ტერიტორიების დეოკუპაციის მისაღწევად.

„სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ ვერცერთი სანქცირებული კომპანია ვერ განახორციელებს შესაბამის ფრენებს. ამას სწავლობენ შესაბამისი უწყებები. ის კონკრეტული ფაქტი, რაზეც თქვენ საუბრობთ, ძალიან ცუდია, თუმცა როგორც დამოუკიდებელი ქვეყნის სტატუსის მქონე ქვეყნებიდან, აფხაზეთი ამოღებულია. კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ იმას, რომ ვერცერთი სანქცირებული კომპანია ვერ შეძლებს ფრენებს. დიდი პრობლემა არის ის, რომ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიების გარკვეული ნაწილი ოკუპირებულია. ეს ერთ-ერთი უდიდესი გამოწვევაა ჩვენი ხალხისთვის, ქვეყნისთვის. რა თქმა უნდა, ჩვენი ხელისუფლება აღნიშნული პოლიტიკით, რომელსაც ატარებს, ყველაფერს გააკეთებს, რომ ტერიტორიების დეოკუპაცია, დაბრუნება მოვახერხოთ. ეს უნდა გავაკეთოთ მშვიდობით, ძლიერი ეკონომიკური განვითარებით, გონიერებით, წინსვლით, განათლებით“, - განაცხადა თბილისის მერმა.

ცნობისთვის, რუსულმა ავიაკომპანია "აზიმუტმა" (Azimuth Airlines), რომელიც მოსკოვი-თბილისის მიმართულებით პირდაპირი რეისების შესრულებას იწყებს, რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპირებული აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი დამოუკიდებელი ქვეყნების სიიდან ამოიღო. მანამდე ავიაკომპანიის ვებგვერდზე ოკუპირებულ აფხაზეთი და "სამხრეთ ოსეთი" ცალკეულ ქვეყნებად იყო ჩამოთვლილი, მსურველებს კი, რეგისტრაციისას თვითგამოცხადებული რესპუბლიკების არჩევა შეეძლოთ.

 საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, საქართველოსა და რუსეთის ფედერაციას შორის ფრენების განსახორციელებლად ავიაკომპანია Azimuth Airlines-ზე აუცილებელი ნებართვა გუშინ, 15 მაისს გაიცა. ირკვევა, რომ ავიაკომპანიის მიერ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში წარმოდგენილი ფრენის განაცხადის შესაბამისად, მოსკოვი-თბილისი-მოსკოვის საჰაერო ხაზზე ფრენების შესრულების ნებართვა მიმდინარე წლის 17 მაისიდან, კვირაში შვიდი სიხშირით გაიცა. სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ინფორმაციით, ავიაკომპანია Azimuth Airlines-ი ევროკავშირის შავ სიაში არ იმყოფება. 

„აზიმუტის“ მიერ გავრცელებული ცნობით, მოსკოვი-თბილისი-მოსკოვის რეისი 19 მაისიდან ყოველდღიურად შესრულდება.

10 მაისს რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა რუსული ავიახაზებისთვის საქართველოსთან ფრენის აკრძალვა გააუქმა. საქართველოს მოქალაქეებისთვის ასევე გაუქმდა სავიზო რეჟიმი. ოფიციალურ პორტალზე გამოქვეყნებული განკარგულების თანახმად, გადაწყვეტილება ძალაში 2023 წლის 15 მაისიდან შევიდა. კიდევ ერთი გადაწყვეტილება, რომლის შესახებაც რუსეთმა  განაცხადა, „საქართველოში მოგზაურობისგან თავის შეკავების რეკომენდაციის“ გაუქმებას ეხება.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ორბანმა უნგრეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა დატოვა
ზვიად მაისაშვილი: ორივე სპეცრაზმელმა აღიარა დანაშაული, ბოდიში მოიხადეს
ზურაბიშვილმა ევროკავშირის ელჩს დიუშენის მქონე ბავშვების დახმარების თხოვნით მიმართა
ევროპის დღესთან დაკავშირებით ქართული ახალგაზრდული ორგანიზაციები ევროკავშირის ინსტიტუტების ლიდერებს ღია წერილით მიმართავენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics