13:36 - 04 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-04-07 11:02:26, 798 ნახვა

საზოგადოება
მედიის ადვოკატირების კოალიცია - მოვუწოდებთ პარლამენტს, ტელეკომპანიების თანამშრომლებს აკრედიტაცია სასწრაფოდ აღუდგინოს

მედიის ადვოკატირების კოალიცია გმობს პარლამენტის მიერ ტელეკომპანია “ფორმულას”, “ტვ პირველისა” და “მთავარი არხის” ჟურნალისტებისა და ოპერატორებისთვის აკრედიტაციის შეჩერებას.

როგორც მედიის ადვოკატირების კოალიციის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, აღნიშნული გადაწყვეტილებები სადამსჯელო ხასიათს ატარებს, განსაკუთრებით, მმართველი პარტია “ქართული ოცნების” მხრიდან კრიტიკული მედიის მიმართ გაცხადებული ბოიკოტისა და პოლარიზებული მედიაგარემოს ფონზე.

კოალიცია მოუწოდებს პარლამენტს, ტელეკომპანიების თანამშრომლებს აკრედიტაცია სასწრაფოდ აღუდგინოს.

"მედიასაშუალებების მიერ გავრცელებული ინფორმაციით პარლამენტმა სამი წამყვანი მედიის წარმომადგენლებს, კერძოდ "ტვ პირველის“ ჟურნალისტ რუსუდან დუმბაძეს და ოპერატორ ირაკლი მურმანიშვილს, „მთავარი არხის“ ჟურნალისტ თათია წოწონავას და ოპერატორ ზუკა ჩხვირკიას, „ფორმულას“ ჟურნალისტ სოფიო გოზალაშვილს აკრედიტაცია შეუჩერა.

პარლამენტის გადაწყვეტილება დაკავშირებულია მედიების მხრიდან მომზადებული სიუჟეტებისას დეპუტატებისათვის პარლამენტის შენობაში ამერიკის შეერთებული შტატების მიერ დასანქცირებული მოსამართლეებისა და პროსამთავარობო მედია POST TV-ის ერთ-ერთი დამფუძნებლის ქალთა სექსუალურ შევიწროებაში მხილებულ შალვა რამიშვილთან დაკავშირებით. 

ქვეყანაში მედიაგარემო უკიდურესად მძიმე მდგომარეობაშია. კრიტიკული მედია პოლიტიკურად მოტივირებული საქმეების, ფიზიკური თავდასხმის, მუქარის, დეზინფორმაციისა თუ უკანონო მოსმენის სამიზნეა. ხელისუფლება კრიტიკულ მედიასთან ბოიკოტის რეჟიმშია და ამით, ართმევს  საზოგადოებას განსხვავებული მოსაზრებებისა და პოზიციის მოსმენის შესაძლებლობას. ამ ფონზე, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე პარლამენტში ჟურნალისტებისათვის აკრედიტაციის წესებს იღებს. 

მედიის ადვოკატირების კოალიციამ არაერთგზის განაცხადა, რომ მსგავსი გადაწყვეტილება, მედიის ჩართულობისა და მათი ლეგიტიმური პოზიციების გათვალისწინების გარეშე, ჟურნალისტებისათვის საფრთხის შემცველია და შესაძლოა მედიისათვის კრიტიკული კითხვების შეზღუდვისა თუ სარედაქციო პოლიტიკაზე წნეხის მექანიზმად იყოს გამოყენებული. 

ჩვენი შეშფოთება დადასტურდა კიდეც, როგორც პარლამენტის ზემოაღნიშნული გადაწყვეტილებების დროს, ასევე რუსული კანონის განხილვისას, როდესაც მედიას ხელისუფლებამ საკანომდებლო ორგანოში პროფესიული საქმიანობის განხორციელებისა თუ კონსტიტუციით გარანტირებული უფლებები უკანონოდ შეუზღუდა, მათ შორის აკრედიტაციის შეჩერებით. საქართველოს პარლამენტში მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა წარმომადგენლების აკრედიტაციის წესი გასაჩივრებულია სასამართლოში.

ამ ვითარებაში, პარლამენტის გადაწყვეტილება კრიტიკული ტელევიზიების ჟურნალისტებისა და ოპერატორებისათვის აკრედიტაციის შეჩერებასთან დაკავშირებით,  ზღუდავს  განსხვავებულ აზრის გამოხატვისა და მმართველი პარტიის წარმომადგენლებისთვის კრიტიკული კითხვების დასმის შესაძლებლობას.

მედიის ადვოკატირების კოალიცია მოუწოდებს საქართველოს პარლამენტს სასწრაფოდ აღუდგინოს ტელეკომპანიების თანამშრომლებს აკრედიტაცია და შეწყვიტოს ამ ფორმით კრიტიკულ მედიაზე დამატებითი ზეწოლის ახალი, მანკიერი პრაქტიკის დამკვიდრება", - ნათქვამია მედიის ადვოკატირების კოალიციის განცხადებაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ალიევი: სომხეთმაც და აზერბაიჯანმაც უკვე მიიღეს რეალური სარგებელი მშვიდობით
სომხეთის პრემიერ-მინისტრი: იმედი მაქვს, 2028 წელს აზერბაიჯანს ვესტუმრები
ერევანში ევროპის პოლიტიკური საზოგადოების მერვე სამიტის პლენარული სესია გაიხსნა
კალასი - საქართველოს მთავრობა არასწორი მიმართულებით დგამს ნაბიჯებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics