|
2023-01-19 12:35:45, 1451 ნახვა
პოლიტიკა
უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოს მომავალი ევროკავშირშია - ევროპარლამენტმა საგარეო და უსაფრთხოების ერთიანი პოლიტიკის ანგარიში დაამტკიცა
ევროპარლამენტმა საგარეო და უსაფრთხოების ერთიანი პოლიტიკის იმპლემენტაციის ყოველწლიური ანგარიში დაამტკიცა, სადაც საქართველოზეცაა საუბარი. დოკუმენტის მიხედვით, ევროპარლამენტი აღიარებს, რომ საქართველო იყო პირველი ქვეყანა, რომელმაც განიცადა რუსული სრულმასშტაბიანი სამხედრო აგრესია 2008 წლის აგვისტოში. „ვინაიდან ევროპული სახელმწიფოების ნებაყოფლობითი გაწევრიანება ევროკავშირში რჩება კავშირის ყველაზე წარმატებულ საგარეო პოლიტიკურ ინსტრუმენტად; ვინაიდან 2022 წლის 23 ივნისს ევროპელმა ლიდერებმა უკრაინასა და მოლდოვის რესპუბლიკას მიანიჭეს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი და აღიარეს საქართველოს ევროპული პერსპექტივა; ვინაიდან 2022 წლის 15 დეკემბერს ევროპულმა საბჭომ მიანიჭა ბოსნია და ჰერცეგოვინას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი და კოსოვოს რესპუბლიკამ წარადგინა განაცხადი ევროკავშირში წევრობისთვის. ხაზს უსვამს, რომ რუსეთი ასევე ახორციელებს აგრესიულ პოლიტიკას საქართველოსა და მოლდოვის მიმართ; აღიარებს, რომ საქართველო იყო პირველი ქვეყანა, რომელმაც განიცადა რუსული სრულმასშტაბიანი სამხედრო აგრესია 2008 წლის აგვისტოში, როდესაც რუსეთმა ევროპის სუვერენული სახელმწიფოს საზღვრების ძალადობრივი შეცვლა სცადა, რათა დაეკავებინა საქართველოს განუყოფელი ნაწილი - აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი/სამხრეთ ოსეთი და გადაედგა ნაბიჯები მათი დე ფაქტო ანექსიისკენ, განედევნა ასობით ათასი ადამიანი საკუთარი სახლებიდან ეთნიკური წმენდის შედეგად და დაეყო საზოგადოებები საოკუპაციო ხაზებით; მოუწოდებს ევროკავშირს, განაგრძოს მოთხოვნა, რომ რუსეთმა შეასრულოს ევროკავშირის შუამავლობით 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები; მოუწოდებს ევროკავშირს აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში გააძლიეროს კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარების პროცესში ჩართულობა. მხარს უჭერს ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის ინიციატივას სომხეთისა და აზერბაიჯანის ლიდერების ბრიუსელში ორმხრივი შეხვედრების მოწვევასა და შუამავლობასთან დაკავშირებით და მხარს უჭერს ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის მუშაობას ადგილზე სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში კრიზისში; თვლის, რომ ევროკავშირს შეუძლია, პატიოსანი შუამავლის როლი შეასრულოს შემდგომი ესკალაციის თავიდან ასაცილებლად და მდგრადი მშვიდობის მისაღწევად“, – აღნიშნულია დოკუმენტში. დოკუმენტის მიხედვითვე, ევროპარლამენტი მიესალმება კანდიდატის სტატუსის მინიჭებას უკრაინის, მოლდოვისა და ბოსნია-ჰერცეგოვინასთვის და მოუწოდებს საქართველოსთვის მის მინიჭებას კომისიის დასკვნაში მითითებული პრიორიტეტების დაცვის შემთხვევაში. „ევროპარლამენტი მიესალმება იმ ფაქტს, რომ რუსეთის არაპროვოცირებულმა შეჭრამ უკრაინაში აიძულა ევროკავშირი, შეეცვალა თავისი გაფართოების პოლიტიკა; ხაზს უსვამს, რომ მიუხედავად იმისა, რომ კავშირის გაფართოება და გაღრმავება გვერდიგვერდ უნდა მიმდინარეობდეს, ევროკავშირის შიდა რეფორმების აუცილებლობა არ უნდა გახდეს საბაბი დამსახურებაზე დაფუძნებული გაწევრიანების პროცესის შენელებისთვის; მიესალმება კანდიდატის სტატუსის მინიჭებას უკრაინას, მოლდოვისა და ბოსნია-ჰერცეგოვინასთვის და მოუწოდებს საქართველოსთვის მის მინიჭებას კომისიის დასკვნაში მითითებული პრიორიტეტების დაცვის შემთხვევაში; მოუწოდებს საბჭოს და კომისიას, რაც შეიძლება მალე დაიწყონ გაწევრიანების მოლაპარაკებები ახალ კანდიდატ ქვეყნებთან კომისიის მიერ განსაზღვრული კონკრეტული პირობების შესრულების შემდეგ; მიესალმება კოსოვოს რესპუბლიკის განაცხადს ევროკავშირში გაწევრიანებაზე; ხაზს უსვამს, რომ, მიუხედავად იმისა, რომ გაფართოება არის კავშირის ყველაზე ეფექტური საგარეო პოლიტიკური ინსტრუმენტი, აფართოებს არეალს, სადაც ევროპულ ღირებულებებსა და პრინციპებს მნიშვნელოვანი გავლენა აქვთ, მისი განხორციელება ხელახლა უნდა შეფასდეს, რათა შესაძლებელი გახდეს დაჩქარებული ინტეგრაცია გაწევრიანების მსურველი ქვეყნების, რომლებიც ავლენენ სტრატეგიულ ორიენტაციას ევროკავშირის მიმართ და ურყევ ვალდებულებას ევროკავშირთან დაკავშირებული რეფორმების, დემოკრატიული კონსოლიდაციისა და საგარეო პოლიტიკასთან შესაბამისობის მიმართ, მათ შორის, კავშირის კონკრეტულ პოლიტიკასა და ინიციატივებში ეტაპობრივი ჩართვის საშუალებით; ხაზს უსვამს, რომ დაუსჯელობა, რომელიც მოჰყვა 2008 წლის საქართველოში შეჭრას, არის ერთ-ერთი ფაქტორი, რომელმაც დაუშვა რუსეთის აგრესიული ომი უკრაინის წინააღმდეგ; თვლის, რომ უკრაინის გამარჯვება არა მხოლოდ თავისუფლებას მოუტანს უკრაინის ოკუპირებულ რეგიონებს, მათ შორის დონბასსა და ყირიმს, არამედ ბელარუსს და გადამწყვეტი იქნება საქართველოსა და მოლდოვის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისთვის“,- ვკითხულობთ დოკუმენტში. გარდა ამისა, დოკუმენტი შეიცავს მოწოდებას ვროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის, მიმართ, მოამზადოს საფუძვლიანი ანგარიში 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევის შესახებ. „ევროპარლამენტი მოუწოდებს ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურს, EEAS-ს, მოამზადოს საფუძვლიანი ანგარიში 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევის შესახებ იმის გათვალისწინებით, რომ ევროკავშირს ეკისრება განსაკუთრებული პასუხისმგებლობა, როგორც შუამავალს 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებაში; მოუწოდებს EEAS-ს, გამოავლინოს და აცნობოს დებულებების შესახებ, რომლებიც ჯერ კიდევ არ არის შესრულებული რუსეთის ფედერაციის მიერ და წარადგინოს რეკომენდაციები, რომლებმაც შეიძლება, აიძულოს რუსეთის ფედერაცია, შეასრულოს ისინი, კერძოდ, თავისი სამხედრო ძალები გაიყვანოს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან, დაუშვას ქვეყანაში არსებული საერთაშორისო უსაფრთხოების მექანიზმები და ევროკავშირისთვის საქართველოს მთელ ტერიტორიაზე შეუფერხებელი წვდომის უფლება მისი მანდატის შესაბამისად“,- ნათქვამია დოკუმენტში. დოკუმენტის მიხედვით, უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოს მომავალი ევროკავშირშია. „ევროპარლამენტი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ უკრაინის, მოლდოვასა და საქართველოს, ისევე როგორც დასავლეთ ბალკანელების მომავალი ევროკავშირის ფარგლებშია; კიდევ ერთხელ ადასტურებს თავის ერთგულებას გაფართოებისადმი, რომელსაც ალტერნატივა არ აქვს და რომელიც ახლა ყველაზე მეტად, ვიდრე ოდესმე არის გეოსტრატეგიული ინვესტიცია სტაბილურობაში, ძლიერი და ერთიანი ევროკავშირი; მტკიცედ სწამს, რომ ევროკავშირში სრულფასოვანი წევრობის პერსპექტივა იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც ცდილობენ, გახდნენ ევროკავშირის წევრი ქვეყნები, არის კავშირის საკუთარი პოლიტიკური, ეკონომიკური და უსაფრთხოების ინტერესებში; მოუწოდებს საქართველოს, ხელშესახებად შეასრულოს კომისიის მიერ შედგენილი და ევროპული საბჭოს მიერ 2022 წლის 23 და 24 ივნისის დასკვნებში დამტკიცებული პრიორიტეტები; მიესალმება კომისიის მიერ გამოცხადებულ ზომებს უკრაინის გასაძლიერებლად, როგორებიცაა ჩვენს შიდა ბაზარზე წვდომა და როუმინგის საფასურის მოხსნა; იმედოვნებს, რომ იგივე ზომები გავრცელდება მოლდოვის რესპუბლიკისა და საქართველოს მიმართ, რომლებსაც თანაბრად სჭირდებათ ევროკავშირის მხრიდან მხარდაჭერის ძლიერი სიგნალები და ევროკავშირში ინტეგრაციისკენ მიმართული კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა, იმ ძლიერი დესტაბილიზაციური ძალების გათვალისწინებით, რომლებიც ემუქრებიან მათ დემოკრატიებს; კიდევ ერთხელ აცხადებს ევროკავშირის ერთგულებას უკრაინის, მოლდოვის რესპუბლიკისა და საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და პოლიტიკური დამოუკიდებლობისადმი მათ საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და მხარს უჭერს მათ ძალისხმევას ამ პრინციპების სრულად განსახორციელებლად; ხაზს უსვამს წევრი სახელმწიფოების ერთიანობისა და სოლიდარობის მნიშვნელობას ამ კუთხით“,- ვკითხულობთ დოკუმენტში.
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ზურაბიშვილმა ახალ პატრიარქს მოუწოდა, შეიწყალოს ყველა სინდისის პატიმარი
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
პატრიარქმა კირილმა შიო III-ს მშვიდობიანი და კურთხეული პატრიარქობა უსურვა
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)