11:22 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-12-31 17:44:09, 1490 ნახვა

სამართალი
სამართალმა პური ჭამა?! – 2022 წლის გახმაურებული სასამართლო პროცესები

2022 წელი საქართველოსთვის, სამართლებრივი თვალსაზრისით, რთული და დატვირთული აღმოჩნდა.

წლევანდელმა გახმაურებულმა საქმეებმა მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა საზოგადოების ნაწილზე, რომელიც სასამართლო პროცესებს თვალს დიდი ინტერესით ადევნებდა.

  • ბიძინა ივანიშვილმა Credit Suisse- სასამართლო პროცესი მოუგო

2022 წლის 24 მარტს, ქართველმა მილიარდერმა და საქართველოს ყოფილმა პრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა ბერმუდის კუნძულების სასამართლოში მოიგო სარჩელი დაახლოებით 500 მლნ დოლარზე შვეიცარიული ბანკის Credit Suisse წინააღმდეგ.

Credit Suisse-თან დავის საფუძველი ბანკის ყოფილი მენეჯერის, პატრის ლესკოდრონის მიმართ გამოტანილი განაჩენი გახდა, რომელიც დამნაშავედ ცნეს კლიენტების ნდობის ბოროტად გამოყენებაში და თაღლითური სქემის შექმნაში.

გამოძიების მონაცემებით, ბანკირი ექვსი წლის განმავლობაში ეწეოდა არაავტორიზებულ ინვესტიციებს და უცხოური კომპანიების აქციებს თავისი კლიენტების სახელით ყიდულობდა. საკუთარი ქმედებების დასაფარად ის აყალბებდა ხელმოწერებს და საკრედიტო ხელშეკრულებებს, კლიენტები შეცდომაში შეჰყავდა მათი ანგარიშების მოცულობასთან დაკავშირებით და Credit Suisse-ის ზედამხედველობის სისტემის გვერდის ავლით მოქმედებდა.

ივანიშვილმა Credit Suisse-ს ხუთი წლის წინ უჩივლა. რუსეთში არსებული საკუთარი აქტივების ორ ეტაპად - 2005 და 2011 წლებში გაყიდვის შემდეგ მან მიღებული თანხა ბანკში განათავსა. საუბარია 755 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის დეპოზიტზე. 2015 წელს ივანიშვილმა აღმოაჩინა, რომ თაღლითური ოპერაციების შედეგად მისი სადაზღვევო სქემიდან 400 მილიონი დოლარი გაქრა.

ივანიშვილი ადანაშაულებს შვეიცარიის ბანკს იმაში, რომ მან ვერ აღკვეთა თაღლითობა, არ გაამართლა კლიენტის მისდამი გამოცხადებული უპირობო ნდობა და რამდენიმე წლის განმავლობაში მილიარდერი შეცდომაში შეჰყავდა.

  • სასამართლომ ნიკა გვარამიას 3.5 წლით პატიმრობა მიუსაჯა

2022 წლის 16 მაისს, თბილისის საქალაქო სასამართლომ ტელეკომპანია „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია „რუსთავი 2-ის“ დირექტორობისას, კომპანიისთვის ზიანის მიყენების საქმეზე გაამტყუნა და 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა.

გვარამიას, რომელსაც პროკურატურამ ბრალი „რუსთავი 2-დან“ გათავისუფლებიდან მალევე, 2019 წელს წარუდგინა, სასამართლომ სისხლის სამართლის კოდექსის 182 მუხლი (მე-2-ს „ა“ და „დ“; მე-3-ს „ბ“ ) 220-ე მუხლით გადაუკვალიფიცირა და უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისთვის დამნაშავედ ორ ეპიზოდში ცნო.

ერთი ეპიზოდი 2019 წლის თებერვალში, კომპანია „პორშეს ცენტრთან“ გაფორმებულ სარეკლამო ხელშეკრულებას ეხება, რომლის თანახმადაც, გვარამიამ და მისმა ოჯახმა საკუთრებაში ძვირადღირებული (76 700 ევრო) ავტომობილი მიიღო, „რუსთავი 2“-ს კი, „მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი“ მიადგა. გვარამიას პატიმრობა სწორედ ამ ეპიზოდისთვის მიუსაჯეს.

რაც შეეხება მეორე ეპიზოდს, ის 2015 წელს გვარამიას მხრიდან უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას ეხება, რა დროსაც, კომპანია „ინტერ მედია პლიუსთან“ გაფორმებული სარეკლამო ხელშეკრულებით ტელეკომპანია „რუსთავი 2-მა“ 6 763 510 ლარის ზარალი მიიღო.

მოსამართლემ გვარამიას ამ ეპიზოდისთვის 50 000 ლარიანი ჯარიმა დააკისრა, თუმცა უფრო მძიმე სასჯელმა ნაკლებად მძიმე შთანთქა.

  • მთავარი არხისყოფილ წამყვანს პატიმრობა შეეფარდა

2022 წლის 18 აგვისტოს, „მთავარი არხის“ ყოფილ წამყვანს ლაშა ნაკაიძეს, რომელსაც ბრალი გაუპატიურებაში, ძალადობასა და სიცოცხლის მოსპობის მუქარაში ედება, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

პროკურატურის ინფორმაციით, 15 აგვისტოს ბრალდებული ლაშა ნაკაიძე გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, შურისძიების ნიადაგზე დანის და ხმოვანი პისტოლეტის დემონსტრირებით სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა ა.პ.-ს, ასევე სხეულის სხვადასხვა არეში დარტყმით და მჩხვლეტავი საგნის ზემოქმედებით ფიზიკურად იძალადა მასზე. აღნიშნულის შემდგომ ბრალდებულმა ძალადობით და ძალადობის მუქარით სექსუალურად იძალადა დაზარალებულზე. სამართალდამცველებმა ბრალდებული 16 აგვისტოს დააკავეს.

პროკურატურამ მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 137-ე მუხლის პირველი ნაწილით (გაუპატიურება), 126 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (ოჯახში ძალადობა) და 11 პრიმა 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (სიცოცხლის მოსპობის მუქარა ოჯახის წევრის მიმართ) წარუდგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 6-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

  • Netflix-სა და ნონა გაფრინდაშვილს შორის დავა შეთანხმებით დასრულდა

2022 წლის, 7 სექტემბერს, ლეგენდარული ქართველი მოჭადრაკის ნონა გაფრინდაშვილის დავა კომპანია Netflix-თან შეთანხმებით დასრულდა.

საქმე ეხება Netflix-ის მინი-სერიალს „ლაზიერის გამბიტი“ (The Queen’s Gambit – „დედოფლის სვლა“). სარჩელის თანახმად, მოჭადრაკე ქალზე გადაღებული მინი-სერიალი ნონა გაფრინდაშვილის კარიერული მიღწევების შესახებ არასწორ ინფორმაციას შეიცავს. კერძოდ, ფილმში ნათქვამია, რომ გაფრინდაშვილს არასდროს უთამაშია მამაკაც მოჭადრაკეებთან, რაც სიმართლეს არ შეესაბამება.

გაფრინდაშვილი Netflix-სგან კომპენსაციის სახით 5 მლნ დოლარს მოითხოვდა.

  • საზღვრის უკანონო კვეთა - სააკაშვილს ბრალი წარუდგინეს

2022 წლის 20 ოქტომბერს, საქართველოს მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს ბრალი ოფიციალურად წარუდგინეს.

საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის მაქსიმალურ ზომად 5 წლამდე პატიმრობას გულისხმობს.

საგამოძიებო უწყების ცნობით, 28 სექტემბერს, ღამის 23:00 სთ-ზე უკრაინიდან, ჩერნომორსკის პორტიდან ფოთის ნავსადგურში შემოვიდა გემი სახელწოდებით „ვილნიუსი“, საიდანაც უკვე 29 სექტემბრის ღამის 01:04 სთ-ზე ამავე საქმეზე ერთ-ერთი დაკავებულის - ელგუჯა ცომაიას კუთვნილი „SCANIA“-ს ფირმის, რძის პროდუქტებით დატვირთული ტრაილერი ჩამოვიდა, რომელშიც მიხეილ სააკაშვილი იჯდა.

30 სექტემბერს, გამთენიისას, მიხეილ სააკაშვილი და ელგუჯა ცომაია, თბილისში, ერწოს ქუჩაზე, ცომაიას კუთვნილ ბინაში დაბინავდნენ, ნარიმანიძემ კი - გზა თბილისის გეზ-ისკენ განაგრძო, სადაც პროდუქტი ჩამოტვირთა, ავტომანქანა კი - თბილისში, ხიზანიშვილის ქუჩაზე მდებარე ტრაილერების სადგომზე გააჩერა.

მიხეილ სააკაშვილის მიერ საზღვრის უკანონო კვეთის საქმეზე შსს-ს ჯამში სულ 4 პირი ჰყავს დაკავებული, რომელთაც გამოძიება „მძიმე დანაშაულის წინასწარ შეუპირებლად დაფარვას“ ედავება.

  • ბასილაშვილი-დოროყაშვილის სასამართლო პროცესი

2022 წლის 21 ოქტომბერს, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ხათუნა ხარჩილავამ ყოფილ ცოლზე ძალადობაში ბრალდებული საქართველოს პირველი ჩოგანი ნიკოლოზ ბასილაშვილი გაამართლა.

საქმის განხილვა თბილისის საქალაქო სასამართლოში ორ წელზე მეტხანს მიმდინარეობდა. მრავალთვიანი განხილვებისა და მოწმეთა დაკითხვის შემდეგ, მოსამართლემ ჩოგბურთელის წინააღმდეგ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო (100 000 ლარი) გააუქმა, რომელიც მან პატიმრობიდან გათავისუფლების სანაცვლოდ გადაიხადა.

ნიკოლოზ ბასილაშვილი პოლიციამ, ყოფილ ცოლზე ძალადობის ბრალდებით, 2020 წლის 22 მაისს დააკავა. 24 მაისს სასამართლომ მას აღკვეთის ღონისძიებად 100-ათასლარიანი გირაო შეუფარდა და გაათავისუფლა. მას ბრალი (სსკ-ის 126¹-ე მუხლი) არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით ყოფილ მეუღლეზე ფიზიკური ძალადობის გამო წარედგინა.

მოგვიანებით პროკურატურამ ბასილაშვილს ბრალდება დაუზუსტა და მას ძალადობის რამდენიმე ეპიზოდთან ერთად, ფსიქოლოგიურ და ეკონომიკურ ძალადობასაც ედავებოდნენ.

  • ციანიდის საქმე - სტრასბურგის სასამართლომ მამალაძის საქმეზე გადაწყვეტილება გამოიტანა

2022 წლის 3 ნოემბერს, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ნაწილობრივ დააკმაყოფილა დეკანოზ გიორგი მამალაძის სარჩელი, რომელსაც კათოლიკოს-პატრიარქის მდივან-რეფერენტის შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მცდელობისთვის 9 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს შეფარდებული.

დეკანოზი მამალაძე 2017 წლის 10 თებერვალს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს, საიდანაც ის გერმანიაში უნდა გაფრენილიყო. იმ დროს გერმანიაში კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე სამკურნალოდ იმყოფებოდა. გამოძიების მონაცემებით, მამალაძის ბარგში ნატრიუმის ციანიდი იპოვეს, ხოლო ბინაში - კუსტარულად დამზადებული ცეცხლსასროლი იარაღი და ექვსი ვაზნა. თბილისის საქალაქო სასამართლომ 2017 წლის სექტემბერში მამალაძეს ცხრა წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა.

სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა, რომ დახურული სხდომის ჩატარებით დაირღვა მამალაძის სამართლიანი სასამართლოს უფლება და უდანაშაულობის პრეზუმფცია.

ამასთან, სასამართლომ არ გაიზიარა მამალაძის სარჩელის ის ნაწილი, რომელიც ეხებოდა საქმის მტკიცებულებების ნაწილში მის სამართლიან სასამართლოზე უფლების დარღვევას. მამალაძე ამტკიცებდა, რომ ციანიდი მას „ჩაუდეს“.

მიუხედავად იმისა, რომ მამალაძე მორალური ზიანის ანაზღაურების სახით საქართველოს სახელმწიფოსგან 150 ათას ევროს და 376,3 ათას ლარს მოითხოვდა, სტრასბურგის სასამართლომ სახელმწიფოს დეკანოზისთვის მხოლოდ იურიდიული ხარჯების ანაზღაურება - 9.418 ლარის გადახდა დააკისრა.

  • ვაკის პარკის ტრაგედიის საქმე

2022 წლის 30 ნოემბერს, თბილისის სამოქალაქო სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება, ვაკის პარკის ტრაგედიის საქმეზე დაკავებული ცხრავე პირი პატიმრობაში დაეტოვებინა.

დაცვის მხარე დაკავებულების აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას, ბრალდების მხარე კი მათ მიმართ კვლავ მკაცრი აღკვეთის ღონისძიების გამოყენებას ითხოვდა.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის 13 ოქტომბერს, ვაკის პარკში, შადრევანში სამი ბავშვი ბურთის ამოსატანად ჩავიდა, რა დროსაც მათ დენმა დაარტყა. ბავშვები კლინიკაში სასწრაფო დახმარების ბრიგადამ გადაიყვანა. ერთ-ერთი მათგანის, 13 წლის გოგონას მდგომარეობა თავიდანვე მძიმე იყო და ის ხეჩინაშვილის კლინიკაში გარდაიცვალა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლით დაიწყო, რაც უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რასაც მოჰყვა ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანება.


 





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
სადიგოვი - პუტინის მონამ, სამშობლოს მოღალატე ივანიშვილმა ჩემი საქართველოდან გაძევებით ძალიან დიდი დარტყმა მიაყენა საქართველოს
Freedom House - იდენტიფიცირებულია 6 ახალი სახელმწიფო - ავღანეთი, ბენინი, საქართველო, კენია, ტანზანია და ზიმბაბვე, რომლებიც იყენებენ ტრანსნაციონალურ რეპრესიებს
რუსეთის ქალაქ ტაგანროგში, სარაკეტო დარტყმის შემდეგ, დრონების მწარმოებელ ქარხანას ხანძარი გაუჩნდა
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics