|
2022-12-31 14:01:02, 1850 ნახვა
ომი უკრაინაში
მესამე მსოფლიო ომის პრელუდია?! - უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის ქრონოლოგია და პერიპეტიები
პირველი დღეები 24 თებერვლის დილის საათებში, რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. ორი დღით ადრე, 22 თებერვალს მოსკოვმა ცნო მის მიერ მხარდაჭერილი დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების დამოუკიდებლობა და უკრაინაში შეჭრას, აღნიშნული რეგიონების დაცვის საბაბით, „სამხედრო ოპერაცია“ უწოდა. რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა, დაბომბვების სერიამდე 20 წუთით ადრე, სპეციალური ვიდეომიმართვა გაავრცელა და უკრაინას ომი ოფიციალურად გამოუცხადა.
რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის დედაქალაქ კიევის დაბომბვას სხვდასხვა მიმართულებიდან სახმელეთო შეჭრაც მოჰყვა. უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ გამოაცხადა საომარი მდგომარეობა და საყოველთაო მობილიზაცია 18-დან 60 წლამდე ასაკის ყველა მამაკაცისთვის, რომლებსაც ქვეყნის დატოვება აეკრძალათ. შეჭრიდან მალევე, კიევმა გოსტომელის აეროპორტზე კონტროლი დაკარგა, თუმცა 25 თებერვალს ისევ დაიბრუნა. თავდასხმის პირველ დღეს უკრაინაში 137 ადამიანი დაიღუპა, 316 კი დაშავდა. 24 თებერვლის ღამეს რუსეთმა 160 ჯავშანტექნიკა, 5 თვითმფრინავი და 6 ვერტმფრენი დაკარგა. პირველი გამოხმაურებები უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი - „ევროპის ბედი უკრაინაში წყდება: თუ პუტინი ახლა არ მიიღებს ღირსეულ პასუხს, ის უფრო შორს წავა“. აშშ-ს პრეზიდენტი ჯო ბაიდენი - „პრეზიდენტმა პუტინმა აირჩია წინასწარ განზრახული ომი, რაც სიცოცხლის კატასტროფულ დანაკარგს და ადამიანთა ტანჯვას გამოიწვევს. მხოლოდ რუსეთია პასუხისმგებელი იმ სიკვდილსა და ნგრევაზე, რასაც ეს ომი მოიტანს და აშშ, მისი მოკავშირეები და პარტნიორები უპასუხებენ ერთიანი და გადამწყვეტი გზით. მსოფლიო რუსეთს პასუხს აგებინებს".
დიდი ბრიტანეთის იმჟამინდელი პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი - „პუტინმა აირჩია სისხლისღვრისა და ნგრევის გზა. გაერთიანებული სამეფო და ჩვენი მოკავშირეები გადამწყვეტად უპასუხებენ რუსეთს“. საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი - „რუსეთმა სასწრაფოდ უნდა შეწყვიტოს სამხედრო ოპერაციები. საფრანგეთი სოლიდარობას უცხადებს უკრაინას. ის დგას უკრაინელებთან და მუშაობს პარტნიორებთან და მოკავშირეებთან ომის დასასრულებლად“. უკრაინაში მსოფლიო ლიდერები ჩადიან ერთ-ერთი პირველი, ვინც უკრაინაში ჩავიდა ომის დაწყების შემდეგ, დიდი ბრიტანეთის პრემიერ მინისტრი ბორის ჯონსონი იყო. რუსეთის შეჭრიდან მალევე, საომარ მდგომარეობაში მყოფი ქვეყანა მოინახულეს და მხარდაჭერა გამოუცხადეს პოლონეთის, სლოვენიის და ჩეხეთის პრემიერ-მინისტრებმა.
კიევში, პირველივე თვეებში საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი, იტალიის პრემიერ-მინისტრი მარიო დრაგი, გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი და რუმინეთის პრეზიდენტი კლაუს იოჰანისი იმყოფებოდნენ. სანქციები რუსეთს, დახმარება უკრაინას ომის დაწყების პირველივე დღეებში დასავლეთის ქვეყნებმა, მათ შორის შეერთებულმა შტატებმა, კანადამ, ევროკავშირმა რუსეთს აგრესიის საპასუხოდ მძიმე ეკონომიკური სანქციები დაუწესეს. რუსეთის რვა ბანკი SWIFT-ის სისტემიდან გაითიშა. სანქციები დაუწესდა 1 000-ზე მეტ რუს ფიზიკურ პირს, მათ შორის პოლიტიკური თანამდებობის პირებსა და ოლიგარქებს. დასავლეთის ქვეყნებმა გაყინეს რუსეთის ცენტრალური ბანკის აქტივები და რუსეთს 630 მილიარდი დოლარის უცხოური ვალუტის რეზერვების გამოყენებაზე წვდომა შეუზღუდეს. სანქციები შეეხო ასევე რუსულ ნავთობსა და გაზს. ევროკავშირმა დაკეტა საჰაერო სივრცე რუსული თვითმფრინავებისთვის. ნოემბრის ბოლოს, რუსეთი ევროპარლამენტმა ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა.
აშშ და ევროპის ქვეყნები რუსეთის დასანქცირებას დღემდე აგრძელებენ, პარალელურად კი, იგივე ქვეყნები უკრაინას ფინანსურად და სამხედრო ტექნიკით ეხმარებიან. აღსანიშნავია მათ შორის აშშ, გერმანია, დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი, ნორვეგია, ფინეთი, რომლებმაც საომარ მდგომარეობაში მყოფ ქვეყანას, სამხედრო დახმარების ფარგლებში, ჯავშანტექნიკის სარემონტო და საევაკუაციო მანქანა Bergepanzer 2, ჰაუბიცები, მაღალი მობილურობის საარტილერიო სარაკეტო სისტემა – HIMARS-ები, T-72 ტანკები, Hawk საზენიტო სარაკეტო სისტემები და ა.შ. უკვე მიაწოდეს. აღსანიშნავია ასევე, ირანის მიერ რუსეთისთვის ე.წ. ირანული კამიკაძე-დრონებით გაწეული დახმარება. თავდაპირველად, ირანი მოსკოვისთვის „შაჰედ-136“-ის მიწოდებას უარყოფდა, თუმცა მოგვიანებით აღიარა და ამის გამო დასანქცირდა. ბუჩა რუსეთის არმიამ კიევის რეგიონის ქალაქი ბუჩა, რომელიც დედაქალაქის ჩრდილო-დასავლეთით მდებარეობს, მარტში დაიკავა. ერთთვიანი ოკუპაციის შემდეგ, უკრაინულმა მხარემ 1-ელ აპრილს ქალაქში შესვლა შეძლო. გათავისუფლების პირველივე დღეებში უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა მშვიდობიანი მოსახლეობის ასეულობით ცხედარი აღმოაჩინეს. ქუჩები სავსე იყო ხელ-ფეხშეკრული და ნაწამები ადამიანების გვამებით. ბუჩის მერის, ანატოლი ფედორუკის განცხადებით, რუსები მოქალაქეებს კეფაში დამიზნებით კლავდნენ, გარდაცვლილებს შორის კი, ქალები და ბავშვებიც იყვნენ.
4 აპრილს ბუჩაში ვოლოდიმირ ზელენსკი ჩავიდა. მან მომხდარს გენოციდი უწოდა და რუსეთს სამხედრო დანაშაულების ჩადენაში დასდო ბრალი. „რუსი სამხედროების დედებს ვურჩევ - ნახეთ, როგორი ნაძირლები გაზარდეთ - მკვლელები, მოროდიორები, ჯალათები“, - განაცხადა პრეზიდენტმა. კრემლმა ბუჩაში მომხდარს „ყალბი პროვოკაცია“ უწოდა. მარიუპოლი ქალაქი მარიუპოლი, სადაც ომამდე 400 000-ზე მეტი ადამიანი ცხოვრობდა, რუსეთის არმიის ალყაში 1-ელი მარტიდან იმყოფებოდა. მარიუპოლი უკრაინის უმსხვილესი საზღვაო პორტია, სადაც მეტალურგიული ქარხანა „აზოვსტალი“ მდებარეობს. ალყის პირველივე დღეებიდან „აზოვსტალში“ გამაგრებული იყვნენ „აზოვის“ პოლკი, 36-ე საზღვაო ქვეითთა ბრიგადა, ეროვნული გვარდია, პოლიცია, მესაზღვრეები და მარიუპოლის ტერიტორიული დაცვა, რომლებიც რუსეთის ძალებს დონბასის სიღრმეში გადაადგილების საშუალებას არ აძლევდნენ. საბოლოოდ, „აზოვსტალის“ წინააღმდეგობა 16 მაისს შეწყდა. 17 მაისს მებრძოლების ევაკუაცია დაიწყო. 20 მაისს უკრაინელი სამხედროების ბოლო ჯგუფი ჩაბარდა და ისინი რუსეთის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადაიყვანეს. სექტემბრის დასაწყისში, რუსეთის ტყვეობიდან 215 ადამიანი გაათავისუფლეს. გათავისუფლებულთა შორის იყვნენ „აზოვსტალის“ მცველები, „აზოვის“ პოლკის 108 მებრძოლი და 5 მეთაური - დენის პროკოპენკო, სერგეი ვოლისკა, სვიატოსლავ პალამარი, დენის შლეგა, ოლეგ ხომენკო. რუსულ მხარეს მათ სანაცვლოდ ვლადიმერ პუტინთან დაახლოებული ოლიგარქი ვიქტორ მედვედჩუკი და კიდევ 55 ტყვე გადასცეს.
9 მარტს მარიუპოლის სამშობიარო დაიბომბა, რასაც მოჰყვა ქალაქის დრამატულ თეატრზე იერიში, რომლის დროსაც დაიღუპა რამდენიმე მშვიდონიანი მოქალაქე - ისინი დაბომბვის დროს თავს თეატრის სარდაფს აფარებდნენ. რომის პაპმა მარიუპოლს „წამებული ქალაქი“ უწოდა და „მიუღებელი სამხედრო აგრესიის“ შეწყვეტა მოითხოვა. EU-ს კანდიდატის სტატუსი და 4 რეგიონის ანექსია ომის დაწყების პირველივე დღეებში, რუსეთის აგრესიის პასუხად, უკრაინამ ოფიციალურად შეიტანა განაცხადი ევროკავშირის წევრობაზე. 24 ივნისს კი, ქვეყანამ მოლდოვასთან ერთად, ბრიუსელში, ევროკავშირის ისტორიულ სამიტზე მიიღო კიდეც გაერთიანების წევრობის კანდიდატის სტატუსი. „ევროპულმა საბჭომ ეს წუთია გადაწყვიტა, რომ მისცეს კანდიდატის სტატუსი უკრაინასა და მოლდოვას. ეს ისტორიული მომენტია“, - დაწერა ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა "ტვიტერზე".
30 სექტემბერს, ვლადიმერ პუტინმა უკრაინის 4 რეგიონის - დონეცკის, ლუგანსკის, ზაპოროჟიესა და ხერსონის ანექსიას მოაწერა ხელი. კრემლში ოფიციალური ცერემონიის გამართვას წინ ოთხივე რეგიონში ე.წ. რეფერენდუმების ჩატარება უძღოდა. 23-27 სექტემბერს გამართულ „რეფერენდუმებს“ უკრაინამ და დასავლეთმა უკანონო უწოდეს და მისი შედეგები არ აღიარეს. მოლაპარაკებები რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ, ორ ქვეყანას შორის მოლაპარაკების რამდენიმე უშედეგო რაუნდი გაიმართა. მას შემდეგ, რაც რუსეთის პრეზიდენტმა უკრაინის ოთხი ოკუპირებული რეგიონის ანექსიის შესახებ განკარგულებას მოაწერა ხელი, ვლადიმერ პუტინმა კრემლში გამართულ ცერემონიაზე, უკრაინელებს მოლაპარაკების მაგიდასთან დასხდომისკენ მოუწოდა. პუტინმა მაშინ განმარტა, რომ ორმხრივი მოლაპარაკების შემთხვევაში, რუსეთი უკრაინასთან მის შემადგენლობაში შესული ტერიტორიების შესახებ აღარ ისაუბრებდა, რადგან ხალხმა "თავისი არჩევანი უკვე გააკეთა".
30 სექტემბერს, უკრაინის პრეზიდენტმა დაამტკიცა ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც, უკრაინა რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტთან მოლაპარაკებებს ვერ აწარმოებს. ოქტობრის ბოლოს, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ ვლადიმერ პუტინი უკრაინასთან მოლაპარაკებებისთვის კვლავაც მზად იყო. 7 ნოემბერს, უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩეველმა, მიხაილო პოდოლიაკმა თქვა, რომ უკრაინა მოლაპარაკებებს მხოლოდ რუსეთის ფედერაციის მომავალ ლიდერთან გამართავს. ნოემბრის დასაწყისში, „დიდი ოცეულის“ სამიტზე ზელენსკიმ „მშვიდობის ფორმულაზე“ ისაუბრა, რაზეც ლავროვმა თქვა, რომ „კიევის მიერ შემოთავაზებული „ფორმულის საფუძველზე, მოსკოვი არავისთან საუბარს არ აპირებს“. ზელენსკის პირველი საგარეო ვიზიტი დეკემბრის ბოლოს ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ში ჩავიდა. პრეზიდენტ ბაიდენთან გამართული შეხვედრის შემდეგ, ამერიკულმა მხარემ უკრაინისთვის „კრიტიკული ქონების“ - Patriot-ის თავდაცვის სისტემების გაგზავნაზე ისაუბრა. "როგორც გითხარით, პრეზიდენტო, თქვენ არ უნდა იდარდოთ, ჩვენ ვრჩებით უკრაინის გვერდით იმდენხანს, რამდენ ხანსაც უკრაინა არსებობს", - უთხრა ბაიდენმა ზელენსკის.
უკრაინაის პრეზიდენტმა კონგრესს სიტყვით მიმართა: „რუსეთს შეუძლია შეაჩეროს აგრესია, თუ სურდა, მაგრამ თქვენ შეგიძლიათ დააჩქაროთ ჩვენი გამარჯვება, მე ეს ვიცი... შეგიძლიათ დაგვეხმაროთ პასუხისგებაში მივიყვანოთ ყველა, ვინც დაიწყო ეს არაპროვოცირებული კრიმინალური ომი. მოდი, გავაკეთოთ ეს - დაე, ამ ტერორისტებმა პასუხი აგონ“ მსხვერპლი 24 თებერვლიდან მოყოლებული რუსეთის არმია განუწყვეტლივ უტევს უკრაინას როგორც სახმელეთო, ისე საჰაერო და საზღვაო გზებით. ინტენსიურად იბომბებოდა ლვოვი, ხარკოვი, ხერსონი, ირპენი, იზიუმი, მიკოლაევი, ბერდიანსკი, ზაპოროჟიე, მელიტოპოლი და ა.შ. ბოლო კვირებში, ყველაზე ცხელი წერტილები ბახმუტსა და სოლედარშია. თავდასხმის ქვეშაა სამოქალაქო და კრიტიკული ინფრასტრუქტურა, სტრატეგიული ობიექტები, მათ შორის ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური. უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ომის დაწყებიდან დღემდე, რუსეთმა უკრაინაში 35 000-ზე მეტი ობიექტი გაანადგურა, ხოლო 700-ზე მეტი კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტი დააზიანა.
რაც შეეხება მსხვერპლს, გაერო-ს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის ინფორმაციით, უკრაინაში რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული თავდასხმის დაწყებიდან 6 884 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა და 10 947 დაშავდა. დაღუპულთა შორის 2 719 მამაკაცი, 1 832 ქალი, 175 გოგონა და 216 ბიჭია, ასევე, 38 ბავშვი და 1 904 ზრდასრული, რომელთა სქესი ჯერ უცნობია. სხვადასხვა ქალაქში, მათ შორის, სევასტოპოლში, ხერსონის ოლქში, იზიუმში არაერთი მასობრივი საფლავი აღმოაჩინეს. ომში დიდია რუსეთის დანაკარგი, რასაც მოსკოვი საგულდაგულოდ მალავს. უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობით, ომის დაწყებიდან დღემდე, რუსულმა არმიამ 105 000-ზე მეტი ჯარისკაცი დაკარგა.
უკრაინის მიერ ნავთობის წარმოების დაზიანების ან განადგურების შემდგომ, რუსეთი ბენზინის წარმოების სახელმწიფო დაგეგმვის სისტემას აღადგენს
უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი ბაჩო ბებია დაიღუპა
კალასი: საქართველო დემოკრატიის უკუსვლიდან შემობრუნების არანაირ ნიშანს არ აჩვენებს
ზელენსკის თქმით, დრუჟბას ნავთობსადენი ოპერაციების განახლებისთვის მზადაა
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|












ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)