20:00 - 23 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-10-24 16:03:53, 3609 ნახვა

ომი უკრაინაში
უკრაინაში მებრძოლი ქართველი ბიჭი ჟეტონზე ამოტვიფრული წარწერით - „Memento Mori“

2022 წლის 24 თებერვალი - დღე, რომელმაც შეცვალა, როგორც საერთაშორისო პოლიტიკა, ასევე სრულიად ახალი რეალობისა და გამოწვევების წინაშე თითოეული ადამიანი დაგვაყენა.

რუსეთის აგრესიული ქმედებების შესაჩერებლად და უკრაინის სუვერენიტეტის დასაცავად არაერთი ქართველი დღემდე იბრძვის ფრონტის წინა ხაზზე. ადამიანები, რომლებიც იცავენ, როგორც საკუთარი ქვეყნის, ასევე უკრაინის თავისუფლებას.

სამწუხაროდ, ქართველების გმირულ ბრძოლას უკრაინაში უკვე 22 ქართველი შეეწირა.

ჩვენი ინტერვიუ ეხება 27 წლის ახალგაზრდა ბიჭს, თორნიკე გოგუაძეს, რომელიც ომის დაწყებიდან მეორე დღეს უკრაინის თავისუფლების დამცველთა რიგში ჩაეწერა. თორნიკე 8 ივნისს დაბადების დღესაც ფრონტის ხაზზე შეხვდა და 18 ოქტომბრამდე იბრძოდა. მებრძოლმა საქართველოში დაბრუნების გადაწყვეტილება რამდენიმე დღის წინ მიიღო. ის თვლის, რომ ახლა საკუთარ ქვეყანასა და ევროპულ გზას ბევრად სჭირდება.

- როდის, რატომ და როგორ მიიღე ომში წასვლის გადაწყვეტილება ?

ომის დაწყებიდან მეორე დღეს გადავწყვიტე წავსულიყავი, სიმართლე გითხრათ პირველ დღეს ვერ დავიჯერე, რომ რუსეთი ასეთ ავანტიურაზე მიდიოდა და უკვე 27 თებერვალს მოხალისედ ჩავეწერე.

ომში წასვლა რამდენიმე ფაქტორისა გამო გადავწყვიტე - ის ოკუპანტი სახელმწიფოა, რომელმაც საქართველოს 20% მიიტაცა და ასიათასობით მოქალაქე დევნილად აქცია. ჩავთვალე, რომ ეს იყო იდეალური შანსი მებრძოლა საქართველოს თავისუფლებისთვის. ასევე კარგად ვიაზრებდი, რომ თუ რუსეთი უკრაინაში ომს მოიგებდა ჯერი საქართველოს სრულ ოკუპაციაზე მიდგებოდა და ასევე ძალიან მებრალებოდა უკრაინელი ხალხი. განსაკუთრებით კი ბავშვები და ქალები.

- ერთია გადაწყვეტილების მიღება საკუთარ თავთან და მეორეა ამ გადაწყვეტილების გაცნობა მეგობრებთან, ოჯახის წევრებთან, გაგიჭირდა მათთვის ამის ახსნა ?

ბავშვობიდანვე ინდივიდუალისტი ვიყავი. ჯერ ვწყვეტდი და მერე ამის შესახებ ვაცხადებდი, თუმცა მაინც გამიჭირდა დედასთვის და დისთვის ამ ყველაფრის ახსნა. არ შემწინააღმდეგებიან, რადგან იცოდნენ ჩემი ხასიათის შესახებ. ძალიან კი განიცადეს, მაგრამ გზა დამილოცეს.

- როგორი იყო ომამდელი და როგორია ომის შემდგომი თორნიკე ?

არ მინდა ტრაბახში ჩამეთვალოს, მაგრამ ვფიქრობ ომამდეც ორგანიზებული, მიზანსწრაფული და ძლიერი პიროვნება ვიყავი, თუმცა, ომმა ჩემი შესაძლებლობები და პიროვნული რესურსები გააასმაგა. ზოგი ცხოვრებისეული უნარი კიდევ უფრო დახვეწა, ზოგიც გამოამჟღავნა. ყოველდღე სიკვდილისა და სიცოცხლის გზაგასაყარზე დგახარ, სამყაროს სხვანაირად ხედავ, თითქოს გვერდიდან სხვა პრიზმით უყურებ. ბევრი რამ ისე რთულად აღარ მეჩვენება, როგორც ომამდე.

ადამიანების დაფასება მეტად ვისწავლე, სიკვდილის შიში დავძლიე და პირიქით მასზე ფიქრს გონებიდან არ ვიშორებ, რომ არ დამავიწყდეს ვინ ვარ, საიდან მოვედი და საით მივდივარ. ჩემს ჟეტონზეც ამიტომაც ამოვატვიფვრინე ,,memento mori" ანუ გახსოვდეს სიკვდილი.

ომის შემდგომი თორნიკე ბევრად კარგია, ბევრად გახსნილი და ბევრად ძლიერი.

- შენ აღნიშნე, რომ ჟეტონზე გაწერია „გახსოვდეს სიკვდილი", როდისმე შეგშინებია სიკვდილის, ან რა იგრძენი როცა პირველად ჭურვი შენთან ახლოს დაეცა ?

- სიკვდილის იმდენად არ შემშინებია, რომ მისთვის ჩემი მართვის საშუალება მიმეცა, თუმცა ფიზიკურად ვიცი რა განცდაა, როცა შენი სხეული იმას გრძნობს, რომ მალე შეიძლება უსულოდ დაეცეს.

პირველ დღეებში იმდენად ადრენალინისგან გაბრუებული ვიყავი, რომ საერთოდ ვერაფერს ვგრძნობდი. თითქოს საახალწლო ფეიერვერკს ვუყურებდი. თუმცა დრო, რომ გავიდა და ჩემი თვალით ვნახე ამ ,,ფეიერვერკებით" დაჭრილი და დაღუპული ბიჭები უფრო ფრთხილი და დაკვირვებული გავხდი.

ყველაზე მეტი ვიძაბებოდი და უმწეობის შეგრძნება, მაშინ მეუფლებოდა, როცა მოწინააღმდეგის არტილერია ჩვენ სასანგრე ხაზს დამიზნებით ესროდა. ყოველთვის გაქვს გადარჩენის შანსი გარდა იმ შემთხვევისა, როცა ჭურვი უშუალოდ სანგარში გივარდება. ასეთ დროს შენს სხეულის ნაწილებსაც ვერ მოფხეკენ იმდენად მძიმე სცენარით ვითარდება სიუჟეტი, თუმცა ამ დროს ოჯახზე და საქართველოზე ფიქრი მაძლიერებდა. არ ყოფილა არც ერთი მომენტი, როცა მე ბრძოლაზე უარი ვთქვი ან თვითნებურად დავტოვე საბრძოლი პოზიცია.

- ომიდან ყველაზე მეტად რა კადრი დაგამახსოვრდება ?

ყველაზე ემოციური და მძიმე მომენტი იყო, როცა დონეცკის ოლქის ერთ-ერთ სოფელში ვიყავით დაბანაკებული. 

დღისით საარტილერიო დაბომბვა დაიწყო. დაბომბვის დასრულებისას ჩვენთან მოვარდა უკრაინელი ქალი, რომელიც ითხოვდა გარდაცვლილი შვილის სახლში მისვენებაში დავხმარებოდით.

ჩვენ ვამშვიდებდით და ვცდილობდით დაგვერწმუნებინა და ვეუბნებოდით, რომ იქნებ ცოცხალია და გადაარჩინოს ჩვენმა ექიმებმა.

თან მივყვებოდით და ვცდილობდით მის მდგომარეობიდან გამოყვანას. მივედით 17-18 წლის ბიჭი დაგვხვდა ჭურვის ნამსხვრევებისგან დაღუპული, არტერიული სისხლდენით რამდენიმე წამში დაიცლებოდა სისხლისგან. დედა მართალი იყო, შვილს გადარჩენის შანსი არ ჰქონდა, მას მერე სულ ამ მომენტზე ვფიქრობ წარმოვიდგენ შვილმკვდარ დედას სრულ სიბნელეში, სახლში რომელსაც ჩამსხვრეული ფანჯრები აქვს დაჩოქილი ქალი უყურებს ერთადერთ მკვდარ შვილს და ითხოვს, რომ ყველა მოშორდეს იქიდან, ყველამ თავი დაანებოს. იმ ბიჭთან ერთად ალბათ ამ უკრაინელი ქალის ყველა ოცნება და მიზანი მოკვდა.

- როგორია ცხოვრობდე ომში, იღვიძებდე, იბრძოდე ოკუპანტის წინააღმდეგ, რომელმაც შენს ქვეყანაშიც არაერთი გმირის სიცოცხლე შეიწირა და დღემდე აგრძელებს მცოცავ ოკუპაციას ?

- ძალიან ცუდად ის ფაქტი მხდიდა, რომ მოსახლეობის დიდი ნაწილი რუსეთს მტრად, ოკუპანტად ვერ ან არ აღიქვამს.

მინდა რომ მთელმა ქვეყანამ გაიაზროს ვინ არის რუსეთი, რა უნდა ჩვენგან და როგორ უნდა შევაკავოთ ეს მონსტრი სახელმწიფო.

ხანდახან უიმედობაც კი მიპყრობდა, რომ ასეთი მიდგომითა და წარმოდგენით საქართველო რუსეთისგან თავს ვერასდროს დააღწევდა. ვფიქრობდი ყველა იმ ადამიანზე, ყველა იმ თანამედროვე თუ გარდასულ დროთა გმირებზე და საკუთარ თავს ბოლომდე სასოწარკვეთის ნებას არ ვაძლევდი. მჯერა, რომ ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი და მჯერა რომ მათი უანგარო თავგანწირვა შედეგიანი იქნება. 

საქართველო აუცილებლად გაიმარჯვებს !

- მალე ბრუნდები საქართველოში, გარდა იმისა, რომ ამ პერიოდში საერთაშორისო პოლიტიკის ცვლილებებიც ხდება ლოკალურადაც საქართველოშიც ბევრი რამ იცვლება რას აპირებ მაშინ, როცა საქართველოში დაბრუნდები ?

როცა ჩამოვედი ვაპირებდი ბოლომდე დარჩენას.

სულ რამდენიმე დღეა შევიცვალე გადაწყვეტილება, რადგან ვფიქრობ რომ ახლა საქართველოს უფრო ვჭირდები ვიდრე უკრაინას.

მეკითხებიან რას ვაპირებ ომის შემდეგ ზოგს ჰგონია, რომ უნივერსიტეტში სწავლას გავაგრძელებ,ზოგიც კი სამსახურის დაწყებას მთავაზობს. მე კი ერთადერთი მიზანი მაქვს, ჩემი სამოქალაქო აქტივიზმით დავეხმარო საქართველოს რომლის მდგომარეობაც ყველა გადმოსახედიდან უმძიმესია.

ნოემბრის დასაწყისში დავბრუნდები საქართველოში და აქტიურად ჩავერთვები ჩემი დაფუძნებული მოძრაობის ,,სამოქალაქო წინააღმდეგობის" საქმიანობაში.

ჩვენ უკვე გვქონდა პირველი აქტივობა 7  ოქტომბერს პარლამენტის წინ აქცია ჩავატარეთ ,,ჩაკეტე საზღვარი", რომელიც მიმართული იყო რუსეთის მოქალაქეების საქართველოში უკონტროლო შემოდინების წინააღმდეგ.

ჩვენ გავაგრძელებთ საქართველოს რუსიფიკაციასთან ბრძოლას და ზოგადად დავუპირისპირდებით ყველა იმ მანკიერებას, რაც ქვეყანაშია გაბატონებული.

- რა იქნება შენი სათქმელი ოკუპანტის მიმართ ?

- ჯერ კიდევ არის დრო რომ თავებს უშველონ, გამოიყენონ შანსი.

- უკრაინის მიმართ ?

- უკრაინელებს არ სჭირდებათ ჩემგან რამის თქმა ან გამხნევება, მათ იციან ვინ არიან, საიდან მოდიან და საით მიდიან.

- და ბოლოს ქართველების მიმართ ? 

- ჩვენ უნდა გავიაზროთ და უნდა გავიხსენოთ ვინ ვიყავით, დავფიქრდეთ ვინ ვართ და რანი გვინდა რომ ვიყოთ მომავალში როცა ამ კითხვებს ვუპასუხებთ გზაც გამოჩნდება.

 





ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან


სოციალური ქსელები
გახარიას პარტია: პატარიძე კანდიდატად კონსტიტუციის აშკარა და უხეში დარღვევით წარადგინეს
ტუაფსეში ცეცხლმოკიდებული ნავთობტერმინალიდან ტოქსიკურმა ღრუბელმა ანაპამდე მიაღწია
თავისუფლების მოედანი EU-ის ელჩზე: დემოკრატიის დაცვა პარტნიორობაა და არა ჩარევა
პუტინმა ბრძანა, რომ რუსებს ინტერნეტზე წვდომა „თეთრი სიების“ საფუძველზე ჰქონდეთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics